მიკიბვ-მოკიბვის დრო აღარ გვაქვს. აღარც „მზარდ“ თუ „სამომავლო“ საფრთხეზე ლაპარაკის. საფრთხე აქ არის, ჩვენთან. და მას (ულტრა)მემარჯვენე ექსტრემიზმში ადამიანების, ჩვენი თანამოქალაქეების რადიკალიზაცია ჰქვია - თავისი ავტორიტარული ნაციონალიზმით; ქსენოფობიით; შოვინიზმით; განსხვავებულის სიძულვილით, რასიზმით, ჰომოფობიით; ძალადობით, თუ ძალადობის მუქარით.
ამ საფრთხეს, მგონი, ჯეროვნად ვერ აღვიქვამთ. ერთ სიბრტყეში დავა იარლიყებზე მიდის - ზოგს მისი გულისთვის ძვირფასი ცნება „მემარჯვენე“ არ ეთმობა მომრავლებული ექსტრემისტული განწყობების თუ ძალადობრივი ჯგუფების აღსაწერად; ზოგი - ვისაც გული უფრო მარცხნივ უცემს და ამგვარი განწყობების გახშირებას მწვავე სოციო-ეკონომიკური უსამართლობით ხსნის - ამ ჯგუფებთან მიმართებით ტერმინ „ნეოფაშიზმის“ გამოყენებას ეწინააღმდეგება. იქვე, ახლოს, ოდნავ სხვა სიბრტყეში, ერთგანზომილებიან მიზეზებზე ვმსჯელობთ - რომ ეს ტენდენცია, სინამდვილეში, რუსული პროექტია და, რომ არა ჩრდილოელი მეზობლის ძლიერი და მზაკვარი ხელი, ამგვარი განწყობები საქართველოში არ მოხშირდებოდა; რომ შეუწყნარებლობის გაღვივებაში, განსხვავებულის სიძულვილის კულტივაციაში, ძალადობის წახალისებაში ეკლესიას მიუძღვის დიდი „წვლილი“; რომ ამ ჯგუფებს ოსტატურად მართავს და იყენებს სახელმწიფო, უმცირესობების დასაშინებლად და საკუთარი თავის “პროგრესულად” წარმოსაჩენად. ასე შემდეგ და ასე შემდეგ.
პრობლემა კი ძალიან რთულია და ძალიან რეალური. და ის სულ უფრო მწვავე კონტურებს იძენს. მას ვერ გავიაზრებთ, თუ სერიოზულად არ დავფიქრდებით ბევრი ფაქტორის ერთობლიობაზე. და, მით უმეტეს, ვერ შევცვლით, თუ მისი მასშტაბიც და გამომწვევი მიზეზებიც დაგვისხლტება ხელიდან.
ამგვარი განწყობების მატარებელი ბევრი ჯგუფის უკან რუსეთი რომ დგას, ამას დიდი ანალიზი არ სჭირდება. ჩვენთან კი არა, კრემლი თავის „ხელს“ აფათურებს საკუთარი „ლიბერალური კონსენსუსის“ შესახებ ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ მშვიდად მთვლემარე დასავლეთშიც - აფინანსებს, ახალისებს, ზურგს უმაგრებს რადიკალურ ჯგუფებს, რითიც სწორედ ამ კონსენსუსს არყევს. შესაბამისად, იოლი წარმოსადგენია მისი გაქანება და მასშტაბი საქართველოში. სასულიერო იერარქია და საპატრიარქო რომ წლებია რელიგიური შეფერილობის შეუწყნარებლობის ბასტიონად გვევლინება და სიყვარულისა და თანაგრძნობის წახალისების, ჩაგრული ადამიანების დაცვის ნაცვლად თავად ნერგავს მტრის ხატებს თუ მოსაზრებებს, რომ უმცირესობები „საფრთხეს“ წარმოადგენენ - ესეც ნათელია. ადვილი დასანახი თუ აღსაქმელია ზოგიერთი ჯგუფის კავშირები სახელმწიფოსთანაც - მაინც შეგახსენებთ, რომ, მაგალითად, „ქართული მარში“, ხან რომ უცხოელებს დასდევს, ხან „სახალხო პატრულირებას“ აწყობს და ხან კიდევ ახალგაზრდა ქალს ჯგუფური გაუპატიურებით ემუქრება, ამჟამინდელი ხელისუფლების ყოფილი მინისტრის მოადგილის ორგანიზებულია. (და ეს ძალა მთავრობას საკმაო კომფორტში ამყოფებს - აგერ, სულ ახლახან ის „სპონტანურად“ აღმოცენდა მათგან განსხვავებული ჯგუფის დასაშინებლად და ამით შსს-ს, რომელიც ცოტა ხნით ადრე თავად მოგვევლინა კლუბში დასასვენებლად მისული ადამიანების საჩვენებელი, შეიარაღებული სპეცოპერაციით დამატერორებლად, „შავრაზმელებისგან“ მოქალაქეების მხსნელის როლის თამაშის საშუალება მისცა).
ყველა ეს ფაქტორი, ცხადია, სიძულვილის, ქსენოფობიისა და ძალადობის ლეგიტიმაციას ემსახურება. და ამას ამძაფრებს ის გარემოებაც, რომ ვერა და ვერ შეიქმნა სამოქალაქო ნაციონალიზმის იმგვარი პროექტი, რომელიც ჩაანაცვლებდა ეთნონაციონალიზმს, შოვინიზმს, „სხვების“ და განსხვავებულების დემონიზაციაზე დაფუძნებულ კონფიგურაციებს და ყველა ადამიანის თანასწორობის იდეალებს განამტკიცებდა. მაგრამ მე მაინც მგონია, რომ ამ ფაქტორების ჩამოთვლა საკმარისი არ არის - “ფაქტორები” ვერ იმუშავებდა, მათ მისაღებად მზაობა და ღიაობა რომ არ იყოს. უკვე დროა სერიოზულად დავსვათ დღეისათვის ძალიან მწვავე და მტკივნეული კითხვები - მაინც რა არის ის, რაც ამ სიძულვილსა და ექსტრემიზმს კვებავს და რა იწვევს ახალგაზრდების - და, განსაკუთრებით, ახალგაზრდა კაცების - ამგვარ რადიკალიზაციას.
დიდ და ვულგარულ შეცდომას აქ ის დაუშვებს, ვინც სწორხაზოვნად გამოაცხადებს - „სიღარიბე“. თითქოს ჩვენს საზოგადოებაში ქსენოფობია და შოვინიზმი ე.წ. “ელიტის”, ინტელიგენციის, პოლიტიკური თუ სასულიერო იერარქების ბევრი წარმომადგენლის გაღვივებული არ იყოს, 1990-იანი წლებიდან და უფრო ადრეც; ან თითქოს დაბალი სოციალური კლასების ხალხი ავტომატურად ღია იყოს სიძულვილისთვის - რაღაც ერთიანი, უსახო და აგრესიული მასა, რომელიც მომენტს ელოდება საიმისოდ, რომ თავისი სიბრაზე უმცირესობაზე ძალადობაში გამოავლინოს. ეს ასე არ არის. პირიქით - სიღარიბის, გარიყულობის, უსამართლობის პირადი და მძიმე გამოცდილება ადამიანებში ხშირად იწვევს სწორედ ჩაგრულთა მიმართ თანაგრძნობის, ჰუმანიზმის, სამართლიანობის განცდის გაღვივებას - და ისტორიამ ამის არაერთი მაგალითი იცის, დიდი მოაზროვნეების თუ რელიგიური ლიდერების ჩათვლით.
თავისთავად სიღარიბე ან, თუ გნებავთ, „სოციალური მარგინალობა“ - როგორც ასეთი - ექსტრემისტებს და მოძალადეებს არ შობს. 1990-იანი წლები ვისაც გამოვლილი გვაქვს, ეს კარგად ვიცით - აღვირახსნილი ძალადობის ცენტრად ქცეული თბილისის „ელიტარული“ უბნებიც გვახსოვს და ის პრივილეგირებული ოჯახებიც, რომელთა შვილებმა და შვილიშვილებმა ქალაქი სხვადასხვა “საძმოს” თუ დაჯგუფების სათარეშო სივრცედ გადააქციეს. კი, მაშინ თვისებრივად „სხვა დრო“ და სხვა პრობლემები იყო და ძალადობის დინამიკაც განსხვავდებოდა დღევანდელისგან. მაგრამ ფაქტია, რომ სისტემის კოლაფსის, უპერსპექტივობის, უიმედობის ფონზე საძმოებად შეკვრა და შემდეგ მოძალადეობა, იარაღით სიარულით თავის მოწონება, სხვისი დაჩაგვრა ახალგაზრდა მამაკაცების ყოფის განუყოფელი ნაწილი გახდა. ანუ წარმომავლობა, სოციალური კლასი თუ პრივილეგირებულობა გადამწყვეტი არ არის - სხვაზე ძალადობის გზით თვითდამკვიდრების ვნება მასკულინური კულტურის თანმდევი ელემენტია და სპეციფიკური ვითარება თუ შეიქმნა, ის ყოველთვის იჩენს თავს.
ახლაც, როცა ეთნონაციონალისტურ რადიკალიზაციაზე, ექსტრემიზმზე და ძალადობაზე ვსაუბრობთ, ჩემი აზრით, უწინარესად კულტურული, განსაკუთრებით გენდერული ფაქტორებია გასათვალისწინებელი. სოციო-ეკონომიკური გარემო, თუნდაც „სიღარიბე“ მხოლოდ ამ ფაქტორებთან კომბინაციაში შეიძლება დავინახოთ პრობლემის გასაღებად - თუმცა ერთ-ერთ და არა მთავარ გასაღებად, და ისიც არა ყოველთვის.
შეამჩნევდით, რომ უმცირესობების მიმართ აგრესიისა და სიძულვილის საჯარო გამოხატვაში - 17 მაისები იქნება ეს, წლევანდელი 12-13 მაისის მოვლენები თუ ნებისმიერი სხვა - მამაკაცები ჭარბობენ. და მომრავლებული ფაშისტოიდური დაჯგუფებების რიგებიც ძირითადად ახალგაზრდა კაცებითაა დაკომპლექტებული. ცხადია, ამგვარ განწყობებს ჩვენში ინტენსიურად, აგრესიულად და დაუფარავად იზიარებენ ქალებიც, თან ბევრ ასაკობრივ ჯგუფში თუ სოციალურ კლასში. მაგრამ აგრესიის საჯარო ამოფრქვევა, მანიფესტაცია, ასე ვთქვათ, მისი „განსხეულება“ მაინც კაცებზე მოდის.
შეცდომას დაუშვებს ისიც, ვინც იტყვის, რომ „იდენტობის პოლიტიკა“ ჩვენში (და მსოფლიოშიც) მხოლოდ უმცირესობების პოლიტიკაა. ჩემი აზრით, ის კონტრმოძრაობაც, რომელიც სრული „დიდებით“ პირველად 2013 წლის 17 მაისს წარმოგვიდგა სიძულვილით თვალანთებული, სხვისი განადგურების ვნებით შეპყრობილი ბრბოს სახით და მას შემდეგ პერიოდულად ვხვდებით ხოლმე, უწინარესად სწორედაც იდენტობის მოძრაობაა თუ იდენტობის დემონსტრაცია - ოღონდ, ცხადია, ამას ღიად არ და ვერ აღიარებს. ნებისმიერ იდეოლოგიაზე ან რომელიმე ერთ საკითხზე მეტად, მას აერთიანებს „ტრადიციულად“ მიჩნეული კაცურობის, მასკულინობის ენერგია - რომელიც სწორედაც რომ საკუთარ იდენტობას ამტკიცებს ქალების, გეების, „კლაბერების“, ფერადშარვლიანების თუ ტატუებიანების „გაბლატავების“ აღკვეთით.
ახლა ალბათ ყველაზე საფრთხილო საკითხს მივადექი, მაგრამ მაინც პირდაპირ ვიტყვი - ეს მოძრაობა დიდწილად შფოთვით, ერთგვარი გენდერული პანიკით, მასკულინური ისტერიით თუ ხელმოცარულობის განცდით გამოწვეული მოძრაობაცაა. გროტესკული ამბოხი წარუმატებლობის, გარიყულობის, შეუმდგარობის განცდის გადასაფარად; იმის კომპენსაცია, რომ ჩვენს რეალობაში ახალგაზრდისთვის ძალიან რთულია „მამაკაცად“ ყოფნა - სამსახური, ნორმალური შემოსავალი, დამოუკიდებლობა, წარმატება, ოჯახის რჩენა. ამ დროს კი „ტრადიციების“ დაცვის სახელით მოქმედება - კომპიუტერების ეკრანებთან იქნება ეს, თანამოაზრეების ჯგუფებში თუ ქუჩებში, აქციებზე - მნიშვნელობას, ერთგვარ მისიას გაკისრებს. ცხოვრებას, არსებობას, „კაცობას“ აზრი და მიზანი ეძლევა, როცა ახალ იდენტობას იძენ და - ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი - თანამოაზრეებთან, კოლექტივთან, „ძმებთან“ ერთად ხდები შეპყრობილი ვთქვათ საფრთხის წინაშე მყოფი „ქართველობის“, „მართლმადიდებლობის“, თუ ზნეობის დაცვის იდეით (მით უმეტეს, როცა ამ მისიაში მოკავშირედ ეკლესია გეგულება).
უფრო ფართოდ რომ შევხედოთ, ამ მასკულინისტური მოძრაობის თუ მომძლავრებული აგრესიის გააზრება შეუძლებელი მგონია იმ იდეოლოგიური თუ სოციოკულტურული კლიმატის დანახვის გარეშე, რომელმაც უკვე საფუძვლიანად გაიდგა ფესვი როგორც ჩვენს რეალობაში, ისე ტვინებსა და კოლექტიურ წარმოსახვაში. ის მითები და ომახიანი ზღაპრები „პროგრესსა“ და „მოდერნიზაციაზე“, რომლებსაც სახელმწიფო ინსტიტუციები უკვე 15 წელია განსაკუთრებული ინტენსივობით გვიყვებიან; ერთი მხრივ სწრაფად ცვალებადი მატერიალური და საზოგადოებრივი გარემო - მეორე მხრივ კი უამრავი ადამიანის უძრავი და გაყინული ყოფა, კვლავაც დაღდასმული სახელმწიფოს რეპრესიული აპარატების ძალადობით, გარიყულობითა და უიმედობით. მომავლის ოფიციალური, ოპტიმისტური სცენარები, რომელშიც წარმატების მიღწევა თითქოს ყველას „თავისით“ შეუძლია, საწყისი პირობების მიუხედავად - რეალურად კი ქალაქების გეტოებად გადაქცეული უბნები, სავსეები მოწყენილი და უპერსპექტივო ახალგაზრდებით.
ფრუსტრირებული, იმედგაცრუებული ადამიანი, რომელიც ბავშვობიდან გარიყულია, ვერ იღებს ადეკვატურ განათლებას, რომელსაც არც არანაირი ეკონომიკური პერსპექტივა აქვს და ვერც სამოქალაქო ცხოვრებაში მონაწილეობს, სასოწარკვეთილი და აპათიური ხდება. ამ სასოწარკვეთას კი გაყუჩება, მიჩქმალვა ან გადაფარვა, რაღაცით კომპენსაცია სჭირდება. უპერსპექტივობა, უიმედობა, თანამედროვეობის სცენარებში თუ იერსახეებში ჩაუწერლობა იწვევს სირცხვილის, შეუმდგარობის, „ლუზერობის“ განცდას - რაც ძალიან მწარეა, განსაკუთრებით ჩვენნაირ გარემოში, რომელშიც „კაცი“ ძლიერი და ყოვლისშემძლე უნდა იყოს.
ადამიანები განსხვავებულები ვართ და ერთსა და იმავე სირთულეზეც სხვადასხვაგვარად ვრეაგირებთ. ამ განცდის გასანეიტრალებლად ან გასაყუჩებლად ზოგი კაზინოებსა და ტოტალიზატორებზე ხდება დამოკიდებული; ზოგი ალკოჰოლზე; ზოგი ნარკოტიკს ეტანება - „კლუბურს“ და „რეკრეაციულს“ ნაკლებად, უფრო კუსტარულს და სიცოცხლისთვის ძალიან სახიფათოს; ზოგი - საუბედუროდ - სუიციდურიც ხდება და თვითგანადგურებაზე, თვითმკვლელობაზე იწყებს ფიქრს. მაგრამ არიან ისეთებიც, რომლებიც სიბრაზეს გარეთ მიმართავენ. წარუმატებლობა მათი ბრალი კი არ არის, არამედ სხვები - მიგრანტები, გეები და ათასი ჯურის უცხოები არიან ამაში დამნაშავე; და თუ სისტემა „ლუზერად“ მთვლის, მე ამ განცდას ჩემს „კაცობაზე“ ჩაბღაუჭებით და აგრესიით გადავფარავ.
შემთხვევითი არც ის არის, რომ ღრმა სოციალური უსამართლობის მიუხედავად, ამგვარი აგრესიის სამიზნედ პოლიტიკური თუ ეკონომიკური ვერტიკალები - ძალაუფლების „ღერძები“ - არ გვევლინება, იქნება ის „მდიდრები“, „ბანკები“, „დირექტორები“ თუ სხვა. ეს იმიტომ, რომ მასკულინისტური იდენტობის მოძრაობაში მსხვერპლი და სამიზნე ნებადართული, დაშვებული, „ლეგიტიმური“ უნდა იყოს. ტრადიციულად მიჩნეული მასკულინობის ფორმებში კი რთულად წარმოსადგენია აგრესიის უფრო ლეგიტიმური სამიზნე, ვიდრე „გათამამებული“ გეები და ქალებია. ან, მაგალითად, ფერადშარვლიანი და საყურიანი „კლაბერები“ - რომლებიც ქალაქის ცენტრალურ მოედანზე, ღიად ახდენენ თავიანთი სუბკულტურული ქცევის დემონსტრაციას.
მშვენივრად ვიცი, რომ ეს მსჯელობა პირობითიცაა და ვერც განზოგადებებს და ვულგარულ ფსიქოლოგიზმს გაურბის; შეიძლება საერთოდ მცდარიც იყოს (უფრო კონკრეტული და დასაბუთებული არგუმენტაციისთვის სერიოზული, აკადემიური, სოციოლოგიური კვლევებია საჭირო, რაც არ გვაქვს. ოღონდ საქართველოში არ გვაქვს - დასავლეთის აკადემიურ სფეროში ბევრ სიღრმისეულ გამოკვლევას თუ წიგნს ნახავთ კავშირებზე მასკულინობასა და ულტრამემარჯვენე რადიკალიზაციას შორის). ასაკი და გამოცდილებაც საკმარისი მაქვს საიმისოდ, რომ ჩაგრულისა და მჩაგვრელის დიალექტიკა მესმოდეს და ვხედავდე, რომ როგორი სოციალური თუ გენდერული საფუძველიც უნდა ჰქონდეს, ეს კონტრმოძრაობა ახლა თავად გვევლინება მოძალადე, მჩაგვრელ და სახიფათო ძალად. არც „გაგებით მოკიდების“ და ვინმეს შეცოდების მოწოდებით გამოვდივარ - სისტემური თუ სტრუქტურული მიზეზების მიუხედავად, საბოლოო ანგარიშით საკუთარ მოქმედებაზე ზრდასრული ადამიანი თავად, ინდივიდუალურადაა პასუხისმგებელი და ცხადია, რომ პასუხი ყველა მოძალადეს უნდა მოეთხოვოს.
არც მოძალადესთან მარტივი “დიალოგის” შესაძლებლობის მჯერა; მაგრამ ეს ტექსტი მაინც დავწერე, რადგან მწამს, რომ ამ თემებზე დისკუსია ვითარების გააზრების და, შესაძლოა, მისი შეცვლის შანსსაც მოგვცემს. კი, ჩვენს რეალობაში შეუწყნარებლობას, ჩაგვრას, ქსენოფობიას მზაკვრული მიზნის და საეჭვო მხარდაჭერის მქონე, ან პოპულისტური განწყობებით თამაშის მოსურნე ბევრი ფიგურა აღვივებს - ბევრი „სანდრო ბრეგაძე“, „ლევან ვასაძე“, „გაბედავა“ თუ „კორკოტა“ ჩანს ზედაპირზე; კი, აქ რუსეთიც მოქმედებს, ეკლესიაც და სახელმწიფოს გარკვეული სამსახურებიც. ამას ვერ ვუშველით, სამწუხაროდ. მაგრამ იმ მიზეზებზე დაფიქრება, რომლებიც ჩვენს საზოგადოებაში მისაღებად აქცევს სიძულვილის იდეოლოგიებს, აუცილებლად მოგვიწევს. სხვა შემთხვევაში ეს საფრთხე გაიზრდება და არ არის გამორიცხული, ის მალე რეალურ და მასშტაბურ კოშმარად გვექცეს. საამისოდ საკმარისია ჩვენ - „სამოქალაქო საზოგადოება“ - იმავე დისკურსში დავრჩეთ, რომელშიც დღეს ვიხარშებით - მარტივად ავაგოთ სიბნელე-სინათლის დიქოტომია, რომელშიც მსგავს ჯგუფებს ბნელეთში ჩარჩენილ „ორკებს“ ვუწოდებთ (თავისთავად რასისტულ ტერმინს, სხვათა შორის - მართალია „ფენტეზის“ ჟანრიდან, მაგრამ მაინც). და არ დავფიქრდეთ, მაინც რა ვნებები თუ მექანიზმები იწვევს ჩვენს გვერდით ამ „ორკების“ არსებობას.
ურყევ მოძალადედ და ფაშისტოიდად არავინ იბადება. განსხვავებულის სიძულვილი, დევნის ჟინი, ჩაგვრის ვნება, საკუთარი იდენტობისა თუ ცხოვრებისეული მიზნის ძალადობრივ ექსტრემიზმზე დაფუძნება ადამიანს ბავშვობიდან არ უწერია ბედისწერად. იქნებ შესაძლებელი იყოს ამ ახალგაზრდა ბიჭებისგან ნაწილს მაინც ვათქმევინოთ უარი სიძულვილზე და ძალადობაზე; იქნებ ვეცადოთ, რომ მათ თავიანთი „კაცობის“ დამტკიცების საშუალება სხვა გზით, სხვა ფორმით, სხვა მნიშვნელობით შეძლონ. თეორიულად რომ ვიმსჯელოთ, ამას რამდენიმე "ფრონტის" გახსნა ერთობლივად დასჭირდებოდა - სოციალური და ეკონომიკური გარემოს, სისტემური ასიმეტრიის თვისებრივი ტრანსფორმაცია საიმისოდ, რომ საჯარო ცხოვრებაში - „პროგრესში“ - სულ უფრო მეტ მოქალაქეს თუ სოციალურ ჯგუფს შეეძლოს მონაწილეობა; განათლების სისტემის რევოლუციური, რადიკალური გაუმჯობესება; და კულტურული კოდების, გენდერული როლების, „კაცობის“ და „კაცურობის“ განსაზღვრების შეცვლაც - აგრესიისა და ჩაგვრის ვნების წახალისების ნაცვლად, პასუხისმგებლობის, თანაგრძნობის, განსხვავებულის პატივისცემის სწავლება და გაღვივება.
თუმცა ყველაფერი ეს, როგორც ვთქვი, თეორიულად. ჩვენს რეალობას თუ გავითვალისწინებთ, პრაქტიკაში რა გამოვა ამ საქმიდან - ამის თაობაზე ბევრს და, მით უფრო, დამაიმედებელს, ვერაფერს გეტყვით.