Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სტალინის დატოვებული ერთი თავსატეხი


რატომ შეარჩია სტალინმა რაიხსტაგის შენობა, როგორც ომის უზენაესი მიზანი, როგორც გამარჯვების მთავარი სიმბოლო? მართალია, ჯუღაშვილმა არცთუ ცოტა თავსატეხი დაუტოვა ისტორიკოსებს, მაგრამ ჩემთვის ბელადის ეს არჩევანი რჩება ერთ-ერთ ყველაზე უფრო ალოგიკურად, ერთ-ერთ ყველაზე უფრო „არასტალინურად“.

პოლიტიკური თვალთახედვიდან რაიხსტაგის არჩევანი, სულ ცოტა, უცნაურია - 1933 წელს ძალაუფლების უზურპაციის საბაბად ჰიტლერმა ხომ სწორედ ამ შენობის განადგურება გამოიყენა?! იმ შენობისა, რომელიც სიმბოლო იყო ვაიმარის რესპუბლიკისა, გერმანიის დემოკრატიის ყველაზე ნათელი წლებისა... რატომ რაიხსტაგი? რატომ ანტიჰიტლერიზმის სიმბოლო? ჯუღაშვილის არჩევანი პოლიტიკურად არათანმიმდევრული იყო, რადგან საბჭოთა პროპაგანდა ხომ საუბრობდა ე.წ. „სახალხო დემოკრატიაზე“, რომელიც წითელ არმიას „ხიშტებზე“ უნდა მიეტანა გერმანელი ხალხისათვის?!

და რადგან გერმანელი ხალხი ვახსენეთ: რაიხსტაგის ფრონტონს ამშვენებს ვილჰელმ მეორის მიერ მიძღვნილი სიტყვები - „გერმანელ ხალხს“. და ბელადის პროპაგანდაც ხომ ხაზს უსვამდა მუდმივად, რომ ის ნაციზმს და არა გერმანელ ხალხს ეომებოდა?! რაიხსტაგის არჩევით სტალინი მიზნად ისახავდა გერმანელი ხალხის დამარცხების სიმბოლიზაციას? მაგრამ ეს ხომ ეწინააღმდეგებოდა ჯუღაშვილის „გენერალურ ხაზს“, რომელიც გერმანელებს ნაცისტებისგან განასხვავებდა: „ისტორიის გამოცდილება გვაჩვენებს, რომ ჰიტლერები მოდიან და მიდიან, ხოლო გერმანელი ერი, გერმანული სახელმწიფო რჩება“ (სტალინი, 1942 წლის 23 თებერვალი).

რატომ არ აირჩია სტალინმა გამარჯვების მთავარ სიმბოლოდ შენობა, რომელიც ნაციზმს განასახიერებდა? მაგალითად, ჰიტლერის კანცელარია, ან ფიურერის ბუნკერი, ან კიდევ გესტაპოს შენობა? ან რატომაც არა ცოსენი, სადაც მესამე რაიხის მთავარსარდლობის შტაბ-ბინა იყო განთავსებული? ეს ხომ მშვენიერი სიმბოლო იქნებოდა მესამე რაიხის შეიარაღებული ძალების დამარცხებისა?!

რაიხსტაგის არჩევანში გერმანიის ერთიანობის სიმბოლოს განადგურება უნდა დავინახოთ? მაგრამ 1945 წლის გაზაფხულზე სტალინს არ ჰქონდა გადაწყვეტილი (და ვერც ექნებოდა), თუ რა მომავალი ელოდა გერმანიას. ამ დროს ჯუღაშვილი უამრავ ვარიანტს განიხილავდა: დაქუცმაცებას, ორად, სამად ან კიდევ ოთხად გაყოფას. სტალინი უშვებდა ასევე გაერთიანებული, მაგრამ ნეიტრალური გერმანიის ვარიანტსაც... გადაწყვეტილების საათი ჯერ ხომ არ იყო დამდგარი?!

და ხომ შეიძლება დავუშვათ, რომ სტალინის არჩევანი მისთვის აბსულუტურად უჩვეულო „ესთეტიკურ“ ლოგიკას ექვემდებარებოდა? - რაიხსტაგი ხომ ერთადერთი ნაგებობა იყო ბერლინში, რომელსაც ფიზიკურად შეეძლო გამარჯვების ყველაზე მკაფიო განსახიერება?!

იმ პერიოდის საჰაერო ფოტოები აჩვენებს, თუ როგორ დომინირებდა გერმანიის დედაქალაქში რაიხსტაგის შენობა. არქიტექტურული მასშტაბის მიხედვით მას ხომ ბადალი არ ჰქონდა ბერლინში?! 137 მეტრის სიგრძის, 103 მეტრის სიგანის და 75 მეტრის სიმაღლის, მდინარე შპრეეს სანაპიროზე განცალკევებულად მდებარე, ის ჩრდილავდა თავისი სიდიადით როგორც ჰიტლერის კანცელარიას, ისე მესამე რაიხის სხვა შენობებს. ამ თვალსაზრისით რაიხსტაგი, რა თქმა უნდა, საუკეთესო დეკორაციას წარმოადგენდა გამარჯვების სისხლიანი სპექტაკლის დადგმისათვის.

სხვათა შორის ამ ვერსიის სანდოობას მეტყველებს ერთი ფაქტი: რაიხსტაგზე აღსამართად შეკერილი ყველა დროშა პროპორციების დარღვევით იყო გაკეთებული - ნამგალი და ურო ორჯერ უფრო დიდი იყო, ვიდრე სტანდარტულ საბჭოთა დროშებზე. წინასწარ შერჩეული იყო ასევე ორი სერჟანტი - მელიტონ ქანთარია და მიხაილ ეგოროვი, რომლებსაც ეს პროპორციადარღვეული დროშები რაიხსტაგზე უნდა აეტანათ.

თუმცა როგორც ბრძოლის დროს ხდება მუდმივად, ამჯერადაც ყველაფერი წინასწარ დაწერილი სცენარის მიხედვით არ გათამაშებულა: 30 აპრილის ნაშუადღევს, ჯერ 115-ე საავიაციო პოლკის მფრინავები ჩამოაგდებენ რაიხსტაგის თავზე წითელ პლაკატს, რომელზეც რუსულად ეწერა სიტყვა „გამარჯვება“. საღამოს 9 საათისათვის არტილერისტების ჯგუფი კაპიტან მაკოვის მეთაურობით რაიხსტაგის ფასადზე აღმართულ გამარჯვების ქალღმერთის ქანდაკებაში ჩაასობენ წითელ დროშას. თხუთმეტი წუთის შემდეგ, იმავე ადგილას დაასობს კაპიტანი სოროკინი ბოლშევიკების კიდევ ერთ ბაირაღს. ეგოროვი და ქანთარია, დიდი ესკორტის თანხმლებით, მხოლოდ საათნახევრის შემდეგ მიაღწევენ რაიხსტაგის სახურავამდე, სადაც სპეციალურად მომზადებულ N° 5 დროშას აღმართავენ.

ბრძოლის დამთავრების შემდეგ ჟუკოვი მიიღებს კიდევ ოცი სამხედროს რაპორტს. სათითაოდ ყოველი მათგანი იჩემებდა პირველი დროშის ჩარჭობა-აღმართვას. ეს „დროშობანას“ თამაში კიდევ 60 წელი გასტანს და ამ სრბოლის ბოლო „ჩემპიონი“ იქნება ვინმე მიხაილ მინინი, რომლის პატარა გამარჯვებასაც 2005 წელს აღიარებენ...

1945 წლის 2 მაისს ფოტოგრაფი ევგენი ხალდეი დაიწყებს გამარჯვების მთავარი სიმბოლოს ძებნას. მას სურდა ჯოი როზენტალის მიერ ივო ჯიმაზე აღბეჭდილი სცენის გემეორება. პირველი დადგმული ფოტო ტემპელჰოფის აეროპორტში იქნება გაკეთებული, მეორე - ბრანდენბურგის ჭიშკრის კვადრიგაზე და მესამეც - რაიხსტაგზე. პარტიის მესვეურები, რა თქმა უნდა, მესამე ფოტოს აარჩევენ...

ბლოგერები

ყველა ბლოგერი
XS
SM
MD
LG