Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სააღდგომოდ


„სიტყვა“ (1955, რეჟ.კარლ თეოდორ დრეიერი, “Ordet”, “Слово“)

გამიკვირდა, ქართულ საიტებზე რომ გადავეყარე კარლ თეოდორ დრეიერის შედევრს, ზოგიერთი კრიტიკოსი ყველა დროისა და ხალხის საუკეთესო 10 ფილმს შორის რომ ასახელებს. თანაც, ქართულად. თანაც, მშვენივრად დუბლირებულს. ეტყობა, მართლაც ისეთი ძალა აქვს 1955 წელს გადაღებულ ამ შავ-თეთრ სურათს, რომ არა და არ ძველდება. პირიქით, დროთა განმავლობაში ახალი სიცოცხლით, ახალი აზრით, ახალი სულით ივსება.

დიახ, „სიტყვა“ არის „სულიერი კინო“, თავიდან ბოლომდე ხილვა, რომელიც, თუკი ფიქრის განწყობაზე ხართ, აუცილებლად ჩაგითრევთ და ფილმის ფინალში, მაშინაც კი, თუ არც ღმერთის გწამთ, არც ეშმაკის, საერთოდ არაფერი გწამთ, ლოცვის სურვილს გაგიჩენთ. იგრძნობთ, რომ უნდა დაეხმაროთ ფილმის გმირებს, ტრაგედიის გმირებს. იგრძნობთ, რომ თქვენ გაქვთ ამის უნარი, რადგან სასწაულის რწმენა გიბრუნდებათ.

კაცმა რომ თქვას, რა არის კინოხელოვნება, თუ არა სასწაული? განა ძმები ლიუმიერების კინო სასწაული არ იყო? განა ხალხი პირველ კინოსეანსზე სწორედ სასწაულის სანახავად არ მიემართებოდა? სხვა საქმეა, რომ სასწაული კინოში ერთგვარ სათამაშოს ჰგავს, ატრაქციონს, რომელიც დღეს გამოიხატება ჭრელ-ჭრელი კადრებით, დასამახსოვრებელი დეკორაციებით... სასწაული კინოში არის ფერადი სამყარო, სადაც ყველაფერი მოძრაობს. დრეიერის „სიტყვაში“ კი სასწაული ხდება ძალზე შეზღუდულ სივრცეში („სიტყვა“ თეატრალური პიესის ეკრანიზაციაა). სივრცისა და დროის ასეთი შეკუმშვა მაყურებლის მთელ ყურადღებას თავად მსახიობებზე, მათ პლასტიკაზე და, მართლაც რომ, ჯადოსნური შუქით განათებულ განტვირთულ სივრცეზე გადაიტანს. შემთხვევით არ ამბობენ, რომ „სიტყვაში“ კარლ თეოდორ დრეიერი მაგიური ჰაერის სახეს ქმნის - იმდენად, რომ ფილმის ბოლოს მაყურებელი ხვდება, რომ უყურებს არა იმდენად რეალობას, რამდენადაც „ზერეალობას“.

„კინო მხოლოდ მაშინ გახდება დიდი ხელოვნება, როცა იგი მიწას მოსწყდება, - წერს დრეიერი. - ბოლოს და ბოლოს უარი უნდა ვთქვათ სინამდვილის ასლების კეთებაზე და კამერის საშუალებით შევქმნათ ახალი, წარმოსახვითი რეალობა - სულის სამყარო“.

„სიტყვაში“ ეს სული ჩვენს თვალწინ ამარცხებს სხეულს, რწმენა - ურწმუნობას, მარადიულობა - დროის ცვლილებებს. კინოს ისტორიაში დრეიერს სწორედ ამ თვალსაზრისით გამოუჩნდება ბევრი მიმბაძველი. უპირველეს ყოვლისა, ინგმარ ბერგმანი და ანდრეი ტარკოვსკი, თანამედროვე კინოში კი - დრეიერის თანამემამულე, ლარს ფონ ტრიერი. მაგრამ ვერავინ შეძლებს გადაიღოს ასეთი „მეტაფიზიკური“ ფილმები, ასეთი ლამაზი გამოსახულება, როცა ყოველი კადრი, მართლაც რომ, ხელოვნების ნიმუშია. იმიტომ კი არა, რომ, უბრალოდ, „ლამაზი ფოტოა“. უბრალოდ, დრეიერის კადრში ყველაფერი ცოცხალია, განსულიერებული. ცასა და მიწას შორის მყოფი კარლ თეოდორ დრეიერი ცას ირჩევს, მაგრამ ამ ცას „სიცოცხლეს“ უწოდებს.

1955 წელს, როცა „სიტყვა“ მსოფლიო ეკრანებზე გამოვიდა, ჩვენს პლანეტაზე სიმშვიდე ნამდვილად არ იყო. ჰიროსიმას ტრაგედიით გამოწვეული პანიკა, ომი კორეაში, კერპის სიკვდილი საბჭოთა კავშირში და, შესაბამისად, ერთგვარი დაობლების განცდა. კინოშიც მოხდა ცვლილელები: იტალიაში დასრულდა ნეორეალიზმის ხანა, სოციალური ფილმები კინოთეატრებში მაყურებელს ვერ აგროვებდა. 1954 წელს ვენეციის კინოფესტივალის ერთ-ერთი გამარჯვებული გახდა ფედერიკო ფელინი. მისი ფილმი „გზა“ ახალი კინოს დასაწყისად აღიარეს.

ერთი წლის შემდეგ კი იმავე ვენეციის კინოფესტივალზე ყველასთვის მოულოდნელად გამოჩნდა „ჟანა დარკის ვნებანის“ ავტორი, უკვე დავიწყებული კარლ თეოდორ დრეიერი. მისი „სიტყვის“ დასრულების შემდეგ დარბაზი 20 წუთი უკრავდა ტაშს დიდ მაესტროს. „სიტყვამ“ მოუგო ფელინის და ანტონიონის, ჰიჩკოკს და მიძოგუტის. დრეიერის სურათი „ოქროს ლომით“ დაჯილდოვდა. არადა, კონკურსში ჩართული სხვა ფილმებისგან განსხვავებით, „სიტყვა“ თითქოს საერთოდ არ ეხებოდა იმ პრობლემებს, რომლებიც აღელვებდა გასული საუკუნის 50-იანი წლების მსოფლიოს.

ფილმის მოქმედება 1930 წლის დანიაში ხდება. ნაციზმი ევროპაში მხოლოდ ფეხს იდგამს, მაგრამ სიძულვილის გავრცელებას ხელს ვეღარაფერი უშლის. ერთადერთი, რაც ამ სიძულვილს წინააღმდეგობას უწევს, ისევ სიძულვილია, მათ შორის სიძულვილი, გამოხატული არა მარტო ქმედებით, არამედ სიტყვით.

დრეიერის ფილმში სიძულვილის სამყაროს დამარცხებას - მათ შორის სიტყვით დამარცხებას - მსხვერპლი დასჭირდა. „რომეო და ჯულიეტას“ სიუჟეტის ეს თავისუფალი ინტერპრეტაცია, წესით, მსხვერპლით უნდა დასრულებულიყო. ჩვენ ასე გვასწავლეს: ბედნიერებისთვის მსხვერპლშეწირვაა საჭირო. ამ მსხვერპლზე აეწყო ადამიანის ისტორია. სხვანაირად არ შეიძლება!

მაგრამ სასწაულიც ხომ ხდება? სიყვარულის სიტყვაც ხომ არსებობს? სიტყვა, რომელსაც შეუძლია მკვდარი გააცოცხლოს.

  • 16x9 Image

    გიორგი გვახარია

    ჟურნალისტი, ხელოვნებათმცოდნე, პროფესორი. აშუქებს კულტურის ისტორიის, კინოს, ხელოვნების საკითხებს, ადამიანის უფლებებს. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 1995 წლიდან. 

XS
SM
MD
LG