Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სულ ცოტა დრო რჩება არჩევნების ბედის გადაწყვეტამდე


ერთი მეორეს უნდა დაელოდოს. საარჩევნო კოდექსის შეცვლა მხოლოდ მას შემდეგ იქნება შესაძლებელი, რაც პარლამენტი საბოლოოდ დაამტკიცებს ახალი საარჩევნო სისტემის (120/30) ამსახველ საკონსტიტუციო ცვლილებებს. თუკი პირველი საკითხი კენჭისყრაზე ჩავარდება, მეორეც ავტომატურად კარგავს აზრს და შემდეგ უკვე, ძნელი წარმოსადგენი ხდება 2020 წლის არჩევნების ბედიც.

რა ეტაპზეა პროცესი პარლამენტში და როდის შეიძლება გაიმართოს კენჭისყრის პროცედურები? რაზე შეთანხმდნენ ან ვერ შეთანხმდნენ საარჩევნო სისტემის რეფორმირების პროცესში ჩართული მხარეები? რა სურათი შეიძლება მივიღოთ 2020 წლის არჩევნებისთვის?

ახალი საარჩევნო სისტემა - 120/30

საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტში არაფერი შეცვლილა მას შემდეგ, რაც ის (მარტში) პარლამენტში დარეგისტრირდა. ტექსტი ზუსტად ასახავს ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის 8 მარტს შეთანხმებულ ახალ საარჩევნო სისტემას.

ახალი სისტემით გათვალისწინებულია, მაგალითად, შემდეგი საკითხები:

  • 2020 წელს არჩეულ პარლამენტში 120 დეპუტატი პროპორციული წესით, ანუ პარტიული სიით შევა; ხოლო მაჟორიტარების რაოდენობა 30 იქნება;
  • მაჟორიტარ დეპუტატებს ამომრჩეველი 30 ერთმანდატიან ოლქში აირჩევს. 30-დან 8 ოლქი იქნება თბილისში;
  • ამოქმედდება ე.წ. ჩამკეტი - თუკი ესა თუ ის პარტია ან ბლოკი პროპორციული წესით ვერ მიიღებს ხმების დაახლოებით 40%-ზე მეტს, ის ვერ ჩამოაყალიბებს საპარლამენტო უმრავლესობას.

ახალი საარჩევნო სისტემა 8 მარტს, ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის ხანგრძლივი და დაძაბული პროცესების შედეგად შეთანხმდა, საერთაშორისო პარტნიორების დიდი ძალისხმევის შედეგად. საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვის პროცესი კი, ბოლო ორი თვეა - საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის გაუქმებას ელოდებოდა.

როგორც „ლელოს“ წარმომადგენელი, კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ხმალაძე ეუბნება რადიო თავისუფლებას, საკონსტიტუციო ცვლილებების დამტკიცება პროცედურულად თავისუფლად მოესწრება 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის. ხმალაძე პარლამენტში მოქმედი საარჩევნო რეფორმაზე მომუშავე ჯგუფის წევრია.

„არის შეთანხმება საპარლამენტო პოლიტიკურ პარტიებსა და ჯგუფის წევრებს შორის, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო სახალხო განხილვის დასასრულებლად გაიმართოს ორი ონლაინკონფერენცია საზოგადოებრივი მაუწყებლის სატელევიზიო ეთერის საშუალებით და ამით ამოიწუროს ეს პროცედურა.

შემდეგ უნდა გაიმართოს სამი საკომიტეტო მოსმენა და სამი მოსმენა - უკვე პლენარულ სხდომაზე... ეს ყველაფერი შესაძლებელია მოესწროს ივნისის შუა რიცხვებისთვისაც“, - უთხრა ხმალაძემ რადიო თავისუფლებას.

შეთანხმებული საკონსტიტუციო ცვლილებების დამტკიცებას, ერთი შეხედვით, არაფერი უნდა უშლიდეს ხელს, თუმცა მას გზაზე გარკვეული ბარიერების გადალახვა მაინც მოუწევს.

  • საპარლამენტო ოპოზიციური პარტიები - „ნაციონალური მოძრაობა“ და „ევროპული საქართველო“ არ დაუჭერენ მხარს საკონსტიტუციო ცვლილებებს 8 მარტის შეთანხმების სრულად შესრულების გარეშე.
  • პოლიტიკოსების - გიგი უგულავასა და ირაკლი ოქრუაშვილის გათავისუფლების შემდეგ, ოპოზიცია ბოიკოტის მოხსნის აუცილებელ პირობად ახლა უკვე „მთავარი არხის“ დამფუძნებლის, გიორგი რურუას გათავისუფლებას განიხილავს.

„ქართული ოცნების“ ხელისუფლებას ერთადერთი პასუხი აქვს - თუკი საკითხი ოპოზიციის ბოიკოტის გამო ჩავარდება, ეს მთლიანად ოპოზიციის პასუხისმგებლობა იქნება.

„ამ ორი პარტიის მხარდაჭერის გარეშეც შეიძლება გავიდეს საკონსტიტუციო ცვლილებები და, მაღალი ალბათობით - გავა კიდეც და ჩვენ ამის დიდი იმედი გვაქვს... თუ არ გავა, ესეც არ იქნება დიდი პრობლემა... ძველი სისტემით (77/73-ზე) ეს ორი პარტია კიდევ უფრო ნაკლებად იქნება წარმოდგენილი პარლამენტში და ეს შეიძლება ცუდი არც იყოს“, - განაცხადა „ქართული ოცნების“ წარმომადგენელმა დეპუტატმა, ირაკლი კობახიძემ 28 მაისს.

იმის გამო, რომ „ქართულ ოცნებას“ პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობა აღარ აქვს, ცვლილებების დამტკიცებას მხოლოდ მისი ძალები არ ეყოფა. წინასწარი განცხადებებით თუ ვიმსჯელებთ, სხვა დეპუტატების დახმარებით, წესით, უნდა მოხერხდეს საკითხის დასამტკიცებლად საჭირო 113 ხმის მოგროვება. თუმცა ამისთვის საჭიროა, რომ უმრავლესობის ამსოლუტურად ყველა წევრმა (93 დეპუტატი) დაუჭიროს საკითხს მხარი.

„თუკი საარჩევნო სისტემა არ შეიცვლება, მაშინ საარჩევნო კოდექსის შეცვლასაც აღარ ექნება აზრი... ამ შემთხვევაში ჩვენ მივიღებთ იმას, რაც 2016 წელს მოხდა - ერთპარტიული დიდი უმრავლესობით მოვა ისევ მმართველი პარტია და იგივე წრეზე გავაგრძელებთ სიარულს“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ წარმომადგენელი, ლევან ნატროშვილი, რომელიც საარჩევნო რეფორმაზე მომუშავე ჯგუფის შემადგენლობაშია.

რა ეტაპზეა საარჩევნო კოდექსისა და სხვა კანონების შეცვლა

ლევან ნატროშვილის თქმით, განხილვის პროცესი აპრილის ბოლოს დასრულდა; იყო დაპირება, რომ „ქართულ ოცნებას“ პროექტის საბოლოო ვარიანტი ერთ კვირაში უნდა წარმოედგინა, მაგრამ - „ამ დრომდე არ ჩანს და ამიტომ არ ვიცით, რას გაითვალისწინებენ და რას არ გაითვალისწინებენ საბოლოოდ“.

„პროექტი მზად არის. ჩათვალეთ, რომ არის უკვე დასრულებული... კონსენსუსია თითქმის ყველა საკითხზე... ჩვენ ინტენსიურად ვმუშაობთ ეუთო/ოდირის (OSCE/ODIHR) რეკომენდაციების შესრულებასთან დაკავშირებით... წარმომადგენლობითი ჯფუფის ფორმატში, პანდემიის პერიოდშიც შედგა რამდენიმე ელექტრონული, დისტანციური შეხვედრა", - ეუბნება რადიო თავისუფლებას იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე, ანრი ოხანაშვილი.

მისი თქმით, საკითხი საჩქარო არ არის, რადგან საარჩევნო კოდექსთან დაკავშირებული პაკეტი საკონსტიტუციო ცვლილებების შემდეგ უნდა დამტკიცდეს.

  • „არის საკითხები, რომლებიც საკონსტიტუციო ცვლილებების შესაბამისად არის გაწერილი (საარჩევნო კოდექსთან დაკავშირებულ პაკეტში) და ჯერ მათი დამტკიცება ვერ მოხერხდება, რადგან წინააღმდეგობაში მოვა ამჟამად მოქმედ კონსტიტუციასთან“;
  • „ინიცირება მოხდება ყველა ვარიანტში და როდესაც საკონსტიტუციო ცვლილებების მეორე მოსმენის ეტაპზე გადავალთ, შესაძლებელი იქნება - პარალელურად დავიწყოთ საარჩევნო კანონმდებლობის ცვლილებათა პაკეტის საკომიტეტო მოსმენაც იმ დათქმით, რომ პროცესი საკონსტიტუციო ცვლილებების დამტკიცების შემდეგ დასრულდება“.

პარლამენტში მოქმედ საარჩევნო რეფორმაზე მომუშავე ჯგუფის შემადგენლობაში შედიან როგორც საპარლამენტო, ასევე არასაპარლამენტო პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები, დამოუკიდებელი დეპუტატები, ექსპერტები და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები.

სარჩევნო რეფორმაზე მომუშავე ჯგუფის ონლაინშეხვედრა
სარჩევნო რეფორმაზე მომუშავე ჯგუფის ონლაინშეხვედრა

ანრი ოხანაშვილი გვეუბნება, რომ საარჩევნო რეფორმაზე მომუშავე ჯგუფის ბოლო რამდენიმე შეხვედრას არ ესწრებოდა და ამიტომ არ ფლობს კონკრეტულ ინფორმაციას - თუ როგორ გადაწყდა, მაგალითად - საარჩევნო კომისიების დაკომპლექტების საკითხი.

სწორედ ეს საკითხი წარმოადგენდა ერთ-ერთ მთავარ სადავო თემას პარლამენტში მოქმედი სამუშაო ჯგუფის ფორმატში და, როგორც ვახტანგ ხმალაძემ და ლევან ნატროშვილმა უთხრეს რადიო თავისუფლებას - „ქართულმა ოცნებამ“ ეს საკითხი არ დათმო.

„ცხადია, ხელისუფლებას არ უნდა არსებული წესის შეცვლა, რადგან არსებული წესის პირობებში, მას ფაქტობრივად აქვს 2/3-იანი უმრავლესობა ყველა დონის კომისიაში... ცხადია, ეს არცერთ სხვა პარტიას არ მოსწონს... სხვადასხვა ვარიანტები განვიხილეთ, მათ შორის - პარტიების სიმეტრიული წარმომადგენლობა, მაგრამ საბოლოოდ ისევ ძველი წესის მომხრედ დარჩა ხელისუფლება“, - უთხრა რადიო თავისუფლებას ვახტანგ ხმალაძემ

ლევან ნატროშვილის თქმით, არის გარკვეული საკითხები, რომლებიც გაუმჯობესდება საარჩევნო კანონმდებლობაში და მათ შორის ეს - პარტიათა დაფინანსებასაც შეეხება, მაგრამ „საარჩევნო კოდექსში კვლავაც ბევრი ისეთი პრობლემური საკითხი დარჩება, რაც არ შეესაბამება ეუთო/ოდირის რეკომენდაციებს“.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ წარმომადგენელი საქართველოს უმთავრეს პრობლემად მაინც საარჩევნო კანონმდებლობის პრაქტიკაში შეუსრულებლობას მიიჩნევს.

„მაგალითად, ამომრჩეველთა მოსყიდვის კუთხით ჩვენ გვაქვს კარგი კანონმდებლობა და არავითარი დამატებითი ცვლილება არ სჭირდება მას, მაგრამ არ ხდება აღსრულება.

ხომ ვნახეთ ვალების ჩამოწერის პროგრამა და სხვა სახელმწიფო პროგრამები საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ... კანონმდებლობით, პროკურატურას უნდა გამოეძიებინა ამდენი ხალხის მოსყიდვის ფაქტები, მაგრამ ეს არ მომხდარა“, - ამბობს ლევან ნატროშვილი.

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG