Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საეჭვო ხარისხის ტესტები - საქართველოს მეორედ წყვეტს ხელშეკრულებას


24 აპრილს ჯანდაცვის სამინისტრომ თითქმის მილიონი ლარის ღირებულების ტენდერი დაჩქარებული წესით გამოაცხადა 30 000 ცალი სწრაფი ტესტის შესაძენად. საერთაშორისო ჟურნალისტურმა გამოძიებამ დაადგინა, რომ ტესტები, რომელთაც მწარმოებელი ისე ყიდდა, თითქოს ის ნიდერლანდებში იყო ნაწარმოები, სინამდვილეში ჩინეთში მზადდებოდა. ჯანდაცვის სამინისტრომ საეჭვო წარმოშობის ტესტების ყიდვაზე უარი თქვა, თუმცა არა მასთან დაკავშირებული კითხვების გამო, არამედ იმიტომ, რომ მომწოდებელს მისი საქართველოში ჩამოტანა რამდენიმე დღით დააგვიანდა. ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა საქართველო ტესტების შესასყიდ ხელშეკრულებას აუქმებს. 21 მარტს საქართველომ 215 ათასი სწრაფი ტესტის შესაძენი ხელშეკრულება გააუქმა. მაშინ იმ ტესტების დაბალი სანდოობა, რომელთაც საქართველო კომპანია ჩინური კომპანია Bioeasy-სგან ყიდულობდა, როგორც ითქვა, თავად მწარმოებელმა აღიარა. ესპანეთში კი დაადგინეს, რომ ტესტის ვალიდურობა 30% იყო.

30 000 ცალი ტესტი, რომელთაგან თითოეული საქართველოს 31 ლარად უნდა შეესყიდა კომპანია Inzek International Trading-ისგან, კონტრაქტორ კომპანია შპს “სოლემარტს” უნდა ეყიდა და იმ შემთხვევაში, თუკი პროდუქციის მოწოდებას დააგვიანებდა, ხელშეკრულების პირობების თანახმად, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე შეუსრულებელი ვალდებულების ღირებულების 0,02 %-ის ოდენობის ჯარიმა უნდა გადაეხადა. კომპანიის ხელმძღვანელი ზურაბ ტუკვაძე ამბობს, რომ მას ტრანზიტული ფრენის გამო ტესტების ჩამოტანა ორი დღით დააგვიანდა და ამის გამო გაუუქმა სამინისტრომ ხელშეკრულება.

სანამ სამინისტრო ოფიციალურ განმარტებას გააკეთებდა მის მიერ ჩაშლილი ტენდერის შესახებ, გამოქვეყნდა ჟურნალისტური გამოძიება, რომელშიც ლაპარაკი იყო ამ ტესტების იმაზე დაბალ სანდოობაზე, ვიდრე მწარმოებელი ირწმუნებოდა, და ჩინურ წარმომავლობაზე.

საგამოძიებო პლატფორმა "ორგანიზებული დანაშაულისა და კორუფციის გაშუქების პროექტისა" (OCCRP) და ჰოლანდიური საგამოძიებო გამოცემა Investico-ს ჟურნალისტების გამოძიების მიხედვით, რომელიც 6 მაისს გამოქვეყნდა, ჰოლანდიური კომპანია Inzek International Trading-ის მიერ გაყიდული ახალი კორონავირუსის ტესტები, სახელწოდებით Biozek, სინამდვილეში არა ჰოლანდიური, არამედ ჩინური წარმოებისაა.

გამოძიების მიხედვით, Biozek-ის ბრენდირებული ტესტები სინამდვილეში ჩინური კომპანიის მიერაა წარმოებული, რომლის ორიგინალი სახელიც Alltest-ია. Inzek International Trading-ის დამფუძნებელმა, ზეკი ჰამიდმა, OCCRP-ისთან საუბარში აღიარა, რომ ტესტები, სინამდვილეში, ჩინეთშია დამზადებული, და ასევე თქვა, რომ კომპანია, რომელიც ტესტებს აწარმოებს, "პროფესიული მწარმოებელია და მათ ოფიციალური სერტიფიკატებიც აქვთ".

"გავრცელებული ინფორმაციით, დიდი ბრიტანეთის მთავრობამ გააუქმა რამდენიმე მილიონი დოლარის ღირებულების შესყიდვა Alltest-თან მას შემდეგ, რაც ოქსფორდის უნივერსიტეტმა მიმოხილვა გამოაქვეყნა, სადაც ეწერა, რომ Alltest და სხვა ჩინური ბრენდები სიზუსტის სტანდარტს ვერ აკმაყოფილებენ", - წერია OCCRP-ის გამოძიებაში, სადაც მოყვანილია კონკრეტული მაგალითები, როცა კორონავირუსით ინფიცირებულ პირებს ამ ტესტებით არ დაუდგინდათ ახალი სარსა ვირუსი და ნეგატიური პასუხიდან რამდენიმე დღეში კორონავირუსის გართულების გამო გარდაიცვალნენ.

“ბიოზეკის ჰოლანდიური წარმოშობის” ჩინური ტესტები, კომპანიის ინფორმაციით, მსოფლიოში უკვე მილიონ-ნახევარზე მეტია გაყიდული და მისი მსხვილი შემსყიდველები არიან ინდონეზია, რუსეთი, ქუვეითი, საუდის არაბეთი და ერაყი. 6 მაისს ჟურნალისტური გამოძიების გამოქვეყნების შემდეგ ინდონეზიაში ბიოზეკის ტესტების გამოყენება შეაჩერეს.

საქართველოში 13 მაისს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მიერ გაკეთებული კომენტარებიდან ირკვევა, რომ საქართველოს ტესტები მისი დაბალი ეფექტურობისა და საეჭვო წარმომავლობის გამო არ დაუწუნია და რომ ტესტების შესყიდვა შესაძლოა განხორციელდეს ისე, რომ NCDC ამ პროცესში ჩართული არ იყოს.

თამარ გაბუნიას განმარტებით, სანამ სამინისტრო “ბიოზეკის” ტესტების ყიდვას გადაწყვეტდა, მანამდე უკვე გვქონდა საჩუქრად მიღებული 5 000 ამგვარი ტესტი და მას იყენებდნენ როგორც ცხელების კლინიკებში, ასევე კოვიდის კლინეკებში და სამედიცინო პერსონალისთვის. 15 აპრილს ტესტები სახელმწიფოს უსასყიდლოდ თიბისი ბანკმა გადასცა.

“გადამოწმების შედეგად, ტესტმა გარკვეული დადებითი შედეგები აჩვენა, რაც ძალიან ახლოს იყო მის წინასწარ მონაცემებთან. ამ შემთხვევაში, ჩვენ ტესტებში ეჭვის შეტანის საფუძველი არ გვქონია, თუმცა მოხდა ისე, რომ ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში ტესტები ვერ მოგვაწოდეს და ჯანდაცვის სამინისტრომ ხელშეკრულების შეჩერების გადაწყვეტილება მიიღო. ამდენად, დღეს ჩვენ ბიოზეკის ტესტების ხელშეკრულება ამ მომენტში არ გვაქვს და არც იგეგმება ამ მიმართულებით რაიმე ცვლილების განხორციელება, ანუ ტესტების შესყიდვას სამინისტრო არ განახორციელებს“, - თქვა თამარ გაბუნიამ 13 მაისს. მისი თქმით, იმ მწარმოებლების სია, რომლებისგანაც საქართველო ტესტებს ყიდულობს, დიდია და წინასწარი კონსულტაციების შედეგად მიიღება გადაწყვეტილება.

ამირან გამყრელიძის კომენტარმა კი ცხადი გახადა, რომ კონსულტაციებში ტესტის ყიდვისას შესაძლოა არ იყოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი. მან თქვა, რომ ეს კონკრეტული ტესტები NCDC-ში არ შეუმოწმებიათ და შეუფასებიათ. ეს მოცემულობა ეწინააღმდეგება ჯანდაცვის მინისტრის 8 აპრილს გაკეთებულ განცხადებას, როცა ის ამტკიცებდა, რომ ყველა ტესტი, რომელიც საქართველოში შემოდის, შემოწმებას ლუგარის ცენტრში გადის.

"მე მინდა დავამშვიდო ჩვენი მოსახლეობა. ნებისმიერი ახალი ტესტი, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე შემოდის, გადის გადამოწმებას ლუგარის ცენტრში და, აქედან გამომდინარე, ვაკვირდებით ტესტების სანდოობას და შემდეგ ვიყენებთ ფართო გამოყენებისთვის", - თქვა მაშინ ეკატერინე ტიკარაძემ. მინისტრს ამ განცხადების გაკეთება მოუხდა მას შემდეგ, რაც საქართველოს მოუწია უარი ეთქვა კომპანია Bioeasy-სგან 215 000 სწრაფი ტესტის შეძენაზე. ხელშეკრულება მაშინაც გაფორმებული იყო და მოლაპარაკება ჩაიშალა იმის გამო, რომ ჩინური ტესტები, რომელთაც საქართველო ყიდულობდა, ესპანეთმა დაიწუნა, როგორც მაღალი უზუსტობის მქონე ტესტი. მაშინ სამინისტრო ამბობდა, რომ Shenzhen Bioeasy Biotechnology-მ ხარვეზის შესახებ “ნოტა გამოაქვეყნა” და პროდუქცია ყველა ქვეყნიდან თავად გამოიწვია ყველა ქვეყნიდან, თუმცა ასეთი დოკუმენტი საჯაროდ არ იძებნებოდა და თავად კომპანიის წარმომადგენელი South China Morning Post-თან ირწმუნება, რომ ტესტების უზუსტობის შესახებ ცნობები მცდარი იყო.

სწრაფი ტესტები, მათი საჭირო რაოდენობა და გამოყენება საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა დაფიქსირების შემდეგ ფონად გასდევს ეპიდემიასთან ბრძოლას. იყო დრო, როცა ხელისუფლება და ექიმების ნაწილი ამბობდა, რომ სწრაფი ტესტები საჭირო არ იყო. ჯანდაცვის მინისტრი სწრაფი ტესტის დიდი რაოდენობით ქვეყანაში არარსებობას კორონავირუსთან ბრძოლის საწყოს ეტაპზე, მარტში, ხარისხზე მოთხოვნით ხსნიდა და ამბობდა, რომ საქართველოში მხოლოდ ისეთი ტესტები შემოვიდოდა, რომელიც ასპროცენტიანი სიზუსტით დაადგენდა კორონავირუსის არსებობას და რომ ასეთი ტესტების შერჩევაში საქართველოს ამერიკელი და კორეელი სპეციალისტები დაეხმარებოდნენ.

მხოლოდ სწრაფი ტესტებით კოვიდ-19-ის დიაგნოსტირება არ ხერხდება იმის გამო, რომ ცდომილება ყველა ამგვარ ტესტში უფრო მაღალია, ვიდრე ოქროს სტანდარტად აღიარებულ PCR ტესტის. თუმცა სწრაფი ტესტი უფრო მასობრივი შემოწმებისა და ეპიდემიოლოგიურად საფრთხილო ადგილებში ფართო კვლევების ჩატარების საშუალებას იძლევა.

საქართველოში შემუშავებული პროტოკოლით, ანტისხეულების ტესტი რისკჯგუფებში უსიმპტომო პაციენტების გამოსავლენად გამოიყენება. მათ შორისაა, სამედიცინო პერსონალი, შეიარაღებული ძალები, პატიმრები, ფსიქიატრიულ დაწესებულებებში მყოფი პაციენტები, მოხუცებულთა თავშესაფარში მყოფი პირები, ასევე, მღვდლები. ანტისხეულების ტესტი კეთდება ასევე ცხელების ცენტრში მისული პაციენტებისთვისაც, ანტიგენის სწრაფ ტესტთან ერთად. სწრაფი ტესტის დადებითი პასუხის შემთხვევაში დამატებით კეთდება საკონტროლო ტესტირება PCR ტესტით, რაც ოქროს სტანდარტად მიიჩნევა.

ჰოლანდიაში წარმოებული 30 000 ცალი სწრაფი ტესტი იყო პირველი მსხვილი შეკვეთა საქართველოს მხრიდან ესპანეთის მხრიდან დაწუნებული, დაბალი ვალიდურობის შესაძენ ტესტების ჩაშლილი შესყიდვის შემდეგ. რა რაოდენობის სწრაფი ტესტების მარაგი აქვს სახელმწიფოდ ამ ეტაზე და ვისგან ან რა რაოდენობის სწრაფი ტესტის შეძენას აპირებს ჯანდაცვის სამინისტრო, ჯერჯერობით ცნობილი არ არის. ვიცით მხოლოდ ის, რომ ყოველდღიურად ტესტირებულთა რაოდენობა ახლა უფრო მეტია, ვიდრე კორონავისურის გავრცელების საწყის ეტაპზე იყო.

XS
SM
MD
LG