საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინასწარი შედეგებით, სალომე ზურაბიშვილმა სამეგრელო-ზემო სვანეთის ყველა ოლქში გაიმარჯვა. მან ყველაზე მეტი ხმა - 76,55% მესტიაში მიიღო, ყველაზე ნაკლები - 50,48% კი ზუგდიდში. მეორე ტურში გრიგოლ ვაშაძეს ზუგდიდში ხმა მისცა კენჭისყრაში მონაწილეთა 49,52%-მა. საერთო ჯამში, ზურაბიშვილმა ვაშაძეს 542 ხმით მოუგო მაშინ, როცა პირველ ტურში ოპოზიციის კანდიდატს ზუგდიდში ჰქონდა 7 397-ით მეტი ხმა. სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში ამომრჩეველთა ყველაზე დაბალი აქტივობაც ზუგდიდის ოლქში იყო - 47.98%. თუმცა, პირველ ტურთან შედარებით, 28 ნოემბერს უბნებზე მივიდა დაახლოებით 7%-ით მეტი ამომრჩეველი.
არჩევნების მეორე ტურის შედეგებით კმაყოფილია სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო შტაბი, სადაც მიიჩნევენ, რომ საქართველოს ისტორიაში ახალი ფურცელი დაიწერა. ზუგდიდის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის, ალექსანდრე მოწერელიას განცხადებით, ოპოზიციის პროვოკაციების და ექსცესების მიუხედავად, პროცესი განვითარდა ისე, როგორც „ხალხს და რეგიონს ეკადრებოდა“.
გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლის, ანა წითლიძის განცხადებით, ხალხს არჩევნების მეორე ტურში მოუწია დაპირისპირება საარჩევნო უბნებზე მობილიზებულ კრიმინალებთან, რომლებსაც მფარველობას შინაგან საქმეთა სამინისტრო უწევდა, რამაც გავლენა იქონია შედეგზე. წითლიძის თქმით, ზუგდიდის საოლქო კომისიაში 80-მდე საჩივარია შესული. ამ ინფორმაციას არ ადასტურებს საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე მირანდა მესხი. მისი ინფორმაციით, კომისიამ სულ მიიღო 17 საჩივარი, რომელთა ნაწილზე უბნებმა რეაგირება უკვე მოახდინეს. მირანდა მესხის ცნობით, საჩივრები ეხება როგორც წილისყრაში მონაწილეობაზე უარს, ისე უბნებიდან დამკვირვებელთა გაძევებას და მე-20 უბანზე სამაგიდო სიის ერთი ფურცლის დაკარგვას.