გაეროს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტმა დისკრიმინაციულად მიიჩნია ბურკისა და ნიქაბის ტარების აკრძალვა, თუმცა საქართველოში საზოგადოების ერთი ნაწილი კვლავაც მოითხოვს ქალებისთვის ამ სამოსის აკრძალვას და ჯარიმის დაწესებას მათთვის, ვინც საჯარო სივრცეში ბურკასა და ნიქაბს ატარებს.
ამ დღეებში „პატრიოტთა ალიანსის“ წევრი, ემზარ კვიციანი, დაინტერესდა, როგორია ამ საკითხზე საქართველოს სახალხო დამცველის პოზიცია. ნინო ლომჯარიას თქმით, მთელ რიგ შემთხვევაში ქალები ბურკას, შესაძლოა, იძულებით ატარებდნენ, თუმცა ქალებისთვის ამ სამოსის აკრძალვა მაინც დისკრიმინაციად შეიძლება მივიჩნიოთ.
გიორგი გვახარიას სტუმარი, აღმოსავლეთმცოდნე ბექა ყორშია, ამბობს, რომ აღნიშნული სამოსი არ იძლევა პიროვნების იდენტიფიცირების საშუალებას, გარდა ამისა შეიცავს საფრთხეს ტერორიზმის კუთხით, ამიტომაც ბურკის ტარება არაერთ ქვეყანაშია აკრძალული. გადაცემაში „საუბარი თავისუფლებაზე“ ბექა ყორშია ამბობს, რომ, მართლაც, ძნელია იმის დადგენა, ნებაყოფლობით ატარებს ქალი ბურკას და ხიჯაბს, თუ ძალადობის მსხვერპლია. დისკუსია წლებია გრძელდება, თუმცა გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტი ამ სამოსის ტარების აკრძალვას ერთმნიშვნელოვნად დისკრიმინაციად მიიჩნევს. ბექა ყორშიას თქმით, ხშირია შემთხვევა, როცა საქართველოს აეროპორტებში ტურისტები წინააღმდეგობას უწევენ მესაზღვრეებს, რომლებიც მათ ნიქაბის მოხსნას სთხოვენ. ამავე დროს, თუკი ნიქაბი და ბურკა საქართველოში აიკრძალება, სავარაუდოდ, ასეთი კანონი აუცილებლად დააზარალებს ტურისტულ ბიზნესს.