საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების მოახლოებასთან ერთად პოლიტიკური პარტიების აქტიურობა ზუგდიდში იზრდება. კანდიდატებმა დაიწყეს აქტიური შეხვედრები ამომრჩევლებთან. პარალელურად წინასაარჩევნო პროცესებს აკვირდებიან არასამთავრობო ორგანიზაციებიც. ამ ეტაპზე შეფასება” საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ” გააკეთა. საიას აღმასრულებელმა დირექტორმა ირმა პავლიაშვილმა ზუგდიდში ყოფნისას განაცხადა, რომ ამ დროისთვის მშვიდად მიმდინარეობს პროცესები, თუმცა გარკვეული პრობლემები და ხარვეზები იკვეთება. მას ჯერჯერობით არ დაუკონკრეტებია ვითარება მუნიციპალიტეტების მიხედვით:
„გამოწვევები ფიქსირდება საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტების პროცესში როგორც საოლქო, ისე საუბნო საარჩევნო კომისიების დონეზე. იყო რამდენიმე შემთხვევაც ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებასთან და უკანონო აგიტაციასთან, ჟურნალისტებისთვის ხელის შეშლასთან დაკავშირებით“, - განაცხადა ირმა პავლიაშვილმა, რომელმაც წინასაარჩევნო გარემოს შესახებ ადგილზე ინფორმაცია მიიღო ასევე მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციებისგან.
იმ პირობებში როცა მთელი ცენტრალური საარჩევნო კომისია და მათ შორის საოლქო კომისია დაკომპლექტებული არიან ისევ არა პროფესიული ნიშნით, არამედ დანიშნული არიან პარტიული ნიშნით, საუბარი იმაზე, რომ სამართლიანი საარჩევნო გარემოა, შეუძლებელია.ანა წითლიძე
შეხვედრაზე საუბარი შეეხო ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ კირცხის საბავშვო ბაღის გახსნისას მმართველი პარტიის დროშებს, გამოკიდულს შენობის ფასადზე, და ტორტს, წარწერით „ქართული ოცნება“, რისთვისაც ბაღის ადმინისტრაციას მოგვიანებით გაფრთხილება მიეცა. არასამთავრობო სექტორი წინასაარჩევნო გარემოს დეტალური შეფასების გამოქვეყნებას მოგვიანებით აპირებს, მანამდე კი მმართველი პარტიის მისამართით დარღვევების შესახებ განცხადებას ოპოზიცია აკეთებს.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიას მათი წევრებისთვის ინფორმაციის დამალვაში ადანაშაულებს. მათ ამ საკითხზე საჩივარიც დაწერეს. ამბობენ ასევე, რომ უბნებზე ცესკოს წარმომადგენლებად ინიშნებიან „ქართულ ოცნებასთან“ დაკავშირებული პირები, საჯარო მოხელეები და საოლქო კომისიის თავმჯდომარის, მირანდა მესხის, ნათესავები.
„იმ პირობებში როცა მთელი ცენტრალური საარჩევნო კომისია და მათ შორის საოლქო კომისია დაკომპლექტებული არიან ისევ არა პროფესიული ნიშნით, არამედ დანიშნული არიან პარტიული ნიშნით, საუბარი იმაზე, რომ სამართლიანი საარჩევნო გარემოა, შეუძლებელია“, - თქვა ანა წითლიძემ.
მირანდა მესხი ბრალდებებს უარყოფს. ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის თქმით, ცესკოს წარმომადგენელთა კანდიდატურები მხოლოდ პროფესიული ნიშნით შეარჩიეს:
პირველი სიგნალი ამის იყო ის, რომ სალომე ზურაბიშვილის შეხვედრაზე ადმინისტრაციული რესურსი მთლიანად იყო გამოყენებული. „ქართული ოცნების“ ოფისშიც მუდმივად იკრიბებიან საჯარო მოხელეები.ბართლომე შელია
„მე ჩემი რეკომენდაციით ავიყვან დამხმარე პერსონალს, აბა, ანა წითლიძის რეკომენდაციით ხომ არა? მათ, ვისაც ვენდობი, ვისაც აქვს გამოცდილება, ვინც შემიძლია გამოვიყენო“, - განმარტა მირანდა მესხმა.
დარღვევის შესახებ ლაპარაკობს რადიო თავისუფლებასთან საუბარში პოლიტიკური გაერთიანება „თავისუფალი საქართველოს“ ზუგდიდის ორგანიზაციის თავმჯდომარე. ზურაბ ჯინჯოლავას თქმით, „ქართული ოცნების“ მითითებით, სოფლის მოსახლეობას სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერისკენ მოუწოდებენ მუქარით:
„მაგალითად, სოფლის გამგებლები კარდაკარ დადიან. მოსახლეობას აფრთხილებენ, თუ მათთვის სასურველ კანდიდატს არ დაუჭერენ მხარს, სოციალურ დახმარებას გაუუქმებენ“.
„ევროპული საქართველოს“ ზუგდიდის ორგანიზაციის წარმომადგენელ ბათლომე შელიას კი ეჭვი არ ეპარება, რომ უახლოეს მომავალში „ქართული ოცნების“ მხრიდან ადმინისტრაციული რესურსის ხარჯვის ბევრი მაგალითი დაფიქსირდება.
„პირველი სიგნალი ამის იყო ის, რომ სალომე ზურაბიშვილის შეხვედრაზე ადმინისტრაციული რესურსი მთლიანად იყო გამოყენებული. „ქართული ოცნების“ ოფისშიც მუდმივად იკრიბებიან საჯარო მოხელეები“, - განაცხადა ბათლომე შელიამ.
ოპოზიციის პასუხად, „ქართული ოცნების“ ზუგდიდის ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ მათ ინტერესებშია არჩევნების კონკურენტუნარიან გარემოსა და მშვიდ ვითარებაში ჩატარება. რაც შეეხება მმართველი პარტიის მიერ მხარდაჭერილი კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის შეხვედრაზე საჯარო მოხელეების მისვლას:
„იყო შაბათი დღე და ჩვენ ვერავის ვერ შევზღუდავდით, თუნდაც ყოფილიყო ეს საჯარო მოხელე. თუ დაფიქსირდა თითო-ოროლა, ყველას აქვს უფლება არასამუშაო დღეს, არასამუშაო საათებში მივიდეს და მოისმინოს კანდიდატის მოსაზრებები და პროგრამა. ჩვენ არავინ დაგვიუწყებია, არავინ დაგვივალდებულებია, უნდა თუ არა, მისულიყო იქ“, - უთხრა რადო თავისუფლებას „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის უფროსის მოადგილე დათო კოდუამ.
პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლების თქმით, არჩევნებამდე დარჩენილი ერთი თვე გაცილებით აქტიური და დაძაბული იქნება.