რუსეთი კმაყოფილია. კრემლს იმედი აქვს, რომ, თუკი უკრაინა ამერიკულ იარაღს ვეღარ მიიღებს და არც ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება შედგება - გარდაუვალი იქნება უკრაინის კაპიტულაცია.
გადაწყვეტილება უკრაინისთვის შეიარაღების შეჩერების შესახებ, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის მაღალჩინოსანზე დაყრდნობით, საერთაშორისო მედიამ 3 მარტს, გვიან ღამით გაახმაურა - რაც თეთრ სახლში პრეზიდენტ ტრამპსა და პრეზიდენტ ზელენსკის შორის შეკამათებას მოჰყვა.
გავრცელებული ცნობებით, აშშ-ის პრეზიდენტის გადაწყვეტილება შეეხება აშშ-ის წარმოების ყველანაირ სამხედრო ტექნიკას:
- რაც მოცემულ მომენტში არ არის შესული უკრაინის ტერიტორიაზე;
- რაც ჯერ გზაშია - თვითმფრინავებში, გემებზე;
- რაც უკრაინაში შეტანას ელოდება პოლონეთის სატრანზიტო ზონებში.
საერთაშორისო მედიის თანახმად, შეიარაღების აკრძალვის შედეგები უკვე გამოჩნდა პოლონეთ-უკრაინის საზღვარზე.
„ბლუმბერგი“ ამ კუთხით მიუთითებს მთავარ აეროპორტზე, „რომელიც წარმოადგენს სატრანზიტო ჰაბს შეიარაღებისა და სამედიცინო პროდუქციის ტრანსპორტირებისთვის“.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, პოლონეთ-უკრაინის საზღვარზე გაჩენილი პრობლემები 4 მარტს პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, დონალდ ტუსკმაც დაადასტურა.
„ევროპას, უკრაინასა და პოლონეთს ეს, რა თქმა უნდა, აყენებს უფრო რთულ მდგომარეობაში. მაგრამ ჩვენ უნდა გავუმკლავდეთ ამ სიტუაციას. აზრი არა აქვს რეალობაზე გაბრაზებას“, - განაცხადა დონალდ ტუსკმა, მთავრობის წევრებთან შეხვედრისას.
„სუვერენული, პროდასავლური და რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლისუნარიანი უკრაინა ნიშნავს უფრო ძლიერ და უსაფრთხო პოლონეთს. სწორედ ამას აქვს დიდი მნიშვნელობა, პოლიტიკური გაუგებრობისა და მზარდი ქაოსის პირობებში. ყველას, ვინც ეჭვით უყურებს ამ აშკარა ჭეშმარიტებას, თავისი წვლილი შეაქვს პუტინის ტრიუმფში. გასაგებია?”, - 4 მარტს, პლატფორმა X-ზე, ტუსკმა ცალკე განცხადებაც გამოაქვეყნა.
რა მოლოდინია უკრაინაში?
უკრაინაში თვლიან, რომ აშშ-ის დახმარების გარეშე დაახლოებით 6 თვის სამყოფი „სიმტკიცის მარაგი“ აქვთ. ამის შესახებ უკრაინის რადის წევრი „ხალხის მსახურიდან“, ეროვნული უსაფრთხოების, თავდაცვისა და დაზვერვის კომიტეტის წევრი ფიოდორ ვენისლავსკიც აცხადებს.
РБК-უკრაინა იუწყება, რომ კომიტეტის დახურულ სხდომაზე განიხილებოდა ყველაზე უარესი სცენარები, თუ რა შეიძლება მოხდეს, თუკი აშშ საბოლოოდ შეწყვეტს უკრაინის სისტემურ სამხედრო დახმარებას.
დეპუტატის თქმით, უკრაინის სამხედრო მრეწველობა 3 წლის განმავლობაში განვითარდა და აქვს უნარი, რომ ქვეყნის თავდაცვის საფრთხეებისა და რისკების დიდ ნაწილს გაუმკლავდეს; თუმცა არსებობს მნიშვნელოვანი შეიარაღების კონკრეტული სახეობები, რომელთა მოწოდებაც მხოლოდ აშშ-ს შეუძლია და ესენია:
- ანტისაჰაერო თავდაცვის სისტემები;
- შორი მოქმედების ზალპური ცეცხლის მაღალი სიზუსტის რეაქტიული სისტემები.
უკრაინის პრემიერ-მინისტრმა, დენის შმიგალმა 4 მარტს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ საწყობებში ჯერ ისევ არის შემორჩენილი დასავლური ტექნიკა და მათ შორის - ამერიკული წარმოების.
იქვე აღინიშნა, რომ, მიმდინარე წელს, თავდაცვითი სამრეწველო კომპლექსი შეძლებს სრულად უზრუნველყოს სახელმწიფოს საარტილერიო საჭიროებები. აღინიშნა, რომ იზრდება საარტილერიო ჭურვების წარმოება კალიბრებით - 155 მმ, 105 მმ, 122 მმ.
ასევე, შმიგალის თქმით, უკრაინის სამხედრო მრეწველობას შეუძლია სრულად დააკმაყოფილოს ნაღმმტყორცნების ჭურვების მოთხოვნა; 2025 წელს უკრაინა აპირებს 2,5 მილიონი დრონის აწყობას; ხოლო ფრონტზე უკვე წარმატებით იყენებენ უკრაინული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - NORD - რომელიც „სისწრაფითა და მოქნილი მანევრირებით გამოირჩევა“.
მაგრამ ექსპერტების დიდ ნაწილს ეჭვი არ ეპარება, რომ ამერიკული შეიარაღების გარეშე უკრაინას ომის გაგრძელება ძალიან გაუჭირდება და კონკრეტული პრობლემები რამდენიმე თვეში გამოჩნდება.
„ამერიკული დახმარება მოიცავს არა მხოლოდ იარაღისა და საბრძოლო მასალის მიწოდებას, არამედ უკრაინის მხარდაჭერას სადაზვერვო ინფორმაციით უზრუნველყოფის გზით“, - ეუბნება „ნასტოიაშჩეე ვრემიას“ დამოუკიდებელი სამხედრო ექსპერტი, იური ფიოდოროვი. მისი თქმით, ამერიკის ფინანსური თუ სამხედრო დახმარების შეწყვეტა პრობლემა იქნება უკრაინისთვის.
„ექსპერტების უმრავლესობის შეფასებით, უკრაინის შეიარაღებული ძალები ამჟამინდელი ტემპისა და სამხედრო ოპერაციების ინტენსივობის შენარჩუნებას დაახლოებით 6 თვის განმავლობაში შეძლებენ... გამართლდება თუ არა ეს, ძნელი სათქმელია“, - აღნიშნავს ფიოდოროვი.
ევროპა თავს უყრის შესაძლებლობებს
უკრაინას ევროპის ქვეყნები ეხმარებიან. ცდილობენ, რომ ძალების გაერთიანებით - უკრაინაში რუსეთმა თავისი აგრესიული გეგმა ვერ შეასრულოს და ქვეყნის სახელმწიფოებრიობის განადგურება ვერ შეძლოს.
ევროკომისიის პრეზიდენტმა ურზულა ფონ დერ ლაიენმა 4 მარტს წარმოადგინა ევროკავშირის გადაიარაღებისა და უკრაინის დახმარების გეგმა, რომელიც ევროპის თავდაცვისთვის ასობით მილიარდი ევროს მობილიზებას ისახავს მიზნად.
ევროკომისიის პრეზიდენტი აღნიშნავს, რომ ეს თანხა მოიცავს ევროპის გაძლიერების მიზანსა და უკრაინის მიმდინარე საჭიროებებთან ერთად, ხანგრძლივვადიან დახმარებას.
„ევროპა მზად არის შეასრულოს თავისი ვალდებულებები, ევროპის გადაიარაღებისთვის, შეძლებს დაახლოებით 800 მილიარდი ევროს სამხედრო ხარჯის მობილიზებას დაცული და მტკიცე ევროპისთვის. ჩვენ, რა თქმა უნდა, გავაგრძელებთ მჭიდრო ურთიერთობას ჩვენს პარტნიორებთან ნატოში... ეს ევროპის მომენტია, ჩვენ ამ გამოწვევას უნდა ვუპასუხოთ”, - განაცხადა ურზულა ფონ დერ ლაიენმა 4 მარტს გამართულ ბრიფინგზე. აღნიშნა ასევე, რომ ევროპისთვის სახიფათო დრო დადგა და მას „სწრაფად და ამბიციურად“ მოქმედება ევალება.
ევროკომისიის პრეზიდენტი აღნიშნავს, რომ სახსრების მობილიზებას საფუძვლად უნდა დაედოს ქვეყნების მიერ თავდაცვის ხარჯის 1.5%-ით გაზრდა და თანხის მოზიდვა სხვადასხვა გზით - ევროკავშირის ფონდებიდან თუ ევროპის საინვესტიციო ბანკიდან. ფული მოხმარდება მათ შორის შემდეგ მიმართულებებს:
- საჰაერო და სარაკეტო თავდაცვა
- საარტილერიო სისტემები
- რაკეტები და ტყვია-წამალი
- დრონები და დრონების საწინააღმდეგო სისტემები
- სტრატეგიული გამაძლიერებლები და კრიტიკული ინფრასტრუქტურის დაცვა, კოსმოსის ჩათვლით
- სამხედრო მობილობა
- კიბერუსაფრთხოება, ხელოვნური ინტელექტი და ელექტრონული საომარი საშუალებები
ევროპელი ლიდერები, საგანგებო შეხვედრაზე, 6 მარტს ბრიუსელში შეიკრიბებიან, უსაფრთხოების გამოწვევების განსახილველად.
რადიო თავისუფლების ინფორმაციით, ნატო ელოდება დამატებით ინფორმაციას ვაშინგტონიდან, ვიდრე ალიანსი ოფიციალურ განცხადებას გააკეთებს. მათთვის საყურადღებოა - ექნება თუ არა შესაძლებლობა ევროპას, შეიძინოს ამერიკული იარაღი უკრაინისთვის.
რუსეთი უკრაინის კაპიტულაციას ელოდება
უკრაინისთვის აშშ-ის დახმარების შესაძლო შეწყვეტით დიდი კმაყოფილებაა რუსეთში, რომელიც იმედოვნებს, რომ პროცესი უკრაინის კაპიტულაციით დასრულდება და უიარაღოდ დარჩენილი კიევი ომს მცირე დროში წააგებს.
რუსეთის მედია იშველიებს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის მიერ დასმულ აქცენტებს, რომ:
- უკრაინისთვის შეიარაღების მიწოდება ხელს უშლის კონფლიქტის დარეგულირებას;
- უკრაინისთვის განკუთვნილი ნებისმიერი სამხედრო ტვირთი წარმოადგენს კანონიერ სამიზნეს რუსეთისთვის;
- კონფლიქტში პირდაპირ მონაწილეობენ აშშ და ნატო, არა მხოლოდ შეიარაღების მიწოდებით, არამედ სამხედროების მომზადებით დიდი ბრიტანეთის, გერმანიის ანდა იტალიის ტერიტორიაზე.
რუსეთის სახელმწიფო მედიაში ჩანს, რომ კრემლი აშშ-სა და უკრაინას შორის სადაზვერვო სფეროში თანამშრომლობის შეჩერებასაც გულშემატკივრობს და ასეთი გადაწყვეტილების მოლოდინშია.
რუსეთის სახელმწიფო პროპაგანდისტული მედია ავრცელებს ცნობებს, რომ - უკრაინა უკვე გაწირა არა მხოლოდ აშშ-მა, არამედ ასევე მოიქცნენ ევროპის ქვეყნები. ყველა ამ ინფორმაციას ამერიკულ, ევროპულ და უკრაინულ ინკოგნიტო წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს და დასავლურ წყაროებში არ დასტურდება.
„დასავლეთში ალაპარაკდნენ უკრაინის შეიარაღებული ძალების კაპიტულაციაზე, უკრაინაში მშვიდობის მისაღწევად“ - სტატიას ამ სათაურით „რია ნოვოსტი” ავრცელებს. თუმცა ტექსტში შესაბამისი მტკიცებულებები მოყვანილი არ არის. სტატია ეყრდნობა მხოლოდ და მხოლოდ ექსპერტის მოსაზრებას.
კერძოდ, ლაპარაკია ფინელ ექსპერტზე ეკონომიკის საკითხებში, რუსეთის მიმართ სიმპათიებითა და შეთქმულების თეორიებისადმი რწმენით გამორჩეულ ტუომას მალინენზე. ის X-ზე წერს, რომ „თუკი დამნაშავე ზელენსკი არ გადადგება და რუსეთთან სამშვიდობო მოლაპარაკებების წარმართვის შესაძლებლობას სხვას არ მისცემს, უკრაინის არმიის უპირობო კაპიტულაცია წარმოადგენს ერთადერთ გზას უკრაინაში მშვიდობისთვის“.
რუსეთის მედია ხშირად იმეორებს, რომ დონალდ ტრამპმა ვოლოდიმირ ზელენსკი თეთრი სახლიდან გამოაგდო მას შემდეგ, რაც მან უპატივცემლობა გამოიჩინა ოვალური კაბინეტის მისამართით.
28 თებერვალს, აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ, ომის შეწყვეტის თემაზე.
ოვალურ კაბინეტში, ტრამპისა და ზელენსკის შელაპარაკების შემდეგ გაუქმდა ერთობლივი პრესკონფერენცია და ხელმოუწერელი დარჩა წინასწარ მომზადებული შეთანხმება - უკრაინული სასარგებლო წიაღისეულისა და რეკონსტრუქციის საინვესტიციო ფონდის შექმნის შესახებ.
Fox News-ი თეთრი სახლის ოფიციალურ პირზე დაყრდნობით იუწყება ტრამპის მიერ უკრაინის პრეზიდენტისთვის ნათქვამ სიტყვებს, რომ მას თეთრი სახლი უნდა დაეტოვებინა.
რუს ოპოზიციონერებს სხვაგვარი პოზიცია აქვთ.
რუსი ანალიტიკოსი, აშშ-ის „უსაფრთხოების პოლიტიკის ცენტრის“ უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი, ანდრეი ილარიონოვი ამბობს, რომ იარაღის შეჩერების გადაწყვეტილების შესახებ ჯერ კიდევ ტრამპისა და ზელენსკის ვაშინგტონში შეხვედრამდე იცოდა.
„სამხედრო დახმარების შეწყვეტისა თუ შეჩერების გადაწყვეტილება არანაირად არ უკავშირდება იმას, თუ რას ამბობდა ზელენსკი ამ შეხვედრაზე [თეთრ სახლში] - პატივი სცა თუ არა ოვალურ კაბინეტს, როგორ იყო ჩაცმული - სამოქალაქო თუ სამხედრო ტანსაცმელში, სურდა თუ არა მას ეს შეხვედრა [დონალდ ტრამპთან]; სურდა თუ არა ამ შეთანხმების [მინერალებისა და რეკონსტრუქციის ფონდის შექმნის შესახებ] ხელმოწერა - თუმცა მას ეს უნდოდა და ამიტომ ჩავიდა ვაშინგტონში… საქმე ამას არ შეეხება; ზელენსკი არაფერ შუაშია”, - ამბობს ილარიონოვი, რომელიც მანამდე დონალდ ტრამპის დაუფარავი მხარდამჭერი იყო.
ილარიონი ამბობს, რომ ერთი კვირის წინ, ვაშინგტონში მიღებულ იქნა კიდევ ერთი გადაწყვეტილება - რუსეთის წინააღმდეგ კიბერშეტევების შეჩერების შესახებ. ილარიონოვის მიერ საკუთარ იუტუბარხზე წარმოდგენილი თეორიით, ზელენსკის მონსტრად გამოყვანა სწორედ ამ ორი გადაწყვეტილების ამერიკელების თვალში გამართლების საჭიროებას ემსახურებოდა. სავარაუდო ფაქტორებს შორის კი, ილარიონოვი თეთრ სახლზე რუსეთის პროპაგანდის ზეგავლენასა და ვაშინგტონის მიერ სამხედრო ხარჯის დაზოგვის მიზანს ასახელებს.
ანდრეი ილარიონოვი აღნიშნავს, რომ შეიარაღების მიწოდების შეწყვეტა - რუსეთისთვის უკრაინის შესაჭმელად მიგდების ტოლფასია.
უკრაინა უსაფრთხოების გარანტიების ძიებაშია.
ინფორმაციით, რაც დასავლურ მედიაში გავრცელდა, უკრაინისთვის სამხედრო შეიარაღების შეჩერება დროებითი ხასიათისაა, სამშვიდობო მოლაპარაკებებზე უკრაინის დაყოლიებამდე.
ვოლოდიმირ ზელენსკიმ 4 მარტს აღნიშნა, რომ უკრაინა მშვიდობისთვის იბრძვის, არავის უნდა დაუსრულებელი ომი და მზად არის, მიაღწიოს მდგრად მშვიდობას პრეზიდენტ ტრამპის ძლიერი ლიდერობით.
მაგრამ უკრაინა თვლის, რომ სამშვიდობო მოლაპარაკებები აზრსმოკლებულია უსაფრთხოების მყარი გარანტიების გარეშე. აშშ კი უკრაინას უსაფრთხოების გარანტიებს არ აძლევს. სამშვიდობო გეგმაზე ამ ეტაპზე მუშაობენ მხოლოდ ევროპის სახელმწიფოები.
„საწყენია, რომ ასე მოხდა. მოვიდა დრო, ყველაფერი გავაკეთოთ სწორად. ვისურვებდით, რომ შემდგომში თანამშრომლობა და ურთიერთობა იყოს კონსტრუქციული”, - წერს პრეზიდენტი ზელენსკი X-ზე, თეთრ სახლში მომხდარი ინციდენტის შესახებ.
უკრაინის პრეზიდენტი ასევე აღნიშნავს, რომ მზად არის, ნებისმიერ დროს მოაწეროს ხელი შეთანხმებას „მინერალებისა და უსაფრთხოების შესახებ“, რომელსაც ის განიხილავს მნიშვნელოვან ნაბიჯად უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების უზრუნველსაყოფად.
„ჩვენ განვაგრძობთ აშშ-სთან მშვიდად მუშაობას ყველა ხელმისაწვდომი არხით... ჩვენ მხოლოდ ერთი გეგმა გვაქვს - გამარჯვება და გადარჩენა. ან ჩვენ ვიმარჯვებთ, ან გეგმა B-ს ვიღაც სხვა შეიმუშავებს“, - აღნიშნა უკრაინის პრემიერ-მინისტრმა, 4 მარტს.
ფორუმი