Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველო COVID-19-ის შეჩერების ეტაპიდან გავრცელების ეტაპზე - რა არ უნდა გამოგრჩეს 18 მარტს


ერთი პაციენტის შემთხვევაში ჯერ არ არის ცნობილი ვირუსის წყარო

  • COVID-19-ის დადასტურებული შემთხვევა დღეს - 34
  • განკურნებული - 1
  • კარანტინში - 1008
  • სტაციონარში - 64
  • ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას თქმით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების მკვეთრი წყარო მხოლოდ ერთ შემთხვევაში არ არის ცნობილი.

ეს შესაძლოა გახდეს საქართველოში პირველი ფაქტი, როცა ექიმებისთვის უცნობია, საიდან დაავადდა პაციენტი. აქამდე ყველა პაციენტის წყარო მოგზაურობის ისტორიას უკავშირდებოდა ან მათ ჰქონდათ რომელიმე ქვეყნიდან დაბრუნებულთან კონტაქტი.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის თქმით, მოკვლევა ისევ მიმდინარეობს და შესაძლოა დადგინდეს ვირუსის წყარო ბოლო პაციენტის შემთხვევაში. „ტელეკომპანია პირველის“ ეთერში მან თქვა, რომ საქართველო ჯერ კიდევ შეკავების ფაზაშია, თუმცა აქვე დაამატა, რომ მომდევნო კვირებში შესაძლოა გამოჩნდეს ისეთი შემთხვევები, როცა ექიმებმა ვირუსის პირველი წყარო უკვე ვეღარ დაადგინონ.

ასეთ ვითარებაში კი პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ თქვა, რომ ქვეყანა „ვირუსის შეჩერების ეტაპიდან გავრცელების ეტაპზე გადავიდა“.

მთავრობა საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას არ ჩქარობს, თუმცა ქვეყანაში მიკროავტობუსების მიმოსვლას აჩერებს. მუშაობას წყვეტს სპა ცენტრები და საცურაო აუზები. ხანდაზმულებს კი მოუწოდებენ, რომ შინ დარჩნენ. გიორგი გახარიას თქმით, ახლა მთავრობას ოთხი პრიორიტეტი აქვს:

  1. მოქალაქეების ჯანმრთელობა
  2. ეკონომიკაზე დარტყმის შერბილება
  3. ქვეყანაში არსებული მარაგების ლოჯისტიკა და მართვა
  4. სამოქალაქო წესრიგი

წაიკითხე მეტი.

ამ თემაზე ასევე ნახე:

საქართველო „იკეტება“ - რა შეზღუდვები დაწესდა საზღვრებზე კორონავირუსის გამო?

კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის, საქართველომ საზღვრებზე შეზღუდვები აამოქმედა. რამდენიმე დღეში ქვეყანა თითქმის სრულ იზოლაციაში მოექცევა. შეჩერდება უცხო ქვეყნის მოქალაქეების შემოსვლა. შენარჩუნდება ავიარეისების მხოლოდ მცირე ნაწილი.

საქართველოს მოქალაქეებისთვის შეზღუდული დარჩება მეზობელ ქვეყნებში გადასვლა. შეზღუდვები არ ვრცელდება მოქალაქეებზე, რომლებიც სამშობლოში ბრუნდებიან. არ იზღუდება სატვირთო გადაზიდვები, ანუ ქვეყანაში პროდუქციის შემოტანა არ შეფერხდება.

დღეიდან ორი კვირის განმავლობაში საქართველოში ვეღარ შემოვლენ უცხო ქვეყნის მოქალაქეები. გამონაკლისად დაიშვება ისეთი ოჯახები სადაც ერთ-ერთი მეუღლე ან არასრულწლოვანი საქართველოს მოქალაქეა, ასევე შეზღუდვა არ შეეხებათ დიპლომატებს. ეს ერთ-ერთია იმ სასაზღვრო შეზღუდვებს შორის, რაც თებერვლიდან დაიწყო და ისევ გრძელდება.

წაიკითხე მეტი.

კორონავირუსთან მებრძოლ ექიმებს მადლიერების ტაშით გაამხნევებენ

დღეს 21:00 საათზე მთელ საქართველოში ხალხი ტაშს დაუკრავს სამედიცინო პერსონალისადმი მადლიერების ნიშნად. ფეისბუკში სამზადისი უკვე დაწყებულია, ღონისძიებაში მონაწილეობას კი 5 000-მდე ადამიანი გეგმავს.

აქციის ორგანიზატორების თქმით, ეს არის მადლიერების ჟესტი, რომელიც მიზნად ისახავს, ერთი მხრივ, ექიმებისა და სამედიცინო პერსონალის მხარდაჭერას, მათი შრომის მნიშვნელობის აღირებას, მეორე მხრივ კი, აერთიანებს მოქალაქეებს საერთო გამოწვევასთან ბრძოლის გარშემო, სახლიდან გაუსვლელად, ყველა წესის დაცვით.

ექიმების მიმართ მადლიერების გამოხატვის მსგავს ფორმას უკვე მიმართეს ევროპის ქვეყნებში, მათ შორის, იტალიასა და ესპანეთში.

აქცია იმართება მოხალისეთა ჯგუფისა და „სექტორი 3“-ის ინიციატივით.

აფგან მუხთარლი პატიმრობიდან გათავისუფლდა. იგი ბაქოდან გერმანიაში გაამგზავრეს

თბილისიდან გატაცებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტი, აფგან მუხთარლი, რომელიც მესამე წელია პატიმრობაში იმყოფება აზერბაიჯანში, მოულოდნელად ციხიდან გაიყვანეს და სპეციალური რეისით გერმანიაში გადააფრინეს. ამის შესახებ ინფორმაცია ფეისბუკით გაავრცელა მუხთარლის ძმამ, რამაზან მუხთარლიმ.

აზერბაიჯანის ხელისუფლებისადმი კრიტიკულად განწყობილი ჟურნალისტი აფგან მუხთარლი თბილისიდან 2017 წლის 29 მაისს გაუჩინარდა, 30 მაისს კი ცნობილი გახდა, რომ ის აზერბაიჯანში დააკავეს საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის და ვალუტის კონტრაბანდის ბრალდებით.

წაიკითხე მეტი.

საქართველოს უზენაეს სასამართლოს ახალი თავმჯდომარე ჰყავს

საქართველოს პარლამენტმა ნინო ქადაგიძე უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარედ აირჩია. ის 10 წლის ვადით დაიკავებს ამ თანამდებობას.

დადგენილებას მხარი დაუჭირა პარლამენტის 82-მა წევრმა „ქართული ოცნების“ უმრავლესობიდან. ოპოზიციას კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია.

ქადაგიძის თქმით, მისთვის პრიორიტეტული იქნება „ადამიანებზე ორიენტირებული მაღალი ხარისხის მართლმსაჯულების შექმნა, რომელიც საზოგადოების ნდობას დაიბრუნებს“.

წაიკითხე მეტი.

ბავშვები და მშობლები იზოლაციაში - როგორ ვითამაშოთ, ვისწავლოთ და ვიმუშაოთ ერთად?

„იგივენაირად ვცხოვრობთ, როგორც ვცხოვრობდით. რასაც ვაკეთებდით, იმას ვაკეთებთ ახლაც - ცოტა დიდი დოზებით, უბრალოდ“.

„სამი შვილი მყავს: ერთი სკოლაში დადის, ორი ბაღში. პირველს ონლაინგაკვეთილები ეწყება ხვალიდან და უნდა ვატარო სამსახურში. პატარები ბებიასთან არიან“.

ეს იზოლაციაში მყოფი მცირეწლოვანი შვილების მშობლების პასუხებია კითხვაზე, თუ როგორ შეცვალა იზოლაციამ მათი და მათი ოჯახების ცხოვრება.

ბავშვები კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო სკოლებსა და ბაღებში, უკვე რამდენიმე კვირაა, არ დადიან. სასწავლო დაწესებულებები 4 მარტის შემდეგ დაკეტილია. დღევანდელი მოცემულობით, არდადეგები 1 აპრილამდე გაგრძელდება, თუმცა არსებობს ვარაუდი, რომ იძულებითი არდადეგები კიდევ გაგრძელდება. ამ დროის განმავლობაში დაკეტილია სპორტული დარბაზები, სახელოვნებო დაწესებულებები, ენის კურსები და ყველა ის სივრცე, სადაც ბავშვებს შეეძლოთ სიარული.

როგორ ვითამაშოთ, ვისწავლოთ და ვიმუშაოთ სახლში, სანამ გარეთ კორონავირუსის საფრთხეა? ნასტასია არაბულმა მოიძია საბავშვო რესურსები, ჰკითხა აზრი ფსიქოლოგებს და გაესაუბრა მშობლებს. მისი სტატია კი წაიკითხე აქ.

როგორია დისტანციური სწავლების პირველი დღეები?
რადიო თავისუფლებამ სოციალურ ქსელში ატვირთული ვიდეოგაკვეთილები მოაგროვა.

  • 16x9 Image

    სოფო დათიშვილი

    მულტიმედია ჟურნალისტი, ამზადებს ვიდეოებს Instagram-ის, TikTok-ისა და სხვადასხვა სოციალური მედიაპლატფორმისთვის. მუშაობს საერთაშორისო და ქვეყნის შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებებისა და სოციალურ თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2017 წლიდან.

XS
SM
MD
LG