ისინი, ვინც მანქანის ძველი ნომერი ახლით შეცვალა, პრობლემებს აწყდებიან - პარკინგის საშვი, რომელიც ძველ ნომერზე ჰქონდათ აღებული, ახალზე აღარ მოქმედებს.
„პარკირების ერთწლიანი საშვი მქონდა, კიდევ 3 თვე მშვიდად უნდა გამეჩერებინა მანქანა, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ახალ ნომერზე ეს საშვი აღარ მოქმედებს. 17 მარტს გამოვცვალე ნომრები და 19 მარტს ქალაქში მანქანა რომ დავაყენე, ჯარიმის ქვითარი დამხვდა. ჩემს მეგობარსაც იგივე დაემართა, ახალი ნომერი აიღო, პარკირების საშვი გაუუქმდა და ზედ კიდევ 10 ლარით დააჯარიმეს”, - ამბობს ნინო, რომელმაც „გზის სავალ ნაწილზე პარკირების წესების დარღვევისთვის“ ათლარიანი ჯარიმა გადაიხადა და პარკირების საშვიც თავიდან შეიძინა.
თბილისის პარკირებისთვის სამი სახის საშვი არსებობს: ერთკვირიანი საშვი 4 ლარი ღირს, ექვსთვიანი - 25 ლარი, ერთწლიანი - 50 ლარი. თუ რომელიმე ეს საშვი არა გაქვს და მანქანას პარკინგზე მაინც დააყენებ, 10 ლარით გაჯარიმებენ.
თბილისის სატრანსპორტო სამსახურში განმარტავენ, რომ თავდაპირველად, საშვს რომ ახალი ნომრების აღების შემთხვევაშიც ემოქმედა, მძღოლს განცხადება უნდა დაეწერა, მაგრამ უკვე რამდენიმე დღეა ჩაირთო პროგრამა, რომელსაც პარკირების საშვის მონაცემები ძველი ნომრიდან ახალზე გადააქვს. განახლება ავტომატურად ხდება, ოღონდ ღამის 12 საათზე. შესაბამისად, მძღოლი შეიძლება მაინც დააჯარიმონ იმ რამდენიმე საათის განმავლობაში, როდესაც მონაცემები ჯერ განახლებული არ არის.
დაჯარიმებულ პირს ჯარიმის გასასაჩივრებლად შეუძლია განცხადებით მიმართოს თბილისის სატრანსპორტო პოლიციას (სადგურის მოედანი N2) ან თბილისის პარკინგის სერვისცენტრს (გოგი ცაბაძის N8). ამ შემთხვევაში მის საშვს (მასზე დარიცხული თანხიანად) ახალ ნომერზე გადაიტანენ.
უშუალოდ ნომრების შეცვლის ვადა სატრანსპორტო საშუალებებზე 31 მარტს იწურება. ძველ ნომერზე სამი ციფრი და სამი ასოა დატანილი, ახალზე კი - სამი ციფრი და ოთხი ასო. ახალი ნომრები ევროპული სტანდარტისაა და საზღვარგარეთ მგზავრობას აიოლებს. გარდა ამისა, მათ მეტი დამცავი საშუალება აქვთ.
მას, ვინც აპრილამდე ნომრის შეცვლას ვერ მოასწრებს, ძველი ნომრით ქუჩაში მოძრაობის უფლება აღარ ექნება. ამ შემთხვევაში მეპატრონემ მანქანა სახლში უნდა დატოვოს, ძველი ნომერი მომსახურების ცენტრში ტექნიკურ პასპორტთან ერთად მიიტანოს, ჩააბაროს და ახალი მიიღოს.