ფორმალურად დირექტორებს სკოლის სამეურვეო საბჭოები შეარჩევენ, მაგრამ სინამდვილეში მათ ასარჩევი არაფერი აქვთ. სამინისტრომ სკოლების უმეტესობაში ერთი კანდიდატი წარადგინა და თუ საბჭო მათ არ აირჩევს, მინისტრს აქვს უფლება, პირდაპირი წესით დანიშნოს მისთვის სასურველი კანდიდატი.
მასწავლებლები, ვინც ჯერ დირექტორობის სერტიფიკატის მოსაპოვებელ კონკურსში გაიმარჯვეს, შემდეგ კი გადალახეს როგორც ტესტირების, ისე გასაუბრების პროცესი, ახლა სამინისტროს სთხოვენ ახსნას, როგორ დარჩნენ ისინი ბოლო ეტაპის მიღმა.
საქართველოში სულ 2086 საჯარო სკოლაა და მათ უმეტესობას წლებია დირექტორის მოვალეობის შემსრულებლები მართავენ. ქვეყანა დირექტორების არჩევნებს რამდენიმე წელია ელოდება.
კონკურსს სახარბიელო სასტარტო პირობები არ ჰქონდა. სკოლების 38%-ში არცერთი დირექტორობის კანდიდატი არ დარეგისტრირებულა, 43%-ში კი მხოლოდ ერთი კანდიდატი იყო, თუმცა, ამის მიუხედავად, სახელმწიფოს შეეძლო გამოეყენებინა იმ 1409 სერტიფიცირებული კანდიდატის რესურსი, ვინც კონკურსში მონაწილეობდა. ამის ნაცვლად განათლების სამინისტრომ კონკურსიდან გამოთიშა 482 სერტიფიცირებული კანდიდატი, 382 სკოლაში კი, სადაც ერთზე მეტი კანდიდატი იყო, სამინისტრომ არჩევანის შესაძლებლობა გააუქმა და მხოლოდ ერთი კანდიდატი წარადგინა.
“არის თუ არა განათლების სისტემაში ერთკანდიდატიანი არჩევნები იმის მცდელობა, რომ საზოგადოებისთვის ნაცნობი და ჩვეულებრივი სურათი გახდეს არჩევნები არჩევანის გარეშე?” - ამ კითხვაზე სკოლის დირექტორების კანდიდატებს პასუხის გაცემა უჭირთ, თუმცა გადაჭრით ამბობენ, რომ ასეთი პროცესი ვერ იქნება კარგი გაკვეთილი დემოკრატიისთვის და მათ ამის შემდეგ უფრო გაუჭირდებათ საკუთარი მოსწავლეებისთვის იმის ახსნა, რომ განათლება და კვალიფიკაცია მნიშვნელოვანია და ადამიანის უფლებები - უნივერსალური.
დირექტორობის სერტიფიცირებულმა კანდიდატმა, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა ბოლნისიდან, გიორგი ჭაუჭიძემ იცის, რატომ დარჩა კონკურსს მიღმა. 2019 წელს მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი პარტია “გირჩის” წევრია.
“თუკი ერთ კომისიასთან დავაკმაყოფილე ეს კრიტერიუმები, მეორე კომისიასთან როგორ ვეღარ დავაკმაყოფილე? ჩემი ვარაუდია, რომ კომისია არ იღებს გადაწყვეტილებას და ეს არის პრობლემა. ჩემთვის მიუღებელი ის არის, რომ ეს ყველაფერი არ არის გამოცხადებული. იყოს გამოცხადებული, რომ დირექტორად უნდა აირჩეს ადამიანი, ვინც გაივლის სხვადასხვა საფეხურს არა მხოლოდ სამინისტროში, არამედ სუს-შიც და ამის შესახებ ყველას ეცოდინება. თამაშის წესები [მაინც] იქნება გარკვეული“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას გიორგი ჭაუჭაძე.
ერთ-ერთი საუკეთესო მასწავლებელი ფიქრობს, რომ თავის მოტყუებას, თითქოს სკოლის დირექტორებს სამეურვეო საბჭოები ირჩევენ, ისიც კი აჯობებს, მინისტრი პირდაპირ რომ ნიშნავდეს მისთვის მისაღებ კანდიდატებს. მან სამი სკოლა დაასახელა, სადაც სიამოვნებით იმუშავებდა დირექტორად: მარნეულის მე-2 საჯარო სკოლა, სადაც თითქმის 6 წლის განმავლობაში იყო პედაგოგი, თბილისის ვეკუას სახელობის სკოლა და ჭიათურის პირველი საჯარო სკოლა.
“გვეუბნებიან, რომ არჩევნები ტარდება. ერთი კანდიდატი წარადგინე და სად არის აქ არჩევნები?
…მაქვს პროტესტი და ძალიან ბევრი კითხვა, რომლებზეც პასუხებს ვეძებ და ვერ ვპოულობ. შევქმენით საინიციატივო ჯგუფი და ვცდილობთ რამენაირად დავუკავშირდეთ მინისტრს და მან ჩანიშნოს ჩვენთან შეხვედრა, გვაინტერესებს, რატომ მოხდა ეს. მინისტრმა ბრძანა, რომ სკოლების 70%-ში იყო თითო კანდიდატი და ბუნებრივია, რომ ერთი კანდიდატი წარადგინეს, მაგრამ იმ 30%-ში, სადაც ერთზე მეტი კანდიდატი იყო, რატომ არ მისცეს სამეურვეო საბჭოებს არჩევანის საშუალება”, - ეუბნება რადიო თავისუფლებას ქეთი ცირეკიძე.
ქეთი ჩხოროწყის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაფიჩხოვოს სკოლაში მე-13 წელია ქართულ ენას და ლიტერატურას ასწავლის. დირექტორის სერტიფიკატი 2023 წელს აიღო და იმავე სკოლის დირექტორი უნდა გამხდარიყო, სადაც ახლა ასწავლის. მის სკოლაში დირექტორის არჩევნებზე სამინისტრომ წარადგინა კანდიდატი, რომელიც 2012 წლიდან საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეა „ქართული ოცნების“ კვოტით და სკოლაში ბუღალტრად მუშაობს. ქეთი ვერ იგებს, რა შეიცვალა იმ რამდენიმე თვეში, როცა მან, როგორც ღირსეულმა კანდიდატმა, სერტიფიკატი მიიღო იმ დრომდე, როცა სამინისტრომ მას არჩევნებში მონაწილეობის უფლება აღარ მისცა.
“სასკოლო ცხოვრება მინდოდა გამეხადა უფრო საინტერესო, შემოქმედებითი, პროდუქტიული და ეს რუტინული ცხოვრება, რაც დღეს სკოლებშია, შეცვლილიყო. მინდოდა ბავშვის ინტერესებზე ყოფილიყო მორგებული სკოლა, ვაპირებდი მშობლებთან და ბავშვებთან თანამშრომლობით დამეგეგმა სკოლის მართვა და არა ერთპიროვნულად, როგორც ხდება. მინდოდა, სამასწავლებლოში რომ შევიდოდი, დამენახა, როგორ აკეთებენ მასწავლებლები პროექტებს, ფუსფუსებენ და ზრუნავენ იმაზე, როგორ იყოს სკოლა უკეთესი ხვალ - მართლა ძალიან მინდოდა“, - ამბობს ქეთი, როცა ვეკითხებით რატომ იყო მისთვის საინტერესო დირექტორობა. ამ პოსტზე პასუხისმგებლობა და სამუშაო უზარმაზარია, ხელფასი დაბალი. ეს იყო ერთ-ერთი მთავარი პრობლემა, რის გამოც კარგი სპეციალისტები სკოლებში დირექტორის კონკურსით არ დაინტერესდნენ.
“ახლა მეუბნებიან, აბა, რა გეგონა, რატომ გაგიცრუვდა ასე იმედიო და რა ვიცი, მეგონა, რომ ახალი მინისტრი მოვიდა, ახალი ხედვებით, იდეებით, მქონდა ობიექტურობის მოლოდინი”, - ამბობს ქეთი, რომელიც ცდილობს პოლიტიკაზე არ ილაპარაკოს, თუმცა ბოლომდე მაინც არ გამოსდის.
“ამას [არჩევნებში მიზანმიმართულად მმართველი პარტიის დახმარებას - რ.თ.] ვერ გავაკეთებდი და შეიძლება იფიქრეს, მოდი, ვინც გააკეთებს, ის იყოს”, - ამბობს ქეთი.
“კატეგორიულად მიუღებელია ამ პროცესის რაიმე ნიშნით პოლიტიზირება ან ჩირქის მოცხება. არავის, არცერთ კანდიდატს, არცერთ ორგანიზაციას თუ არცერთ პიროვნებას არ უთქვამს, რომ კონკურსი რაიმე ფორმით მიკერძოებული, სუბიექტური ან არასამართლიანია”, - თქვა განათლების მინისტრმა 8 ოქტომბერს სამინისტროს მიმართ გამოთქმული უკმაყოფილების პასუხად.
გიორგი ამილახვრის ეს განცხადება ფაქტობრივ უზუსტობას შეიცავს. კონკურსის პროცესში კანდიდატებმა არა მხოლოდ გაუმჭვირვალე პროცესზე ილაპარაკეს, 2023 წლის ივლისში 27-მა კონკურსანტმა სამინისტოროს სასამართლოში უჩივლა. დირექტორობის მსურველები სერტიფიცირების მეორე ეტაპის - გასაუბრების შედეგების ბათილად ცნობასა და მის ხელახლა, სამართლიან გარემოში, გამართვას ითხოვენ.
ერთ-ერთი მოსარჩელე მაია ეკალაძეა, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი. დირექტორების კანდიდატების 2023 წლის კონკურსი მისთვის მესამე ცდა იყო, რომელსაც მეორე ეტაპიდან გამოეთიშა - სამინისტროს კომისიამ გასაუბრების შემდეგ უარი უთხრა შემდეგ ეტაპზე გადასვლაზე. მაია ამბობს, რომ ამ ხარვეზებიან პროცესში, სადაც კანდიდატების შეფასების კრიტერიუმებიც კი არ იყო წინასწარ ცნობილი და კომისიის წევრებიდან მხოლოდ ერთი სვამდა კითხვებს, წინასწარ იყო ყველა იმ მასწავლებლის ბედი გადაწყვეტილი, “ვინც მართლა მათი დროშის მოფრიალე არ არის”.
მაიას პარტიის მხარდამჭერი საქმიანობა დირექტორის პოსტის სანაცვლოდ რამდენიმე წლის წინ შესთავაზეს. ჰყვება, რომ 2014 წელს “ქართული ოცნების” ოფისში უცნობმა ქალმა დაიბარა და მოსთხოვა, ეთქვა, რომ წლების წინ იმ სკოლის დირექტორმა, სადაც მუშაობდა, “ნაციონალური მოძრაობის” მოთხოვნით გაათავისუფლა, როგორც მათი ოპონენტი.
მაია მართლაც გაათავისუფლეს მასწავლებლობიდან, მაგრამ არა პოლიტიკური პოზიციის, არამედ ყოფილ დირექტორთან პროფესიული კონფლიქტის გამო. მას შემდეგ, რაც მასწავლებელმა უარი თქვა უცნობის დავალების შესრულებაზე და ტყუილის თქმაზე, მისთვის დირექტორობისკენ მიმავალი გზა ჩაიკეტა.
“მაია ეკალაძე იქნება თუ არა დირექტორი, ამას სასიცოცხლო მნიშვნელობა არ აქვს. კონკურსის შემთხვევაში ჩემი დაწუნება საერთოდ არ არის პრობლემა, პრობლემა არის კონკურსის არარსებობა”, - ეუბნება რადიო თავისუფლებას მაია. ის თვლის, რომ კონკურსის ბედი რეალურად თავიდანვე იყო გადაწყვეტილი, უბრალოდ სამინისტრო ცდილობდა ამ პროცესში ნაკლები რეპუტაციული ზიანით გამოსულიყო.
“სამეურვეო საბჭოების მიერ სკოლის დირექტორების არჩევნები გახდა დემოკრატიობანას თამაში, მასკარადი. სკოლები, ცხადია, არ იმართება დემოკრატიულად და ეს პროცესი სულ ასეთი იქნება, თუ არ შესუსტდება განათლების და მეცნიერების სამინისტროს ჩართულობა ამ პროცესში. საზოგადოებისთვის უკვე სრულიად ცხადია, რომ ჯერ გასაუბრების ეტაპზე ხდება არასასურველი კადრების დაბლოკვა, მაგრამ ახლა კიდევ უფრო სასაცილო მდგომარეობაში იგდებს სამინისტრო თავს, როცა მათ მიერ სერტიფიცირებულ კადრებს საშუალებას არ აძლევს, მონაწილეობა მიიღოს არჩევნებში და ეს იმის ფონზე, როცა სერტიფიცირებული დირექტორობის კრიზისია”, - გვეუბნება თამარ მოსიაშვილი, განათლების ექსპერტი.
ის თვლის, რომ გამოსავალი სკოლების დეცენტრალიზებულ მართვაში იქნებოდა, თუმცა რთულად წარმოუდგენია, რამ შეიძლება აიძულოს სამინისტრო უარი თქვას სისტემის ყოვლისმომცველ კონტროლზე.
განათლების კოალიციამ 12 ოქტომბერს სამინისტროს შექმნილი ვითარებიდან გამოსავლად ამ სამი მოთხოვნის შესრულება დაუსახა:
- საკითხის დეტალური განხილვის მიზნით, უზრუნველყოს შეხვედრები დაინტერესებულ მხარეებთან და წარმოადგინოს აღნიშნული გადაწყვეტილებების არგუმენტაცია და მოტივაცია;
- სამეურვეო საბჭოებს წარუდგინოს ყველა სერტიფიცირებული კანდიდატი;
- მოკლე ვადაში შეიქმნას სპეციალური კომისია, რომელსაც დაევალება აღნიშნული პროცესის მონიტორინგი. პროცესის ლეგიტიმურობის მიზნით, მნიშვნელოვანია, რომ კომისია დაკომპლექტებული იყოს როგორც საჯარო, ისე საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლების და სხვა დაინტერესებული მხარეების მიერ. გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად, პირველ ეტაპზე, მნიშვნელოვანი იქნება შეთანხმება კომისიის შემადგენლობაზე, საქმიანობის ფორმატსა და წესზე.
“უკონკურენტო გარემოში სკოლის დირექტორთა კანდიდატების წარდგენის მიმდინარე პროცესი აჩენს ლეგიტიმურ ეჭვებს, რომ ხელისუფლების სავარაუდო მიზანი მმართველი პარტიისადმი ლოიალურად განწყობილი სკოლის დირექტორების გამწესებაა, რათა ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე მარტივად შეძლოს. დირექტორთა კანდიდატების წარდგენისას გადამწყვეტი მათი კომპეტენცია და კვალიფიკაცია უნდა იყოს და არა მმართველი პარტიისადმი კეთილგანწყობა”, - ასე გამოეხმაურა 12 ოქტომბერს დირექტორების არჩევნებს საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო. ამ არასამთავრობო ორგანიზაციამ 2022 წელს გამოაქვეყნა მამხილებლის მიერ მიწოდებული დოკუმენტების ანალიზით ჩატარებული კვლევა, სადაც პოლიტიკური ნიშნით დირექტორების დისკრიმინაციის არაერთი ფაქტი იყო მოყვანილი.
კვლევის მიხედვით ასეთი სურათი იხატებოდა: მმართველი პარტია, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან ერთად, დირექტორების შესახებ პოლიტიკურ დოსიეებს ადგენდა და ამ ინფორმაციაზე დაყრდნობით წარმართავდა საკადრო პოლიტიკას.
2020 წლის შემოდგომიდან 2021 წლის აგვისტომდე განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ მინიმუმ 112 საჯარო სკოლის დირექტორი უფლებამოსილების ვადის გასვლის შემდეგ დირექტორის მოვალეობის შემსრულებლად აღარ დანიშნა, მათგან 95 დირექტორი ფიგურირებდა მამხილებლის მიერ მოწოდებულ დოკუმენტებში: სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური 89 გათავისუფლებულ დირექტორს აფასებდა უარყოფითად, მმართველი პარტია - 80 დირექტორს, ხოლო საგანმანათლებლო რესურსცენტრები - 29-ს.
დირექტორების არჩევნებს 2022 წელს წინ უძღოდა რექტორების ერთკანდიდატიანი „არჩევნები“ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და სამხატვრო აკადემიაში. წინაა რექტორის არჩევნები კონსერვატორიაში, სადაც უკვე დაფიქსირდა კულტურის სამინისტროს ჩარევის ფაქტი.
„ჩვენ, სამწუხაროდ, კონსერვატორიაში გვყავს აბსოლუტურად არასერიოზული რექტორი, რომელსაც 21 ოქტომბერს გასდის უფლებამოსილების ვადა და ვვარაუდობ, რომ მას შესაძლოა ჰქონდეს სურვილი, კიდევ ოთხი წლით, რისი უფლებაც კანონით აქვს, გააგრძელოს რექტორობა. ასეთი რექტორის პირობებში კონსერვატორია მიდის პირდაპირ კედელში. არავითარი განვითარება მის პირობებში კონსერვატორიას არ ექნება, იმისთვის რომ სტუდენტს, პროფესორს ჰქონდეს ის, რაც სჭირდება, ამის ლოკომოტივად კონკრეტული ადამიანი არ გამოდგება”, - თქვა თეა წულუკიანმა 12 ოქტომბერს ხელისუფლების მიმართ ლოიალურად განწყობილი ტელეკომპანია “იმედის” ეთერში და კონსერვატორიის აკადემიური საბჭოსგან თანამშრომლობა მოითხოვა.