Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რით იკვებებოდნენ ლიტერატურული გმირები - რუსთაველიდან დოჩანაშვილამდე


ფოტოილუსტრაცია
ფოტოილუსტრაცია

კერძის, სანოვაგის და სუფრის აღწერა ეპოქას და პერსონაჟებსაც აღწერს, ამიტომ მწერლები ხშირად წერენ ნადიმებზე, სადღესასწაულო თუ სადაგი დღეების რიტუალებზე, საჭმელზე, რომელიც მათ ლიტერატურულ გმირებს უყვართ. ქართულ ლიტერატურაში ნახსენები კერძები რადიო თავისუფლებამ მწერალ დიანა ანფიმიადთან ერთად გაიხსენა.

ავთანდილის მწვადი

„ვეფხისტყაოსანში“ ნადიმი ხშირად არის ნახსენები და სულ ელი, რომ ავტორი უფრო გულუხვად და დეტალურად აღწერს სუფრას. მაგრამ ასე არ ხდება. რუსთაველი კერძებზე საუბარს დიდ ყურადღებას არ უთმობს. უფრო იმ სიტუაციას აღწერს, რომელიც სმა-ჭამას ახლავს თან, „უბნობას“, მხიარულებას, გართობას. თუმცა, რასაკვირველია, ეს ტყე-ღრეში მოხეტიალე რაინდის მწირ სუფრას არ ეხება.

თუცა მხეც-ქმნილი ავთანდილ გულ-ამოსკვნით და კვნესითა

ეგრეცა ჭამა მოუნდის ადამის ტომთა წესითა,

ისრითა მოკლის ნადირი, როსტომის მკლავ-უგრძესითა,

შამბისა პირსა გარდახდა, ცეცხლი დააგზო კვესითა.

ცხენსა მისცა საძოვარი, ვირე მწვადი შეიწოდეს;

ექვსნი რამე ცხენოსანნი, ნახა, მისკენ მივიდოდეს“...

რუსთველი სუფრას იყენებს როსტევანის დარდის აღსაწერადაც. თინათინის გამეფების შემდეგ, ათდღიანი საყოველთაო ზეიმისას მონადიმეები ხედავენ, რომ მეფე უჩვეულოდ მოწყენილია. ისევ იმ უცხო მოყმეზე ფიქრობს, რომელსაც შემთხვევით გადაეყარა. ამ ფიქრებისგან როსტევანი დღესასწაულმა და ლხინმაც ვერ გაათავისუფლა.

ჭილაძის თუშური ყველი

ლექსს, როგორც წესი, ან სიყვარულზე წერენ, ან სიკვდილზე, ან სამშობლოზე, მაგრამ... ოთარ ჭილაძემ თუშურ ყველზეც დაწერა.

ათასში ერთხელ, ისიც შემთხვევით,

ჯდებოდა ხოლმე მხდალი კალია

მის წვრილ კისერზე,

ან ნამის მძიმე წვეთი ეკიდა

ყალბი მძივივით.

მერე რძედ იქცა ცხვრის ძუძუებში

და რწევა-რწევით წაიღო ცხვარმა

ფარეხისაკენ.

ვერც კი მოასწრო დამახსოვრება

მწვანე წარსულის,

ვერც მოქანავე სახლში ცხოვრებას

ვერ შეეჩვია

და სანამ რამეს მოიფიქრებდა,

გადაასახლეს სპილენძის ქვაბში.

თავბრუ დაესხა ქვაბში ტრიალით

და, სამუდამოდ გაოგნებული,

თეთრ ბურთად იქცა.

მაგრამ მაშინვე გუდაში ჩასვეს,

რომ სიბნელეში დავიწყებოდა

ცა და მინდვრები.

ახლა კი, დანით ორად გაჭრილი,

გაოცებული დიდი თვალებით

გვიყურებს ჩუმად და უპეებში

ერბო უბრწყინავს სიმწრის ცრემლივით.

აქ ერთგვარი სასიცოცხლო ციკლია აღწერილი, რომელსაც მცენარე მინდვრიდან სუფრამდე გადის, არსს იცვლის, გარდაისახება. თითქოსდა არაფერი განსაკუთრებული, მაგრამ ლიტერატურა ხშირად სწორედ ამის საშუალებას გაძლევს - კიდევ ერთხელ დაინახო სასწაული იმაში, რასაც დიდი ხანია თვალი შეეჩვია.

სუფრა გოგია უიშვილის ქოხში

გოგია უიშვილი ეგნატე ნინოშვილმა გაჭირვებული, უიღბლო და საწყალი კაცის კოლექტიურ სახედ დახატა, გვარიც ასეთი მისცა უი-შვილი. მის ქოხში ყველაფერი დამტვრეული და ჭუჭყიანია, ბალიშიც კი არა გააჩნიათ. მაგრამ მისი საკალანდო სუფრა, დღევანდელს თუ შევადარებთ, გაჭირვებული კაცისას ნაკლებად ჰგავს. ნინოშვილის პროზაში ასეთ შთამბეჭდავ გასტრონომიულ სტრიქონებს სხვა მოთხრობებშიც შეხვდებით.

- რა იქნა, კაცო, რა გაჩქარებს? ყოველთვის სულწასულობა რავა იქნება! მეიცაი, აგერ ხაჭაპურს ვაცხობ, აგი შეჭამე და მერეც მიესრობი საქმეს, - ტკბილად უპასუხა ქმარს მარინემ და შეაბრუნა ცეცხლის პირას აყუდებულ კეცზე მდებარე ხაჭაპური, რომელიც აქა-იქ სიმხურვალისაგან გახეთქილიყო და შიგჩართული ყველის ერბო მადის აღმძრავად ცეცხლისაგან გაყირმიზებულიყო პურის კანზე.

გოგიამ დაუჯერა რჩევა თავის მეუღლეს. ხაჭაპურის გამოცხობამდე გადადო ქათმების და ღორის დაკვლა“...

მოთხრობაში „პალიასტომის ტბა“ ეგნატე ნინოშვილის კიდევ ერთი პერსონაჟი ივანე, შვილთან ერთად ხეების საჭრელადაა წასული. ვახშმად კარავში დაბრუნებულებს საჭმელად „ჩახანაში გამომცხვარი მჭადი“ და ხმელი ყველი აქვთ, ხანდახან გარეული ღორიც. მარხვაში მჭადს სუნელს და თევზს ატანენ.

არც ეს ჰგავს გაჭირვებული კაცის ვახშამს, მაგრამ ივანე მაინც წუწუნებს, ტყეში ნადირი გამოილია, წყალში - თევზიო. ამის მაგალითად კი ის მოჰყავს, რომ ადრე თევზით ნავს ავსებდა, ხოლო ნადირობისას ირემსაც გააგორებდა ხოლმე.

პურის ხაში ქრისტეს სისხლით

ნუგზარ შატაიძეს დაწერილი აქვს „პურის მოთხრობა“, სადაც პურის გამოცხობის მთელი პროცესია აღწერილი, ვინ აცხობდა პურს მისი ბავშვობის სახლში, როგორი ფიჩხი სჭირდებოდა ცეცხლის დანთებას, როგორ აკეთებდნენ პურის ხაშს და ასე შემდეგ. თუ სადმე არსებობს გასტრონომიული ლიტერატურის შედევრი, ეს უთუოდ „პურის მოთხრობაა“, რომელიც პურის ქართულად ცხობის ტრადიციასაც ინახავს.

ფქვილს ცრიდნენ ვარცლში და ვარცლშივე ზელავდნენ.

ის ვარცლი ცაცხვისა იყო.

ანაცერსანუ ქატოს ძაღლისთვის ინახავდნენ, შრატშიაუსვრიმავდნენდა ისე აჭმევდნენ.

ფქვილი თუ გამოგველეოდა, დიდედაჩემი იტყოდა ― „უნაფქვოდ ვართო”.

წისქვილიდან ახლადამოტანილი ფქვილით, ძალიან თუ არ გაუჭირდებოდათ, პურს არ გამოაცხობდნენ, დააცდიდნენ რომდამჯდარიყო”. დამჯდარი ფქვილისაგან უკეთესი პური ცხვებოდა და ბარაქაც მეტი ჰქონდა.

მოზილავდნენ თუ არა, ცომს ერთი გუნდისოდენას მაშინვე მოაგლეჯდნენ და თიხის პირღია, უყურო ქილაში შეინახავდნენ.

ამასპურის ხაშიერქვა.

პურის ხაში ცას რომ არ დაენახა, ხაშის ქილა მუდამ ბნელ მარანში იდგა ხოლმე.

არა მარტო პურის ხაში, ცას თონეში ჩასაკრავად ამოგუნდავებული ცომიც არ უნდა დაენახა, ამიტომ ორომზე ორსამ რიგად გამწკრივებულ ცომის გუნდას წმინდა ტილოს გადააფარებდნენ და სათონეში ისე გაიტანდნენ.

დიდედაჩემი გვეტყოდა ხოლმე ― „პურის ხაში, შვილო, ათიდან და ბაბადან მოდის, შიგ ქრისტეს სისხლი ურევიაო!”...

პურის ცხობა ეს არის რიტუალი უამრავი დეტალით, რომელთა დაცვა მცხობელისთვის საკრალურ მნიშვნელობას იძენს. ამ რიტუალისას პურიც სულიერი ხდება, მას შეიძლება ხმამაღალი ლაპარაკი „არ მოეწონოს“, ან პირიქით რამე „მოუხდეს“. პური ხალხს აერთიანებს, კრავს, სადაც ის ცხვება, იქ ყოველთვის რაღაც ამბავი იწყება...

სამი წლის დუმა

სუფრის შესახებ ხშირად წერს კონსტანტინე გამსახურდია, განსაკუთრებით რომანებში. მისი თხრობის მნიშვნელოვანი ნაწილია ყოფითი ცხოვრების და, რასაკვირველია, კერძების აღწერა-დაკონკრეტება. კოლხური ლოკოკინები ბიზანტიელი სტუმრებისთვის, ოსპის „გბოლვილი“ ანუ შეჭამანდი კათოლიკოსის ბერული ტრაპეზიდან. გამსახურდია დაწვრილებით აღწერს რას ჭამდა გლეხი, რას - მეფე და რას - გლეხის ტანსაცმელში გადაცმული მეფე, მაგალითად, მეფე გიორგი, იგივე გლახუნა „დიდოსტატის მარჯვენიდან“:

შუაცეცხლზე ჯაჭვი იყო ჩამოშვებული. ბატი ეკიდა ზედ.

დიაცი კერას უჯდა.

ტრიალებდა ბატი, ძირს დადგმულ ტაფაზე იღვრებოდა ცხიმი.

ფრთას აწობდა დიაცი ცრმელში, უსვამდა ისევ ბატს.

საამური სუნი იდგა ქოხში. ნერწყვი მოადგათ გირშელსა და გიორგის...

დუმა ქვაბში ჩააგდეს, ლოქო მოართვეს სტუმრებს. ქინძის სუნი ეცა დამშეულ გირშელს, უარესად გაუხელდა მადა.

გიორგი თავათ მიუჯდა კერას. ფრთა გამოართვა დედაკაცს. თავათ აწობდა

ცხიმში, ჯაჭვზე დაკიდებულ ბატს უსვამდა ნელ-ნელა...

გაბრიელმა ჯიხვი გაავსო კიდემდის.

წესისამებრ ვადღეგრძელოთო მეფე გიორგი.

ჩამოიარა ჯიხვმაც. უხმოდ ჭამას შეუდგნენ მეინახენი კვლავ.

ესტატემ ესა სთქვა მხოლოდ.

"რასა სჭამს ნეტავ ბედშავი მეფე გიორგი ახლა?"

"სამი წლის დუმას შეექცევა ალბათ ჩვენსავით, ირმის მწვადები

გამოულეველიაო სასახლეში თურმე". გაიხუმრა უნდილაისძემ.

მეფე გიორგი მართლაც სჭამდა სამი წლის დუმას იმ წუთში.

გაეცინა“.

კონსტანტინე განსახურდია ის მწერალია, რომელსაც დეტალები უყვარს, ამიტომაც მისი აღწერილი კერძებიც ძალიან დეტალურია. მათ ყოველთვის გარკვეული კონტექსტი ახლავთ თან. კერძი, როგორც პერსონაჟის გაგრძელება, მისი შემავსებელი, ის, რაც საუკეთესოდ გადმოსცემს განწყობას, ათასი წლის წინანდელ ერთ ჩვეულებრივ დღეს - გლეხის ქალი ბატს წვავს, სტუმრებს ელოდება...

ეფემიას ნამცხვარი

„აღდგომის ცოდვა“ ვასილ ბარნოვის პატარა მოთხრობაა. აქ იმ ეპოქის ბაზარია აღწერილი, როგორ მიდიან სანოვაგის შესაძენად, ვინ რას ყიდის, ვინ რას ყიდულობს, რაზე ჰყოფნით ფული, რაზე ვერა ან თუნდაც როგორ იხსენებენ სხვადასხვა ნუგბარს, რომლებიც სტუმრად ყოფნისას დაუგემოვნებიათ.

დიდ შაბათს ბაზარში წაველ. მარტოხელ კაცს ბევრი ოჯახი გამომელის სასიძოდ; მაინც შეიძლებოდა დარბაზობა ისე დამემთავრებინა, პური არსად აეხლიჩათ ჩემთვის, საჭმელი არვის მოეპყრო: ცხოვრების სამალდე ერთობ გაჭერილია, ყველას თავი გასჭირვებია. ვიყიდე წითელი კვერცხი, მოხარშული ლორი, შემწვარი ხორცი ბატკნისა, გოჭისა, ინდაურისა; კარაქი, ყველი, ტარხუნა, ფუნთუშები, კახური. ჩემს ბინასაც ვაგრძნობინებდი აღდგომის დღეს, ჩემს ჭიასაც გავახარებდი. გავავსე ხალთაგუდა. დავიმშვენე იასამანით გულისპირი. წამოვედი. ქარვასლის გვერდზედ ბატკნები ეყენათ. შეჯგუფებულ ხალხთან ტანის ნაცნობი რამ რხევა შევნიშნე. წავესწრაფე. გამიკვირდა: ეფემია იყო, პავლეს ასული. იცნობ შენ.

ჯაგარიშვილის ცოლი, თავადობის მაძიებლისა? როგორ არ ვიცნობ!

გახსოვს მისი საპასექო სუფრა?

რა ნამცხვარი! რა მწვარი თუ მგბარი! სანუკვარი სანოვაგე, საუკეთესო სასმელები, ტკბილეულობა.

სუფრის მორთულობა? მაგიდა იზნიქებოდა ფაიფურისა, ბროლისა თუ ვერცხლის ჭურჭლის სიმძიმით...

ყველა დიასახლისს თითო ჟინი სჭირს, სადაც უმეტეს ამჟღავნებს თვითმოყვარეობას. ეფემიას თავმოყვარეობის საგანი პასექის ნამცხვარი იყო; მაღალი უნდა ყოფილიყო, მსხვილი, ლიტაო. მზირად ათვალიერებდა, სხვას არ წაესწრო მისთვის ამაში. ქმარი რომ დაუბრუნდებოდა დარბაზობიდან, დაწვრილებით უნდა აეწერნა ყველას სამზადისი, მეტადრე ნამცხვარის ტანი, მოყვანილობა და გემო.

მახსოვს, კიმოთეს ყოველთვის შიშსა ჰგვრიდა პასექის მოახლოვება: დიდი ხარჯები; ათასი წვრილმან-მსხვილმანი; საჭმელ-საკაზმი; ქაქანით რბენა. მარტო ის რადა ღირს, რომ ცოლი უთუოდ მას დააზელინებდა საპასექო ცომს“.

კონსტანტინე გამსახურდიასგან განსხვავებით, ვასილ ბარნოვი იმ დროს აღწერს, რომელშიც ცხოვრობდა. მსგავსი მოთხრობები არა მხოლოდ ლიტერატურული, ეთნოგრაფიული თვალსაზრისითაც ძალიან საინტერესოა, რადგან დიდი ალბათობით მწერალი იმ ბაზარსა და იმ კერძებზე გვიყვება, რომლებიც თავის თვალით აქვს ნანახი და მართლაც არსებობდა.

კეჟერაძეების ხინკალი

გურამ დოჩანაშვილის მოთხრობაში „ერთი რამის სიყვარული, დაფარვა რომ სჭირდება“ ხინკლის ჭამის პროცესია აღწერილი, თავისებური დასკვნით - ხინკლის ჭამამდე და ჭამის მერე ერთნაირად ბითური ხარ.

ხინკალი, გერასიმე, რაც უფრო გშია, სანატრელია უფრო. ჰოდა, წახვალთ სახინკლეში რამდენიმე ჯეელი, დგახარ რიგში და აჰ, ჯერ სხვებს გამოაქვთ, ნერწყვი გეძალება და შენატრი იმათ. მოაღწევს მერე, როგორც იქნება შენი რიგი და, მოგაწვდის მაგრამ, რას მოგაწვდის მეხინკლე იგიცხელს, აორთქლებულს, ჯადოსნურ ლანგარს, სულ ციმციმ მოგაქვს, და მრგვალ მაგიდას წრეს შემოარტყამთ, ფეხზე დამდგარნი; მერე თქვენში ყველაზე დადებითი ადამიანი მეზობლებიდან შავ წიწაკას ინათხოვრებს და მოაყრის, მაგრამ რას მოაყრისმწვავეს, მადიანს, ველურსუჰუჰუჰ!.. მთლად ათრთოლდები, მაგრამ ცხელიამერედა, შე კაცო, ფრთხილად აიღე, შეუბერე სული, კარგად, დაკვირვებით, ცენტრში რომ მოარტყა, უბერე, უბერე, ფრთხილად მოკბიჩე პატარაზე მერე და ახლა იქ ჩაბერე, ოხშივარი, ჰუჰ! ზედ შიგ ცხვირ-პირზე გელამუნება, და მერე ფრთხილად, ფრთხილად შეიწოვე გულბოყვდამთუთქავი წვენი, აჰ, რა ხსნარია, იფჰ! რომ აგრილდება პატარაზე მერე, ღეჭე, ყლაპე და გუნებაში ნეტარებით იფიქრე: აჰმ-ჰჰ, უხხმ-ჰჰ, და მორიგი ხინკალ-ჭიპის ურნაში ჩასაგდებად დახრა რომ გაგიჭირდება, ამოიხვნეშებ და გაიფიქრებ, ხომ არ მეყო? არა, კაცო, რა საკადრისია, აი ის აიღე, ის, გვერდითა ცალი, ოჰოჰ, ცხარეა? – დააყოლე ქაფქაფა ლუდი, ყელს ვერ ჩაგირეცხს კოხტა-ლამაზად თუახლა, იქითას დასწვდი, ძამიკო, როგორ გიყურებს, გიყურებს როგორ, აჰ, გეხვეწება, ნუ ეტყვი უარს, აიი, ასე, რა, სუნთქვა გიჭირს? რა უჭირს მერე, სირბილით ხომ არ დაღლილხარ და, მაინც, მერე, იმ კანონს მაინც აღმოაჩენრომ დანაყრდები კი არა, უკაცრავად პასუხია, ვრცლად რომ გაძღები, გენაცვალე, რო დამძიმდები, მოფომფლოვდები და თვალზე რული ჩამოგაწვება, მთვლემარე, ბუნდოვნად იგრძნობ რომ, ისევ ის ბითური ხარ, რაც მანამდე, ხინკლის ჭამამდე იყავი. აბა?! – კუჭის კანონია ეს, გერასიმე“.

აქ მთელი ციკლია აღწერილი, ჭამამდე და ჭამის შემდეგ. სურვილი იმდენად მწველია, რომ ის თითქოს მნიშვნელოვანიც უნდა იყოს. ასეთი სურვილი ადამიანს მთლიანად ფლობს, იმონებს, ნებას ართმევს... მაგრამ ბოლოს ისევ იმ რეალობის წინაშე აყენებს, რა რეალობაშიც მანამდე იყო.

  • 16x9 Image

    თეა თოფურია

    რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2012 წლიდან. აშუქებს როგორც მიმდინარე მოვლენებს, ასევე საკითხებს ახლო წარსულიდან. არის ათამდე პროზაული და პოეტური კრებულის ავტორი.

XS
SM
MD
LG