სახელმწიფო დაფინანსება სამოქალაქო საზოგადოების მდგრადი განვითარების ერთ-ერთი ინსტრუმენტია, თუმცა საქართველოში მას ფრაგმენტული, არასისტემური ხასიათი აქვს, - აღნიშნულია ევროპის ფონდის გამოკვლევაში „საქართველოს სახელმწიფოს მიერ სამოქალაქო სექტორის დაფინანსება: საქართველოს რეალობა და გამოწვევები“.
მკვლევარმა ჯემა პინოლ პუიგიმ გვითხრა, რომ სახელმწიფოს მიერ არასამთავრობო სექტორის დაფინანსების სისტემა ქვეყანაში ვითარდება, თუმცა სახელმწიფოს ერთიანი მიდგომა არა აქვს, თანხები კი სხვადასხვა სტრუქტურებს შორისაა გაფანტული. მისი განმარტებით, შესაქმნელია ერთიანი სტრატეგია და გადასახედია კანონი და პროცედურები, როგორ უნდა გაიცეს ეს დაფინანსება სამოქალაქო სექტორზე.
„სამოქალაქო სექტორის განვითარებაზე სახელმწიფოს მიერ პასუხისმგებლობის აღება არ ნიშნავს იმას, რომ სამოქალაქო სექტორი იქნება იგივე სახელმწიფო სტრუქტურა. პირიქით, ეს არის სწორედ იმისთვის, რომ ის იყოს სერიოზული დამკვირვებელი და დემოკრატიული პროცესები სწორად განვითარდეს. მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფო ამაში დებდეს გარკვეულ თანხებს და ეს თავიდანვე იყოს დაგეგმილი. მე არ მინდა გამოვიგონო ველოსიპედი. ვამბობ იმას, რასაც აკეთებს ყველა განვითარებული ქვეყანა“, - გვითხრა „მწვანეთა მოძრაობის“ ხელმძღვანელმა ნინო ჩხობაძემ.
საქართველოში არსებული პრაქტიკით კი, არასამთავრობო ორგანიზაციები სახელმწიფო დაფინანსებას სერვისების მიწოდებისთვის იღებენ ძირითადად ჯანდაცვის, სოციალური დაცვის, კულტურის, სპორტისა და მართლმსაჯულების სფეროებში და არ არსებობს სახელმწიფო რესურსები მათი ინსტიტუციური გაძლიერებისთვის. ასეთ ფონზე კი სახელმწიფო დაფინანსება ორგანიზაციების წლიური ბიუჯეტის მცირე წილს, მხოლოდ 3-4 პროცენტს შეადგენს. ამასთანავე, დაფინანსების სისტემიდან ამოვარდნილები არიან ე.წ. „დამკვირვებელი“ (watchdog) სამოქალაქო ორგანიზაციები.
„რომც გვაძლევდნენ, ჩვენ არ შევიტანთ განაცხადს, იმიტომ რომ ჩვენ გვაქვს სპეციალური პოლიტიკა და მნიშვნელოვანია, რომ ნდობა გვქონდეს მოსახლეობის მხრიდან“, - განგვიმარტა „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ აღმასრულებელმა დირექტორმა ეკა გიგაურმა.
„ჩვენი, „საერთაშორისო გამჭვირვალობის“, პოლიტიკაა ის, რომ სახელმწიფოსგან დაფინანსებას არ მივიღებთ, რათა კითხვის ნიშნები არ გაჩნდეს ჩვენს ანგარიშებთან დაკავშირებით და იმასთან დაკავშირებით, რასაც ვამბობთ. ამიტომ, მე არ ვიცი, რა პოლიტიკა აქვს სახელმწიფოს, არც დავინტერესებულვართ. რომც გვქონდეს საშუალება, რომ მივიღოთ დაფინანსება, ამას არ ვიზამთ ნამდვილად. თუმცა არის ქვეყნები, სადაც ასეთი რაღაცები ხდება, განვითარებული ქვეყნები, სადაც დემოკრატიის მაღალი ხარისხია და ესმით სამოქალაქო სექტორის როლი“, - თქვა ეკა გიგაურმა.
„ევროპის ფონდის“ კვლევაში კი სახელმწიფო დაფინანსების შედეგად არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის გამოწვეული ინტერესთა კონფლიქტი ერთ-ერთია რისკებს შორის. კვლევის მიხედვით, რისკებად და გამოწვევებად მიიჩნევა გრანტების უსამართლო გაცემა, ბიუროკრატიული ბარიერების სიჭარბე, პოლიტიკური მიკერძოებულობა, გამჭვირვალე სისტემების ნაკლებობა და სხვა. კვლევამ, მთლიანობაში, აჩვენა, რომ საქართველოში სახელმწიფოს მიერ კონკრეტული საგრანტო სისტემა და დაფინანსების მოდელი არ არსებობს და მის შესაქმნელად დიალოგი უნდა დაიწყოს, რათა ჩამოყალიბდეს დაფინანსების ისეთი სისტემა, რომელიც ხელს არ შეუშლის სამოქალაქო სექტორის დამოუკიდებლობას.