რუსი პოლიტიკოსებისა და დეპუტატების გარდა „რუსეთის მედიაკულტურულ სივრცეში სატანიზმისა და სხვა დესტრუქციული მოვლენების გავრცელების“ წინააღმდეგ ბრძოლაში აქტიურად არიან ჩართული სასულიერო პირები, სახელისუფლო პოლიტოლოგები და პროპაგანდისტული მედიის წარმომადგენლები.
რუსეთის სახელმწიფო სათათბიროში საგანგებოდ ამ საკითხზე გამართული მრგვალი მაგიდის მსვლელობისას ითქვა, რომ სატანისტებს მიეკუთვნებიან:
- ლგბტ ადამიანები
- ნებაყოფლობით უშვილოები, ე.წ. childfree იდეოლოგიის გამზიარებლები
- აბორტის უფლების დამცველები
- უკრაინის შეიარაღებული ძალების ბატალიონ „აზოვის“ მებრძოლები
- მულტფილმების ცალკეული პერსონაჟები, მაგალითად, ჩებურაშკა
მრგვალი მაგიდა, რომელსაც უძღვებოდა დუმის დეპუტატი და რუსეთ-ჩეჩნეთის ომის ცნობილი „გმირი“, გენერალი ვლადიმირ შამანოვი, გაიხსნა ვიდეოკლიპით, რომელშიც ნაჩვენები იქნა ეშმაკისეული აქსესუარების (თავის ქალების, ამობრუნებული ჯვრების, სატანისტური ნიღბების, დემონური კოსტიუმების, ეშმაკის რქიანი თმის სამაგრების და ა.შ.) საზოგადოებრივ და კულტურულ სივრცეში გამოყენების ნიმუშები. შემდეგ საუბარი შეეხო უკრაინას, სადაც თითქოსდა 10 წელია მოქმედებს „სატანის ეკლესია“, 11 წლის წინ კი მოხდა რიტუალური მკვლელობა: მსხვერპლს 18-ჯერ დაარტყეს დანა, რაც, კლიპის ავტორთა თქმით, სიმბოლურია, რადგან 18 არის სამი ექვსიანის ჯამი და, შესაბამისად, ბიბლიური „მხეცის რიცხვი“.
Childfree - სუბკულტურა (იდეოლოგია), რომლის მიმდევრებსაც გაკეთებული აქვთ შეგნებული არჩევანი, არ ჰყავდეთ შვილები.
თუმცა, როგორც რადიო თავისუფლების რუსული რედაქციის პროექტის Sibir.Realii-ს ავტორი შენიშნავს, პროპაგანდისტულ ვიდეოში სიტყვა არ თქმულა იმის შესახებ, რომ უკრაინასთან საბრძოლველად პატიმრების გადაბირების პროცესში ვლადიმირ პუტინმა შეიწყალა მკვლელობისა და გაუპატიურებისთვის მსჯავრდადებული, სულ ცოტა, 17 ადამიანი, მათ შორის ე.წ. სატანისტების ბანდის წევრი, რომელმაც რიტუალური მკვლელობით სიცოცხლეს გამოასალმა რამდენიმე მოზარდი. ყველა მათგანმა მონაწილეობა მიიღო უკრაინასთან ომში, უკან დაბრუნებულებმა კი ახალი დანაშაულები ჩაიდინეს.
რუსეთის სახელმწიფო სათათბიროში გამართული „მრგვალი მაგიდის“ მონაწილეები რუს მომღერლებსაც გადასწვდნენ. აჩვენეს რეპერ მორგენშტერნისა და ფილიპ კირკოროვის ვიდეოკლიპების ფრაგმენტები, რომლებშიც ჯვრები არაკანონიკურად ყოფილა გამოყენებული. ნანახის კომენტირებისას ერთ-ერთმა „ექსპერტმა“ განაცხადა, რომ მე-17 საუკუნის რუსული სამართლებრივი კოდექსები, განსხვავებით „გარყვნილი თანამედროვეობისგან“, ითვალისწინებდა სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას მკითხაობისა და ჯადოქრობისთვის.
დუმის სამოქალაქო საზოგადოების განვითარებისა და საზოგადოებრივ-რელიგიური გაერთიანებების საკითხთა კომიტეტის ხელმძღვანელმა, ოლგა ტიმოფეევამ მოუწოდა კონფერენციის მონაწილეებს, გადამწყვეტი ბრძოლა გაუმართონ „ფაშისტებს, სატანისტებსა და ნაცისტებს, რომლებიც ეყრდნობიან ბოროტ ძალებს“.
„ესაა გამოწვევა რუსეთისა და მთელი რუსული სამყაროსათვის, ომი მიმდინარეობს როგორც ბრძოლის ველზე, ასევე იდეოლოგიურ, საინფორმაციო, საგანმანათლებლო, კულტურულ, რელიგიურ ფრონტზე“, - განაცხადა რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს სამოქალაქო საზოგადოების განვითარებისა და სახალხო-რელიგიურ გაერთიანებათა საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ოლგა ტიმოფეევამ, - დღეს ჩვენ გვებრძვიან ფაშისტები, სატანისტები, ნაცისტები, რომლებიც ეყრდნობიან ბოროტ ძალებს“.
მისი თქმით, დასავლეთი ღიად ებრძვის რუსეთს, პროპაგანდას უწევენ ლგბტ-ს და ცდილობენ ახალგაზრდების იდეოლოგიურ ინფიცირებას, რაც „წარმატების ნახევარია ხალხის დაპყრობის გზაზე“:
„2022 წლის შემოდგომაზე ჩვენ იძულებული გავხდით აგვეკრძალა კომპანია Meta, რომელიც ფლობს Facebook-სა და Instagram-ს, რომლებიც, თავის მხრივ, აქტიურად გამოიყენებიან პროპაგანდისთვის. უფრო ადრე, ტერორისტულ ორგანიზაციად გამოვაცხადეთ „კოლუმბაინი“ - მოძრაობა, რომელიც სკოლის მოსწავლეებს მკვლელობისა და თვითმკვლელობისკენ უბიძგებს. დღეს ჩვენ და რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლები სულ უფრო ხშირად ვაყენებთ სატანიზმის ექსტრემისტულ მოძრაობად აღიარების აუცილებლობის საკითხს. ჩვენ გვჭირდება მკაცრი პოზიცია: არავითარი დისკუსია, მხოლოდ აკრძალვა ყველა ორგანიზაციის, რომლებიც ხელს უწყობენ ტერორისტულ, ექსტრემისტულ, დესტრუქციულ იდეოლოგიას. საჭიროა ორი-სამი წელი ახალგაზრდების ტვინების მთლიანად შესაცვლელად“.
ოლგა ტიმოფეევას თქმით, საჭიროა ფრონტის ხაზის გადატანა სკოლებსა და სასულიერო ცენტრებში. რუსმა დეპუტატმა გაიხსენა 2023 წლის დეკემბერში ვლადიმირ პუტინის ნათქვამი სიტყვები: „ომებს იგებენ არა სამხედრო ლიდერები, არამედ მასწავლებლები და მღვდლები“.
რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის დედობისა და ბავშვობის საპატრიარქო კომისიის თავმჯდომარის, მღვდელ ფიოდორ ლუკიანოვის აზრითაც, რუსეთში სატანიზმის წინააღმდეგ ბრძოლა აუცილებელია „არა მხოლოდ ამჟამინდელი, არამედ მომავალი თაობების დაცვისა და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად“. სასულიერო პირის თქმით, აუცილებელია „სატანიზმის ყველა გამოვლინების აღმოიფხვრა“:
„დასაწყისისთვის, საჭიროა აიკრძალოს მკითხაობისა და ოკულტური პრაქტიკის კურსები, ასევე ოკულტურ-მაგიური მომსახურების რეკლამირება, შემდეგ კი გადაიდგას ქმედითი ნაბიჯები ნამდვილი „სატანისტების“ წინააღმდეგ. „სკოლაში სროლას“, „სიკვდილის ჯგუფებს“, „ჩაილდფრის“ და უკვე აკრძალულ ლგბტ მოძრაობას - ყველას ერთი „მიზანთროპიული“ ფესვი აქვს - სატანიზმი. რუსეთში აკრძალულია ლგბტ მოძრაობა, რომელიც შეიცავს სატანიზმის ბევრ ნიშანს, მაგრამ თავად სატანიზმი არ არის აკრძალული. აუცილებელია სატანიზმის საერთაშორისო მოძრაობის ექსტრემისტულ ორგანიზაციად გამოცხადება, ისევე როგორც ეს გაკეთდა საერთაშორისო ლგბტ მოძრაობასთან დაკავშირებით“.
გენერალმა ვლადიმირ შამანოვმა „საერთაშორისო სატანიზმის“ თემა დაუკავშირა უკრაინასა და დასავლეთის ქვეყნებს. მისი აზრით, მაიდანი სატანისტური შეკრება იყო, რადგან „დასავლელი გარანტორები, დადებული შეთანხმებების პირობებში, ყველაფერს აკეთებდნენ იმისათვის, რომ გადატრიალების პირობები შეექმნათ“.
„სატანისტები ღიად გამოჩნდნენ რუსეთში ბოლშევიკების გამარჯვების შემდეგ, - განაცხადა დისკუსიის კიდევ ერთმა მონაწილემ რომან სილანტიევმა, მოსკოვის მორის ტორეზის სახელობის სახელმწიფო ენათმეცნიერების უნივერსიტეტის დესტრუქტოლოგიის ლაბორატორიის ხელმძღვანელმა, - ასე რომ, მადლობა საბჭოთა ხელისუფლებას იმისთვის, რომ სატანისტები გვყავს“.
მისივე თქმით, საჭიროა ენერგიული მოქმედება და სატანიზმთან დაკავშირებული ორგანიზაციების ჯერ არასასურველ, შემდეგ კი ექსტრემისტულ ორგანიზაციებად გამოცხადება:
„რა თქმა უნდა, აუცილებელია სატანისტებისთვის აუტანელი პირობების შექმნა. მათი რაოდენობა ნამდვილად დიდია, თუმცა არც რუსეთსა და არც მსოფლიოში მათ ერთიანი ცენტრი არასოდეს ჰქონიათ, თუმცა ეს მოძრაობა მაინც არსებობს. ზოგიერთი მისი წევრი თავს ათეისტად მიიჩნევს, სხვები სატანას აღიქვამენ ქრისტიანული გაგებით, ყველაზე საშიშები კი ისინი არიან, ვინც თაყვანს სცემენ ბნელ ძალებს. კანონმდებლები და სამართალდამცავები ისე უნდა მოიქცნენ, როგორი პრაქტიკაც არსებობს სხვა „ქვეყნის მტრებთან“ მიმართებით: ჯერ ერთი რომელიმე ორგანიზაცია უნდა გამოცხადდეს „არასასურველად“, შემდეგ კი მთლიანად „სატანიზმის საერთაშორისო მოძრაობა“ [არ არსებობს ასეთი მოძრაობა. რ.თ. ] უნდა გამოცხადდეს არა მხოლოდ ექსტრემისტულად, არამედ ტერორისტულადაც. „ეს საშუალებას მოგვცემს, მომავალში ავკრძალოთ უფრო საშიში მოძრაობები, მათ შორის - ვაჰაბიტური და მარქსისტული მოძრაობები“.
რუსეთის პირველი არხის სამხედრო ექსპერტმა ალექსანდრ არტამონოვმაც ვრცლად ილაპარაკა უკრაინაზე, სადაც, მისი აზრით, სატანიზმს ღრმად აქვს ფესვები გადგმული, რის მაგალითად დაასახელა ბატალიონი „აზოვი“, რომლის იდეოლოგიასაც „მხარს უჭერს ევროკავშირი“. სამხედრო ექსპერტის თქმით, ევროკავშირი ასევე სტიპენდიებს უხდის ცალკეულ უკრაინელ ავტორებს, რომლებიც დაკავებულნი არიან „აბრაამული რელიგიების საძირკვლის მორყევით“:
„საქმე გვაქვს შავი მზის კულტთან, რომელიც გულისხმობს, ძალაუფლების მოპოვებისა და შენარჩუნების მიზნით, ადამიანების სავალდებულო მსხვერპლშეწირვას. ეს არის ის, რის წინაშეც ჩვენ აღმოვჩნდით. უსულო ადამიანების გარკვეული ნაწილისთვის ეს მიმზიდველია და ეს მოწონებულია ევროკავშირის მიერ“.
ალექსანდრ არტამონოვის თქმით, შეუძლებელი იქნება ამ ბოროტებასთან გამკლავება ევროკავშირის დამარცხების გარეშე, თუმცა, მისივე თქმით, ბოროტების ფიზიკურად მოსპობაც გამოსავალი არაა:
„ჩვენ არ მოვაწყობთ წმენდებს, ლუსტრაციებს, დახვრეტებს, თუმცა, რა თქმა უნდა, ჩვენ გვექნება ამის უფლება, თუკი ზოგიერთი რეგიონი შემოგვიერთდება. ქრისტეს გარეშე შეუძლებელია პრობლემასთან გამკლავება. საჭიროა საზოგადოების "ქრისტიანიზაცია", მაგრამ სიკეთის ცივილიზებული მეთოდები უძლური იქნება, სიკეთეს უნდა ჰქონდეს ბასრი კბილები. მოგვიწევს „უკრაინის მოქალაქეების“ ხელახლა აღზრდის მძიმე და ხანგრძლივი პროცესის გავლა“.
რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ტელეკომპანიის, „სპასის“ წამყვანმა ანა შაფრანმა კი „მწვანე მოძრაობიდან“ მომდინარე საფრთხეებზე ილაპარაკა. მისი თქმით, „მწვანე დღის წესრიგის“ საფარქვეშ ვრცელდება „ეკოექსტრემიზმი ან ეკოტერორიზმი“:
„ბრძოლის მიზანია ადამიანის, როგორც ასეთის, გაქრობა პლანეტაზე, რადგან ადამიანები, მწვანეების აზრით, ზიანს აყენებენ სამყაროს, მის ფლორას და ფაუნას“.
ანა შაფრანმა ასევე ახსენა ევთანაზია, სქესის შეცვლა, „უშვილობის იდეოლოგია“ და აბორტი:
„ძალიან უცნაურია, როცა სახელმწიფო აცხადებს მთავარ ხაზად ტრადიციული ღირებულებების შენარჩუნებასა და მხარდაჭერას, ულტრალიბერალურ ბოროტებასთან ბრძოლას, სოციალურ ქსელებში კი ასეთი ბარდაკია. მემებიც (meme) კი, რომლებიც ბავშვთა შორის ვრცელდება, რაღაც საშინელებებია“.
"სპას" (СПАС) - პირველი საზოგადოებრივი, ფედერალური მართლმადიდებლური ტელეარხი, რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ყველაზე მსხვილი მისიონერული პროექტი. სპასი ქმნის პროექტების ბიბლიოთეკას ღმერთზე, ეკლესიის ცხოვრებაზე და ღვთის წინაშე მყოფი ადამიანის შესახებ. მაუწყებლობა დაიწყო 2005 წლის 28 ივლისს. ტელეარხის დამფუძნებლები არიან ალექსანდრ ბატანოვი (გარდაიცვალა 2009 წელს) და ივან დემიდოვი. ტელეარხის ძირითადი მფლობელია მოსკოვის საპატრიარქო.
ტატიანა ბუტსკაიას, სახელმწიფო სათათბიროს ოჯახის დაცვის, მამობის, დედობისა და ბავშვობის საკითხთა კომიტეტის წევრის თქმით, სატანიზმთან დაკავშირებით კომიტეტში საჩივრები რომ არ შედის, ამის მიზეზი სატანიზმის მიმიკრიის უნარია:
„ამის გამო ჩვენ ვებრძვით შედეგებს, არადა, ყველა უბედურებას აქვს დასაწყისი. ჩვენ უნდა მივიდეთ კონკრეტულ გადაწყვეტილებებამდე. ცოტა ხნის წინ, Telegram-ის არხებზე ვნახეთ ბავშვები, რომლებიც ცხოველებივით იქცეოდნენ: ოთხზე ხტებოდნენ, ნიღბებსა და კუდებს იკეთებდნენ. მერე აღმოჩნდება, რომ ისინი უარს ამბობენ თეფშიდან ჭამაზე, ითხოვენ კატისა და ძაღლის საკვებს და ა.შ. მოკლედ, აღარ არიან ადამიანები, არიან ნიღბები და ცხოველები. ამას სახელიც აქვს. რას თამაშობენ ჩვენი შვილები? კვადრობერები, ფურიები, თერიები, რატომ არის ეს სახიფათო? ასე შეიძლება გაქრეს ადამიანური ზნეობა, სიკეთისა და ბოროტების ცნება. გაბატონდება მხეცური პრინციპი: ვინც ძლიერია, ის მართალია“.
რუსი დეპუტატის თქმით, „კვადრობინგია, როცა ადამიანები ძაღლებივით და კატებივით დახტიან, ფურიები - როცა ნიღბებს იკეთებენ, მაგრამ ყველაზე საშიშია „თერიელები“, რომლებიც მთლიანად აიგივებენ საკუთარ თავს ცხოველებთან“.
„ამჟამად ვმუშაობთ ცვლილებებზე ინფორმაციის დაცვის შესახებ კანონის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილში. ბავშვებს არავინ დასჯის. მაგრამ თერიელთა შესახებ ინფორმაციის გავრცელება სოციალურ ქსელებში კანონით იქნება აკრძალული. ჩვენ ამ გზას დავადექით და ამ გზით მივაღწევთ გამარჯვებას“, - განაცხადა ტატიანა ბუტსკაიამ.
- თერიანთროპები (თერიები) - ახალგაზრდული სუბკულტურა, რომლის წარმომადგენლები საკუთარ თავს აიგივებენ გარკვეულ ცხოველებთან (ყველაზე ხშირად მგლებთან, მტაცებელ ან სხვა დიდ ბიოლოგიურ სახეობებთან). ფურიების სუბკულტურის მსგავსად, თერიანთროპები თანამედროვე კულტურაში ზოოანთროპომორფიზმის ერთი მაგალითია. ზოომორფულ გამოსახულებებს ძირითადად მიმართავენ ახალგაზრდები თინეიჯერულ ეტაპზე, როდესაც ადამიანი აწყდება თვითიდენტიფიკაციისა და ცხოვრებაში თავისი ადგილის არჩევის პრობლემას.
- ფურიები (furry, „ფუმფულა, ბეწვით დაფარული“) - ადამიანთა ჯგუფი დაინტერესებული ხელოვნებითა და კულტურით, დაკავშირებული ანთროპომორფულ ცხოველებთან - ადამიანის მსგავსი თვისებების მქონე არსებებთან. ფურიები ქმნიან კოსტიუმებსა და თვითგამოხატვის სხვა საშუალებებს ბუნების მოტივების გამოყენებით.
- კვადრობინგი/კვადრობიკა - ცხოველთა ქცევის კოპირება. furry სუბკულტურის ერთგვარი განშტოება, რომლის მიმდევრები ატარებენ ნიღბებს (მაგ. ძაღლის ან კატის), კუდებს და მოძრაობითაც ჰბაძავენ ცხოველებს.
კინომცოდნისა და ვგიკის (კინოს სახელმწიფო საკავშირო ინსტიტუტის) პედაგოგის ალექსანდრ სემენიუკის თქმით, ყველა კი საუბრობს უკრაინაზე, ევროკავშირსა და ამერიკაზე, მაგრამ სატანიზმის ყველაზე მნიშვნელოვანი გამავრცელებლები სხედან რუსეთის კულტურის სამინისტროსა და კინოფონდის ხელმძღვანელობაში, რომლებიც გასცემენ გრანტებს ისეთი „სატანური ფილმების“ შესაქმნელად, როგორიცაა „უკანასკნელი დევგმირი“, „ჩებურაშკა“ ან „ოსტატი და მარგარიტა“. კინომცოდნე ასევე აღშფოთებულია იმით, რომ ერთ-ერთი მულტფილმის ავტორებმა „უკვდავი კოშჩეის“ დადებითი იმიჯი შექმნეს.
მოძრაობა „კულტურული ფრონტის“ აღმასრულებელი კომიტეტის ხელმძღვანელმა ვიაჩესლავ ლეონტიევმა მოითხოვა არა მხოლოდ ადმინისტრაციული, არამედ სისხლისსამართლებრივი დევნის შემოღება „სატანიზმის იდეოლოგიის გავრცელების მიმდევრებისთვის“.
ცნობილი რუსი მწერლისა და ჟურნალისტის, ვიქტორ შენდეროვიჩის თქმით, სიმბოლური და ნიშანდობლივია ის, რომ სატანიზმის წინააღმდეგ ბრძოლისადმი მიძღვნილ მრგვალ მაგიდას გენერალი შამანოვი უძღვებოდა:
„სახელმწიფო დუმის სამოქალაქო საზოგადოების განვითარების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ყოფილა სწორედ ის გენერალი, რომელიც ცნობილია მრავალი სამხედრო „გმირობით“, მათ შორის ლტოლვილთა კოლონის დაცხრილვით (1999 წლის 29 ოქტომბერი, შაამი-იურტი) და სოფელ კატირ-იურტის განადგურებით (2000 წლის 4 თებერვალი). ოფიციალურად სამხედრო დამნაშავედაა ცნობილი სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით (2006 წ.). აი, ამ ხალხმა უნდა ასწავლოს რუსებს სატანიზმთან ბრძოლა, მათი ხელმძღვანელობით სამოქალაქო საზოგადოება უკვე აშენებულია“.
კიდევ ერთი ცნობილი ჟურნალისტი ალექსანდრ ნევზოროვი ირონიულად შენიშნავს, რომ კრემლი ოფიციალურად წყვეტს დიპლომატიურ ურთიერთობას ჯოჯოხეთთან:
„როგორც ჩანს, გაურკვეველი მიზეზების გამო, პუტინის რეჟიმს გაუფუჭდა ხანგრძლივი და ძმური ურთიერთობა ბელზებელთან. სახელმწიფო სათათბიროში რამდენიმე დეპუტატმა ომი გამოუცხადა თავის ძველ და გამოცდილ პარტნიორს, სატანას, სატანიზმსა და მის მთელ ატრიბუტიკას. მიზეზები უცნობია“.
სოციალური ქსელების რუსულ სეგმენტში შიშობენ, რომ დეპუტატების აქტიურობა სათანადო შედეგს გამოიღებს.
„სატანიზმის საერთაშორისო მოძრაობას“ ექსტრემისტულ ორგანიზაციად გამოაცხადებენ. ინიციატივის ავტორების თქმით, ბუზოვა და კირკოროვი სატანისტების კრიტერიუმებს ერგებიან. თუ არ მოგწონს ამ მომღერლების ქცევა, Რა უნდა ქნა? სწორია, სატანისტებად უნდა გამოაცხადო. თუ არ დაეთანხმები, მაშინ შენც სატანის მსახურად გამოგაცხადებენ“, - წერს სოციალურ ქსელ X-ის ერთ-ერთი მომხმარებელი.
ფორუმი