Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველო რუსეთის "შავ სიაში" - რა შეიცვლება?


პრეზიდენტ პუტინის დავალებით, რუსეთის მთავრობა მალე გამოაქვეყნებს „არაკეთილგანწყობილი ქვეყნების“ სიას, რომელშიც აშშ-სთან ერთად, დიდი ალბათობით, საქართველოც იქნება. სხვა სიტყვებით, მათ „მტრულ ქვეყნებადაც“ მოიხსენიებენ.

ჯერჯერობით ცნობილია მხოლოდ ის, რომ „შავ სიაში“ მოხვედრილებს შეზღუდვები დიპლომატიური ხაზით დაუწესდებათ, თუმცა ექსპერტები მოელიან უფრო მეტი ბერკეტის ამოქმედებასაც. „არაკეთილგანწყობილი ქვეყნების“ სიის შედგენის იდეას სოციალურ ქსელებში მრავალნაირი ხუმრობა მოჰყვა, თუმცა, როგორც რეალობა ცხადყოფს - საქმე მთლად სახუმაროდ არ არის.

„არაკეთილგანწყობილი ქვეყნების“ სიის გამოქვეყნების მიმართ მძაფრი ინტერესის ფონზე, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო მედიას კიდევ ცოტა მოთმინებას ურჩევს.

„ვფიქრობ, რომ ეს (სია) მალე იქნება. მთავრობას აქვს კონკრეტული დავალება, გასაგები კრიტერიუმები, რომლებითაც ვხელმძღვანელობთ ამ სამუშაო პროცესში. ასე რომ, ვფიქრობ, დიდხანს ლოდინი არ მოგვიწევს“, - უთხრა ახლახან „რია ნოვოსტის“ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის 23 აპრილის განკარგულებაზე დაყრდნობით მიღებული დავალების შესახებ.

რა ვიცით ამ ეტაპზე?

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ჯერჯერობით მხოლოდ იმას ადასტურებს, რომ „არაკეთილგანწყობილი ქვეყნების“ სიაში აუცილებლად იქნება ამერიკის შეერთებული შტატები.

თუმცა მედიაში გაჟონა ინფორმაციამ იმის შესახებ, რომ სიაში ასევე იქნებიან: საქართველო, უკრაინა, პოლონეთი, ჩეხეთი, ლიეტუვა, ლატვია, ესტონეთი, დიდი ბრიტანეთი, კანადა, და შესაძლოა - ავსტრალიაც.

რუსეთის ხელისუფლების მიერ გახმაურებული ინფორმაციით:

  • „არაკეთილგანწყობილ ქვეყნებს“ აეკრძალებათ რუსეთის მოქალაქეების, ფიზიკური პირების დასაქმება თავიანთ დიპლომატიურ მისიებში და მთავრობის მიერ დაწესდება კონკრეტული ლიმიტი;
  • კონკრეტული ლიმიტის დარღვევის შემთხვევაში, რუსეთის მთავრობა გააუქმებს აბსოლუტურად ყველა სამუშაო ხელშეკრულებას და საელჩოებთან თანამშრომლობის პროცესი ვეღარ გაგრძელდება;
  • დასაქმებასთან დაკავშირებული შეზღუდვები, რუსეთის მოქალაქეების გარდა, შეეხებათ ასევე მესამე ქვეყნების მოქალაქე ფიზიკურ პირებს;
  • შეზღუდვა არ შეეხებათ „არაკეთილგანწყობილი ქვეყნების“ იმ წარმომადგენლებს, რომლებიც რუსეთში სამუშაოდ დიპლომატიური მისიების თანამშრომლების რანგში ჩავლენ;
  • შეზღუდვა არ შეეხებათ უცხოელ ინვესტორებსა და ბიზნესმენებს.

თუკი სადამსჯელო ბერკეტები მხოლოდ დიპლომატიურ წარმომადგენლობაზე გავრცელდება, მაშინ რა მიზანი აქვს „შავ სიაში“ საქართველოს შეყვანას მაშინ, როცა 2008 წლის ომის შემდეგ ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური კავშირი გაწყვეტილია?

ამჟამად მოსკოვშიც და თბილისშიც მხოლოდ შვეიცარიის კონფედერაციის საელჩოს ინტერესების სექციები მუშაობს.

პოლიტოლოგები ფიქრობენ, რომ „არაკეთილგანწყობილი ქვეყნების“ სიის შედგენა უფრო ფართო ჩანაფიქრია და მხოლოდ საელჩოების შევიწროებით არ ამოიწურება. მით უფრო, რომ „არაკეთილგანწყობილებს“ მოსკოვში სხვა სიტყვებით „არამეგობრულად, მტრულად განწყობილებსაც“ უწოდებენ. პარალელურ რეჟიმში განიხილება სავაჭრო-ეკონომიკური სანქციების დაწესებაც, მაგალითად - ჩეხეთთან მიმართებით.

სერგეი ლავროვმა ადგილობრივ მედიას უთხრა, რომ სია „მკვდარი ქაღალდი“ არ იქნება და მასში შესვლა-გამოსვლის პერსპექტივა კონკრეტული ქვეყნის ქმედებებზე იქნება დამოკიდებული.

ატლანტიკური საბჭოს აღმასრულებელი დირექტორი, გიორგი მუჩაიძე „არაკეთილგანწყობილი ქვეყნების“ სიაში საქართველოს შეყვანის განზრახვას - მოსკოვის მხრიდან ზეწოლის ახალი იარაღის ამოქმედების განზრახვად განიხილავს. პოლიტოლოგი გვეუბნება, რომ ეს ნაბიჯი „მეტის მოთხოვნის“ რუსეთისეული პრაქტიკის გაგრძელებად უნდა ჩავთვალოთ.

„ეს ზეგავლენის ახალი ინსტრუმენტია. ამ სიაში ჩვენი შეყვანის შემდეგ, დიპლომატების შეზღუდვის კუთხით პრობლემები ვერ შეგვექმნება, რადგან რუსეთთან საქართველოს დიპლომატიური კავშირი არა აქვს ...

მაგრამ რუსეთი სხვა გზებს გამონახავს, რადგან ეკონომიკური კუთხით ძალიან დამოკიდებული ვართ მასზე... არასწორი ეკონომიკური პოლიტიკის გამო, სამწუხაროდ, რუსეთის ბაზარი საქართველომ პანაცეად გადააქცია. ღვინის ექსპორტის გაზრდა გვიხარია და 2/3-ით რუსეთის ბაზარზე ვართ დამოკიდებული...

რუსეთთან ავიაფრენებისა და რუსი ტურისტების ჩამოსვლის მუდმივ მოლოდინშია ქვეყანა და ამ ყველაფერს სათავისოდ გამოიყენებს მოსკოვი... რუსეთის არგაღიზიანების პოლიტიკის ფონზე, მეტის მოთხოვნის პოლიტიკას აგრძელებენ მოსკოვში და ამ ლოგიკით რატომაც არ უნდა შეიყვანონ საქართველო ამ სიაში?!“ - ეუბნება რადიო თავისუფლებას გიორგი მუჩაიძე.

ხუმრობის დროა?

„არაკეთილგანწყობილი ქვეყნების“ სიის შემუშავების მოსკოვისეულმა გადაწყვეტილებამ ამ დღეებში აშკარად ხუმრობის ხასიათზე დააყენა სოციალური ქსელების ბევრი მომხმარებელი.

„ნამდვილად ხომ იქნება კანადა ამ სიაში, გული არ დაგვწყვიტონ“, „თურქეთმა ვერ დაიმსახურა ამ სიაში მოხვედრა?“, „ეს არის პუტინის ახალი გლობუსი“, „არაკეთილგანწყობილ ქვეყანაში თუ ვინმე იმოგზაურებს, მერე კეთილგანწყობის გაკვეთილები უნდა ჩავუტაროთ“, - წერდნენ მომხმარებლები ფეისბუკისა და ტვიტერის საშუალებით.

თუმცა, ექსპერტების ნაწილის აზრით, საქმე სახუმაროდ სულაც არ არის მაშინ, როცა აშშ-სა და რუსეთს შორის ურთიერთობები უკვე ბევრს ცივი ომის პერიოდსაც ახსენებს.

  • 15 აპრილს აშშ-მა რუსეთის 32 ფიზიკურ და იურიდიულ პირს სანქციები დაუწესა 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევისა და მასშტაბური კიბერთავდასხმის გამო. ასევე გადაწყდა რუსეთის დიპლომატიური სამსახურის 10 წარმომადგენლის გაძევებაც, რომელთა ნაწილი რუსეთის სადაზვერვო სამსახურის თანამშრომლებად დასახელდნენ.
  • რუსი დიპლომატების გაძევების პროცესი ევროპასაც მოედო. აპრილში ეს ნაბიჯი გადადგეს, მაგალითად - ჩეხეთმა, სლოვაკეთმა, პოლონეთმა, ბალტიის ზღვის ქვეყნებმა.
  • რუსეთმა ყველა ამ ქვეყნის მისამართით საპასუხო ნაბიჯები გადადგა და მოსკოვში „არაკეთილგანწყობილი ქვეყნების“ სიის შემუშავებაც ამ პროცესის ნაწილად განიხილეს.

თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებში სამოქალაქო საბჭოს წარმომადგენელი, ირაკლი მჭედლიშვილი არცთუ სახუმაროდ მიიჩნევს საერთაშორისო მედიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ რუსეთი ალიასკის მხრიდან ისევ არღვევს აშშ-ის მიერ გაკონტროლებულ საჰაერო სივრცეს*.

მართალია, პოლიტოლოგი ფიქრობს, რომ რუსეთს, თავისი დასუსტებული ეკონომიკის გათვალისწინებით, „ამერიკასთან გრძელვადიანი ქიშპობის რესურსი არა აქვს“, მაგრამ ამჟამინდელ დაძაბულ ფონზე, მისი შეფასებით, შესაძლოა საქართველოსთვის სახიფათო პროცესებიც განვითარდეს.

„დასავლეთის ქვეყნები თანდათან სულ უფრო ერთიანდებიან რუსეთისგან მომავალი საფრთხის წინააღმდეგ და ეს, რა თქმა უნდა, კარგია საქართველოსთვისაც. მეტი ყურადღებაც იქნება ჩვენი მისამართით და ეს ვიგრძენით კიდევ შიდაპოლიტიკური კრიზისის მოგვარების კუთხით დასავლეთის აქტიური ჩართულობით...

მაგრამ, მეორე მხრივ, ამჟამინდელ სიტუაციაში საფრთხეც არის საქართველოსთან მიმართებით. დასავლეთის ზეწოლით, რუსეთმა თითქოს განაცხადა, რომ უკრაინის საზღვრებთან კონცენტრირებული სამხედრო ძალები უკან გაჰყავს... ჯერ ვერავინ ამბობს დაზუსტებით, რომ რუსეთი ამ პირობას ასრულებს. თუკი უკრაინასთან საქმე გაურთულდა, რუსეთისთვის შემდეგი და უფრო ადვილად დარტყმის ობიექტი შესაძლოა იყოს საქართველო“, - ეუბნება ირაკლი მჭედლიშვილი რადიო თავისუფლებას.

ამ ვითარებაში, პოლიტოლოგის თქმით, საქართველოსთვის მნიშვნელოვანია აქტიური თანამშრომლობა საერთაშორისო პარტნიორებთან და სტაბილურობის მიღწევა ქვეყნის შიგნით.

ვიდრე რუსეთის მთავრობა „არაკეთილგანწყობილი ქვეყნების“ სიის შედგენასა და დასაწესებელ ლიმიტებზე ფიქრობს, შეერთებულმა შტატებმა რუსეთისთვის არასასიამოვნო თადარიგი უკვე დაიჭირა. რუსეთში მოქმედმა აშშ-ის საელჩომ 30 აპრილს გამოაცხადა, რომ 12 მაისიდან მინიმუმამდე (75%-ით) ამცირებს საკონსულო მომსახურებას. შეწყდება ტურისტული და საქმიანი ვიზების გაცემა, დიპლომატების გამოკლებით.

„მომსახურების შეზღუდვა აუცილებელია რუსეთის ხელისუფლების მიერ 23 აპრილს გამოცხადებული განზრახვის შესახებ, რომ რუსეთში აშშ-ის წარმომადგენლობას აუკრძალოს უცხო ქვეყნის მოქალაქის დასაქმება ნებისმიერი შესაძლებლობით“, - წერია საელჩოს განცხადებაში.

დიპლომატიური წარმომადგენლობა მოუწოდებს აშშ-ის მოქალაქეებს, რომ თუკი მათი ვიზების მოქმედების ვადა იწურება, რუსეთი 15 ივნისამდე დატოვონ. წინააღმდეგ შემთხვევაში მათ თავად მოუწევთ პრობლემის მოგვარება რუსეთის შს სამინისტროში.

აშშ-ის საელჩოს ეს ნაბიჯი არაფერს შეცვლის, - განაცხადა საპასუხოდ ვლადიმირ პუტინის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა. ის ამბობს, რომ ბოლო ერთი წლის განმავლობაში რუსეთის მოქალაქეებისთვის „ვიზების აღება ისედაც უბრალოდ შეუძლებელი იყო“. სინამდვილეში კი, აშშ-ის ეს ნაბიჯი არასასიამოვნო სიურპრიზი აღმოჩნდა რუსეთისთვის. აშკარა გაღიზიანება იგრძნობა რუსეთის საგარეო უწყების მიერ 30 აპრილს გამოქვეყნებულ განცხადებაში.

* რუსეთის სამხედრო ძალების ავიაციამ 2021 წელს და წინა წლებში არაერთხელ დაარღვია ალიასკის საჰაერო თავდაცვის საიდენტიფიკაციო ზონა და საგანგაშო მანძილზე მიუახლოვდა აშშ-ის საჰაერო საზღვარს. ასეთ დროს აშშ-ის სამხედრო ავიაცია რუსულ სამხედრო თვითმფრინავებს სწრაფად აძევებს აკრძალული ზონიდან.

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG