Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საოკუპაციო ძალებმა გუგუტიაანთკარში საოკუპაციო ღობის მონტაჟი განაახლეს


რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები და დე ფაქტო რესპუბლიკის მესაზღვრეები გორის მუნიციპალიტეტის სოფელ გიგუტიაანთკარში 20 იანვარს გამოჩნდნენ და ძელების მონტაჟი დაიწყეს.
რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები და დე ფაქტო რესპუბლიკის მესაზღვრეები გორის მუნიციპალიტეტის სოფელ გიგუტიაანთკარში 20 იანვარს გამოჩნდნენ და ძელების მონტაჟი დაიწყეს.

გუგუტიაანთკარის მცხოვრები სარდიონ გუგუტიშვილი 20 მეასედ ხეხილის ბაღს კარგავს. მის მიწის ნაკვეთთან საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები 20 იანვარს გამოჩნდნენ, ძელები ჩასვეს და საოკუპაციო ღობეების მონტაჟიც დაიწყეს. სარდიონ გუგუტიშვილი რადიო თავისუფლებასთან საუბარში აცხადებს, რომ ეს მიწა არასდროს შედიოდა ცხინვალის რაიონში და ყოველთვის გორის მუნიციპალიტეტს ეკუთვნოდა. მოხუცი ახლა საკუთარ ნაკვეთში ვეღარ მიდის, შვილებმაც გააფრთხილეს, რომ საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებთან შესაძლოა ინციდენტი მოუხდეს.

სოფელი გიგუტიაანთკარი
სოფელი გიგუტიაანთკარი

რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები და დე ფაქტო რესპუბლიკის მესაზღვრეები გორის მუნიციპალიტეტის სოფელ გიგუტიაანთკარში 20 იანვარს გამოჩნდნენ და ძელების მონტაჟი დაიწყეს. ისინი სპეციალური ტექნიკით სოფელში ოკუპირებული დისევის გზიდან ჩავიდნენ. ერთი დღის განმავლობაში მათ ორმოცდაათამდე ძელი დაამონტაჟეს, რაც ას მეტრზე მეტი მანძილია. ძელებისა და ღობეების მიმართულება გუგუტიაანთკარის მეზობელი სოფლის, კოშკას, სალოცავისა და სასაფლაოსკენ გრძელდება. კოშკას მცხოვრები ლია მიქელაძე ამბობს, რომ, თუ ასეთი ტემპითა და ამ მიმართულებით გააგრძელებენ ე.წ მესაზღვრეები მუშაობას, ოკუპაციის ხაზს მიღმა ეკლესია და სასაფლაო აღმოჩნდება. ლია მიქელაძის თქმით, სოფლის მოსახლეობა შიშით ცხოვრობს.

21 იანვარს საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები გუგუტიაანთკარში აღარ გამოჩენილან. სოფელში ჟურნალისტები პოლიციის თანხლებით შევიდნენ და ახალი საოკუპაციო ღობე დააფიქსირეს, ბორდერიზაციის გაგრძელების თაობაზე კი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ინფორმაცია 20 იანვრის საღამოს გაავრცელა.

სოფელ დისევის მთაზე განთავსებული საოკუპაციო ძალების სათვალთვალო საგუშაგო, საიდანაც აკონტროლებენ კოშკასა და გუგუტიაანთკარს.
სოფელ დისევის მთაზე განთავსებული საოკუპაციო ძალების სათვალთვალო საგუშაგო, საიდანაც აკონტროლებენ კოშკასა და გუგუტიაანთკარს.

სუს-ის ინფორმაციით, საოკუპაციო ძალებმა საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ გუგუტიაანთკარში, უკანონო ინსტალაციები აღმართეს.

„მიმდინარეობს მავთულხლართების ე. წ. საზღვრის აღმნიშველი ღობეებით ჩანაცვლების პროცესი, რაც ე. წ. ბორდერიზაციის ნაწილს წარმოადგენს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გააქტიურებულია „ცხელი ხაზი" და ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია. აღსანიშნავია, რომ სუს-ს არ ეძლევა შესაძლებლობა აღნიშნული საკითხი „ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM)“ ფარგლებშიც განიხილოს, რომელიც, საოკუპაციო ძალების გადაწყვეტილების შედეგად, 2019 წლის 29 აგვისტოს შემდეგ შეწყვეტილია“, - აღნიშნულია სუს-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლები გუგუტიაანთკარში 21 იანვარს დილითვე ჩავიდნენ. ისინი ახლად დამონტაჟებულ ღობეებთან მივიდნენ და რუკაზე ზუსტად დააფიქსირეს განლაგების წერტილები და მიმართულება.

სოფელი კოშკა
სოფელი კოშკა

გუგუტიაანთკარში ხელისუფლებიდან არავინ ჩასულა, ადგილობრივი მოსახლეობა კი ყურადღებას და დახმარებას ითხოვს, აცხადებენ, რომ ისინი უძლურები არიან ოკუპაციის წინააღმდეგ რაიმე მოიმოქმედონ.

სოფელ გუგუტიაანთკარში საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები გასული წლის 7 აგვისტოსაც გამოჩნდნენ და ადგილობრივი მცხოვრებლების გუგუტიშვილებისა და რაზმაძეების სახლებთან ახალი ღობეების მონტაჟი დაიწყეს. ოკუპაციის ხაზს მიღმა დარჩა გივი რაზმაძის სახლი და მიწის ნაკვეთი. შარშან საოკუპაციო ღობე, დაახლოებით, 500 მეტრზე გაავლეს, 20 იანვარს კი დამატებით კიდევ ასი მეტრი შემოღობეს.

XS
SM
MD
LG