Accessibility links

მსოფლიო
რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
 
საღეჭი რეზინის გამო დაღუპული ბავშვები - ტრაგედია საბჭოთა კავშირში

საღეჭი რეზინის გამო დაღუპული ბავშვები - ტრაგედია საბჭოთა კავშირში


საილუსტრაციო ფოტო
საილუსტრაციო ფოტო

სასიკვდილო ჭყლეტა საღეჭი რეზინის გამო - ამ სახელწოდებით შევიდა ისტორიაში ამბავი, რომელიც საბჭოთა კავშირში 50 წლის წინ მოხდა.

საბჭოთა კავშირში, უფრო ზუსტად კი რუსეთში, ჭყლეტაში ადამიანების დაღუპვა იშვიათობა არ არის. ასეთი რამე ბევრჯერ მომხდარა ხალხმრავალი შეკრებებისას.

ჭყლეტაში დახოცილი ხალხით დაიწყო მეფობა რუსეთის ბოლო იმპერატორმა ნიკოლოზ მეორემ. 1896 წლის 18 მაისს, ტახტზე ასვლის დღეს, ზეიმისთვის მოსკოვში, ხოდინსკის ველზე შეკრებილ ასიათასობით ადამიანს სურსათი დაურიგეს. იმის შიშით, რომ საჭმელი ყველას არ შეხვდებოდა, ხალხმა ერთმანეთი გადათელა. ისტორიკოსები ითვლიან, რომ დაიღუპა 1400-მდე ადამიანი. ამბობდნენ, რომ ასეთი დასაწყისი ნიკოლოზ მეორის სისხლიანი დასასრულის მინიშნებად იქცა. 1918 წელს ის ოჯახთან ერთად წითელარმიელებმა დახვრიტეს. ხოდინსკის ჭყლეტა შემდეგ ფართოდ აისახა რუსულ ხელოვნებაში.

მასობრივი ჭყლეტა ახლდა სტალინის დაკრძალვასაც. „პროლეტარიატის ბელადი“ 1953 წლის 5 მარტს გარდაიცვალა. კუბოში ჩასვენებული სტალინის სანახავად სამოქალაქო პანაშვიდზე 8-9 მარტს ასიათასობით ადამიანი მივიდა. მოსკოვის ცენტრი გადაივსო. ხალხი ერთმანეთს თელავდა ან უჰაერობისგან იხრჩობოდა. რამდენი ადამიანი გადაჰყვა სტალინის გასვენებას დღემდე უცნობია. სხვადასხვა მონაცემით, რამდენიმე ასეული ან რამდენიმე ათასიც კი.

მორიგი ტრაგედია 1982 წლის 20 ოქტომბერს დატრიალდა. მოსკოვში „ლუჟნიკების“ სტადიონზე მომხდარმა ზედახორამ, ოფიციალური ცნობებით, 66 ადამიანი იმსხვერპლა. მაგრამ თუ გავითვალისწინებთ თვითმხილველების მონათხრობსა და იმასაც, რომ საბჭოთა კავშირი ყველაფერს მალავდა, მსხვერპლი გაცილებით დიდი უნდა ყოფილიყო.

„ლუჟნიკების“ ტრაგედიაზე საუბრისას, ვარაუდობენ, რომ მატჩის დასრულების შემდეგ შეციებული ხალხი ერთბაშად მიაწყდა გასასვლელს, რომ მეტრომდე დროზე მისულიყო. ზედახორაც ამან გამოიწვია.

მაგრამ საბჭოთა კავშირს ახსოვს 1975 წლის 10 მარტიც, როდესაც 21 ადამიანი არც მეტი, არც ნაკლები, საღეჭ რეზინს შეეწირა. აი, როგორ არის აღწერილი ეს ამბავი ღია წყაროებში:

მოსკოვში, სოკოლნიკის სპორტის სასახლეში ჰოკეის ამხანაგური მატჩები იმართებოდა. ერთმანეთს საბჭოთა კავშირის ახალგაზრდული ნაკრები და კანადის გუნდი Barrie Co-op ეთამაშებოდნენ. კანადური გუნდის ფინანსური მხარდამჭერი იყო საღეჭი რეზინის მწარმოებელი ფირმა WRIGLEY.

WRIGLEY-იმ კანადელ სპორტსმენებს კილოობით კევი გადასცა, რომ მაყურებლისთვის დაერიგებინათ. ისინიც მატჩის შემდეგ საღეჭ რეზინებს ხალხში ისროდნენ.

მოსკოვის სკოლებში ხმა დაირხა, სპორტის სასახლეში კევს არიგებენო და მესამე მატჩზე არენა 14-16 წლის ბავშვებით გაივსო.

როდესაც მატჩის შემდეგ საღეჭი რეზინების დარიგება დაიწყეს, საოცნებო კევის მისაღებად ხალხი ერთმანეთს მიაწყდა. გაიმართა ზედახორა. კევის ასაღებად დახრილებს სხვები ზევიდან ეცემოდნენ და ადგომას ვეღარ ახერხებდნენ.

თვითმხილველები შემდეგ ჰყვებოდნენ, რომ სპორტის სასახლის გასასვლელში რკინის გისოსებიან კარს ბოქლომი ედო, ამიტომ ხალხმა გამოსვლა ვეღარ მოახერხა და ერთმანეთი კართან მიაჭყლიტა. ერთ-ერთი ვერსიით, ბოქლომი კარს საბჭოთა უშიშროების მითითებით დაადეს, ბავშვები კანადელ ჰოკეისტებთან რომ არ მისულიყვნენ.

თვითმხილველი ჰყვებოდნენ იმასაც, რომ ზედახორას დაწყებიდან მალევე დარბაზში შუქი ჩაქრა. მიზეზად ხან ელექტრიკოსის შეცდომას ასახელებენ, ხან - შეგნებულ გადაწყვეტილებას. კანადელებთან ერთად სპორტის სასახლეში უცხოელი ჟურნალისტებიც იყვნენ. საბჭოთა კავშირს არ უნდოდა ეს სამარცხვინო ამბავი ვინმეს გადაეღო და საბჭოთა საზღვრებს გარეთ გაეტანა.

შუქის ჩაქრობამ საბედისწერო აღმოჩნდა. სიბნელეში სიტუაცია კიდევ უფრო უკონტროლო გახდა. დაიღუპა 21 ადამიანი, კიდევ ერთი ამდენი დაშავდა. დაღუპულებიდან 13 ჯერაც არასრულწლოვანი იყო.

მომხდარის გამო გამოძიება დაიწყო. ოთხი ადამიანი დააპატიმრეს, მათ შორის არენის დირექტორიც.

რატომ იყო საღეჭი რეზინი ასეთი დელიკატესი? საბჭოთა კავშირი ეწინააღმდეგებოდა ყველაფერს, რაც დასავლეთს უკავშირდებოდა, განსაკუთრებით ახალგაზრდებისთვის სასურველ საგნებს, მათ შორის საღეჭ რეზინს. უცხოური კევი, ისევე როგორც ჯინსები ან სხვა მსგავსი ნივთები ჩუმად, „ხელზე“ იყიდებოდა და საკმაოდ ძვირადაც. კევი სტატუსის განმსაზღვრელი გახდა, ფუფუნება. მარტო იმის წარმოდგენა რად ღირს, რომ საბჭოთა ბავშვები კევის ნაცვლად ბიტუმს ღეჭავდნენ, რომელიც ნავთობისგან იწარმოება.

სპორტის სასახლეში მომხდარის შესახებ მაშინდელ პრესაში არაფერი თქმულა. ეს ტრაგედია, ისევე როგორც ბევრი სხვა სისხლიანი საიდუმლო, ცნობილი მხოლოდ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ გახდა.

  • 16x9 Image

    თეა თოფურია

    რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2012 წლიდან. აშუქებს როგორც მიმდინარე მოვლენებს, ასევე საკითხებს ახლო წარსულიდან. არის ათამდე პროზაული და პოეტური კრებულის ავტორი.

ფორუმი

XS
SM
MD
LG