ომის დაწყებისთანავე, კიბერუსაფრთხოების ექსპერტები შიშობდნენ, რომ რუსეთი უკრაინას ინტერნეტს და მობილურ კავშირს ჩაუჭრიდა.
ამ შიშის საფუძველი რუსი ჰაკერების რეპუტაცია იყო. 2008 წლის ომი საქართველოში, და 2014 წლის ომი უკრაინაში, კიბერშეტევების ფონზე მიმდინარეობდა. 2015 წელს, მასიურმა კიბერშეტევამ კიევში ათასობით ადამიანი დატოვა ელექტროენერგიის გარეშე. სწორედ მაშინ მსოფლიო პირველად ალაპარაკდა, რომ ისინი რუსეთის ჰიბრიდული არსენალის ნაწილია.
სამიზნეები მხოლოდ საქართველო და უკრაინა არ ყოფილან. უკანასკნელ 15 წელიწადში რუსმა ჰაკერებმა ათეულობით შეტევა მიიტანეს ამერიკის, გერმანიის, დიდი ბრიტანეთის, სხვა ქვეყნების ხელისუფლებებისა და კერძო კომპანიების საიტებზე.
თეორიულად, ჰაკერებს შეუძლიათ დააზიანონ ყველაფერი, რაც კომპიუტერული ტექნოლოგიებით იმართება. ანუ გააჩერონ ტრანსპორტი, დატოვონ მოსახლეობა დენის, გათბობის, ფულის გარეშე, გამოიწვიონ პანიკა.
უკრაინაშიც საქმე თითქოს აქეთკენ მიდიოდა. 24 თებერვალს, რუსული ტანკების შეჭრას მასიური კიბერშეტევა უძღოდა წინ. მწყობრიდან გამოვიდა სატელიტური ინტერნეტპროვაიდერის Viasat-ის 10 ათასზე მეტი მოდემი, შეფერხდა უკრაინული სამთავრობო საიტების მუშაობა და მთლიანად ინტერნეტკავშირი. IT სპეციალისტებმა აღმოაჩინეს კომპიუტერებში „ჩანერგილი” ჯაშუშური პროგრამები, რუსმა ჰაკერებმა კი გამოიყენეს აქამდე არნახული კიბერიარაღი.
თუმცა ომის დაწყებიდან უკვე თვე-ნახევარი გავიდა და პესიმისტური პროგნოზები არ გამართლდა - ჰაკერებმა იმის მეასედიც ვერ მოახერხეს, რასაც ექსპერტები მათგან ელოდნენ.
„ის, რომ ინტერნეტქსელი და მობილური კავშირი კვლავ გამართულად მუშაობს, უბრალოდ შთამბეჭდავია”, - ეუბნება „ვაშინგტონ პოსტს“ ლუკას ოლეინიკი, კიბერუსაფრთხოების მკვლევარი.
8 აპრილის მონაცემებით, უკრაინაში ინტერნეტმომარაგება 80 პროცენტით მუშაობს. ინტერნეტი მხოლოდ აქა-იქ ითიშება. ძირითადად, რუსული ჯარის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე, სადაც მათ უბრალოდ მწყობრიდან გამოჰყავთ კავშირგაბმულობის ინფრასტრუქტურა.
რატომ არ გამოუვიდათ?
26 თებერვალს უკრაინის ციფრული ტრანსფორმაციის მინისტრმა, მიხაილო ფიოდოროვმა მობილიზაცია გამოაცხადა. მან მოუწოდა ყველა პროგრამისტსა და IT სპეციალისტს, დაეხმაროს უკრაინის ხელისუფლებას.
მაგრამ სპეციალისტების გადამზადება უკრაინამ გაცილებით ადრე, ჯერ კიდევ 2015 წელს, დაიწყო. აშშ-ის ხელისუფლების და მსხვილი კორპორაციების დახმარებით, უკანასკნელ 6 წელიწადში უკრაინამ ასეულობით IT სპეციალისტი და კიბერუსაფრთხოების ექსპერტი გადაამზადა.
„როგორც კი რუსულმა ტანკებმა გადმოკვეთეს უკრაინის საზღვარი, ჩვენ შეტევაზე გადავედით… ახლა ჩვენ გვეხმარება ათასობით ჰაკერი მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან“, - ჰყვება მიხაილო ფიოდოროვი.
27 თებერვალს რუსეთს დაუპირისპირდა საერთაშორისო ჰაკტივისტული დაჯგუფება „ანონიმუსი“.
„ულტრაკოორდინირებული დედისტ*ვნის” მოწყობით განთქმულმა ჰაკერებმა საკუთარ თავზე აიღეს არაერთი თავდასხმა გაზპრომის, კრემლის მიერ კონტროლირებადი მედიისა და სახელისუფლებო საიტებზე.
პარალელურად, რუსეთში შეაჩერეს მუშაობა კომპიუტერული ტექნოლოგიების მწარმოებელმა კომპანიებმა - ინტელმა, ასუსმა და სხვებმა. გაყიდვები შეაჩერა პროგრამული უზრუნველყოფის უმსხვილესმა მწარმოებელმა მაიკროსოფტმაც.
უკრაინის ციფრული ტრანსფორმაციის მინისტრმა მიხაილო ფიოდოროვმა, ტელეკომპანია ТСН-თან საუბარში თქვა, რომ მიმდინარეობს „პირველი მსოფლიო კიბერომი”.
მისი თქმით, ბევრ რუს ჰაკერს უბრალოდ არ სცხელა თავდასხმისთვის, რადგანაც მათ შეტევების მოგერიება უწევთ.
პორტატული ინტერნეტი
რისი წყალობით არის უკრაინის უდიდესი ნაწილი „ონლაინ”? უკრაინაში ინტერნეტის მარეგულირებელი კომისიის ინფორმაციით, ქვეყანაში 6 ათასამდე ინტერნეტპროვაიდერი და მობილური ოპერატორია.
ისინი უკრაინის მოსახლეობას ინტერნეტით ძირითადად ბოჭკოვანი კაბელებით და გადამცემი ანძებით ამარაგებენ.
ინტერნეტის ფიზიკური ინფრასტრუქტურა უკრაინაში კარგადაა განვითარებული. ერთ ტერიტორიას ხშირად რამდენიმე ბოჭკოვანი კაბელის ხაზი ემსახურება, - ეუბნება „ვაშინგტონ პოსტს“ დუგ მადორი, ინტერნეტის ანალიტიკური ცენტრის, კენტიკის დირექტორი.
თუმცა, იმ შემთხვევაშიც კი, თუ რუსეთი შეაფერხებს ინტერნეტპროვაიდერების მუშაობას, უკრაინას უკვე აქვს „სათადარიგო” ინტერნეტი.
ომის დაწყებისთანავე, მიხაილო ფიოდოროვი დაუკავშირდა SpaceX-ს. მისმა მფლობელმა, ილონ მასკმაც არ დააყოვნა და უკვე 26 თებერვალს დაწერა, რომ უკრაინას სტარლინკის ტერმინალებით მოამარაგებს.
სტარლინკის გადამცემები ინტერნეტს პირდაპირ Space X-ის კოსმოსური თანამგზავრებიდან იღებენ. სწორედ ამის წყალობით, სტარლინკის ინტერნეტკავშირის გატეხვა უფრო რთულია.
მიხაილო ფიოდოროვის თქმით, უკრაინამ უკვე მიიღო რამდენიმე ათასი „თეფში”. მათი გაშლა მარტივია, სულ რაღაც 10 წუთიც საკმარისია.
უინტერნეტობა კი ომის დროს ძალიან საშიშია - ბუჩაში, მარიუპოლში, ბერდიანსკში რუსული ჯარების შესვლისთანავე, ინტერნეტი მუშაობას წყვეტდა. ადგილობრივი მოსახლეობა კავშირის გარეშე რჩებოდა, რუსმა ჯარისკაცებმა კი დანამდვილებით იცოდნენ, რომ ვერავინ გაიგებს, თუ რას აკეთებენ ამ ტერიტორიებზე.
ნაადრევი სიხარული?
ტერეზა პაიტონი, კიბერუსაფრთხოების ექსპერტი და თეთრი სახლის ყოფილი საინფორმაციო ოფიცერი, „გარდიანთან” საუბარში ამბობს, რომ სიხარული ჯერ ნაადრევია. იგი არ გამორიცხავს - რუსეთი კიბერსივრცეში იმიტომ ფრთხილობს, რომ აშინებს დასავლეთის პროპორციული პასუხი. თანაც სანქციებმა უკვე ისედაც დიდი პრობლემები შეუქმნა და შესაძლოა, კრემლი უბრალოდ იცილებს დამატებით „თავის ტკივილს”.
მაგრამ აქა-იქ რუსი ჰაკერები მაინც აქტიურობენ.
28 მარტს მათ უკრაინულ ინტერნეტს ომის დაწყების დღიდან უძლიერესი დარტყმა მიაყენეს. კიბერშეტევამ ქვეყნის ერთ-ერთ უმსხვილეს პროვაიდერზე, უკრტელეკომზე, ათასობით უკრაინელი ინტერნეტის გარეშე დატოვა.
31 მარტს გუგლის საფრთხეების ანალიტიკურმა ჯგუფმა განაცხადა, რომ რუსი ჰაკერები ცდილობდნენ, შეეღწიათ ნატოს აღმოსავლეთ ევროპის ქსელში.
6 აპრილს FBI-მ გამოაცხადა, რომ გატეხა ათასობით მოდემი, რომელთაც რუსი ჰაკერები კიბერშეტევებისთვის იყენებდნენ. 7 აპრილს კი მაიკროსოფტმა საკუთარ ბლოგზე დაწერა, რომ „გააუვნებელყო” ჰაკერული ჯგუფის „სტრონციუმის” სერვერები, რომელიც, მათი თქმით, რუსული დაზვერვის მიერ კონტროლდება.