Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ხუთი რამ, რაც ურსულა ფონ დერ ლაიენის სიტყვიდან დავასკვენით


რიკარდ იოზვიაკი
რიკარდ იოზვიაკი

13 სექტემბერს ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა ბრიუსელში ევროპარლამენტის პლენარულ სესიას ევროკავშირში არსებული ვითარების მისეული ხედვა წარუდგინა. მან მომავალი წლის პოლიტიკის პრიორიტეტები დასახა და წარსულ წარმატებებს გაუსვა ხაზი.

ამ გამოსვლის ფონი კი 2024 წლის ივნისის ევროპარლამენტის არჩევნები გახლავთ. აი, ხუთი რამ, რაც მისი სიტყვიდან დავასკვენით:

წინასაარჩევნო მოწოდება

მომავალ წელს ევროპარლამენტის არჩევნებია, კენჭისყრის შემდეგ კი ევროკავშირის 27 წევრი ქვეყნის მეთაურები ევროკომისიის ახალ პრეზიდენტს შეარჩევენ. ურსულა ფონ დერ ლაიენის სიტყვა თავისი არსით ერთსაათიანი წინასაარჩევნო მიმართვა იყო.

გამოსვლის სამი მეოთხედი ევროკავშირის „საშინაო“ საკითხებს დაეთმო: ახალგაზრდობას, ოჯახებს, ინდუსტრიას და ფერმერებს - ანუ, სხვაგვარად რომ ვთქვათ, ევროპელ ამომრჩევლებს. მან ილაპარაკა ევროკავშირის „მწვანე შეთანხმებაზე“ - ბრიუსელის მცდელობაზე, ევროპა 2050 წლისათვის კლიმატურად ნეიტრალურ კონტინენტად აქციოს. ევროკომისიის პრეზიდენტმა ბევრი ილაპარაკა, თუ როგორ გაიოლდება ქარის ტურბინების ნებართვების აღება, როგორ გაიზარდა ევროკავშირში „სუფთა ფოლადის“ ქარხნების რაოდენობა და რომ ევროპა ახლა მეტ ინვესტიციებს იღებს „სუფთა წყალბადისთვის“, ვიდრე ერთად აღებული აშშ და ჩინეთი. მან პირობა დადო, რომ გაიზრდება ინვესტიციები მცირე და საშუალო ზომის ბიზნესებში და ევროპის ინდუსტრია უკეთ იქნება დაცული მესამე ქვეყნის კომპანიებისგან, რომლებსაც სახელმწიფო აფინანსებს. თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამით დაიწყო 2024 წლის საარჩევნო კამპანია.

ჩინეთის კრიტიკა

ევროკავშირისათვის უშუალო საფრთხეს რუსეთი წარმოადგენს, რომელმაც უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო, მაგრამ ისიც ცხადია, რომ ბრიუსელს, ვაშინგტონის მსგავსად, სულ უფრო მეტად აშფოთებს პეკინის გრძელვადიანი გეგმები. ურსულა ფონ დერ ლაიენმა კიდევ ერთხელ უარყო ვაშინგტონის „განწყვილების“ პოლიტიკა ჩინეთის ეკონომიკასთან მიმართებაში და სანაცვლოდ ევროკავშირის შედარებით რბილ მიდგომაზე ილაპარაკა, რომელიც რისკების შემცირებას უსვამს ხაზს. თუმცა, ჩინეთის მიმართ „ქორული“ დამოკიდებულება აქ კარგად ჩანდა. ევროკომისიის პრეზიდენტმა დაიჩივლა, რომ გლობალური ბაზარი სავსეა იაფიანი ჩინური ელექტრომობილებით, რომელთა დაბალ ფასებსაც სახელმწიფო სუბსიდიები განაპირობებს. მის განცხადებას, რომ ევროკავშირი ჩინური ავტომობილების სუბსიდირებასთან დაკავშირებით გამოძიებას დაიწყებს, ხმამაღალი აპლოდისმენტები მოჰყვა. ურსულა ფონ დერ ლაიენმა მიწოდების გლობალურ ჯაჭვში არსებულ პრობლემებზეც ილაპარაკა და განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო გალიუმის და გერმანიუმის დეფიციტს, რაც პეკინის მიერ ექსპორტზე დაწესებული შეზღუდვებმა გამოიწვია - არადა, ორივე აუცილებელი კომპონენტია მზის პანელების და ნახევარგამტარების წარმოებაში. ევროპა სანაცვლოდ ახალი პარტნიორების მოძიებას გეგმავს: უკვე დადებულია ხელშეკრულებები ახალ ზელანდიასთან, კენიასთან და ჩილესთან და მალე გაფორმდება შეთანხმებები ავსტრალიასთან, მექსიკასთან და მერკოსურთან (არგენტინა, ბრაზილია, პარაგვაი და ურუგვაი). წლის ბოლოს კი პარტნიორობას ინდოეთი და ინდონეზიაც შეუერთდებიან.

უკრაინით დაღლა თუ ომით დაღლა?

ევროკომისიის პრეზიდენტი უკრაინის თემას გამოსვლის ბოლოს მიადგა, მას შემდეგ, რაც მიმოიხილა პოლიტიკის თითქმის ყველა სხვა საკითხი. ცხადი იყო, რომ ის ითვალისწინებდა ევროკავშირში გაჩენილ დაძაბულობას უკრაინელ ლტოლვილებთან დაკავშირებით - ვრცელდება ცნობები იზოლირებული ინციდენტების შესახებ, რომ ზოგ ლტოლვილს სიტყვიერად და ფიზიკურად დაესხნენ თავს. „ჩვენ უკრაინის გვერდით ვიქნებით ყოველი ნაბიჯისას. იმდენ ხანს, რამდენიც საჭირო იქნება“ - განაცხადა მან და დასძინა, რომ ევროკავშირში მყოფი 4 მილიონი უკრაინელი ახლაც ისეთივე სასურველი სტუმარია, როგორც ეს ომის დაწყების პირველ დღეებში იყო. ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ ევროკომისია 2025 წლამდე გაზრდის უკრაინელთა დროებითი დაცვის ზომებს, რაც მათ საშუალებას მისცემს მიიღონ წვდომა საცხოვრებელზე, ჯანდაცვაზე და სამუშაოზე. გამოსვლაში არაფერი იყო ნახსენები რუსეთის წინააღმდეგ ახალ სანქციებზე ან უკრაინაში იარაღის გაგზავნაზე. სხვაგვარად რომ ვთქვათ: სოლიდარობა უკრაინას, მაგრამ, მოდი, ომს ნუ ვახსენებთ.

ევროკავშირის გაფართოება? ვინ და როდის?

ამ თემაზე ურსულა ფონ დერ ლაიენი მკაფიო იყო: „უკრაინის მომავალი ჩვენს კავშირშია, დასავლეთი ბალკანეთის მომავალი ჩვენს კავშირშია, მოლდოვის მომავალი ჩვენს კავშირშია“ - თქვა მან, შემდეგ კი მრავალმნიშვნელოვნად დასძინა: „ვიცი, თუ როგორი მნიშვნელოვანია ევროკავშირის პერსპექტივა საქართველოში მცხოვრები ბევრი ადამიანისათვის.“ გაუგებარია, თუ რას ნიშნავს ეს საქართველოს კანდიდატის სტატუსისათვის, თუმცა ცხადია, რომ ევროკომისია ოქტომბერში რეკომენდაციას გასცემს გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყებასთან დაკავშირებით კიშინოვისა და კიევისათვის. ევროკომისია ასევე ეცდება წინ წაწიოს ალბანეთის, ბოსნია-ჰერცეგოვინის, კოსოვოს, მონტენეგროს, ჩრდილოეთი მაკედონიისა და სერბიის გზა ევროპისკენ. რაც შეეხება თურქეთს, მასზე სიტყვაც არ თქმულა, რაც ბევრ რამეზე მეტყველებს.

ურსულა ფონ დერ ლაიენს არ უხსენებია, თუ რამდენ ქვეყანას მოიაზრებს ევროკავშირის მომავალში - 33-ს, 35-ს თუ 37-ს. მთელი სიტყვის განმავლობაში 30+-ს ახსენებდა. მას არც კონკრეტული თარიღები დაუსახელებია, განსხვავებით ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელისაგან, რომელმაც რამდენიმე კვირის წინ განაცხადა, რომ ევროკავშირი 2030 წლისათვის უნდა იყოს გაფართოებისთვის მზად. ევროკომისიის პრეზიდენტმა ბუნდოვანი, ბრიუსელისათვის დამახასიათებელი ლექსიკა გამოიყენა, რომ გაწევრიანება დამსახურებას ეფუძნება და ევროკომისია მუდამ ამ პრინციპის ერთგული იქნება.

ევროკავშირის გაფართოება? კი, მაგრამ როგორ?

ბრიუსელში ერთ-ერთი ყველაზე დიდი დიქოტომიაა „ევროკავშირის გაფართოება გაღრმავების წინააღმდეგ.“ კამათი შეეხება იმას, უნდა გაიზარდოს კავშირი თუ გაღრმავდეს თანამშრომლობა არსებულ წევრებს შორის სხვადასხვა სფეროებში - ეკონომიკასა (საერთო ვალუტა და საერთო ევროობლიგაციები) და საგარეო პოლიტიკაში (სანქციების შესახებ გადაწყვეტილების უმრავლესობით მიღება და არა კონსენსუსით). მთავარი კითხვაა, თავსებადია თუ არა ეს ორი მიდგომა ერთმანეთთან. ურსულა ფონ დერ ლაიენი, ცხადია, მიიჩნევს რომ ორივე ერთდროულად შეიძლება მოხდეს. ეს მართალია, თუმცა, თუ გავითვალისწინებთ 2004 წლის ევროკავშირის გაფართოებას და რამდენიმე წლით ადრე ევროს გამოშვებას, იმასაც დავინახავთ, რომ ბრიუსელს რამდენიმე საქმის ერთდროულად კეთება უჭირს ხოლმე.

ურსულა ფონ დერ ლაიენს ორივეს ერთდროულად განსახორციელებლად ორი შეთავაზება ჰქონდა - რიგითი და რადიკალური.

რიგითი შეთავაზება გულისხმობს გაფართოების წინა პოლიტიკის შეფასებას და შემდგომ იმის განსაზღვრას, თუ რისი ცვლილებაა საჭირო გაფართოებული ევროკავშირის ფუნქციონირებისათვის. ეს შეეხება ევროპარლამენტის და ევროკომისიის მუშაობას 30+ ქვეყნის შემთხვევაში და ბიუჯეტის დაფინანსებას. ბლომად სამუშაოა, რომელიც პრობლემას დიდად ვერ გადაჭრის. აი, რადიკალური შეთავაზებაც: „ცვლილებები ევროპულ კონვენციისა და შეთანხმებაში, თუ და სადაც ეს საჭირო იქნება.“ „შეთანხმების ცვლილების“ შესახებ ფრაზა ევროკავშირში ბევრს აშინებს. ეს ხომ ერთგვარი პანდორას ყუთია, რომელიც, თუ ერთხელ გაიხსნა, შემდეგ წევრი ქვეყნების ახალი მოთხოვნების უშრეტ წყაროდ იქცევა (ფედერალური ევროპა! არა იმიგრაციას!). ამას შეიძლება მოჰყვეს გაუთავებელი ჩხუბები და ეროვნული რეფერენდუმები, რომელიც ამ პროცესს დაუსრულებელს გახდის. დაე, დაიწყოს თამაშები!

ბლოგერები

ყველა ბლოგერი
XS
SM
MD
LG