Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სქესის გამხელა აიკრძალება


ორსულებისთვის 3 თვემდე ბავშვის სქესის გამხელა საქართველოში აიკრძალება - რეგულაციების ასეთი გამკაცრების საკითხი დღის წესრიგში სელექციური აბორტების შესამცირებლად დადგა.

ქალთა უფლებებისთვის მებრძოლთა ნაწილი ჯანდაცვის სამინისტროს ინიციატივას მიესალმება, ნაწილი კი გარკვეულ რისკებს ხედავს, კერძოდ მიიჩნევს, რომ ასეთი რეგულაციებიდან აბორტის სრულ აკრძალვამდე ერთი ნაბიჯია.

გადაცემაში “საუბარი თავისუფლებაზე” ფილოსოფოსი თათა ცოფურაშვილი აღნიშნავს, რომ არაა წინააღმდეგი რეგულაციების, თუმცა უფრო მნიშვნელოვნად მიაჩნია მიზეზი, რომლის გამოც დედა, ძალიან ხშირად ქმრისა და მისი მშობლების ზემოქმედებით, იძულებულია მიმართოს სელექციურ აბორტს - საქართველოში ვაჟი კვლავაც “სასურველ შვილად” ითვლება გოგონასთან შედარებით.

თათა ცოფურაშვილის თქმით, თანამედროვე ტექნოლოგიების შემოტანამ მნიშვნელოვნად შეცვალა ქვეყანაში რეპროდუქციული მომსახურების ხარისხი და შესაბამისად, სქესის ადრეული დიაგნოსტიკა ჩვეულებრივ პროცედურად იქცა. მაგრამ პატრიარქალურმა კულტურამ უმალვე გამოიყენა თანამედროვე ტექნოლოგიები თავისი მიზნებისთვის. გადაცემის წამყვანი გიორგი გვახარია გვახსენებს, რომ 1990-2015 წლებში, ბიჭის ყოლის სურვილის გამო, საქართველოში დაახლოებით 32 000 გოგონა არ დაიბადა. შესაძლებელია, ამიტომაცაა, რომ გაერო მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას გააძლიეროს ბრძოლა სელექციური აბორტების წინააღმდეგ.

  • 16x9 Image

    გიორგი გვახარია

    ჟურნალისტი, ხელოვნებათმცოდნე, პროფესორი. აშუქებს კულტურის ისტორიის, კინოს, ხელოვნების საკითხებს, ადამიანის უფლებებს. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 1995 წლიდან. 

XS
SM
MD
LG