სოციალური მომსახურების სააგენტო, ყოფილი ცოლის მკვლელისთვის მშობლის უფლების შეზღუდვას ითხოვს. მკვლელის მშობლები ბავშვების დაბრუნებისთვის იბრძვიან, ბავშვთა უფლებების დამცველი კი ამბობს, რომ მამას არათუ უნდა შეეზღუდოს მშობლობის უფლება, არამედ უნდა ჩამოერთვას. როგორ გადაწყდება მშობლების გარეშე დარჩენილი ბავშვების ბედი, ვინ დაიცავს მათ ჭეშმარიტ ინტერესს?
ხაშურში ყოფილი ქმრის მიერ მოკლული ნათია გოგალაძე დღეს, 15 ოქტომბერს დაკრძალეს. გამოსვენებისას 11 წლის ბიჭი კუბოს სწრაფად მოაცილეს, 13 წლის გოგო კი დედას დიდხანს ეთხოვებოდა.
ახლა დედით ობლად დარჩენილი ბავშვების ბედია გადასაწყვეტი. სოციალური მომსახურების სააგენტო, უახლოეს დღეებში სასამართლოს მიმართავს, ბავშვების მამისთვის, მშობლის უფლებების შეზღუდვის თხოვნით.
სამართალდამცავებმა ირაკლი დეკანოიძეს, ყოფილი ცოლის მკვლელობაში ბრალი უკვე წაუყენეს, სასამართლომ მას წინასწარი პატიმრობაც შეუფარდა. ბავშვები ამჟამად ბებიასთან, დედის დედასთან და დეიდასთან ცხოვრობენ, თუმცა მზრუნველობის სურვილს მამის ოჯახიც გამოთქვამს.
“ბავშვებს არ მივატოვებ მანამ ცოცხალი ვიქნები. ჩემი შვილი ბავშვებს ორი წელი და სამი თვე უვლიდა, ცივ ნიავს არ აკარებდა, სულ ბავშვებთან იყო, თან იყო გადაყოლილი და ყველა სურვილს უსრულებდა. ეგეთი მამა, იმიტომ კი არა რომ ჩემი შვილია, მე მეორე არ მეგულება“, - ამბობს მერაბ დეკანოიძე, ბავშვების პაპა.
მოკლული ნათია გოგალაძის ოჯახში კი აცხადებენ, რომ ბავშვებს თავად გაზრდიან. ბავშვების მეურვეობას ნათიას დედა და და აპირებენ.
„ბავშვები ჩვენთან იქნებიან, ჩვენ ვიზრუნებთ და გავზრდით მათ. არაფერს მოვაკლებთ. რაც შეეხება პაპის სურვილს, როგორ შეიძლება მკვლელის ოჯახმა ბავშვებზე იზრუნოს, ეგ გამორიცხულია!“ - ამბობს ირმა გოგალაძე, გარდაცვლილის და.
კანონის შესაბამისად, ამ ეტაპზე მამას დროებით შეჩერებული აქვს მშობლის უფლება და ბავშვების უფლებების დაცვა ახლა სახელმწიფოს, კონკრეტულად კი სოციალური მომსახურების სააგენტოს ვალდებულებაა.
ადამიანის უფლებათა დამცველი და ბავშთა უფლებების სპეციალისტი, იურისტი ანა აბაშიძე ამბობს, რომ ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი ბავშვების ჭეშმარიტი ინტერესის დადგენა იქნება.
”როდესაც მამა ჩადის ასეთ დანაშაულს, კლავს ქალს და ამავე დროს შვილებს უკლავს დედას, მოსამართლემ უნდა იმსჯელოს რანაირად მეტყველებს ეს მამაზე, მის ხასიათზე და ვინაობაზე, მერე უნდა იმსჯელოს იმაზე, ასეთ ადამიანთან კავშირი არის თუ არა ბავშვის ჭეშმარიტი ინტერესი. ჩემი აზრით, არ შეიძლება ადამიანი ერთდროულად იყოს მოძალადე, მოძალადე ძალადობის უკიდურესი ფორმით - მკვლელი, და ამა დროს იყოს მამა”, - ამბობს ანა აბაშიძე, რომელიც ფიქრობს, რომ მამას არათუ უნდა შეეზღუდოს, არამედ ჩამოერთვას მშობლობის უფლება.
ირაკლი დეკანოიძე 11 ოქტომბერს დღის 12 საათისთვის ყოფილი ცოლის, ნათია გოგალაძის ტანსაცმლის მაღაზიაში მივიდა, შენობაში ჯერ ხელყუმბარა შეაგდო, შემდეგ კი ცეცხლსასროლი იარაღიდანაც ისროლა. ნათიამ დასხლტომა მოახერხა თუმცა ყოფილი ქმარი დაეწია და თავში იარაღის კონდახი ურტყა. ნათია გოგალაძე მძიმე ტრავმებით საავადმყოფოში მიყვანიდან მალევე გარდაიცვალა.
სოციალური მომსახურების სააგენტოს წარმომადგენლები აცხადებენ, რომ დაუყოვნებლივ დაიწყეს ინფორმაციის მოგროვება, თუმცა ჯერ არც ბავშვებს და არც მათი ოჯახის წევრებს არ შეხვედრიან.
“უკვე მოვიძიეთ ინფორმაცია, მაგრამ გასაგები მიზეზების გამო, ოჯახში ვიზიტი ჯერ ვერ განვახორციელეთ. 15 ოქტომბერს დაკრძალვა იყო და 16 ოქტომბერს დილითვე ვგეგმავთ, რომ სოციალურ მუშაკებთან ერთად ოჯახში მივიდეთ. მოპოვებული ინფორმაციის თანახმად, ბავშვები უსაფრთხოდ გრძნობენ თავს. ოჯახში ბებიასთან და დეიდასთან შეთვისების მომენტი არის. ბუნებრივია ბავშვებს სტრესი აქვთ, მიცვალებული დედა ეწვათ სახლში. მაგრამ ბავშვები იმ ოჯახში უსაფრთხოდ გრძნობენ თავს”, - ეუბნება რადიო თავისუფლებას გოჩა ბარბაქაძე, სოციალური მომსახურების სააგენტოს ხაშურის რაიონული განყოფილების უფროსი.
პროცედურების შესაბამისად სააგენტოს ამ ეტაპზე რამდენიმე ამოცანა აქვს, მათ შორის ბავშვებისთვის მარჩენალგარდაცვლილის პენსიის დანიშვნა, თუმცა უპირველესი მაინც მზრუნველობის ფორმის შერჩევაა.
“შუამდგომლობით შევალთ სასამართლოში მამის, როგორც მშობლის უფლებების შეზღუდვის მოთხოვნით. სასამართლო მიიღებს გადაწყვეტილებას შეუჩერებს თუ შეუწყვეტს ამ უფლებებს, ჩვენ ნებისმიერ შემთხვევაში თანახმა ვიქნებით, რადგან როგორც იკვეთება ბრალდებულს ხანგრძლივი დროით მოუწევს ციხეში ყოფნა, იქიდან გამოსვლისას კი ეს ბავშვები უკვე სრულწლოვნები იქნებიან და შვილების და მშობლის ურთიერთობას თვითონ გადაწყვეტენ. ახლა ჩვენი მთავარი ამოცანა მზრუნველობის ფორმის შერჩევაა”, - გვიხსნის გოჩა ბარბაქაძე.
სოციალური მომსახურების სააგენტოც და სასამართლოც ვალდებულია ბავშვის აზრი და პოზიცია გაითვალისწინოს, თუმცა, მათი აზრის მიუხედავად, სასამართლოს მოუწევს იმის შეფასება, თუ რა იქნება მათთვის საზიანო. “ბავშვების სურვილი თუ ვისთან აირჩევენ დარჩენას მნიშვნელოვანია, მაგრამ არა მბოჭავი”, - ამბობს ანა აბაშიძე, რომელიც ხაზს უსვამს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ასეთ სიტუაციაში სახელმწიფომ ბავშვების უპირატესი ინტერესის დადგენა შეძლოს.