Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„რუსეთი ოკუპანტია“ - ქვითარზე დაწერილი გზავნილი ხობიდან


წარწერა ქვითარზე „რუსეთი ოკუპანტია“
წარწერა ქვითარზე „რუსეთი ოკუპანტია“

რუსეთი ოკუპანტია, - ასეთი წარწერა აქვს ხობში, სტალინის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ მაღაზიაში, გადახდის ქვითარს. წარწერა, რომელიც ქართულთან ერთად ინგლისურადაცაა დატანილი, ობიექტის მესაკუთრეთა გზავნილია საზოგადოებისთვის, რათა კიდევ ერთხელ შეახსენონ მათ რუსული ოკუპაციის შესახებ.

გადმოწერა

მაღაზიის მფლობელი როლანდ სერგია რადიო თავისუფლებასთან საუბარში აცხადებს, რომ სავაჭრო ობიექტი „მაფერი“ ოჯახმა ორი წლის წინ გახსნა, ქვითარზე მსგავსი წარწერის დატანის გადაწყვეტილებაც მაშინვე მიიღეს. მიუხედავად ამისა, აქციის შესახებ საზოგადოების დიდმა ნაწილმა მხოლოდ რამდენიმე დღის წინ შეიტყო - მას შემდეგ, რაც გადახდის ქვითარი სოციალურ ქსელში როლანდ სერგიას მეგობარმა გამოაქვეყნა.

როლანდ სერგია
როლანდ სერგია

„აუცილებელი და მნიშვნელოვანია, ყველაფერს თავისი სახელი დავარქვათ, ამ შემთხვევაში მტერს - მტერი, ოკუპაციას - ოკუპაცია და .. შესაბამისად, მიმაჩნია, რომ ჩვენ ერთი აგური დავდეთ იმ დიდ საქმეში, რასაც ერთიანობა და მთლიანობა ჰქვია“, - თქვა 29 წლის როლანდ სერგიამ, რომელიც აგვისტოს ომში, როგორც რეზერვისტი, მონაწილეობას იღებდა.

მისი სიტყვებით, ის დაბომბვის ეპიცენტრშიც იმყოფებოდა და საკუთარ თავზე აქვს განცდილი „რუსული ოკუპაციის“ საფრთხე. მაღაზიის მფლობელი ამბობს, რომ ტექნიკური თვალსაზრისით ქვითარზე მსგავსი წარწერის დატანა მარტივია და ნებისმიერ მსურველს შეუძლია ჩაერთოს ამ აქციაში.

ძალიან მარტივია ამის გაკეთება. სადაც სალარო აპარატებს არეგისტრირებენ, იქ რომ მიხვალთ, ეტყვით და დააწერენ“, - განაცხადა მაღაზიის მფლობელმა.

მაღაზია
მაღაზია

მაღაზიაში შესულ მომხმარებელთა დიდი ნაწილი ამბობს, რომ ქვითარზე წარწერას საერთოდ არ აკვირდებიან და აქციის შესახებ არაფერი იცოდნენ. რესპონდენტთა დიდი ნაწილი გზავნილის შინაარსს იზიარებს და აქციას მიესალმება.

„რუსეთი ოკუპანტია, სხვა დანარჩენი ჩვენი საქმე არ არის. ეს უკვე პოლიტიკაა“;

„ვიზიარებ. ოკუპანტია, აბა, რა! ბევრი რამე დაუშავა ჩვენს ქვეყანას“;

„რუსეთის მიმართ ცუდად ვარ განწყობილი. რაც გვჭირს, ყველაფერი რუსეთმა დაგვმართა ჩვენ. ჩემი სახლი წაიღო და ოკუპანტია, აბა, რა!“, - უთხრეს რადიო თავისუფლებას ხობში გამოკითხულმა რესპონდენტებმა.

როლანდ სერგია იმედოვნებს, რომ აქციით მეწარმეებიც დაინტერესდებიან და ჩაერთვებიან რუსული ოკუპაციის წინააღმდეგ პროტესტის გამოხატვაში.

XS
SM
MD
LG