Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რა ხდება როდესაც Anonymous-ი იმუქრება?


Anonymous-ის აქცია დიდ ბრიტანეთში
Anonymous-ის აქცია დიდ ბრიტანეთში

ჰაკერებისა და აქტივისტების საერთაშორისო მოძრაობა Anonymous-ი 1 მაისს, თბილისში, რუსთაველის გამზირზე აქციის მონაწილეების დარბევას მუქარით გამოეხმაურა. მოძრაობა პლატფორმა X-დან მიმართავს ქართულ პოლიციას და „ქართული ოცნების“ მთავრობას და მათ კიბერშეტევებითა და მონაცემთა ბაზების გასაჯაროებით ემუქრება.

ვინ არის Anonymous-ი?

Anonymous-ი 2008 წლიდან არსებობს, როგორც დეცენტრალიზებული ციფრული მოძრაობა. ისინი საკუთარ თავს „ჰაკტივისტებად“ მოიხსენიებენ და ვიზუალურ იმიჯად იყენებენ მე-16 საუკუნეში ბრიტანელი რევოლუციონერის გაი ფოქსის ნიღაბს, ფილმიდან V Vendetta.

პირველად "ჰაქტივისტები" აშშ-ში საიენტოლოგიურ ეკლესიას აუმხედრდნენ. მათ DDoS შეტევით გაუთიშეს საიტი ეკლესიას და მთელი ამერიკის მასშტაბით მრავალათასიანი აქციები მოაწყვეს.

DDos შეტევისას საიტების სერვერებზე ერთდროულად ძალიან ბევრი მოთხოვნა იგზავნება, სერვერი დატვირთვას ვეღარ უძლებს და ითიშება.

Anonymous-ის ყველაზე ხმაურიანი გამოჩენა 2011 წელს არაბულ გაზაფხულს უკავშირდება.

ახლო აღმოსავლეთში დაწყებული პროტესტების ტალღის დროს მათ გამოაცხადეს „ოპერაცია ტუნისი“. გარდა სამთავრობო ვებ რესურსებზე შეტევებისა, Anonymous-ი ეხმარებოდა ტუნისელ აქტივისტებს მათი ონლაინ უსაფრთხოების დაცვაში. ეს ის დროა, როდესაც საყოველთაო მობილიზაცია პირველად მოხდა სოციალური ქსელების მეშვეობით და დისიდენტები სწრაფად ავრცელებდნენ აქციების კადრებს და ინფორმაციას ფეისბუკსა და ტვიტერზე.

დღემდე დაჯგუფებას ჰაქტივიზმისა და აქციების მეშვეობით პროტესტი გამოხატული აქვს ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებზე, სამხედრო აგრესიებზე, ტერორისტულ თავდასხმებსა და სხვა.

მათი კიბერპოტენციალის შეფასებისთვის გამოდგება ისიც, რომ გატეხილი აქვთ CIA-სა და NASA-ს გვერდები. მათ გაუთიშავთ აშშ-ის, ისრაელის, ტუნისის, უგანდისა და სხვა ქვეყნების სახელმწიფო უწყებების და კორპორაციების, PayPal-ი, MasterCard-ი, Visa-ს და Sony-ს საიტები.

მუქარიდან აღსრულებამდე

2022 წელს, უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ Anonymous-მა კიბერომი გამოუცხადა რუსეთის ხელისუფლებას.

მათი პირველი მუქარა პლატფორმა X-ზე 2022 წლის 25 თებერვალს დაიდო. აქედან ერთი კვირის თავზე კი ჰაკერებმა გათიშეს მთავრობისა და მისი სატელიტი მედიების საიტები. დაახლოებით 1 თვის შემდეგ მათ უკვე 2500 ვებსაიტი ჰქონდათ დაჰაკული. ომის განმავლობაში ჰაკერებმა გამოაქვეყნეს ბელარუსში ფსბ-ს აგენტების სია.

1 მაისს გამოქვეყნებულ პოსტში, რომელსაც თან ახლავს თბილისის აქციის დარბევის კადრები Anonymous-ი აცხადებს, რომ მოიპოვებს და ინტერნეტით გაავრცელებს „ქართული ოცნების" ხელისუფლების მონაცემთა და ელექტრონული ფოსტის ბაზებს.

„ეს თქვენი პირველი და უკანასკნელი გაფრთხილებაა“, - წერია Anonymous-ის მიერ სოციალურ ქსელ X-ით გავრცელებულ მიმართვაში. ისინი ამხნევებენ აქციის მონაწილეებს და ეუბნებიან რომ მარტოები არ არიან.

1 მაისს პოლიციის სპეციალურმა რაზმებმა თბილისის ცენტრში, პარლამენტის წინ ე. წ. აგენტების კანონის საპროტესტო აქციაზე დემონსტრანტების წინააღმდეგ გამოიყენეს სპეციალური საშუალებები და ფიზიკური ძალა.

  • 16x9 Image

    სოფო დათიშვილი

    მულტიმედია ჟურნალისტი, ამზადებს ვიდეოებს Instagram-ის, TikTok-ისა და სხვადასხვა სოციალური მედიაპლატფორმისთვის. მუშაობს საერთაშორისო და ქვეყნის შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებებისა და სოციალურ თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2017 წლიდან.

ფორუმი

XS
SM
MD
LG