Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

როგორ (ვერ) კონტროლდება ადამიანი თვითიზოლაციაში


13 მარტის მონაცემებით საკარანტინო ზონებში საქართველოს სხვადასხვა ქალაქიდან 12 ადამიანი იძულებით გადაიყვანეს. მოქალაქეები, რომლებიც თვითიზოლაციის წესებს არღვევდნენ, საპატრულო პოლიციის ეკიპაჟებმა “აღმოაჩინეს” ხარაგაულში, თბილისში, ქუთაისში, მარნეულში, ქობულეთსა და ბათუმში.

ის, რომ მოქალაქეები თვითიზოლირების რეჟიმს არღვევდნენ და მათ გაკონტროლებაში შს სამინისტროს თანამშრომლების ჩართულობა აუცილებელი იყო, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ 12 მარტს კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედი უწყებათაშორისი საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. რადიო თავისუფლება მას შემდეგ ცდილობს შინაგან საქმეთა და ჯანდაცვის სამინისტროებიდან მიიღოს პასუხი რამდენიმე კითხვაზე:

  • როგორ ხდება თვითიზოლირებული პირების აღრიცხვა და დარღვევის შემთხვევების გამოვლენა?
  • როგორ თანამშრომლობენ სახელმწიფო უწყებები?
  • რამდენად ფართოა სია იმ პირების, ვინც თვითიზოლაციაში მყოფი ადამიანების შესახებ იციან და როგორ იცავს სახელმწიფო მათ პერსონალურ მონაცემებს?
  • როგორ აპირებს სახელმწიფო თვითიზოლირებული პირების კონტროლს მაშინ, თუკი მათი რაოდენობა მკვეთრად გაიზრდება.
  • როგორ ამოწმებს პოლიცია მოსახლეობის ზარებს, რომლებიც თვითიზოლაციის ფაქტების დარღვევის შესახებ პოლიციას ატყობინებენ
  • რა ელის პირს რომელიც თვითიზოლაციის წესებს დაარღვევს და შექმნის კორონავირუსის გავრცელების საფრთხეს - მხოლოდ იძულებით კარანტინში გადაყვანა?

თვითიზოლაციის წესების დარღვევასთან დაკავშირებით 13 მარტს შინაგან საქმეთა სამინისტროში ბრიფინგიც გაიმართა, თუმცა ჩამოთვლილ კითხვებზე პასუხები მაინც გაუცემელი რჩება.

პარალელურად ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ სხვადასხვა მისამართზე მაღალი რისკის მქონე ქვეყნებიდან დაბრუნებული ადამიანები არ იცავენ თვითიზოლაციის წესებს და საფრთხეს უქმნიან გარშემომყოფებს. ის, რომ პასუხები თვითიზოლირებული პირების კონტროლის მექანიზმზე სახელმწიფო უწყებების მხრიდან მკაფიოდ განმარტებული არ არის, რიგ შემთხვევაში საზოგადოების შიშებს ამძაფრებს.

ვისთვის არის სავალდებულო თვითიზოლაცია?

თვითიზოლაცია სავალდებულია იმ პირებისთვის, თუ არ უფიქსირდება ტემპერატურული რეაქცია და არ აქვს ვირუსის სხვა სიმპტომები, მაგრამ ბოლო 14 დღის განმავლობაში იმოგზაურა მაღალი რისკის ქვეყანაში და შესაძლო კონტაქტი ჰქონდა ინფიცირებულ პირთან ან იმყოფებოდა ინფექციურ დაწესებულებაში კორონავირუსზე ეჭვით და დიაგნოსტიკური კვლევით არ დაუდასტურდა ვირუსის არსებობა. იზოლაციის პერიოდი განსაზღვრულია 14 დღით და გულისხმობს თვითიზოლაციას ან კარანტინს.

ამ ეტაპზე ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების მაღალი რისკის ქვეყნებია ჩინეთი, ირანი, იტალია, სამხრეთ კორეა, გერმანია, ესპანეთი, ავსტრია და საფრანგეთი.

კონტაქტირებული პირების სიმპტომების მონიტორინგი შესაძლებელია ჩატარდეს მათთან ვიზიტით ან ვირტუალურად ან ტელეფონის საშუალებით;

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის 24 იანვარს გამოცემული ბრძანების მიხედვით, “მაღალი რისკის კონტაქტების ჯანმრთელობის მდგომარეობის შემოწმება სავალდებულია დღეში ორჯერ, სპეციალური კითხვარის მეშვეობით პირისპირ ინტერვიუირების გზით; დაბალი რისკის კონტაქტების - დღეში ერთხელ სატელეფონო ან პირისპირ ინტერვიუირების გზით; ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტს ევალება ასევე კონტაქტების ინფორმირება რისკების, დაავადებების სიმპტომების, პირველადი მიმართვის დაწესებულებებისა და სხვა მნიშვნელოვანი საკონტაქტო ინფორმაციების მიწოდება.”

5 მარტის მონაცემებით, თვითიზოლირებულ მოქალაქეების სახლებთან დაცვა არ იდგა და დაიცავდნენ თუ არა ისინი წესებს, სრულიად მათ სამოქალაქო პასუხისმგებლობაზე იყო დამოკიდებული.

რა წესები მოქმედებს თვითიზოლაციისას?

  • თვითიზოლაციის სივრცეში აკრძალულია ვიზიტორების და სტუმრების მიღება;
  • დასაშვებია არაპირდაპირი კონტაქტით საკვების გადაცემა.
  • საცხოვრებელ სივრცეში მყოფ სხვა ადამიანებთან კონტაქტის მინიმუმამდე შეზღუდვა. 1 მეტრზე ახლო კონტაქტი 15 წუთზე დიდ ხანს არაა დასაშვები.
  • იზოლაციის პერიოდში განცალკევებული ჭურჭელის (ჭიქა, თეფში, კოვზი და ა.შ.), პირსახოცის, საწოლის ქონა;
  • სატელეფონო კავშირი და ინტერნეტით სარგებლობა არაა შეზღუდული:
  • თვითიზოლაციის პერიოდის განმავლობაში საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესაბამისი უწყებები განახორციელებენ მონიტორინგს. ჯანმრთელობის მონიტორინგი შეიძლება განხორციელდეს უშუალო კონტაქტის გარეშე - ტემპერატურის თვითგაზომვით, სიმპტომების გამოვლენისას - თვითანგარიშგებით;
  • ცხელების და ან რესპირატორული ვირუსული ინფექციის მსგავსი კლინიკური ნიშნების შემთხვევაში, ინფექციური პროფილის სტაციონარისთვის დაუყოვნებლივ მიმართვა;
  • არაგადამდები დაავადების (მაგ; ქირურგიული, გინეკოლოგიური და სხვა) სასწრაფო სტაციონარული სამედიცინო დახმარების საჭიროების შემთხვევაში, კლინიკაში ტრანსპორტირება განხორციელდება სპეციალური ავტოტრანსპორტით, და სტაციონარში განთავსება ბოქსირებულ პალატაში საიზოლაციო პერიოდის ვადის გასვლამდე;
  • თამბაქოს, ალკოჰოლის ან სხვა ნივთიერებების გამოყენებისგან თავის შეკავება;
  • ცხოვრების ჯანსაღი წესის დაცვა - ჯანსაღად კვება, დასვენება, ფიზიკური აქტივობა და სოციალური კონტაქტის შენარჩუნება ძვირფას ადამიანებთან; სახლში და ტელეფონით ან ელექტრონული ფოსტით ოჯახის სხვა წევრებსა და მეგობრებთან კონტაქტი;

გახსოვდეთ ისიც, რომ კრიზისის დროს, სევდა, ბრაზი, სტრესი, დაბნეულობა ან შიში ნორმალურია. ასეთ დროს დაგეხმარებათ საუბარი ისეთ ადამიანებთან, ვისაც ენდობით. დაუკავშირდით ოჯახის წევრებს, მეგობრებს და გაითვალისწინეთ, ისიც, რომ თქვენი იზოლაციით ზრუნავთ მათ უსაფრთოხებაზე.

13 მარტის მონაცემებით, კარანტინში 245 ადამიანი იმყოფება.

XS
SM
MD
LG