Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

როგორ გამოაცხადეს სომხეთმა და აზერბაიჯანმა დამოუკიდებლობა თბილისში


1918 წლის 26 მაისს დამოუკიდებლობა ჯერ საქართველომ, ორი დღის მერე კი სომხეთმა და აზერბაიჯანმაც გამოაცხადეს. როგორ მოხდა, რომ სამივე სახელმწიფომ ამის შესახებ მსოფლიოს თბილისიდან აუწყა?

„..ამიერიდან საქართველოს ხალხი სუვერენულ უფლებათა მატარებელია და საქართველო სრულუფლებოვანი დამოუკიდებელი სახელმწიფოა...“ ვკითხულობთ საქართველოს დამოუკიდებლობის აქტში. აქტი მოკლე, ლაკონიური და პირდაპირია: „მრავალ საუკუნეთა განმავლობაში საქართველო არსებობდა როგორც დამოუკიდებელი და თავისუფალი სახელმწიფო.

მეთვრამეტე საუკუნის დასასრულს ყოველ მხრით მტრისაგან შევიწროებული საქართველო თვისი ნებით შეუერთდა რუსეთს იმ პირობით, რომ რუსეთი ვალდებული იყო საქართველო გარეშე მტრისაგან დაეცვა.

რუსეთის დიდი რევოლუციის მსვლელობამ რუსეთში ისეთი შინაგანი წყობილება შეჰქმნა, რომ მთელი საომარი ფრონტი სრულიად დაიშალა და რუსის ჯარმაც დასტოვა ამიერკავკასია.

დარჩნენ რა თვისი ძალღონის ამარად, საქართველომ და მასთან ერთად ამიერკავკასიამ თვით იდვეს თავს საკუთარი საქმეების გაძღოლა და პატრონობა და შესაფერი ორგანოებიც შეჰქმნეს; მაგრამ გარეშე ძალთა ზედგავლენით ამიერკავკასიის ერთა შემაერთებელი კავშირი დაირღვა და მით ამიერკავკასიის პოლიტიკური მთლიანობაც დაიშალა.

ქართველი ერის დღევანდელი მდგომარეობა აუცილებლად მოითხოვს, რომ საქართველომ საკუთარი სახელმწიფოებრივი ორგანიზაცია შეჰქმნას. მისი საშუალებით გარეშე ძალის მიერ დაპყრობისაგან თავი გადაირჩინოს და დამოუკიდებელ განვითარების მტკიცე საფუძველი ააგოს“...

დამოუკიდებლობამდე ცოტა ხნით ადრე

1917 წლის ოქტომბრის რევოლუციის შემდეგ, რუსეთში ცენტრალური ხელისუფლება თითქმის აღარ დარჩა და, შესაბამისად, ვერც რეგიონებს აკონტროლებდა. ამიერკავკასიაში დროებითი მთავრობის შექმნა დაიწყო. ჩამოყალიბდა ამიერკავკასიის კომისარიატი, 1918 წლის იანვარში კი, მისი საკანონმდებლო ორგანო - ამიერკავკასიის სეიმი, ქართველი, სომეხი და აზერბაიჯანელი დეპუტატებით. ორიოდე თვეც არ იყო გასული, რომ კომისარიატი ჯერ ამიერკავკასიის ფედერაციულ რესპუბლიკად იქცა, შემდეგ სამ დამოუკიდებელ რესპუბლიკად.

„1918 წლის 26 მაისს ორი რამ მოხდა, ჯერ ამიერკავკასიის ფედერაციული რესპუბლიკა დაიშალა, რამდენიმე საათის მერე კი საქართველომ გამოაცხადა დამოუკიდებლობა. ამის შემდეგ სომხეთი და აზერბაიჯანი ცალკე არ და ვერ დარჩებოდნენ და ისინიც დამოუკიდებლობას აცხადებენ“, - ამბობს ისტორიკოსი დიმიტრი სილაქაძე.

მიზეზები, რის გამოც კავკასიის სამმა ქვეყანამ დამოუკიდებლობა გადაწყვიტა, ერთი და იგივე იყო. 1918 წლის მარტიდან ოსმალურმა სამხედრო ნაწილებმა ბათუმის ოლქი დაიკავეს და დამატებით ახალციხისა და ახალქალაქის ოლქებს ითხოვდნენ. მდგომარეობა სამივე ქვეყანაში დაძაბული იყო, სამივემ გადარჩენაზე დაიწყო ფიქრი, ერთად გადარჩენა კი განსხვავებული ინტერესების გამო არ გამოსდიოდათ.

„გარე ძალების დახმარების გარეშე სამხრეთ კავკასია ოტომანებს ვერ გაუმკლავდებოდა. ქართველები გერმანელებს სთხოვდნენ შველას, სომხები ბრიტანელებს, აზერბაიჯანელებს კი თურქები ჯერაც ძმებად მიაჩნდათ. ამიტომ გასაოცარი სულაც არ გახლავთ, რომ სომხები, ქართველები და აზერბაიჯანელები საერთო კონსტიტუციურ ტექსტზე ვერ შეთანხმდებოდნენ“, - წერს ისტორიკოსი დონალდ რეიფილდი წიგნში „საქართველო იმპერიათა გზაჯვარედინზე“.

მაშინდელ მსოფლიოში პატარა სახელმწიფოების გადარჩენის აუცილებელი პირობა ძლიერი მფარველის მოძებნა იყო. „დღეს, მაგალითად, არსებობს საზღვრების ურღვევობის პრინციპები, გარკვეული სისტემა, მაშინ ასეთი რამ არ იყო და დიდი სახელმწიფოები პატარებს „ყლაპავდნენ“, - ჰყვება დიმიტრი სილაქაძე.

მას შემდეგ, რაც ქართველმა პოლიტიკოსებმა გერმანია მფარველობაზე შეიპირეს, საქართველომ დამოუკიდებლობა გამოაცხადა. 28 მაისს დამოუკიდებლობა გამოაცხადა აზერბაიჯანის ეროვნულმა საბჭომაც, მამედ ამინ რასულზადეს ხელმძღვანელობით.

ამავე დღეს გამოაცხადა დამოუკიდებლობა სომხეთმაც. სომხეთის ეროვნულმა საბჭომ მთავრობის ფორმირება „დაშნაკცუთიუნის“ პარტიის ლიდერს, ჰოვანეს კაჩაზნუნს დაავალა.

ეს ყველაფერ ხდებოდა თბილისში, რომელიც მაშინ ამიერკავკასიის ცენტრს წარმოადგენდა, მანამდეც, რუსეთის იმპერიის პერიოდში, მეფისნაცვალი ამიერკავკასიას სწორედ აქედან მართავდა.

„მაშინ ერევანი პატარა ქალაქი იყო, ბაქო - მეწარმეების ქალაქი, ამიტომ სხვა ვარიანტი არც განხილულა. კავკასიის ცენტრი, გეოგრაფიულადაც და პოლიტიკურადაც თბილისი გახლდათ“, - ამბობს დიმიტრი სილაქაძე.

1918 წელს საქართველომ, სომხეთმა და აზერბაიჯანმა დღევანდელ მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლეში გამოაცხადეს.
1918 წელს საქართველომ, სომხეთმა და აზერბაიჯანმა დღევანდელ მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლეში გამოაცხადეს.

დამოუკიდებლობის პირველ დღეებში სამივე ქვეყნის ხელისუფლება თბილისში რჩებოდა. მოგვიანებით საქართველო ჯერ სომხეთის მთავრობამ დატოვა, წლის ბოლოს კი - აზერბაიჯანის, თუმცა ბაქოში მაშინვე არ გადასულან, განჯაში განთავსდნენ.

დამოუკიდებლობის შემდეგ

არც ერთს ამ სამი სახელმწიფოდან თავისუფლება დიდხანს არ შერჩენია: 1921 წელს, როდესაც საქართველოში წითელი არმია შემოვიდა, ბოლშევიკებს უკვე სომხეთიც დაპყრობილი ჰქონდათ და აზერბაიჯანიც. სომხეთი 1920 წლის დეკემბერში დაიკავეს, აზერბაიჯანი - 1920 წლის აპრილში.

აზერბაიჯანის მთავრობა საქართველოს მთავრობის მსგავსად ემიგრაციაში წავიდა. ემიგრაციაში წავიდა „დაშნაკცუთიუნის“ ნაწილიც, ნაწილმა კი არჩია საბჭოთა მთავრობაში შესულიყო. 1921 წლის დასაწყისში სომხეთში ანტისაბჭოთა აჯანყებამ კიდევ ერთხელ იფეთქა, მოახერხეს ერევანი გაეთავისუფლებინათ, თუმცა, დროებით. მას შემდეგ, რაც საქართველოში საბჭოთა ჯარი შემოვიდა, ბოლშევიკებმა სომეხი აჯანყებულებიც დაამარცხეს.

საბჭოთა კავშირის დაშლის პარარელურად, 1991 წლის 9 აპრილს საქართველომ ისევ გამოაცხადა დამოუკიდებლობა. 1991 წლის 21 სექტემბერს დამოუკიდებლობა გამოაცხადა სომხეთმაც. ამავე წელს დამოუკიდებელი გახდა აზერბაიჯანიც, დამოუკიდებლობის დღედ აზერბაიჯანში ტრადიციულად 28 მაისი აღინიშნება.

  • 16x9 Image

    თეა თოფურია

    რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2012 წლიდან. აშუქებს როგორც მიმდინარე მოვლენებს, ასევე საკითხებს ახლო წარსულიდან. არის ათამდე პროზაული და პოეტური კრებულის ავტორი.

XS
SM
MD
LG