13 აგვისტოს, საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ დაწყებული საპროტესტო აქციების მეხუთე დღეს, დილიდანვე, მინსკის ქუჩებში უამრავი ადამიანი გამოვიდა. სხვადასხვა პროფესიის ადამიანები ყვავილებითა და თეთრი ბუშტებით უერთდებოდნენ მშვიდობიან აქციას, „სოლიდარობის ჯაჭვს“, რომელიც ხელისუფლების ძალმომრეობის წინააღმდეგ მინსკის პირველი საავადმყოფოს მედპერსონალმა წამოიწყო.
ქვეყანაში დაწყებული მასობრივი რეპრესიები და ძალადობა გააპროტესტეს რამდენიმე დიდი ქარხნის მუშებმა. ცხადდება გამაფრთხილებელი გაფიცვები, რომელთაც, რადიო თავისუფლების ბელარუსული სამსახურის ცნობით, 13 აგვისტოს შეუერთდნენ ქვეყნის უმსხვილესი ავტომშენებელი ქარხნის, „ბელაზის“, ერთ-ერთი ცეხის თანამშრომლები.
სტიქიური აქციები გრძელდება ბელარუსის მრავალ ქალაქში.
„წადი, წადი, წადი!“ - მთელი ქვეყნის მასშტაბით მოუწოდებენ უკმაყოფილო მოქალაქეები ქვეყნის ავტოკრატ პრეზიდენტს, ალიაქსანდრ ლუკაშენკას, რომელიც ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ, წინასწარი შედეგებით, გამარჯვებულად გამოაცხადა 9 აგვისტოს საპრეზიდენტო არჩევნებში.
სახალხო პროტესტის ფონზე, სულ უფრო მეტი ჟურნალისტი ტოვებს სახელმწიფო ტელეარხებს. ერთ-ერთმა მათგანმა, ანდრეი მაკაენკომ, ტელეარხ „ბელარუსი 1“-ის დილის გასართობი გადაცემის წამყვანმა, განაცხადა, რომ ასეთი დრამატული მოვლენების დროს მისთვის შეუძლებელია სტუდიაში ჯდომა და გასართობი გადაცემის წაყვანა.
დასავლეთის მხარდაჭერა და ლუკაშენკას სიჩუმე
13 აგვისტოს შუადღით მინსკში, სახალხო მემორიალთან, ევროკავშირის ქვეყნების ელჩები მივიდნენ და ყვავილებით შეამკეს ის ადგილი, სადაც საპროტესტო აქციის დროს ერთ-ერთი მონაწილე დაიღუპა.
რადიო თავისუფლების ბელარუსული სამსახურის ცნობით, ხალხი აღფრთოვანებული შეძახილებით შეხვა დიპლომატებს, რომლებმაც წუთიერი დუმილის შემდეგ ტაშის ქვეშ დატოვეს პროსპექტი პუშკინსკაია, სადაც წინა დღეებში, 10 და 11 აგვისტოს, მილიციის სპეცრაზმმა სასტიკად დაარბია მშვიდობიანი მომიტინგეები.
მანამდე მინსკში ევროკავშირის წარმომადგენლობამ მოუწოდა ბელარუსის ხელისუფლებას უარი თქვას მშვიდობიანი საპროტესტო აქციების დარბევაზე და გაათავისუფლოს ყველა დაკავებული.
პარასკევს ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები საგანგებო შეხვედრაზე განიხილავენ ბელარუსში შექმნილ ვითარებას. სააგენტო „როიტერსის“ თანახმად, არ არის გამორიცხული მინისტრებმა იმსჯელონ სანქციების დაწესებაზე ბელარუსის რეჟიმის მიმართ, დემოკრატიული სტანდარტების დარღვევებით საპეზიდენტო არჩევნების ჩატარებისა და დემონსტრანტების სასტიკი ძალით დარბევის გამო.
„როიტერსი“ იტყობინება, რომ სანქციებს მხარს უჭერენ გერმანია, ლატვია, ლიეტუვა, შვედეთი და ავსტრია. შესაძლო სანქციების მიმართ ყველაზე სკეპტიკური დამოკიდებულება აქვს უნგრეთს, რომლის საგარეო საქმეთა მინისტრი ხუთშაბათს გამოვიდა მოწოდებით ბელარუსის ხელისუფლებასთან დიალოგი გაგრძელდეს. მიუხედავად ამისა, უნგრეთს მანამდე არ დაუბლოკავს ევროკავშირის განცხადება, რომელშიც დაგმობილია მინსკის მოქმედებები.
სანქციების შემოღება ბელარუსის ხელისუფლების წინააღმდეგ არ გამორიცხა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, რომელმაც დაგმო ბელარუსში გამართული არჩევნების დროს მომხდარი დარღვევები და სამართალდამცველი ორგანოების ძალადობა მშვიდობიან დემონსტრანტებზე.
„ჩვენ ვხედავთ ძალადობას და მის შედეგებს. მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ მიმართავენ ზომებს, რომლებიც არ უნდა გამოიყენებოდეს. ჩვენ ჯერ არ ჩამოვყალიბებულვართ, თუ როგორ რეაგირებას მოვახდენთ ამ სიტუაციაზე, მაგრამ შემიძლია გითხრათ ერთი რამ: ჩვენ ვითანამშრომლებთ ჩვენს ევროპელ მეგობრებთან, რომლებიც აფასებენ თავისუფლებას და მომხდარით ასევე არიან შეშფოთებული. ჩვენ სიკეთე გვსურს ბელარუსი ხალხისთვის და სწორედ აქედან გამომდინარე ვიხელმძღვანელებთ“, - განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა რადიო თავისუფლებასთან ექსკლუზიურ ინტერვიუში.
ნიშანდობლივია, რომ იმ დროს, როდესაც ქვეყნის შიგნით და მის ფარგლებს გარეთ სულ უფრო ძლიერდება კრიტიკა ბელარუსის რეჟიმის წინააღმდეგ, პრეზიდენტი ალიაქსანდრ ლუკაშენკა ცდილობს არაფერი შეიმჩნიოს და ისე წარმოაჩინოს საქმე, თითქოს არაფერი სერიოზული არ ხდებოდეს.
ოფიციალური ინფორმაციით, ლუკაშენკამ 13 აგვისტოს გამართა თათბირი ქვეყანაში ენერგეტიკისა და ნავთობქიმიური წარმოების განვითარების საკითხებზე.
იმავდროულად, სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო „ბელტამ“ გაავრცელა ცნობა, რომ ქვეყნის ერთ-ერთმა უდიდესმა ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანა „ნაფტანმა“ აშშ-იდან მიიღო ნავთობის მეორე პარტია. ამერიკული ტანკერი, რომელზეც 76 ათასი ტონა გადაუმუშავებელი ნავთობია, 9 აგვისტოს შესულა კლაიპედის (ლიეტუვა) პორტში. ამერიკული ნავთობის მთელი პარტია ლიეტუვადან ბელარუსის ნოვოპოლოცკში მდებარე ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში აგვისტოს ბოლომდე გადაიტვირთება.
მაგრამ ნავთობის მიწოდებას ვაშინგტონი განიხილავს, როგორც დახმარებას ბელარუსი ხალხისადმი და არა რეჟიმისადმი, რაზეც აშკარად მიანიშნა მაიკ პომპეომ, რომელიც არ გამორიცხავს, რომ აშშ-მა შეწყვიტოს ბელარუსისთვის ნავთობის დაწყებული მიწოდება.
„რა თქმა უნდა, განხილული იქნება ყველა ვარიანტი. აქ საჭიროა განისაზღვროს კრიტერიუმები, თუ კონკრეტულად რა შეგვიძლია მოვიმოქმედოთ - აქ არა მხოლოდ ცალმხრივად აშშ-ზეა საუბარი, არამედ მრავალმხრივ შეთანხებაზე ბელარუსი ხალხის საკეთილდღეოდ. იქნება ეს სანქციები თუ ნავთობის მიწოდების შეწყვეტა, ამის გარკვევა ჯერ კიდევ მოგვიწევს. არჩევნები ცოტა ხნის წინ ჩატარდა და ჩვენ აუცილებლად უნდა დავაკვირდეთ, თუ როგორ განვითარდება მოვლენები უახლოეს მომავალში“.
„გვირტყამდნენ მძიმე ხელკეტებით“
12 აგვისტოს შუაღამიდან ბელარუსის ხელისუფლებამ საპატიმროებიდან მასობრივად დაიწყო იმ პატიმრების გათავისუფლება, რომლებიც 9-10 აგვისტოს დააკავეს და უკვე გაუვიდათ 72-საათიანი დაკავების ვადა.
დამოუკიდებელი ინტერნეტმედიის ინფორმაციით, 100-მდე დაკავებული გაათავისუფლეს მინსკის, გომელისა და ჟოდინოს საპატიმრო დაწესებულებებიდან და ეს პროცესი გრძელდება.
ზოგიერთ მათგანს სხეულზე კვლავ აშკარად ემჩნევა სასტიკი ცემის კვალი.
სხვებთან ერთად 9 აგვისტოდან საპატიმროში იმყოფებოდა პოპულარული ბელარუსიული ტელეარხ „ბელსატის“ ჟურნალისტი, სტანისლავ ივაშკევიჩი, რომელიც სასამართლომ დამნაშავედ ცნო არასანქცირებულ აქციაში მონაწილეობისათვის და ჯარიმის გადახდა დააკისრა, მიუხედავად იმისა, რომ ის ასრულებდა რედაქციის დავალებას.
გათავისუფლების შემდეგ სტანისლავ ივაშკევიჩმა რადიო თავისუფლებას უამბო, თუ როგორ სცემდნენ დაკავების დროს აქციის მონაწილეებს და როგორ ეპყრობოდნენ საპატიმროში:
„გვერეკებოდნენ ჩამწკრივებულ მილიციელებს შორის. ორივე მხარეს რამდენიმე ათეული თანამშრომელი იდგა და ჩვენ უნდა გაგვევლო მათ შორის. თითოეული მათგანი გვირტყამდა მძიმე ხელკეტს, რომელიც განსხვავდება ჩვეულებრივი პოლიციურისგან. შემდეგ შეგვყარეს ეზოში და გარკვეული დროის განმავლობაში კიდევ გვირტყამდნენ. შემდეგ შეგვყარეს კამერაში. სამადგილიან კამერაში შეგვყარეს 13 კაცი. ასე დავყავით ორი დღე-ღამე საჭმლის გარეშე. ერთხელ მოგვცეს ცარიელი პური და ერთხელ გაგვიყვანეს ეზოში სპეციალურად იმისათვის, რომ ჯოხებით ვეცემეთ. თან გვიყვიროდნენ: „ჩვენ არ დაგვიპატიჟებიხართ!“ „თქვენ გამო ზედმეტი სამუშაოს შესრულება გვიწევსო“.
ხუთდღიანი საპროტესტო გამოსვლების განმავლობაში ბელარუსში მილიციამ დააკავა ხუთ ათეულამდე ჟურნალისტი და დამკვირვებელი.
წუხელ მინსკში ძალის გამოყენებით დააკავეს რადიო თავისუფლების ჟურნალისტი, ვიტალი ციგანკოვი, და მისი ცოლი. ისინი ჯერჯერობით არ გაუთავისუფლებიათ. ციგანკოვს სცემეს, ხოლო მის ცოლს შუბლზე პისტოლეტი დაადეს.
სამშაბათს სამართალდამცველებმა დააკავეს „ბი-ბი-სის“ გადამღები ჯგუფი, ასევე „მედუზის“ კორესპონდენტი, მაქსიმ სოლოპოვი, „ღია რუსეთის“ დამკვირვებლები იგორ როგოვი და არტიომ ვაჟენკოვი. პირველის გათავისუფლება მოხერხდა, ხოლო მეორეს, ვაჟენკოვს, მასობრივი არეულობის ორგანიზება ბრალდება და 15-წლიანი პატიმრობა ემუქრება.
„ამის ყურება აღარ შემიძლია“
ბელარუსში განვითარებული მოვლენების ფონზე, პროტესტის ნიშნად სამსახურს ტოვებენ და ძალადობის შეწყვეტის მოთხოვნას მხარს უჭერენ სახელმწიფო მედიაში მომუშავე ჟურნალისტები.
12 აგვისტოს ტელეარხი „ბელარუსი 1“ დატოვა სამმა ტელეწამყვანმა, მათ შორის ცნობილმა შოუმენმა, ანდრეი მაკაენკომ, ყოველდღიური დილის გადაცემის წამყვანმა, რომელმაც ჩვენს რადიოსთან ინტერვიუში განაცხადა, რომ ასეთი დრამატული მოვლენების დროს მისთვის შეუძლებელია სტუდიაში ჯდომა და გასართობი გადაცემის წაყვანა.
„მე ახლა მივხვდი, რომ ის ღიმილი, რომელიც გადაცემის დროს სახეზე მაქვს, დღეს მკრეხელობად ჩანს და არა შთაგონებად. დღეს ეს აღიქმება შეურაცხყოფად იმ ადამიანებისა, - მნიშვნელობა არ აქვს ბარიკადების რომელ მხარეზე იმყოფებიან ისინი, - რომლებიც გარკვეულ ვითარებაში დაზარალდნენ. ამ ვითარებაში მე ჩავთვალე, რომ ეთერში ჩემი ყოფნა, როგორც კომიკოსისა თუ იუმორისტის, როგორც ადამიანისა, რომელიც რაღაც პოზიტიურს აკეთებს, ჯერჯერობით უადგილოა“, - განაცხადა ანდრეი მაკაენკომ.
სახელმწიფოს მიერ დაქირავებული ექიმების, მასწავლებლების, მუშებისა და ჟურნალისტების გარდა ბელარუსში საპროტესტო განწყობა გადაედოთ სამართალდამცველი ორგანოების ვეტერანებსა და მოქმედ თანამშრომლებს.
მილიციის კაპიტანმა, 36 წლის ეგორ ემელიანოვმა, დატოვა თანამდებობა და განაცხადა, რომ არ შეასრულებს დანაშაულებრივ ბრძანებებს.
მას შემდეგ, რაც ემელიანოვმა თავისი გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაცია ინსტაგრამით გაავრცელა, იგი დააპატიმრეს, ადმინისტრაციული მუხლით - საჯაროდ გამოხატული დაუმორჩილებლობისთვის, თუმცა 13 აგვისტოს მოსამართლემ ემელიანოვი გაათავისუფლა. რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში მილიციის ახალგაზრდა ოფიცერმა განაცხადა, რომ მისი განყოფილებიდან პროტესტის ნიშნად კიდევ ორმა თანამშრომელმა დატოვა სამსახური და ასეთი განწყობა მის ქვედანაყოფში მრავალ თანმშრომელს აქვს.
„მე აღარ შემიძლია ვუყურო იმას, რაც ჩემს ქვეყანაში ხდება - მით უფრო, როდესაც ფორმა გაცვია. არ მინდოდა დავლოდებოდი, თუ როდის მივიღებდი ისეთ ბრძანებას, რომელიც, დარწმუნებული ვარ, დანაშაულებრივი იქნებოდა. ვფიქრობდი, ვიდრე ის (ხელისუფლება) საზღვარს გადასულა, უნდა დავტოვო მილიციის რიგები და არავითარ შემთხვევაში არ უნდა წავიდე ჩემი ხალხის წინააღმდეგ-მეთქი“, - განაცხადა რადიო თავისუფლების ბელარუსულ სამსახურთან ინტერვიუში კაპიტანმა ეგორ ემელიანოვმა, რომელმაც მილიციის რიგებში 17 წელი იმსახურა.
- ბელარუსში მასობრივი საპროტესტო აქციები არ წყდება მას შემდგ, რაც ქვეყნის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 9 აგვისტოს საპრეზიდენტო არჩევნებში, წინასწარი შედეგებით, გამარჯვებულად გამოაცხადა ქვეყნის ავტოკრატი ლიდერი, 65 წლის ალიაქსანდრ ლუკაშენკა, რომელიც „რკინის ხელით“ 25 წლის განმავლობაში მართავს ქვეყანას.
- ლუკაშენკას მმართველობის დროს ქვეყანაში ჩატარებული არც ერთი არჩევნები არ იყო არც თავისუფალი და არც სამართლიანი.
- 9 აგვისტოს ჩატარებული არჩევნების ოფიციალური შედეგებით, ხმების 80 %-ით გაიმარჯვა ბელარუსის მოქმედმა პრეზიდენტმა, ლუკაშენკამ, მისმა მთავარმა მეტოქემ კი, სვიატლანა ციხანოუსკაიამ, დაახლოებით, 10 % მიიღო. ოპოზიციამ არჩევნების ოფიციალური შედეგები არ აღიარა. ციხანოუსკაიას შტაბში ხმების ალტერნატიული დათვლის საფუძველზე განაცხადეს, რომ რეალურად სვიატლანა ციხანოუსკაიამ გაიმარჯვა სულ მცირე 70 %-ით.
- არჩევნების შემდგომ დაწყებული რეპრესიების ფონზე, ქვეყანა დატოვა და ლიეტუვას შეაფარა თავი პრეზიდენტობის კანდიდატმა, სვიატლანა ციხანოუსკაიამ, რომლის შტაბმაც არ ცნო არჩევნების ოფიციალური შედეგები და მოსახლეობას საპროტესტო აქციებისკენ მოუწოდა.
- მილიციის სპეცდანიშნულების რაზმები და სხვა ძალოვანი სტრუქტურები სასტიკი ძალის გამოყენებით უსწორდებიან საპროტესტო აქციების მონაწილეებს.
- ზოგიერთ შემთხვევაში, დემონსტრანტები თავადაც იყენებენ ძალას სპეცრაზმელების წინააღმდეგ. დაშავებულთა შორის შსს-ს თანამშრომლებიც არიან.
- ოთხი დღის განმავლობში სამართალდამცველებმა დააკავეს 7 000-მდე ადამიანი. ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, არეულობის დროს, რომელშიც ოფიციოზი დესტრუქციულ ოპოზიციას და უცხო ქვეყნების წარმომადგენლებს ადანაშაულებს, დაშავდა სულ მცირე 250 კაცი.
- 13 აგვისტოს ბელარუსის ქალაქ გომელში გარდაიცვალა 25 წლის მამაკაცი, რომელიც მილიციამ 9 აგვისტოს დააკავა არჩევნების გაყალბების საწინააღმდეგო აქციის მიმდინარეობისას.
- ოფიციალურად დადასტურებულია ერთი დემონსტრანტის სიკვდილი. ბელარუსის შსს-მ ერთ შემთხვევაში აღიარა ცეცხლსასროლი იარაღით აქციის „აგრესიულად განწყობილი“ მონაწილის დაჭრის ფაქტი.