31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების წინ კიდევ ერთხელ კრიტიკული თვალით შევხედოთ მრავალფეროვანი პარლამენტის არჩევის მნიშვნელობას. ამ სტატიის ადრესატი, პირველ რიგში, არის პოლიტიკოსთა და ამომრჩეველთა ის ნაწილი, რომელიც ან აწმყო დროში უჭერს ოლიგარქიულ მმართველობას მხარს ან მომავალში „ნაციონალური მოძრაობის“ ერთპიროვნული მმართველობის აღდგენაზე ოცნებობს.
საქართველოში ზოგჯერ ისე ხდება, რომ ჩვენი საზოგადოების ერთ ნაწილს კონკრეტული მმართველის პიროვნება და იდეოლოგია არ მოსწონს, მაგრამ თავად ავტორიტარული მართვის სტილი პრობლემად არ მიაჩნია. მაგალითად, ზოგიერთ ადამიანს არ მოსწონდა სააკაშვილი, როგორც ავტოკრატი, მაგრამ იმავე ადამიანებს არაფერი აქვთ ოლიგარქ ივანიშვილის საწინააღმდეგო (და პირიქით, ზოგიერთები ივანიშვილის ოლიგარქიას აკრიტიკებენ, მაგრამ თან, სააკაშვილის ავტოკრატიის აღდგენას სერიოზულად განიხილავენ). ერთი სიტყვით, ჩვენ ზოგჯერ პიროვნებების ავკარგიანობაზე ვმსჯელობთ და არა ავტორიტარულ მმართველობაზე, როგორც ასეთზე. პროპორციული არჩევნების წინ კი, დროა, შევთანხმდეთ, რომ ერთპიროვნული მმართველობა ნებისმიერ შემთხვევაში საზიანოა - მნიშვნელობა არ აქვს, „ჩვენიანია“ სათავეში თუ „სხვისიანი“.
ქვემოთ ვისაუბრებ იმაზე, თუ როგორ გვაზიანებს ავტორიტარიზმი და რა შეიცვლება მისი მოშორებით.
ერთპიროვნული მმართველობის ერთ-ერთი მთავარი პრობლემა ის არის, რომ იგი ძალაუნებურად წარმოშობს სისტემურ უსამართლობებს. ავიღოთ, ვანო მერაბიშვილის მაგალითი, რომელსაც დღეს უკვე თავად ნაციონალური მოძრაობის ზოგიერთი ლიდერიც აკრიტიკებს. მერაბიშვილის სახელს უკავშირდება ქურდულ სამყაროსთან და კრიმინალთან წარმატებული ბრძოლა, რის გამოც მას ზოგიერთი ადამიანი დღემდე უჭერს მხარს. თუმცა ამავე მერაბიშვილს არ ჰქონდა ადეკვატური რეაგირება სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმეზე, რომელშიც მისი მეუღლის მეგობრები - შსს-ს მაღალჩინოსნები ფიგურირებდნენ. მაშინდელმა პრეზიდენტმა სააკაშვილმა მოგვიანებით გირგვლიანის მკვლელობისთვის გასამართლებული პირები შეიწყალა და განაცხადა, რომ ეს თემა „ზეპოლიტიზებული“ გახდა. არადა, 2011 წელს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ცხადად დაადგინა, რომ გირგვლიანის საქმეზე სახელმწიფომ ეფექტური გამოძიება არ აწარმოა. სასამართლოს გადაწყვეტილებაში ვკითხულობთ:
“სასამართლო გაოგნებულია იმ ფაქტით, რომ სახელმწიფო ხელისუფლების სხვადასხვა განშტოება - შსს, გამოძიების საწყის სტადიაზე დაშვებული დარღვევებით; პროკურატურა, გამოძიების შემდგომ ეტაპზე დაშვებული სხვა დარღვევებით; სასჯელაღსრულების დეპარტამენტი, მსჯავრდებულების ერთ საკანში უკანონოდ მოთავსებით; შიდა სასამართლოები, არასრულფასოვანი სასამართლო განხილვებითა და მსჯავრდებულების ვადაზე ადრე გათავისუფლებით; საქართველოს პრეზიდენტი, მსჯავრდებულების მიმართ გაუმართლებელი ლმობიერების გამოვლენით, და ა.შ. - ყველა ერთად, ხმაშეწყობილად მოქმედებდა, რათა ხელი შეეშალა ამ შემზარავი მკვლელობის საქმეზე მართლმსაჯულების განხორციელებისთვის.“
ახლა გადავხედოთ, თუ რა ხდება დღევანდელ მართლმსაჯულების სისტემაში, რაზეც ამასწინათ დეტალურადაც დავწერე: ისევ უპრეცედენტო საზოგადოებრივი ზეწოლა სჭირდება, მომხდარიდან ერთი წლის თავზე, საქმის ჩაფარცხვით დაკავებული პროკურორის დაკავებას, ისევ პოლიტიკური ნიშნით იდევნებიან ადამიანები, ისევ არსებობენ ხელშეუხებელი პირები და მათთან დაკავშირებული გაუხსნელი საქმეები, ისევ კლანები მართავენ სასამართლოს, ისევ სათანადოდ არ იძიებენ საპროტესტო აქციის დარბევას, ისევ დიდწილად არ არის უზრუნველყოფილი გამოძიების გამჭვირვალობა და მიუკერძოებლობა. შესაბამისად, არსებული სისტემის მიმართ საზოგადოების ნდობა მცირეა.
რა არის ქართული პოლიტიკური სისტემის მთავარი პრობლემა? ვხედავთ, რომ პრობლემა არ არის მხოლოდ სააკაშვილში ან მხოლოდ ივანიშვილში, არამედ ყველანაირი უსამართლობის სათავე ქვეყანაში დამკვიდრებული ერთპიროვნული მმართველობის სტილია. ამ ფონზე, ნათელია, რომ სანამ თამაშის წესები არ შეიცვლება, იქამდე გაგრძელდება „თავისიანებისთვის“ ხელის დაფარება და სამართალი, ყველაზე მძიმე საქმეებზეც კი, ვერ აღსრულდება.
რა მოხდება, თუკი ერთპიროვნულ მმართველობას მოვიშორებთ? ასეთ შემთხვევაში, პარლამენტს - უმაღლეს წარმომადგენლობით ორგანოს, რომელიც ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკის ძირითად მიმართულებებს განსაზღვრავს, შეეძლება შეიმუშაოს აღმასრულებელი ხელისუფლების კონტროლის ადეკვატური მექანიზმები. თავად აღმასრულებელი ხელისუფლება, რომელიც კოალიციური მთავრობით იქნება დაკომპლექტებული, იძულებული გახდება გაითვალისწინოს სხვა ჯგუფების ინტერესებიც და ხელი არ დააფაროს თავისიანებს. ასეთ პირობებში ბევრად უფრო ადვილი იქნება სამართლიანობის მიღწევა, ვიდრე ახლა, როდესაც დიდწილად, ერთ ადამიანზეა დამოკიდებული ის, თუ ვის დასჯიან, ვის ხელს დააფარებენ, ვის შეიწყალებენ, ვის განდევნიან, ვის დააჯილდოებენ, ვის გაანებივრებენ სახელმწიფო კონტრაქტებით და ა.შ.
ერთპიროვნული მმართველობის სისტემა აფუჭებს ჩვეულებრივ ადამიანებსაც, რადგან ის სამართლიანობის მიუკერძოებელ და უნივერსალურ სტანდარტებს ძირს უთხრის. ასეთ პირობებში საყოველთაო იმედგაცრუების გრძნობა ისადგურებს და სხვებიც იმას ცდილობენ, რომ უსამართლო სისტემაში ყველა საშუალების გამოყენებით გადარჩნენ.
მიკერძოებული და კლანური საჯარო სექტორის და სასამართლოს პირობებში ვერ ვითარდება ვერც ეკონომიკა, რომელიც კერძო საკუთრების პრინციპზე უნდა იდგეს. ჩვენთან, ხშირად, კონკრეტული კერძო კომპანიების ბედი იმაზეა დამოკიდებული, თუ როგორ განწყობაზე იქნება სახელმწიფო აუდიტის სამსახური და ვის როგორ მოექცევა სასამართლო. შესაბამისად, ყველა ბიზნესი ცდილობს ხელისუფლებასთან ახლო მეგობრული ურთიერთობის დამყარებას და შენარჩუნებას. ამის გამო ქართული მსხვილი ბიზნესის ნაწილი ყოველი არჩევნების წინ მმართველ პარტიას გულუხვი შემოწირულობებით ანებივრებს. შედეგად ვიღებთ სახელმწიფოსთან შეზრდილ არაეფექტიან ბიზნესებს, საბიუჯეტო რესურსების ფლანგვას და კორუფციას, რაც საბოლოო ჯამში, ეკონომიკურ განვითარებას აფერხებს.
ქართულ სახელმწიფოს დამოუკიდებლად არსებობის არცთუ ისე დიდი ხნის ისტორია აქვს. თუმცა ბოლო სამი ათწლეულის განმავლობაში მიღებული გამოცდილება საკმარისი უნდა იყოს იმისთვის, რომ წარსული შეცდომებიდან ერთი მნიშვნელოვანი დასკვნა გამოვიტანოთ: ერთპიროვნული მმართველობა ყველა შემთხვევაში კრახით სრულდება და საზიანოა ქვეყნის განვითარებისთვის. იმედია, ამ გაკვეთილს სათანადოდ გავითავისებთ და ავტორიტარიზმის ჩაკეტილ წრეს მალე საბოლოოდ გავარღვევთ. სხვა შემთხვევაში, ისევ პოლიტიკურ და ეკონომიკურ ჭაობში მოგვიწევს ცხოვრება.
ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შეიძლება ყოველთვის არ ემთხვეოდეს რედაქციის პოზიციას.