Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"სულერთია, ვის წინააღმდეგ ვიომებთ": "კადიროველები" - მოსკოველების, მოსკოველები კი მეჩეთის წინააღმდეგ


ჩეჩენი სამხედროების საბრძოლო მზადყოფნის შემოწმება. გროზნო, 29 მარტი, 2022 წელი.
ჩეჩენი სამხედროების საბრძოლო მზადყოფნის შემოწმება. გროზნო, 29 მარტი, 2022 წელი.

მოსკოვში კიდევ ერთი მეჩეთის მშენებლობის თემა ახალ, დაძაბულ ფაზაში შევიდა. ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის მებრძოლები მოსკოვს ულტიმატუმს უყენებენ - ან დაისჯება ყველა, ვინც მეჩეთის მშენებლობას აპროტესტებს, ანდა რუსები ჩეჩნებთან ომისთვის უნდა მოემზადონ.

თავად კადიროვი მოსკოვს კიდევ ერთ გამოსავალს სთავაზობს - აქციის მონაწილეები გაუშვან ციხეში ან ომში, ფრონტის წინა ხაზზე.

მეჩეთის მშენებლობის წინააღმდეგ, მოსკოვში არაერთი საპროტესტო აქცია გაიმართა და, როგორც იუწყებიან, მონაწილეთა რიცხვიც თანდათან იზრდება. რუსული წყაროების მიხედვით, 2 აპრილს, მოსკოვის აღმოსავლეთით მდებარე „წმინდა ტბის“ ტერიტორიის დასაცავად რამდენიმე ასეული ადამიანი შეიკრიბა - „სხვადასხვა ქალაქიდან და ორგანიზაციიდან“. მეჩეთის მშენებლობას ეწინააღმდეგებიან მართლმადიდებელი სასულიერო პირებიც.

პროტესტი თითქოს ძირითადად აზერბაიჯანელი მიგრანტების წინააღმდეგ იყო მიმართული, მაგრამ პასუხი მოსკოვმა არა ბაქოდან, არამედ გროზნოდან მიიღო.

ვითარება იძაბება უკრაინის მიერ წინასწარ გამოცხადებული მასშტაბური და გადამწყვეტი კონტრშეტევის ფონზე, როდესაც ექსპერტები რუსეთის მარცხსა და ამ მარცხის შედეგად - შიდა კონფლიქტების გაჩაღების მზარდ ალბათობაზე ლაპარაკობენ.

არ წავაბილწინებთ!

მოსკოვის აღმოსავლეთ ნაწილში, „წმინდა ტბის“ მახლობლად უკვე დაწყებული მშენებლობის აბრა სულ სხვა რამეს ამბობს, მაგრამ ადგილობრივებს უკვე თვეებია, აქვთ ეჭვი, რომ აქ უზარმაზარი მეჩეთი შენდება. „რუსული საზოგადოების“ ხელმძღვანელი და ომსკის საქალაქო საბჭოს ყოფილი ვიცე-სპიკერი, ანდრეი ტკაჩუკი ამბობს, რომ ეჭვები უსაფუძვლოდ არავის გასჩენია და, რომ ამას ხელისუფლების დუმილიც ადასტურებს.

ტკაჩუკისთვის ამ მეჩეთის მშენებლობა „მთელი რუსი ერისა და ყველა მართლმადიდებელი ადამიანისთვის სახეში შეფურთხებას“ ნიშნავს და რუსებს წინააღმდეგობისკენ მოუწოდებს.

ნაციონალისტი ლიდერი ხშირად ამახვილებს ყურადღებას „რუსეთის ისლამიზაციის“ განზრახვაზეც და მიუთითებს, რომ მიწის ნაკვეთი, რომელზეც მეჩეთი შენდება, ეკუთვნის აზერბაიჯანის მოქალაქეს, რომელიც ძირძველ რუსებს „არაფერს ეკითხება“. ახლახან გავრცელებულ ვიდეომიმართვაში, ტკაჩუკი უკვე იარაღის ყიდვაზე საუბრობს, რადგან, მისი თქმით, ყველა ემიგრანტი უკვე შეიარაღებულია და საჭიროა ზრუნვა „სიცოცხლის გადასარჩენად“.

„ჩვენ ყველანი მართლმადიდებელი რუსები ვართ... არ დავუშვებთ მეჩეთის უკანონო მშენებლობასა და ჩვენი წმინდა ადგილების წაბილწვას“; „ჩვენ ჩვენს საკუთარ წმინდა მიწაზე ვდგავართ“, - ასეთი განცხადებები გაკეთდა, 2 აპრილს, მეჩეთის მშენებლობის მოწინააღმდეგეთა აქციაზე - რამდენიმე ასეული ადამიანის თავყრილობაზე.

„ჩვენ რუსები ვართ და ჩვენთან არის ღმერთი“, - ყვიროდნენ აქციის მინაწილეები. იმავე ტიპის განცხადებები გაკეთდა მარტში გამართულ აქციაზეც. მორწმუნე დემონსტრანტებმა გარკვევით თქვეს, რომ - პროტესტს გააგრძელებენ მანამდე, ვიდრე მოსკოვში მეჩეთის მშენებლობის საკითხს წერტილი არ დაესმება და ხელისუფლება მშენებლობას არ შეაჩერებს.

მეჩეთის აშენების წინააღმდეგი არიან მართლმადიდებელი სასულიერო პირებიც, რომლებიც იქვე მოქმედ ეკლესიაში მსახურობენ. ერთ-ერთმა მათგანმა დაწერა, რომ მეჩეთის მშენებლობა პროვოკაციაა; ხოლო ემიგრანტები რუსეთში ოკუპაციის განზრახვით ჩადიან.

ძირითადად აზერბაიჯანელი მიგრანტებისკენ მიმართული ბრაზი, რისხვა და მუქარა მოსკოველებს ჩეჩნებისგან დაუბრუნდათ.

კადიროვისა და „კადიროველების“ მუქარა

მოსკოვს ჯერჯერობით შორიდან ემუქრებიან „კადიროველებად“ ცნობილი ჩეჩენი მეომრები, რომლებიც აცხადებენ, რომ ამჟამად „ფრონტის წინა ხაზზე“ იბრძვიან უკრაინაში; რაც ბევრისთვის სათუოა.

საპასუხო ვიდეომიმართვაში ჩეჩენი სამხედროები მოსკოველებს ეუბნებიან, რომ „თვალის დახუჭვას“ აღარ აპირებენ. ისინი რუსეთის ხელისუფლებას აქციის მონაწილეების დაპატიმრებისკენ მოუწოდებენ.

„არ გემუქრებით, გაფრთხილებთ... თუკი თქვენ უზენაესის [ალაჰის] ნების წინააღმდეგ წახვედით, ჩვენ თქვენთანაც ვიომებთ. ჩვენთვის სულერთია, ვის წინააღმდეგ ვიომებთ“, - ამბობენ ისინი.

3 აპრილს, საკუთარ ტელეგრამარხზე განცხადება თავად რამზან კადიროვმაც გამოაქვეყნა და ხელისუფლებას მეჩეთის მშენებლობის მოწინააღმდეგეთა ომში გაგზავნის ვარიანტიც შესთავაზა. ყველა, ვინც მეჩეთის მშენებლობის წინააღმდეგ გამოდის, კადიროვისთვის პროვოკატორი და დასავლეთის აგენტია, რომელიც რუსეთში შიდა დაპირისპირებას აღვივებს.

„თუკი მიტინგის ყველა ეს მონაწილე სულითა და გულით გამოვიდა რუსული მიწის დასაცავად, მაშინ წინ - სანგრებისკენ! თვალუწვდენელია რუსეთის მიწა [ფრონტის] წინა ხაზზე, რასაც ყოველდღიურად სჭირდება დაცვა. აიღე ავტომატი, მხრით გასწიე გვერდზე მუსლიმი, რომელიც შენ მაგივრად იბრძვის დღეს რუსულ დონბასში და დაგვანახვე შენი პატრიოტიზმი; დაგვანახვე საქმით და არა სიტყვითა და პროვოკაციებით - როგორ გიყვარს შენი სამშობლო“, - წერს კადიროვი და ხაზს უსვამს იმასაც, რომ რუსეთი ყველასია და არა მხოლოდ რუსების.

დაპირისპირება სოციალურ ქსელებში არც ამის შემდეგ შეწყდა.

ტელეგრამარხების მომხმარებლების ნაწილი კადიროვს მართლმადიდებელი ეკლესიის გროზნოში აშენებას სთავაზობს და თანაც - „მუსლიმებისთვის წმინდა რომელიმე ადგილას“. ასევე არის შეთავაზება - გროზნოში ებრაული სინაგოგის აშენების შესახებაც და სხვა მსგავსი.

„მაშინ მოაშორეთ თქვენი ეკლესიები ჩეჩნეთიდან“, „არავინ გაბედოს რუსეთში მეჩეთის მშენებლობის აკრძალვა“, - სწერენ რუსებს მომხმარებლები ჩრდილოკავკასიური გვარებით.

"კადიროველების" მუქარას მოჰყვა პასუხი რუსი სამხედროებისგანაც.

4 აპრილს სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ვიდეომიმართვაში შეიარაღებული პირი, ასევე შეიარაღებული თანამებრძოლების თანხლებით - მიმართავს რუსეთის ხელისუფლებას, რომ - ხალხს თვალებში შეხედოს და ისე თქვას უარი მეჩეთის მშენებლობაზე, რასაც ისედაც არავინ დაუშვებს.

მუსლიმთა სასულიერო სამმართველოს ინფორმაციაზე დაყრდნობით, რუსეთის მედია წერს, რომ მოსკოვში ამჟამად 5 მეჩეთი ფუნქციონირებს, მაგრამ ეს უკვე აღარ არის საკმარისი ქალაქში მცხოვრები თითქმის 3 მილიონი მუსლიმისთვის.
სამმართველო ადასტურებს, რომ ახალი მეჩეთის მშენებლობა განიხილება, მათ შორის - მერიაშიც, მაგრამ ამატებს, რომ არაფერი იცის მშენებლობის შესახებ კონკრეტულად „წმინდა ტბის“ მიმდებარედ. თუკი რუსეთის მედიის პუბლიკაციებით ვიმსჯელებთ, რუსეთის ხელისუფლებას ამ თემაზე განმარტება არ გაუკეთებია.

რა შეიძლება მოხდეს?

"კადიროველებისა" და რუსების ურთიერთმუქარას სიხარულით შეხვდნენ უკრაინაში, რომელსაც კრემლი უკვე წელიწადზე მეტია უშენს ბომბებს. "ჩვენ ორივე მხარეს ვუსურვებთ წარმატებას", "მიდით, იმოქმედეთ", - წერენ უკრაინელები სოციალურ ქსელებში.

რუსულენოვან სოციალურ ქსელებში მიმდინარე დისკუსიების მიხედვით, რელიგიური დაპირისპირების კერები რუსეთს ორ ცეცხლს შუა აქცევს, რადგან, თუკი მეჩეთის საძირკველი უკვე მართლაც ჩაყრილია და მშენებლობა გაგრძელდება, "კრემლი მართლმადიდებელთა რისხვას მიიღებს"; ხოლო თუკი მშენებლობას შეაჩერებს - მას უკვე "მუსლიმები დაუპირისპირდებიან".

ეს დაპირისპირება "აფეთქდა" ომის გადამწყვეტ, რუსეთისთვის ყველაზე სახიფათო მომენტში.

უკრაინასთან წარუმატებელი ომის ფონზე და უკრაინელების მიერ წინასწარ გამოცხადებული მძლავრი კონტრშეტევის მოლოდინში, ანალიტიკოსები სულ უფრო მეტს ლაპარაკობენ რუსეთში შიდა დაპირისპირების გამწვავების პერსპექტივაზე, რევოლუციურ სცენარსა და ქვეყნის დაშლის შესაძლებლობებზე. ამ სცენარების თანახმად, მოსკოვთან დაპირისპირებას ჩრდილოეთ კავკასიის რესპუბლიკებსა და მათ შორის, პირველ რიგში - ჩეჩნეთს უწინასწარმეტყველებენ; თუმცა არა კადიროვის ხელმძღვანელობით, რადგან, როგორც იუწყებიან, ჩეჩნეთის ლიდერს თავადაც შიდა პრობლემები აქვს.

ამ კონტექსტის გათვალისწინებით, უახლოეს მომავალში, მეჩეთის მშენებლობის საკითხის გამო ჩეჩნების მხრიდან რუსების მისამართით ხისტ ნაბიჯებს ნაკლებად მოელიან ანალიტიკოსები. როგორც პოლიტიკური მიმომხილველი და ბლოგერი, დიმიტრი მონიავა ეუბნება რადიო თავისუფლებას, ამ ეტაპზე ვითარების გამწვავება არცერთ მხარეს არ აწყობს და, სავარაუდოდ, „მოიძებნება რაღაც კომპრომისული გადაწყვეტილება, მაგალითად, ორივე კონფესიის სალოცავების მშენებლობის, ანდა რაღაც სხვა შუალედური გადაწყვეტილება და ცენტრალური ხელისუფლება სამართლიანი არბიტრის როლში შეეცდება მხარეები დაამშვიდოს“.

თუმცა არც ის არის გამოირიცხული, რომ პროცესი კონტროლს ვეღარ დაექვემდებაროს.

„ომით პროვოცირებული რუსული ნაციონალიზმის ზრდა რაღაც ფორმებს ეძებს, რომელშიც ის გამოვლინდება და შესაძლოა - ფრიად აგრესიულად. ეს ცუდი ტენდენციაა რეჟიმისთვის, მაგრამ, ალბათ, უფრო გრძელვადიან პერსპექტივაში“, - გვეუბნება მონიავა.

ანალიტიკოსების შეფასებით, კადიროვს პუტინის კეთილგანწყობის დაკარგვის შიში აქვს და მასთან შუამავლებსაც ეძებს. ჩეჩნეთის ლიდერი დაბნეული და შემკრთალი ეჩვენათ, მარტის შუა რიცხვებში, როდესაც ის რუსეთის პრეზიდენტს შეხვდა.

ომის შესწავლის ინსტიტუტისთვის (ISW) ჩეჩნეთის შიდა პრობლემებზე ის ფაქტიც მიუთითებს, რომ კადიროვი, ყველასთვის საჩვენებლად, პირადად მონაწილეობდა ქალაქ გუდერმესის სპეცოპერაციაში, რომლის დროსაც უსაფრთხოების ძალებმა მოკლეს პოლიციის დეპარტამენტზე თავდამსხმელი ორი პირი.

28 მარტს, როცა რამზან კადიროვი შემთხვევის ადგილას გამოჩნდა, სპეცრაზმელებმა დახოცილ თავდამსხმელთა გვამები მის ფეხებთან დაყარეს. ISW-ის თანახმად, ამ სცენის გადაღებით, ჩეჩნეთის ხელმძღვანელს „ძლიერი კაცის იმიჯის" და ძალის დემონსტრირება სურდა.

დისკუსიებში დომინანტი კიდევ ერთი ვერსიის თანახმად, ჩეჩნეთის ლიდერი, რამზან კადიროვი, ომში რუსეთის დამარცხების შემდგომ პერიოდზე ფიქრით, ახალ ხელისუფლებაში საკუთარი ადგილის დამკვიდრების გზებსაც ეძებს. თუმცა კადიროვის შანსები ამ მხრივაც არასახარბიელოდ გამოიყურება.

„რუსული არმიის მარცხებმა უკრაინაში, პუტინის შემდეგ, ყველაზე მეტად კადიროვი დააზარალა. მისი ხალხი ომის ჩემპიონები ეგონა ყველას და აგერ, „მეზობელი კვარტლის“ ბიჭებმა კუდით ქვა ასროლინეს. და, რა თქმა უნდა, პუტინის მსგავსად, კადიროვის ლეგიტიმაციაც ერთადერთ რამეს ემყარება - ძალის დემონსტრირებას, რომ ესაა ლიდერი, რომლისთვის წინააღმდეგობის გაწევა ძვირად დაგიჯდება. ახლა ყველა ხედავს, რომ არც ასე ყოფილა საქმე. ამიტომაც, კადიროვი სერიოზულ შარშია და ძირითადად, იმას ცდილობს, რომ ჩეჩნეთზე მისი კონტროლი არ შესუსტდეს“, - ამბობს რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში პუტინის ყოფილი სპიჩრაიტერი - აბას გალიამოვი.

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG