2023 წელს უამრავი რამაა მოსასწრები, რადგან 2024-ში უკვე ევროპარლამენტის არჩევნებია და მთელი წელი საარჩევნო კამპანიას დაეთმობა.
მაინც რა უნდა გადაწყვიტოს ბრიუსელმა?
პირველი რიგის საკითხია 20 მილიარდი ევროს გამოყოფა მომდევნო 4 წლის განმავლობაში უკრაინისათვის სამხედრო დახმარების გასაწევად. ამ თანხას ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები ინაწილებენ, მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით.
მოსაგვარებელია უკრაინის რეკონსტრუქციისათვის 50 მილიარდი ევროს გამოყოფაც, რომელიც კიევს 2024-დან 2027 წლამდე უნდა გადაეცეს. ეს ფული პირდაპირ ევროკავშირის ბიუჯეტიდან მიდის.
ფულის საკითხების გარდა მთავარი თავის ტკივილი იქნება გაფართოების პროცესი. ევროკომისიამ ოქტომბრის ბოლოსათვის უნდა მოამზადოს მოხსენება, სადაც დაწვრილებით იქნება შეფასებული დასავლეთ ბალკანეთის ექვსი ქვეყნის, თურქეთის, მოლდოვის, საქართველოსა და უკრაინის ვითარება.
მოხსენებაში გაწერილი იქნება რეკომენდაციები, რომლებიც ევროკავშირში გაწევრიანების მსურველმა ქვეყნებმა უნდა შეასრულონ შემდეგი ნაბიჯის გადასადგმელად. თუმცა, ამან შეიძლება ნოემბერში გადაინაცვლოს.
ჩემმა წყარომ, რომელიც კარგად იცნობს მოხსენებასთან არსებულ ვითარებას, თუმცა საჯაროდ საუბრის უფლება არ გააჩნია, მითხრა, რომ დასაზუსტებელია კიდევ არაერთი დეტალი და ევროკომისიას არ სურს ევროკავშირის ლიდერები დეტალებით გადატვირთონ, როდესაც ისინი ბრიუსელში შეიკრიბებიან.
ეს 26 ოქტომბერს მოხდება, რაც იმას ნიშნავს, რომ გაფართოებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებები შეიძლება დეკემბრამდე არ მიიღონ.
მნიშვნელოვანია ევროკავშირის ფონდების საკითხიც. რამდენიმე მილიარდი ევრო, რომელიც უნგრეთისთვის იყო გამოყოფილი, ევროკომისიამ გაყინა, რადგან მიიჩნია, რომ ქვეყანაში კანონის უზენაესობასთან დაკავშირებული ვითარება გაუარესდა. ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს მაინცდამაინც არ სურთ, რომ ბრიუსელმა ამ თანხის ნაწილი მაინც მისცეს ბუდაპეშტს, თუმცა ყველასათვის ცნობილია, რომ უნგრეთი არ მოერიდება ვეტოს გამოყენებას ზემოჩამოთვლილ საკითხებზე, რათა გაყინული სახსრები მიიღოს.
ბრიუსელში მიიჩნევენ, რომ კიევისთვის 50 მილიარდი ევროს გამოყოფა შედარებით უმტკივნეულოდ მოხდება, რადგან ყველა წევრი ქვეყანა მიიჩნევს, რომ უკრაინის დახმარება მნიშვნელოვანია. აქ ძირითადი პრობლემა ისაა, რომ ევროკომისია სხვა საკითხებშიც ითხოვს წევრი სახელმწიფოებისგან ფინანსურ კონტრიბუციებს და ამასთან დაკავშირებულმა დისკუსიებმა შეიძლება უკრაინის ფულის გამოყოფა შეაფერხოს.
მაგალითად, 15 მილიარდი ევრო დასჭირდება ევროკავშირის მეზობლად მყოფი ქვეყნების, ძირითადად ჩრდილოეთ აფრიკის დახმარებას, რათა ამ ქვეყნებიდან ევროკავშირში მიგრაცია აკონტროლონ. კიდევ 10 მილიარდი დოლარია საჭირო სტრატეგიული სექტორების დასაფინანსებლად - მაგალითად, მიკროჩიპების ინდუსტრიისა, რომელსაც აშშ-ის და ჩინეთის კომპანიები უწევენ კონკურენციას.
პრობლემა კი ისაა, რომ ზოგიერთი წევრი სახელმწიფო საერთო ბიუჯეტის დიდ ნაწილს აფინანსებს. გერმანია და ნიდერლანდი ახლა საკუთარ ბიუჯეტებს ამცირებენ და გაუჭირდებათ საკუთარი მოქალაქეებისათვის იმის ახსნა, თუ რატომ უნდა გაზარდონ ამის პარალელურად ბრიუსელში გადარიცხული ფულის მოცულობა. სამხრეთში მდებარე წევრი სახელმწიფოები კი მეტ ფულს ითხოვენ, რათა მიგრაციას გაუმკლავდნენ. აქ მნიშვნელოვანი კომპრომისების მიღწევა გახდება საჭირო, თუმცა ჯერ ნათელი არ არის, თუ რა სახის შეთანხმებას მიაღწევენ.
რთული იქნება უკრაინისათვის 20 მილიარდი ევროს გადაცემის საკითხზე შეთანხმებაც, როდესაც ბუდაპეშტი უკვე სამი თვეა, რაც ბლოკავს 500-მილიონევროიან ტრანშს. ბრიუსელში იმედოვნებენ, რომ უნგრეთი მოლბება, რადგან ქვეყანას ეკონომიკური პრობლემები უდგას და ძალიან სჭირდება გაყინული ფულის მიღება.
თუმცა, ეს უნგრეთს ხელს არ შეუშლის, რომ მკაცრი პოზიცია დაიჭიროს უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყებასთან დაკავშირებით. 2022 წელს ევროკომისიამ უკრაინას შვიდი პირობა წაუყენა, მათ შორის - ეროვნული უმცირესობების უფლებების გაუმჯობესება. ამ საკითხს სწორედ ბუდაპეშტი ლობირებდა, რადგან უკრაინაში ეთნიკურად უნგრელი უმცირესობა ცხოვრობს.
ბუდაპეშტი ასევე ეცდება უკრაინის მხარდაჭერის სანაცვლოდ საკუთარი ფავორიტები წაწიოს წინ. ეს კი იმას ნიშნავს, რომ კანდიდატის სტატუსი შეიძლება საქართველომაც მიიღოს, რაც ბალტიის სამ ქვეყანას გულზე არ ეხატება. შეიძლება თავიდან დაიწყოს სერბეთის გაწევრიანების პროცესიც, რომელიც ბოლო ორი წელია შეჩერებულია, რადგან ბელგრადი ევროკავშირის მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს არ უერთდება.
თუმცა, გაცვლა-გამოცვლით მხოლოდ უნგრეთი არ არის დაკავებული. ხორვატია და სლოვენია აცხადებენ, რომ არ სურთ ბოსნია-ჰერცეგოვინა ჩამორჩეს, როდესაც სხვა კანდიდატები წინ მიიწევენ. ისინი ეცდებიან ევროკავშირს მოსთხოვონ სარაევოსთან დაიწყოს მოლაპარაკებები გაწევრიანებასთან დაკავშირებით, არადა, სხვები მიიჩნევენ, რომ ეს ქვეყანა ჯერ მზად არ არის.
რთული ვითარებაა ალბანეთსა და ჩრდილოეთ მაკედონიასთან დაკავშირებითაც. ორივე ქვეყანამ მოლაპარაკებები ოფიციალურად 2022 წლის ივლისში დაიწყო, თუმცა ჩრდილოეთ მაკედონიის პარლამენტი ვერ აგროვებს ხმებს კონსტიტუციის შესაცვლელად, რასაც ევროკავშირის წევრი ბულგარეთი დაჟინებით ითხოვს. ახლა ბრიუსელში უნდა გადაწყდეს, ტირანა და სკოპიე ერთად გააგრძელებენ ევროკავშირისაკენ გზას თუ - ცალ-ცალკე.
დაბოლოს, რაღაც გადაწყვეტილების მიღება იქნება საჭირო თურქეთთან დაკავშირებითაც. ბრიუსელში ზოგს სურს ანკარასთან ურთიერთობა თავიდან დაიწყოს, რაც ნიშნავს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის დაძვრას - ეს პროცესი უკვე წლებია, რაც შეჩერებულია კვიპროსსა და საბერძნეთთან დაპირისპირებების გამო. ყველასათვის ცხადია თურქეთის სტრატეგიული მნიშვნელობა უსაფრთხოებასა და მიგრაციასთან დაკავშირებით, თუმცა მაინცდამაინც არავის სურს გაფართოების ახალი თავების გახსნა ანკარასთან. ისიც აღსანიშნავია, რომ თურქეთს ჯერ არ მოუხდენია შვედეთის ნატოში გაწევრიანების რატიფიკაცია. სავარაუდოა, რომ აქაც დიდი აღებ-მიცემობა გაიმართება.