Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რა ხდება ბრიუსელში ზაფხულის არდადეგების დროს


რიკარდ იოზვიაკი
რიკარდ იოზვიაკი

ორიოდე დღის წინ ევროკომისიის ოფიციალური პირისგან საპასუხო იმეილი მომივიდა. ავტომატური წერილი იყო - 3 სექტემბრამდე ოფისში არ ვიქნებიო. არადა, შეკითხვა ივლისის შუა რიცხვებში გავაგზავნე. კარგა გრძელი არდადეგები გამოდის. თუმცა, ბრიუსელისათვის ეს უჩვეულო არაა - წლებია, რაც ევროკავშირსა და ნატოს ვაშუქებ და ამას უკვე მივეჩვიე.

ბრიუსელში ერთ-ერთი უმთავრესი თარიღი 21 ივლისია. ჯერ ერთი, ბელგიის ეროვნული დღეა - მთელ ქალაქში ატრაქციონები დგას და საღამოს ფეიერვერკი აგვირგვინებს. უფრო მნიშვნელოვანი კი ისაა, რომ აქ მომუშავე ოფიციალური პირებისათვის მუშაობა ამ დღეს მთავრდება და ყველა დასვენების რეჟიმზე გადადის.

მართალია, წელს კიდევ ორი შეხვედრაა დარჩენილი - ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩები იკრიბებიან 26 ივლისს და მანამდე ბელგიის დედაქალაქში ალიანსის სოფლის მეურნეობის მინისტრები ხვდებიან ერთმანეთს. სხვა მხრივ კი „ბრიუსელის ბაბლში“ ყველამ იცის, რომ 21 ივლისისთვის სამუშაო მაგიდები მოსუფთავებული უნდა იყოს, შლაპუნები და საბანაო კოსტიუმები - ჩაბარგებული, პოლიტიკური საქმეები კი - მოთავებული. 1 სექტემბრამდე ევროკავშირში აღარაფერი მოხდება.

ევროპისათვის ეს უჩვეულო არ გახლავთ. ბევრი ქვეყნის პარლამენტს აქვს რამდენიმეკვირიანი საზაფხულო შესვენება. ევროკავშირის კანონმდებლობით ყველა წევრი ქვეყანა ვალდებულია, რომ ყველა მუშაკს წელიწადში მინიმუმ 4-კვირიანი ანაზღაურებადი შვებულება შესთავაზოს, თუმცა ბევრი კომპანია და სახელმწიფო ინსტიტუტი მეტს სთავაზობენ. ევროკავშირის ინსტიტუტების თანამშრომლებს ხშირად სამშობლოში „მგზავრობის დღეებსაც“ უნაზღაურებენ.

თუმცა, მსოფლიო ბრიუსელის დღის წესრიგით არ ცხოვრობს. საერთაშორისო კრიზისები მაშინაც ხდება, როდესაც ევროკავშირის უმაღლესი პირები ალპებში სეირნობენ ან პლაჟებზე არიან წამოწოლილნი. ერთმა გამოცდილმა ბრიუსელელმა ისიც კი მითხრა: „თუ რომელიმე ქვეყნის ლიდერს არეულობის მოწყობა სურს, ამისათვის საუკეთესო დრო შობა ან აგვისტოა. ყურადღებას ნაკლებად ვაქცევთო“.

მართლაც, საგარეო პოლიტიკა ევროკავშირის ოფიციალურ პირებს არდადეგებს ყოველთვის აშხამებს ხოლმე. აი, ბოლო სამი წელი ავიღოთ. 2020 წელს ბელარუსში საპრეზიდენტო არჩევნები გაყალბდა და ამით უკმაყოფილო დემონსტრანტები დაარბიეს. 2021-ში თალიბანმა ქაბული დაიკავა და დასავლეთის ქვეყნებს სასწრაფო ევაკუაციის ჩატარება დასჭირდათ. შარშან კი რუსეთის მოსაზღვრე ქვეყნები - ბალტიის სახელმწიფოები და ფინეთი - ითხოვდნენ რუსი დამსვენებლებისთვის ჰელსინკისა და ტალინში შესვლის აკრძალვას ან შეზღუდვას - რუსები შემდეგ ევროპის თბილ ქვეყნებში გადადიოდნენ. მიუხედავად არდადეგებისა, ევროკავშირი საკმაოდ სწრაფად გაუმკლავდა სამივე გამოწვევას - მოაწყვეს შეხვედრები, გააკეთეს განცხადებები და პოლიტიკაც განსაზღვრეს.

ყველაზე მტკივნეული შემთხვევა კი, რომელსაც ევროკავშირი სრულიად მოუმზადებელი შეხვდა, 2008 წლის აგვისტოში რუსეთ-საქართველოს ხუთდღიანი ომი იყო. მაშინ პირველად გახლდით ბრიუსელში, როგორც ჟურნალისტი და მახსოვს, როგორი ქაოსური იყო ევროკავშირის პასუხი. ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები ომის დაწყებიდან მალევე შეიკრიბნენ, თუმცა ვერაფერზე შეთანხმდნენ - აზრები გაყოფილი იყო, თუ რა პოზიცია უნდა დაეჭირათ რუსეთის მიმართ. კრემლისთვის სანქციები არ დაუწესებიათ. ეგ კი არა, იმაზეც ვერ მორიგდნენ, შეეჩერებინათ თუ არა მუშაობა ევროკავშირ-რუსეთის პარტნიორობის შეთანხმებაზე ან, სულაც, მონიტორინგის მისია გაეგზავნათ, ზავის პირობების შესრულებაზე დასაკვირვებლად.

ბოლოს მოლაპარაკებებში საფრანგეთის მაშინდელი პრეზიდენტი, ნიკოლა სარკოზი ჩაერთო. ბალტიის ქვეყნებისა და პოლონეთის ლიდერები (ასევე, უკრაინისაც, რომელიც ევროკავშირის წევრი არაა) სასწრაფოდ თბილისში ჩავიდნენ მხარდაჭერის გამოსახატავად. მოკლედ რომ ვთქვათ, დიდი არეულობა შეიქმნა და, საბოლოოდ, ბრიუსელმა ვერ შეძლო ომის პასუხად რაიმე სახის აზრიანი პასუხის ჩამოყალიბება.

თუმცა, ამ ომის გამოცდილებამ ბრიუსელი აიძულა, რომ ზაფხულის ხვატში მუშაობის ახალი წესები დაენერგა. რუსეთ-საქართველოს ომიდან ორი წლის თავზე ევროკავშირმა დიპლომატიური კორპუსი შექმნა, რამაც საგრძნობლად გააუმჯობესა ბლოკის სტრატეგიული მიდგომისა და კოორდინაციის შესაძლებლობები.

დიპლომატების კოორდინაცია ყველაზე მეტად მაინც ტექნოლოგიურმა პროგრესმა გააუმჯობესა. Signal და WhatsApp, Teams და Zoom ევროკავშირის ოფიციალურ პირებს შესაძლებლობას აძლევს, რომ ესა თუ ის განცხადება ტოსკანის სოფლიდანაც განიხილონ.

მაგრამ, პოლიტიკური საკითხების მისაღებად ევროკავშირის ოფიციალურ პირებს (ან მათ მოადგილეებს) მაინც სჭირდებათ, რომ ფიზიკურად ბრიუსელში იმყოფებოდნენ. სამაგიეროდ, წევრი ქვეყნების ელჩებს ამ გადაწყვეტილების მიღება მინისტრების გარეშეც შეუძლიათ. თუ მათი ქვეყანა თანახმაა, მათ შეუძლიათ „წერილობით პროცედურას“ მიმართონ - რაც ბოლოს მოხდა, მაგალითად, უკრაინისათვის ფულის გამოყოფის დროს - ამ დროს მათ დასტურის გასაცემად გარკვეული ვადა, როგორც წესი, ერთი დღე აქვთ. არსებობს კიდევ „ჩუმი პროცედურაც“ - რაც იმას ნიშნავს, რომ ევროპის კავშირის საბჭოში, სადაც გადაწყვეტილების მიღებას, როგორც წესი, 27-ვე წევრის თანხმობა სჭირდება, გადაწყვეტილება მიიღება, თუ რომელიმე ქვეყანა წინააღმდეგ არ წავიდა გარკვეული პერიოდის განმავლობაში.

სხვა მხრივ კი ევროკავშირის ოფისები თითქმის ცარიელია. აქა-იქ თუ ნახავთ ვიღაც უიღბლოს, რომელსაც დარჩენა მოუწია. საქმე თითქმის არაფერია. ერთმა მითხრა, იქნება ეს დრო ახალი ენის სწავლისთვის გამოვიყენოო. ჟურნალისტებიც ეგრე ვართ. მე, ძირითადად, თავს ვიქცევდი ევროპარლამენტის შენობაში ხელოვნების რაიმე ახალი აბსურდული ნიმუშის აღმოჩენით - ამის კარგი მაგალითია უზარმაზარი რკინის ცხენი, რომელიც პარლამენტს იტალიის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, აწ განსვენებულმა სილვიო ბერლუსკონიმ უსახსოვრა. ერთხელ კი თავს იმის ვიქცევდი, რომ ვუყურებდი, თუ როგორ წმენდდნენ ევროპარლამენტის „ინტეგრაციის ხეს“ – რკინის გისოსებს, რომელიც ექვსსართულიან კიბეს აჰყვება. წელიწადში ერთხელ, აგვისტოში, დამლაგებელს უწევს, რომ კიბეებს აჰყვეს და ცოცხი გადაუსვას. საოცარი სანახაობაა!

ბლოგერები

ყველა ბლოგერი
XS
SM
MD
LG