„მწვანე ბარათი“
„მწვანე ბარათი“ თუმანიშვილის თეატრში ნინია სადღობელაშვილის პიესის მიხედვით რეჟისორმა გიორგი სიხარულიძემ დადგა. ამ სპექტაკლში ამერიკაში წასვლის მსურველი თაობების სევდა და მისწრაფებაა გადმოცემული, ის პრობლემები, რომლებიც ჯერ წასვლამდე ექმნებათ, შემდეგ კი აშშ-ში ადაპტირებისას. იმ დარდთან ერთად, რომელიც წლების განმავლობაში ოჯახიდან შორს ყოფნას ახლავს, სპექტაკლში ემიგრანტების ბევრი კურიოზული ამბავია ნაჩვენები.
„დილა მშვიდობისა, ასდოლარიანო“
რეჟისორ ქეთი დოლიძის ეს სპექტაკლი რამდენიმე წელია ათონელის თეატრში ანშლაგებით იდგმება. სპექტაკლის თემა ასევე ემიგრაციაა. ამერიკაში ჩასული ქართველები მილიონერ მოხუცს უვლიან, რომელიც მათდა მოულოდნელად, წარმოშობით საქართველოდან აღმოჩნდება. მოხუცს ქართული აღარ ახსოვს, მაგრამ მომვლელები ენას არათუ გაახსენებენ, საქართველოში დაბრუნების სურვილსაც გაუჩენენ. მელოდრამატულ კომედიას რეფრენად გასდევს ფრაზა: „ასეთ ქვეყანაში მხოლოდ გიჟები ბრუნდებიან“.
სპექტაკლის ავტორები არიან ინგა გარუჩავა და პეტრე ხოტიანოვსკი.
„წმინდა ნაწილები“
საპატრიარქოს შიდა ინტრიგებს ეხება ვალერი ოთხოზორიას კომედია „წმინდა ნაწილები“, რომელიც სამეფო უბნის თეატრში რეჟისორმა ილია ქორქაშვილმა დადგა. მთავარ მოქმედ გმირ ქალს მიაჩნია, რომ მისი მისია ქვეყნიერების გადარჩენაა. საზოგადოების ნაწილი მას წმინდანად მიიჩნევს, მეორე ნაწილი კი, პირიქით, მის განადგურებას ითხოვს.
„ცუდი გზები“
ომის თემა ქართულ დრამატურგიას დიდი ხანია აინტერესებს. ირაკლი გოგიამ ახმეტელის თეატრში დადგა ნატალია ვოროჟბიტის პიესა „ცუდი გზები“. სპექტაკლში დონბასის ომის ქრონიკებია და ის ისეთ მტკივნეულ საკითხებს ეხება, როგორიცაა ქალების, ოჯახების ბედი ომის დროს. ამ სპექტაკლის ბილეთები ბავშვებზე არ იყიდება.
„დედაომი“
დათა თავაძის პიესა „დედაომი“ ოზურგეთის თეატრში რეჟისორმა საბა ასლამაზაშვილმა დადგა. ეს სპექტაკლიც ომის თემაზეა, მათ შორის, 2008 წლის მოვლენებზე. სპექტაკლი აჩვენებს, თუ როგორ ცვლის ომი ადამიანს, როგორ აბოროტებს და აქცევს არსებად, რომელიც ყველაფერზეა წამსვლელი.
„უხერხემლო“
ალექსი ჩიღვინაძის პიესა „უხერხემლო“ პირველად ტყიბულის, შემდეგ ზუგდიდის, სულ ბოლოს კი „ილიაუნის“ თეატრში დაიდგა. სპექტაკლი სექსუალურ იდენტობასა და ადამიანის უფლებებს ეხება. ის რეალური ამბების მიხედვითაა შექმნილი. ოჯახის წინაშე დილემა დგას, როგორ დაკრძალონ ტრანსსექსუალი ადამიანი, როგორც მამაკაცი? როგორც ქალი?
„შაშვი შაშვი მაყვალი“
სპექტაკლი „შაშვი შაშვი მაყვალი“ თამთა მელაშვილის ამავე სახელწოდების რომანის მიხედვით ნიკა ჩიკვაიძემ დადგა, ზუგდიდის თეატრში. სპექტაკლი ტაბუირებულ თემებზეა, იმ ქალების ცხოვრებაზე, რომლებიც საზოგადოების მხრიდან წნეხის გამო ვერ ბედავენ სექსუალური პარტნიორი ჰყავდეთ.
„ინციდენტი მეტროში“
სპექტაკლი „ინციდენტი მეტროში“ მარჯანიშვილის თეატრში ლევან წულაძემ და თემო კუპრავამ დადგეს. ის ახალგაზრდების კრიმინალურ მენტალიტეტს ეხება. სპექტაკლი ლარი პირსის ფილმის „ინციდენტის“ სცენური ვერსიაა. მოქმედება მეტროს ვაგონში ხდება, სადაც მგზავრები ორი მოძალადე ახალგაზრდის წინაშე აღმოჩნდებიან.