Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საბოტაჟის საქმეზე სუს-ში შეიხი მირტაგ ასადოვი დაკითხეს აქციაზე, რომელშიც ის არ მონაწილეობდა


შეიხი მირტაგ ასადოვი, რომელიც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გამოკითხვაზე 15 აპრილს დაიბარა საბოტაჟის მუხლითა აღძრული საქმის ფარგლებში გამოსაკითხად, 16 აპრილს ადვოკატის თანხლებით დაიკითხა. მის უფლებებს არასამთავრობო ორგანიზაცია EMC იცავს. EMC-ის იურისტი, ქეთი ჩუთლაშვილი გამოკითხვის შემდეგ რადიო თავისუფლებას უყვება, რომ რამდენიმესაათიანი გამოკითხვისას დასმული კითხვები უკავშირდებოდა 14 აპრილს, მარნეულში ჩატარებულ საპროტესტო აქციას. მუსლიმი სასულიერო პირი ამ აქციაში არ მონაწილეობდა.

აქცია მარნეულში 14 აპრილს, საღამოს 21:00 საათზე დაიწყო. მისი მონაწილეები მანქანის სიგნალით კომენდანტის საათს და საკარანტინო რეჟიმს აპროტესტებდნენ. მათი მოთხოვნა სამუშაო ადგილებზე დაბრუნების უფლების მიცემა და სახელმწიფოს მხრიდან სოციალურად დაუცველი მოსახლეობისთვის მეტი დახმარების გაწევა იყო.

“მირტაგ ასადოვი ამ აქციაში არ მონაწილეობდა, მან მხოლოდ აქციის ამსახველი დოკუმენტური მასალა გააზიარა ფეისბუქის პირად გვერდზე და მონაწილე რომც ყოფილიყო, ამის გამო ადამიანის დაბარება გამოსაკითხად მისი გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვაა. შეუძლებელია ამ ქმედებაში დანაშაულის ნიშნების ამოკითხვა, ეს არ არის სისხლის სამართლის დანაშაული. ეს არის გამოხატვის თავისუფლების უფლებით დაცული სფერო. გამოხატვის თავისუფლება არ არის შეზღუდული და დაცულია საქართველოს კონსტიტუციით” - ამბობს მისი ადვოკატი.

თავდაპირველად უფლებადამცველი ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში, რომელიც მუსლიმი სასულიერო პირის გამოკითხვაზე დაბარებას ეხებოდა, ნათქვამი იყო, რომ მისი სუს-ში დაბარება შესაძლოა უკავშირდებოდეს ტელეკომპანია “მთავარის” ეთერში გაკეთებულ განცხადებას, სადაც ის ხელისუფლებას სხვადასხვა კონფესიების მიმართ განსხვავებულ მიდგომაში ადანაშაულებდა. მართლმადიდებლურ ეკლესიებში კომენდანტის საათის დროს სააღდგომო ლიტურგიის ჩატარების კომენტირებისას მან რიტორიკულად იკითხა: “მაშინ ჩვენც გავხსნით მეჩეთებს რამადანზე და ვნახოთ პრემიერ-მინისტრი ჩვენ მიმართ როგორ მოიქცევა." ტელეკომპანია მთავარის ეთერში ასადოვი 14 აპრილს იყო სტუმრად.

მუსლიმი სასულიერო პირის სუს-ში დაბარების საქმე ოპოზიციონერმა პოლიტიკოსებმა შეაფასეს როგორც შემაშფოთებელი, დისკრიმინაციული და სახელმწიფო ინსტიტუციების ჩამოშლის მანიშნებელი.

“ხელისუფლება უკვე არა ყოველდღიურად, არამედ ყოველ საათში ჩაგრავს ხალხს და მუსლიმი სასულიერო პირების სუსში დაბარება მხოლოდ იმიტომ, რომ მათ მოითხოვეს თანასწორობა, ამის ნათელი დადასტურება" - უთხრა რადიო თავისუფლებას თამარ კორძაიამ 15 აპრილს.

“ჩვენი ხელისუფლება ზოგადად იქცევა არასახელმწიფოებრივად როცა მართლმადიდებელ ეკლესიასთან დაკავშირებით იხსნის პასუხისმგებლობას. ხელისუფლებამ ფაქტობრივად კაპიტულაცია გამოაცხადა ეკლესიის წინაშე. ამ ფონზე, იმ ადამიანების მიმართ პრეტენზიები, რომლებიც თავის დროზე მოიქცნენ პასუხისმგებლიანად და შეწყვიტეს რიტუალური პროცესები და ახლა სამართლიანად უჩნდებათ კითხვები, ასეთი ქცევა სახელმწიფოს მიმართ არის შემაშფოთებელი” - ასეთი იყო სერგო რატიანის კომენტარი.

გიგა ბოკერიამ კი საქართველოს ხელისუფლებას შეახსენა, რომ “საქართველო სამოქალაქო სახელმწიფოა, რომლის კონსტიტუციაც თანაბარუფლებიან მოქალაქეებად განიხილავს ყველას, მიუხედავად მათი რელიგიური კუთვნილებისა.”

მარნეული და ბოლნისი მკაცრ საკარანტინო ზონად 23 მარტს გამოცხადდა. ორივე ქალაქი ერთი თვის ვადით არის ჩაკეტილი. ეს იყო პირველი ქალაქები, რომელიც მთავრობამ სრულად ჩაკეტა. მომდევნო დღეებში კოვიდ-19-ის გავრცელების შესაჩერებლად სხვა დასახლებებიც ჩაიკეტა და საგანგებო მდგომარეობის შეზღუდვებიც უფრო გამკაცრდა.

16 აპრილს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, სრულად აეკრძალა ავტომობილით გადაადგილება 21 აპრილამდე. საპატრიარქოს განცხადებით, ეს შეზღუდვა მართლმადიდებელ მღვდელმსახურებზე არ მოქმედებს, ისინი სპეციალური საშვებით გადაადგილდებიან და სააღდგომო ლიტურგიასაც კომენდანტის საათის დროს ჩვეულებრივ ჩაატარებენ.

XS
SM
MD
LG