Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გადაწყვეტილი გვაქვს კოორდინირებული მოქმედება - ოპოზიციური ერთობა განცხადებას ავრცელებს


უგულავა-ოქრუაშვილის გათავისუფლების შემდეგ შეკრებილი ოპოზიციური პარტიები აცხადებენ, რომ კოორდინირებულ მოქმედებას გააგრძელებენ. ამის შესახებ მათ ერთობლივი განცხადებაც გაავრცელეს.

მათ კიდევ ერთხელ აღნიშნეს, რომ პოლიტიკური სიტუაციის ნორმალიზებისთვის აუცილებელია, გიგი უგულავასა და ირაკლი ოქრუაშვილის მსგავსად ციხე დატოვოს გიორგი რურუამაც, რის შემდეგაც პარლამენტმა საარჩევნო ცვლილებები უნდა მიიღოს.

"ამით ქვეყანა არსებითად წინ წაიწევს პროპორციული და სამართლიანი საარჩევნო სისტემისკენ. ამ პროცესის დასრულება არის კარგი მთლიანად ქვეყნისთვის, მისი ყველა მოქალაქისთვის, და არა რომელიმე ცალკეული პარტიისთვის", - ვკითხულობთ განცხადებაში.

მათი თქმით, მათი სურვილია 2020 წლის არჩევნები მშვიდ ვითარებაში ჩატარდეს და ხელისუფლება შეიცვალოს ამ გზით. ახალმა ხელისუფლებამ კი ნაბიჯები უნდა გადადგას სასამართლოს დამოუკიდებლობისკენ, რათა აღარ დადგეს ქვეყანა პოლიტიკური მართლმსაჯულების წინაშე.

"ჩვენ, ოპოზიციური პარტიებს, სწორედ ამ მიზნების მისაღწევად გადაწყვეტილი გვაქვს ერთმანეთთან კოორდინირებულ მოქმედებას. ჩვენი ამოცანაა, რომ ყველა ცვლილება საქართველოში, მხოლოდ კონსტიტუციურ ფარგლებში და მშვიდობიანად განხორციელდეს და ხელისუფლება დემოკრატიული არჩევნების გზით კვლავ შეიცვალოს", - ვკითხულობთ განცხადებაში.

დღეს, 18 მაისს, ლეიბორისტულ პარტიაში ოპოზიციის ლიდერები შეიკრიბნენ. ამ შეხვედრას ესწრებოდნენ ციხიდან რამდენიმე დღის წინ გათავისუფლებული გიგი უგულავა და ირაკლი ოქრუაშვილი.

XS
SM
MD
LG