Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

როგორ აპირებს ევროკავშირი სანქციებისათვის გვერდის ავლის შეჩერებას


რიკარდ იოზვიაკი
რიკარდ იოზვიაკი

ბრიუსელში ახლა ყველაზე ხშირად ერთ შეკითხვას სვამენ: რამდენად ეფექტიანია რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები? ევროკავშირმა რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის შემდეგ სანქციების 10 რაუნდი მიიღო, თუმცა ამ ზომებს კრემლის საომარ განწყობაზე გავლენა არ მოუხდენია. შარშან რუსეთის ეკონომიკა მხოლოდ 2 პროცენტით შემცირდა, 2023 წელს კი ის ოდნავ გაიზრდება კიდეც - საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზით.

ბრიუსელში რამდენიმე ოფიციალურ პირს ველაპარაკე, რომლებმაც მითხრეს, რომ სანქციები ეფექტიანად ვერ მუშაობს, რადგან დიდი შვიდეულის გარდა რუსეთის წინააღმდეგ მტკივნეული სანქციები მაინცდამაინც არც არავის დაუწესებია. თუმცა, მათ ასევე იმედი გამოთქვეს, რომ ევროკავშირის სანქციებში კორექტივების შეტანის შემდეგ ისინი გაცილებით უფრო საგრძნობი გახდება.

სანქციების ეფექტიანობაზე დებატები ძირითადად კონცენტრირებულია იმაზე, თუ რამდენად იოლად არის შესაძლებელი მათთვის გვერდის ავლა და რა არის გასაკეთებელი, რომ მესამე ქვეყნებმა მათ ხელი არ შეუშალონ. ამრიგად, გასაკვირი არაა, რომ როდესაც ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ მორიგ ზომებს მიიღებს (რომლებსაც ამ კვირის ამბასადორიალზე წარადგენენ), ლაპარაკი იქნება სისტემის უკეთ გამართვაზე, „ხვრელების“ ამოვსებასა და აღსრულების ნაწილის გაძლიერებაზე.

მესამე ქვეყნებთან დაკავშირებით ევროკავშირი ასეთი სისტემის მიღებას გეგმავს - შეიქმნება ორსაფეხურიანი მექანიზმი, რომლის თანახმადაც, სანქციების გვერდის არიდებაში მხილებული ქვეყნები ჯერ გაფრთხილებას მიიღებენ, განმეორებითი დარღვევის შემთხვევაში კი ბრიუსელი ამ ქვეყნის კომპანიებსა და ინდივიდებზე სანქციებს დააწესებს.

მიიღებს თუ არა ევროკავშირი ამ ინიციატივას, ჯერ უცნობია, თუმცა დევიდ ო’სალივანი, ევროკავშირის ელჩი სანქციების იმპლემენტაციის დარგში, ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში აქტიურად მოგზაურობს სხვადასხვა ქვეყანაში, პირველ რიგში ცენტრალური აზიის რესპუბლიკებში. ის ხშირად აღნიშნავს, რომ რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ გამოყენებულ სამხედრო აღჭურვილობასა და იარაღში აღმოჩენილია ევროკავშირში წარმოებული 770-მდე ნაწილი.

ესტონეთი, ლატვია, ლიეტუვა და პოლონეთი აღნიშნავენ, რომ 2022 წელს მნიშვნელოვნად გაიზარდა ყაზახეთში, ყირგიზეთსა და უზბეკეთში იმგვარი საქონლის იმპორტი, რომლებსაც ორმაგი გამოყენება აქვთ - სამოქალაქოც და სამხედროც. ეს საქონელი, როგორც წესი, გერმანული ან ჰოლანდიურია და ცენტრალური აზიის ქვეყნებში ბალტიის ქვეყნებისა და პოლონეთის გავლით ხვდება.

ცენტრალური აზიის ქვეყნები რუსეთთან ერთად ევრაზიის ეკონომიკური კავშირის წევრები არიან, რაც იმას ნიშნავს, რომ მათ შორის ნაკლებია სასაზღვრო კონტროლი.

სავარაუდოა, რომ ბრიუსელი სანქცირებული პროდუქტების სიას კიდევ უფრო გაზრდის და მასში ისეთ საქონელს შეიყვანს, რომელიც თითქოს სამხედრო წარმოებასთან არ არის დაკავშირებული. ლოგიკა ასეთია, რომ მაცივრებიდან, მიკროტალღური ღუმლებიდან და სხვა სამზარეულო ტექნიკიდან ამოღებული მიკროჩიპები რუსეთმა შესაძლოა იარაღში გამოიყენოს.

კიდევ ერთი პრობლემაა ბრიუსელსა და ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის კომუნიკაციის საკითხი. ევროკავშირის სანქციების აღსრულება შეეხებათ არა ევროკავშირის ინსტიტუტებს, არამედ ეროვნულ აღმასრულებლებს. ასე რომ, რა არის დაშვებული და - არა, ხშირად გაურკვეველია, რადგან თავად ქვეყნები შემდეგ ამ ამოცანებს სხვადასხვა ინსტიტუტს შორის ანაწილებენ. მაგალითად - შინაგან საქმეთა, საგარეო საქმეთა და იუსტიციის სამინისტროებს შორის.

ბლოგერები

ყველა ბლოგერი
XS
SM
MD
LG