საჯარო სამსახური საქართველოს არადომინანტური ეთნიკური ჯგუფებისთვის მიუწვდომელ სივრცედ რჩება. დეკლარაციული თანასწორობის მიუხედავად, არადომინანტური ჯგუფების გარიყულობისა და სტრუქტურული ჩაგვრის სისტემურობას ყველაზე მკაფიოდ საჯარო სამსახურში მათი (არ)დასაქმება აშიშვლებს. ცენტრალური ხელისუფლების დონეზე სამინისტროები, სააგენტოები თუ სსიპ-ები მკვეთრი მონოეთნიკურობით გამოირჩევიან, ხოლო ადგილობრივ თვითმმართველობებში დასაქმებული არადომინანტური ეთნიკური ჯგუფების წარმომადგენლების ხვედრითი წილი მცირეა. ასეთ სიტუაციას ხშირად არადომინანტური ეთნიკური ჯგუფების მიერ ქართული ენის უცოდინრობით ხსნიან, რაც შესაძლოა გარკვეული ობიექტური არგუმენტი იყოს, თუმცა ბოლო ხანებში 1+4 პროგრამის შედეგად სახელმწიფო ენის მცოდნე ახალგაზრდების რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა, მათი საჯარო სექტორში დასაქმება კი - არა.
არადომინანტური ეთნიკური ჯგუფების საჯარო სექტორში დაუსაქმებლობის მეორე არგუმენტად მათი კვალიფიკაციის დაბალ დონეს ასახელებენ, თუმცა 1+4 სახელმწიფო პროგრამა და ამ პროგრამით კურსდამთავრებულთა კვალიფიციურობა მის გასაქარწყლებლადაც გამოდგება. მაგრამ, თუ ამ არგუმენტს სიღრმისეულად დავაკვირდებით, საზოგადოებაში ღრმად ფესვებგადგმულ გამრიყავ, დისკრიმინაციულ და დამამცირებელ შეხედულებებსა და ნარატივებს აღმოვაჩენთ. ჯერ კიდევ გვიწევს ერთმანეთისთვის ყოველ ჯერზე იმის შეხსენება, რომ შეუძლებელია მთელი ეთნიკური ჯგუფი კოლექტიურად იყოს საჯარო სამსახურისთვის არაკვალიფიციური.
მესამე და უფრო დამაჯერებელ არგუმენტად შეიძლება ჟღერდეს პოზიცია, რომლის მიხედვითაც, საჯარო სამსახური არის პოლიტიკურად, კულტურულად და ეთნიკურად ნეიტრალური სტრუქტურა, სადაც დასაქმება ხდება საუკეთესოს შერჩევის პრინციპით, თუმცა, გახმაურებული შემთხვევების გამო, ხშირად საჯარო სამსახურში დასაქმების პროცედურების ნეიტრალურობისა და ობიექტურობის გარშემო კითხვის ნიშნები ჩნდება. და რომც გვქონდეს საჯარო სამსახურში დასაქმების სავსებით დახვეწილი, სრულყოფილი და ნეიტრალური სისტემა, ჩვენს სახელმწიფოს უმცირესობების საჯარო სამსახურებში დასაქმების გაზრდისთვის კონკრეტული პოლიტიკა ან, თუნდაც, ხედვა უნდა გააჩნდეს, რაც, თავის მხრივ, აუცილებლად უნდა ეფუძნებოდეს სხვადასხვა კვლევას და მიგნებას და არა რომელიმე პოლიტიკური ლიდერის სუბიექტურ ინიციატივებს.
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური დასაქმებულთა მონაცემების აღრიცხვას ეთნიკური ნიშნით არ აწარმოებს, არც საჯარო სამსახურის ეროვნული ბიურო აქვეყნებს ინფორმაციას ასეთი ჩაშლით. ეს, ერთი შეხედვით, დასავლური, მოდერნული მიდგომაა: სახელმწიფოს არ სურს დაყოს საქართველოს მოქალაქეები სხვადასხვა ნიშნით და იდენტობით, თუმცა მონაცემთა ეთნიკური ნიშნით დამუშავება, მოქალაქეების დაყოფისა და დისკრიმინაციის ნაცვლად, ხშირად მოწყვლადი ჯგუფების გამოწვევების გააზრებას და უთანასწორობის აღმოფხვრასაც ემსახურება.
მაგალითად, ინფორმაციის თავისუფლებისა და განვითარების ინსტიტუტის (IDFI) 2013 წლის კვლევამ, რომელმაც საჯარო დაწესებულებებში დასაქმებულთა სტატისტიკა გენდერულ ჭრილში შეისწავლა, გამოააშკარავა საჯარო სამსახურში ქალების დასაქმების უთანასწორო პრაქტიკა, რის შედეგადაც საჯარო სამსახურის ბიურომ დასაქმებულთა მონაცემების გენდერული ნიშნით დამუშავება და საზოგადოებამ არსებული სიტუაციის შეცვლის აუცილებლობაზე დისკუსიები დაიწყო.
დეტალური და ჩაშლილი მონაცემების არარსებობის პირობებშიც კი ეთნიკური უმცირესობების დასაქმების პრობლემა ცხადად ჩანს. სამოქალაქო ინტეგრაციის და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრის (CCIIR) 2017 წლის კვლევით, არადომინანტური ეთნიკური ჯგუფების ნახევარზე მეტი (50,8 %) ერთ-ერთ მთავარ ბარიერად მიიჩნევს „დამსაქმებლის მიკერძოებულ/ნეგატიურ დამოკიდებულებას ეთნიკური უმცირესობების მიმართ“, ხოლო გამოკითხულთა 54% აცხადებს, რომ დასაქმების ბაზარზე არადომინანტური ეთნიკური ჯგუფების მიმართ საშეღავათო პოლიტიკა უნდა არსებობდეს.
მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური დასაქმებულთა შესახებ ინფორმაციას ეთნიკური მახასიათებლების საფუძველზე არ ამუშავებს, საქსტატის ოფიციალურ საიტზე ხელმისაწვდომია უმუშევრობის შესახებ 2019 წლის ინფორმაცია რეგიონების მიხედვით. თბილისის შემდეგ, უმუშევრობის მაჩვენებელი ყველაზე მაღალი ქვემო ქართლშია (14,6 %), რაც საქართველოში უმუშევრობის საშუალო მაჩვენებელს (11,6 %) 3 %-ით აღემატება. 2016 წელს არასამთავრობო ორგანიზაცია „მწვანე კავკასიამ“ ქვემო ქართლში საჯარო სამსახურებში დასაქმებულთა მონაცემების ეთნიკური გადანაწილება შეისწავლა. „მწვანე კავკასიის“ კვლევის მიხედვით, არადომინანტური ეთნიკური ჯგუფები ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტების საჯარო მოხელეების მხოლოდ 17 %-ს შეადგენენ, მაშინ როცა ეს ჯგუფები რეგიონის 49 %-ს წარმოადგენენ. მოსახლეობის რაოდენობასა და საჯარო მოხელეების რაოდენობას შორის ყველაზე დიდი დისპროპორცია მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებშია. კვლევის მიხედვით, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მოსახლეობაში არადომინანტური ეთნიკური ჯგუფების რაოდენობასა (69 %) და მერიის ადმინისტრაციაში მათ ხვედრით წილს (11 %) შორის დისბალანსი 58 %-ია, მარნეულის მუნიციპალიტეტში კი ეს რიცხვი 54 %-ია. მსგავსი კვლევა ცენტრალური ხელისუფლების დონეზე არასდროს ჩატარებულა, თუმცა ზედაპირული დაკვირვების საფუძველზეც შესაძლებელია ვივარაუდოთ, რომ მრავალფეროვნება და ინკლუზიურობა საჯარო სამსახურების ძლიერი მხარე არ არის.
ასეთ რეალობაში ყველაზე გულწრფელ გაკვირვებას პოლიტიკური ელიტების მიერ ამ პრობლემის დაუნახაობა და გაუაზრებლობა იწვევს. დღეს პოლიტიკური პარტიები საკუთარ დღის წესრიგებში უმცირესობების დასაქმებაზე არაფერს ამბობენ. პოლიტიკური პარტიების ცენტრალური და რეგიონალური ოფისებიც კი ძირითადად დომინანტი ეთნიკური ჯგუფის წარმომადგენლებითაა დაკომპლექტებული. არადომინანტური ეთნიკური ჯგუფების გარიყულობის ნორმალიზებას უმცირესობების წარმომადგენელი პოლიტიკოსებიც უწყობენ ხელს, რომლებიც, ერთი მხრივ, საკუთარი განსაკუთრებულობის დაჯერებით, ხოლო, მეორე მხრივ, შიდა პარტიული ჰარმონიის დარღვევის შიშით, უსამართლობაზე არაფერს ამბობენ. იქმნება მანკიერი წრე, რომლის გარღვევაც არადომინანტური ეთნიკური ჯგუფების ახალგაზრდებისთვის შეუძლებელი ხდება, რაც ერთიორად ზრდის მათ ნიჰილიზმს და უნდობლობას საქართველოში პოლიტიკური და საჯარო ცხოვრების მიმართ.
შეჯამების სახით შეიძლება ითქვას, რომ მონაცემების დაუმუშავებლობა პრობლემას ვერ გააქრობს. ყველასთვის, უფრო მეტად კი თავად არადომინანტური ეთნიკური ჯგუფებისთვის, საჯარო სამსახურებში მოსახვედრად არსებული სისტემური ბარიერები და სტრუქტურული გარიყულობა ისედაც ცნობილია, ამ საკითხის მოგვარება კი კრიტიკულად მნიშვნელოვანი პირველადი მონაცემების შექმნისა და დამუშავების გარეშე, ფრაგმენტული ინიციატივების საფუძველზე, შეუძლებელი იქნება.
ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შეიძლება ყოველთვის არ ემთხვეოდეს რედაქციის პოზიციას.