Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საარჩევნო კომისიებში საჩივრების უმრავლესობა სოციალურ ქსელებს შეეხება


წინასაარჩევნო კამპანიის მიმდინარეობისას სადამკვირვებლო ორგანიზაციების მიერ გამოვლენილი ერთ-ერთი მთავარი დარღვევა საჯარო მოხელეების მიერ პრეზიდენტობის კანდიდატის მხარდასაჭერი პოსტების სოციალურ ქსელებში გამოქვეყნებული არაერთი შემთხვევაა.

  • ბორჯომი

10 სექტემბერს ბორჯომის მუნიციპალიტეტის დასუფთავებისა და კეთილმოწყობის სამსახურის უფროსმა, დავით ზაალიშვილმა, სამუშაო საათებში „ფეისბუკის“ პირად გვერდზე გამოაქვეყნა საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის, არჩევნებში მონაწილეობის რიგითი ნომერი და მის შეხვედრებთან დაკავშირებული ინფორმაცია.

  • ყვარელი

11 სექტემბერს ყვარლის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენელმა გივი ჩახნაშვილმა სამუშაო საათებში „ფეისბუკის“ პირად გვერდზე გამოაქვეყნა საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის, რიგითი საარჩევნო ნომერი სტატუსით: „სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტად“.

  • ზუგდიდი

11 სექტემბერს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ მაიზერ ნანავამ სამუშაო საათებში „ფეისბუკის“ პირად გვერდზე გამოაქვეყნა პრეზიდენტობის კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის, რიგითი საარჩევნო ნომერი სტატუსით: „სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტად“.

  • თელავი

17 სექტემბერს თელავის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენელმა ვაჟა ლეშლაშელმა „ფეისბუკის“ პირად გვერდზე გამოაქვეყნა პრეზიდენტობის კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის, არჩევნებში მონაწილეობის რიგითი ნომერი და წინასაარჩევნო შეხვედრის ამსახველი ფოტო.

ეს ნაწილია იმ შემთხვევებისა, რომლებიც „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ წინასაარჩევნო მონიტორინგის შუალედურ ანგარიშში აისახა. მხოლოდ ამ საკითხზე ორგანიზაციამ ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში 11 საჩივარი წარადგინა.

პრეზიდენტობის კანდიდატთა სასარგებლოდ გაწეული სავარაუდო უკანონო აგიტაციისა და ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების საკითხზე საარჩევნო ადმინისტრაციას შვიდი საჩივრით მიმართა „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“. მათგან ოთხზე ორგანიზაციამ საარჩევნო ადმინისტრაციისგან უკვე მიიღო პასუხი, რომ კანონი არ დარღვეულა. საარჩევნო კომისიის ამ გადაწყვეტილებას არ იზიარებს „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ აღმასრულებელი დირექტორი ირმა პავლიაშვილი და მაგალითისთვის ორს აღწერს:

  • პირველი საჩივარი: თბილისის მერიისა და პარლამენტის ვებსაიტებზე გაშუქდა გმირთა მემორიალის გვირგვინით შემკობის ღონისძიება, რომელსაც კახი კალაძესა და ირაკლი კობახიძესთან ერთად პრეზიდენტობის კანდიდატი სალომე ზურაბიშვილიც ესწრებოდა. ჩვენ ჩავთვალეთ, რომ ეს ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება იყო, საარჩევნო კომისიამ კი არ გაიზიარა ჩვენი შეხედულება. მან ჩათვალა, რომ ეს არ იყო კანდიდატის სააგიტაციო ღონისძიება, თუმცა ინფორმაციაში სალომე ზურაბიშვილი სწორედ პრეზიდენტობის კანდიდატად იყო დასახელებული.
  • მეორე საჩივარი: ერთ-ერთი საოლქო საარჩევნო კომისიის წევრი სამუშაო საათებში ფეისბუკის საშუალებით ეწეოდა აგიტაციას. მოგვიანებით მან თქვა, რომ სოციალური ქსელით ინფორმაცია მისი სახელით ოჯახის წევრებმა გააზიარეს“.

ეს უკანასკნელი შემთხვევა ტყიბულის ოლქში მოხდა. ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ თამარ ჟვანიამ, თავის მხრივ, ჩვენთანაც აღნიშნა, რომ მომხდარზე საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ ახსნა-განმარტებით დაადასტურა, რომ პოსტი სოციალურ ქსელებში მისმა მეუღლემ დადო.

თამარ ჟვანია
თამარ ჟვანია

მთლიანობაში, თამარ ჟვანიას განმარტებით, ცენტრალურ და საოლქო საარჩევნო კომისიებში ამ დროისათვის სულ 18 საჩივარია შესული, ამ საჩივრების მაქსიმალური უმრავლესობა კი სწორედ სოციალურ ქსელებში პრეზიდენტობის კანდიდატის სააგიტაციო მასალების პირად ფეისბუკგვერდზე გაზიარებას უკავშირდება. მისივე განმარტებით, დარღვევები განხილვის პროცესშია და არსებითი სახის პრეტენზია, რომელიც არჩევნების ჩატარებას მიაყენებდა ზიანს, ამ ეტაპზე არ ფიქსირდება.არასამთავრობო ორგანიზაციები კი - კერძოდ, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ - გამოთქვამენ უკმაყოფილებას, რომ საარჩევნო დავების, მათ შორის წინასაარჩევნო საჩივრების განხილვის სტანდარტი დაწეულია, ზეპირი განხილვის ნაცვლად საარჩევნო ადმინისტრაცია მხოლოდ წერილობითი პასუხით შემოიფარგლება და საქმის სასამართლოში გასაჩივრების შესაძლებლობებიც მცირდება, რაც უარყოფით გავლენას ახდენს როგორც წინასაარჩევნო გარემოზე, ისე კენჭისყრის დღეზეც.

საარჩევნო კანონმდებლობა სოციალურ ქსელებში სააგიტაციო მასალების გამოქვეყნების წესებს არ განსაზღვრავს. შესაბამისად, შექმნილ ვითარებაში სახელმძღვანელოა ცესკოს, კოალიციის „თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის“, უწყებათშორისი კომისიისა და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების ურთიერთშეთანხმების მემორანდუმი. მემორანდუმის თანახმად, ბიუჯეტიდან დაფინანსებული საკომუნიკაციო საშუალებებით და სხვადასხვა ტექნიკის გამოყენების გზით პირად სოციალურ ქსელში აგიტაცია ადმინისტრაციულ რესურსს წარმოადგენს.

XS
SM
MD
LG