ზაფხულის მოახლოებასთან ერთად, ევროკავშირი ცდილობს წარმოადგინოს ერთიანი წესები როგორც ევროკავშირის მოქალაქეებისთვის, რომლებიც ბლოკის შიგნით იმოგზაურებენ, ისე მესამე ქვეყნების მოქალაქეებისთვის, რომლებსაც ევროკავშირში მეგობრების ან ნათესავების მონახულება ან, მაგალითად, შვებულების ალპებსა თუ ხმელთაშუაზღვისპირეთში გატარება სურთ. მაინც რა ხდება ვაქცინების სერტიფიკატებთან მიმართებით და როდის შეძლებენ მესამე ქვეყნების მოქალაქეები ბლოკში მოგზაურობას?
ახლა სად ვართ?
რაც შეეხება საკუთრივ ევროკავშირის სავაქცინო პასპორტს, რომელსაც „ციფრულ მწვანე სერტიფიკატს“ უწოდებენ, პროცესი წინ მიდის, თუმცა ნელი ტემპით. ინიციატივით ამ გაზაფხულზე გამოვიდა ევროპული კომისია და ევროპის პარლამენტი და საბჭო, რომლებიც 27-ვე წევრ ქვეყანას წარმოადგენენ, მოლაპარაკების თავ-თავიანთ მანდატებზე შეთანხმდნენ. ახლა საჭიროა საბოლოო საკანონმდებლო ტექსტის ფორმულირებისთვის ეს სამი ინსტიტუტი ერთობლივად ამუშავდეს ე. წ. „ტრიალოგის“ ფორმატში. პირველი ასეთი შეხვედრა 3 მაისს გაიმართა და პროცესი მომდევნო დღეებსა და კვირებში გაგრძელდება.
შედარებით ახალი იდეაა ევროკავშირის საზღვრების (ირლანდიის გამოკლებით, მაგრამ არაწევრი ქვენების - ისლანდიის, ლიხტენშტეინის, ნორვეგიისა და შვეიცარიის - დამატებით) გახსნა მესამე ქვეყნების მოქალაქეებისთვის. წინადადება პირველად 3 მაისს წარმოადგინეს. წევრი ქვეყნების ელჩები ამ საკითხის განხილვას მიმდინარე კვირაში დაიწყებენ. ევროპული კომისია გამოდის წინადადებით საზღვრები გაეხსნათ მათ, ვინც ჩასვლამდე 14 დღის განმავლობაში მიიღო რეკომენდებული დოზა ევროკავშირში დამტკიცებული რომელიმე ვაქცინისა - AstraZeneca-ს, BioNTech/Pfizer-ის, Johnson&Johnson-ის ან
Moderna-სი. კომისია ასევე გამოდის იმ მეთოდოლოგიის შემსუბუქების წინადადებით, რომლითაც ევროკავშირი „უსაფრთხო“ ქვეყნებს ადგენს - ბოლო 14 დღის განმავლობაში 100,000 ადამიანზე 25 შემთხვევიდან, როგორც ეს ამჟამად განიხილება, 100,000 ადამიანზე 100 შემთხვევამდე. ამჟამად თავად ბლოკის საშუალო მონაცემი არის 420 და ამ მკაცრ განსაზღვრებას მხოლოდ ექვსი ქვეყანა აკმაყოფილებს: ავსტრალია, ახალი ზელანდია, რუანდა, სინგაპური, სამხრეთ კორეა და ტაილანდი.
რა არის მთავარი შემაფერხებელი ფაქტორები?
ვაქცინების სერტიფიკატებთან მიმართებით ევროკავშირის მასშტაბით ერთიანი წესების შემუშავებას, რაც კვლავ შესაძლებელს გახდის შენგენის ზონაში თავისუფალ გადაადგილებას, ყველა ინსტიტუტი მიესალმება, თუმცა რამდენიმე საკითხი უთანხმოებას იწვევს. პარლამენტს, მაგალითად, სურს COVID-19-ზე უფასო ტესტების შემოღება მათთვის, ვინც არ აცრილა ან არ სურს აიცრას, მაგრამ წევრი ქვეყნები, რომლებსაც პანდემიის გამო ხარჯები ისედაც გაეზარდათ, ამ წინადადებას ენთუზიაზმით არ ხვდებიან. თუმცა კიდევ უფრო მწვავე უთანხმოებას, სავარაუდოდ, ის გარემოება გამოიწვევს, რომ პარლამენტარებმა, შესაძლოა, განაცხადონ, რომ სერტიფიკატი ნიშნავს ყველა დამატებითი შეზღუდვის მოხსნას, ანუ წევრი ქვეყნები ვეღარ შეძლებენ დამატებითი ტესტირების ან კარანტინის მოთხოვნას. ასე თუ არ მოხდა, ამბობს ბევრი პარლამენტარი, სერტიფიკატი უბრალო „ქაღალდად“ იქცევა ევროკავშირში კვლავ მოქმედი წესების ფონზე. მაგრამ ევროკავშირის ქვეყნების მთავრობებს ვირუსის ახალი ვარიანტები აშინებს და მიაჩნიათ, რომ მათზე უნდა იყოს დამოკიდებული იმის გადაწყვეტა, რა ვითარებაში დაეყრდნონ სერტიფიკატებს, ან როდის მოხსნან შეზღუდვები. საქმე ეხება ჯანდაცვას, რომელიც ცალკეული წევრი ქვეყნების კომპეტენციაა, და გადაადგილების თავისუფლებას, რაც მთლიანად კავშირისთვის მნიშვნელოვანი საკითხია.
რაც შეეხება ევროკავშირის საგარეო საზღვრების გახსნას, ბევრი რამ დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რამდენი ტურისტის მიღებას მოისურვებენ წევრი ქვეყნები და რომელი სახელმწიფოებიდან. წევრმა ქვეყნებმა შესაძლოა დაიტოვონ კარანტინის დაწესების ან დამატებითი ტესტირების მოთხოვნის უფლება. ევროპულმა კომისიამ კიდევ ერთი მექანიზმიც დაამატა - სასწრაფო მუხრუჭი, რომელიც წევრ ქვეყანას უფლებას აძლევს უცებ შეწყვიტოს ევროკავშირის გარედან ადამიანების მიღება იმ ქვეყნებიდან, სადაც ეპიდემიოლოგიური სიტუაცია სწრაფად გაუარესდება, ან ვირუსის ახალ, შემაშფოთებელ, ვარიანტს აღმოაჩენენ.
რამდენი დრო დასჭირდება ამ ყველაფერს?
ამჟამინდელი ვითარების მიხედვით, ორივე წინადადება ივნისის ბოლოს მოქმედებაში უნდა მოვიდეს. სერტიფიკატებზე ტექნიკური სამუშაოები უკვე მიმდინარეობს. იმის მიუხედავად, გაჩნდება თუ არა საკანონმდებლო უთანხმოება პარლამენტსა და საბჭოს შორის, ტექნიკურად სისტემა 1 ივნისისთვის მზად უნდა იყოს და ვარაუდობენ, რომ ევროკავშირის 27-ვე წევრი ქვეყანა მასში ამავე თვის ბოლომდე ჩაერთვება. სერტიფიკატები, რომელთა გამოყენებაც შესაძლებელი იქნება როგორც ტელეფონებზე, ისე ქაღალდის სახით, შენგენში სამოგზაუროდ პირის უსაფრთხოებას სამი მეთოდით დაადგენს - რომ ის ვაქცინირებულია, ტესტის ნეგატიური პასუხი აქვს ან კორონავირუსი გადაიტანა. სერტიფიკატზე ასევე დატანილი იქნება ისეთი ინფორმაცია, როგორიცაა სახელი, დაბადების წელი, სერტიფიკატის გამცემი ქვეყანა და მიღებული ვაქცინის ტიპი. იდეა არის ის, რომ ვაქცინაციის პროცესის შესახებ მესამე ქვეყნებიდან მიღებული ინფორმაციის განთავსება შესაძლებელი იყოს ევროკავშირის სისტემაში, რაც, ევროკავშირის მესვეურების თქმით, ტექნიკურად არ იქნება რთული, თუმცა ეს საკითხი შესაძლოა პირადი ინფორმაციის დაცვის გარშემო გაჩენილმა კითხვებმა გაართულოს.
რა ვითარებაა „სპუტნიკსა“ და „სინოფარმთან“ მიმართებით?
ევროპის პარლამენტი თვლის, რომ ვაქცინების სერტიფიკატზე დატანილი უნდა იყოს მხოლოდ ის ვაქცინები, რომლებიც დამტკიცებულია ევროპის მედიკამენტების სააგენტოს (EMA) მიერ, მაგრამ წევრი ქვეყნები აცხადებენ, რომ მათ სხვა ქვეყნების ვაქცინების დაშვებაც უნდა შეეძლოთ, რათა, მაგალითად, დამშვიდდეს უნგრეთი, რომელიც იყენებს როგორც რუსული წარმოების, ისე ჩინურ ვაქცინებს.
საზღვრების მესამე ქვეყნების მოქალაქეებისთვის გახნის რეკომენდაციებში, რომლებითაც კომისია გამოდის, გათვალისწინებულია ან EMA-ს მიერ დამტკიცებული, ან ის ვაქცინები, რომლებსაც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისგან (WHO) აქვთ მიღებული უფლება გამოყენებულ იქნენ გადაუდებელი წესით. ჯანდაცვის ამ ნებართვის მისაღებად „სინოფარმი“ კვლავაც საბოლოო გადაწყვეტილების მოლოდინშია, „სპუტნიკი“ კი ჯერ კიდევ განხილვის პროცესში.
ცხადია, საბჭოში წევრმა ქვეყნებმა შესაძლოა ფორმულირების შეცვლა სცადონ, მაგრამ ტექსტის დასამტკიცებლად მნიშვნელოვანი უმრავლესობაა საჭირო და ბუდაპეშტს შესაძლოა გაუჭირდეს საკუთარი ნების გატანა. მესამე ქვეყნების იმ მოქალაქეებთან დაკავშირებით, რომლებსაც დასავლეთს გარეთ წარმოებული ვაქცინები აქვთ მიღებული, იმედად ის რჩება, რომ დამტკიცების პროცესს ზაფხულამდე EMA ან WHO დააჩქარებს, ან ის, რომ ამ ქვეყნებში ეპიდემიოლოგიური ვითარება გაუმჯობესდება და შეინარჩუნებს დადებით ტრაექტორიას. არსებობს იმის შესაძლებლობაც, რომ ცალკეულმა წევრმა ქვეყნებმა გააფორმონ შეთანხმებები, როგორც ეს ახლახან საბერძნეთმა გააკეთა და რუსეთიდან გარკვეული რაოდენობის ტურისტები მიიღო.
რა ისმის ბავშვებზე?
ბავშვებს ევროკავშირში ჯერჯერობით არ ცრიან და, ამდენად, ვაქცინების სერტიფიკატებისთვის მშობლებს კვლავ PCR-ის ტესტის უარყოფითი პასუხის გამოყენება დასჭირდებათ, თუკი ამ ზაფხულს თავიანთ პატარებთან ერთად ევროპაში მოგზაურობას აპირებენ. იგივე ეხება ევროკავშირის გარედან შემოსულ ბავშვებს - იმ დამატებითი დათქმით, რომ მათი ჩამოსვლის შემდეგ წევრი ქვეყნები, სავარაუდოდ, კიდევ მოითხოვენ ტესტირებას.