25-დან 28 მაისის ჩათვლით, თბილისში, ექსპო ჯორჯიაში წიგნის 25-ე საერთაშორისო ფესტივალი იმართება. მე-11, მე-6 და მე-5 პავილიონებში, წიგნები, ტრადიციულად, ფასდაკლებით გაიყიდება. ათასობით გამოცემიდან რადიო თავისუფლებამ რამდენიმე, ახლად დაბეჭდილი წიგნი შეარჩია.
გამომცემლობა „მედუზა“ ფესტივალზე პირველადაა. ის ფენტეზის ჟანრის წიგნებს გამოსცემს. წელს ხუთი წიგნი მოამზადა: 80-იანი წლების ქართული ფანტასტიკა და თანამედროვე ავტორის, გიორგი კვიტატიანის „ბრინჯაოს ქალაქი“.
„ადრე ფენტეზის ჟანრში ქართველი მწერლები შედარებით იშვიათად მუშაობდნენ. ახლა უკვე წამოვიდა თაობა: გიორგი კვიტატიანი, გიორგი ხარაიშვილი... ნატო დავითაშვილი უკვე კლასიკად მიიჩნევა. ჩვენც ვცდილობთ, ხელი შევუწყოთ. ჩვენი ხუთი წიგნიდან სამი ქართულია“, - ამბობს ანა ყიასაშვილი, გამომცემლობა „მედუზას“ დამფუძნებელი.
დანარჩენი ორი ნათარგმნი წიგნიდან ერთი დაიანა უინ ჯონსის „ჰაულის მოსიარულე ციხე-კოშკია“, რომლის მიხედვითაც ჰაიაო მიაძაკიმ ამავე სახელწოდების ანიმე შექმნა. წიგნი ქეთევან ყანჩაშვილმა თარგმნა.
„სულაკაურის გამომცემლობამ“ დაბეჭდა დავით დიოპის „სულიერი ძმა“. დიოპი დედით ფრანგი და მამით სენეგალელი მწერალია, აფრიკული ლიტერატურის სპეციალისტი. „სულიერი ძმა“ 2018 წელს გამოქვეყნდა, სამი წლის შემდეგ კი მას ბუკერის პრემია მიანიჭეს. ქართულად წიგნი პაატა ჯავახიშვილმა თარგმნა.
„წიგნი ბაბუის გამოცდილებაზეა, ომზე, მაგრამ მხოლოდ ომზეც არა. რეალურად ეს არის ნერვულ სისტემამდე გატყავებული ადამიანის ისტორია. მკითხველს არ ზოგავს“, - ამბობს ლუკა გრიგოლია, „სულაკაურისა“ და „პოლინომიალის“ გამომცემელი.
გამომცემლობა „პოლინომიალიც“ ფესტივალში პირველად მონაწილეობს. მან დაბეჭდა ლეონარდ კოენის ეროტიკული ტრაგედია „ყოველი მათგანის ამბავი“, ვირჟინი დეპანტის „თეორია კინგ კონგი“, რომელიც სექსისა და გენდერის საკითხებზეა, უფრო მეტად კი მათ შესახებ არსებულ სტერეოტიპებზე; და ჯოან დიდიონის „ჯადოსნური ფიქრის წელიწადი“.
„ჯადოსნური ფიქრის წელიწადი“ მემუარებია. დიდიონი ძალიან გულწრფელად და დაწვრილებით საუბრობს, თუ რას განიცდიდა ქმრის გარდაცვალების შემდეგ. ამ გულწრფელობას „მიაქვს“ მთელი რომანი. მემუარში საკუთარი თავი არ უნდა დაზოგო“, - ამბობს ლუკა გრიგოლია.
„ინტელექტმა“ დაბეჭდა რეზო გაბრიაძის „ჩემი პატარა ქალაქი“. მასში ის მოთხრობები შევიდა, რომელიც გაბრიაძეს ქუთაისზე აქვს დაწერილი: „შერეკილები“, „ქუთაისი ქალაქია“, „ექიმი და ავადმყოფი, ანუ აკრძალული შობა“, „ალილო“, „ერმონია და რამონა“, „თეთრი ხიდი“.
„მაშინაც კი, როდესაც პარიზზე ვწერ, მაინც ქუთაისზე დაწერილი გამომდის... ქუთაისი ადრიატიკაა, ის უფრო ხმელთაშუაზღვისპირული ქალაქია, უფრო ლირიულია, რბილი, აქ უფრო იგრძნობა ბერძნული გავლენა. თბილისმა სხვა გზა გამოიარა. მასში სპარსეთიც იგრძნობა და ევროპაც. ქუთაისი უფრო მსუბუქი ქალაქია, ქუთაისელები მსუბუქად იღიმებიან, მსუბუქად ტირიან, მათი გრძნობები და ურთიერთობებიც უფრო მსუბუქია და იმ სამყაროშიც უფრო მსუბუქად მიდიან...“, – წერდა რეზო გაბრიაძე.
ასევე „ინტელექტის“ სტენდზეა დავით წერედიანის თარგმანები, ჯუმბერ ლეჟავას „მოგზაურის ჩანაწერები“, ფოტოალბომი ქართულ კინემატოგრაფზე და გიორგი კეკელიძის „ხვიჩა ვარსკვლავი, სახელად ვარსკვლავი“. წიგნი ფეხბურთელ ხვიჩა კვარაცხელიაზე დაიწერა.
„ევროპაში ფეხბურთელის კარიერის განმავლობაში რამდენიმე წიგნს წერენ. არ ელოდებიან მისი კარიერის დასრულებას, რადგან სწორედ იმ დროს არის ფეხბურთელი პოპულარული. ვფიქრობ, სწორედ ახლა არის მნიშვნელოვანი, რომ მისი გამოცდილება ბევრმა გაიგოს, მათ შორის ბავშვებმა, რადგან ის შრომის და ნიჭიერების მაგალითია“, - ამბობს „ინტელექტის“ წარმომადგენელი ზვიად კვარაცხელია.
„არტანუჯმა“ ვაჟა-ფშაველას „გველისმჭამელის“ მიხედვით კომიქსი გააკეთა, ასევე გამოსცა „ხუთკუნჭულა“ და „რისი კურკაა“. ამ წიგნში ბავშვი ცდილობს გამოიცნობს, რომელ ხილს როგორი კურკა აქვს.
ახალი წიგნები გამოსცა „სიესტამაც“: სინკლერ ლუისის „ეს აქ არ მოხდება“, სადაც მოთხრობილია არარეალური ამბავი - თუ როგორ განვითარდებოდა მოვლენები, ჰიტლერის მსგავსი დიქტატორი ამერიკაში რომ გამოჩენილიყო; ჰერტა მიულერის „სუნთქვის საქანელა“ (მასში 17 წლის ბიჭის ცხოვრებაა აღწერილი საბჭოთა კავშირში) და ტეიტარო სუძუკის „ძენ ბუდიზმის შესავალი“.
„ძენში ყველაფერია პირადი გამოცდილება. ვერავითარი იდეები ვერ მისწვდება იმათ, ვისაც გამოცდილება არ უმაგრებს ზურგს. ეს ჩვეულებრივი ამბავია. ჩვილს არავითარი იდეა არ აქვს, რადგანაც მისი მენტალობა არ არის ისე განვითარებული, რომ იდეებად დასცადოს რამე. თუ მას საერთოდ მოეპოვება იდეები, ესეც უკიდურესად ბნელად, გადღაბნილად და არა – რეალობასთან შესატყვისად. ამიტომაც, რაიმეს მკაფიოდ და ყოვლად ქმედითად გაგებისთვის, ის უნდა გამოიცადოს პირადად. განსაკუთრებით მაშინ, როცა ეს „რაღაც“ თვით სიცოცხლეს უკავშირდება, პირადი გამოცდილება აბსოლუტური აუცილებლობაა. ამ გამოცდილების გარეშე, უშეცდომოდ და, ამიტომაც, ქმედითად ვერ მოიხელთება ვერაფერი, რაც მას უკავშირდება“, - წერს ტეიტარო სუძუკი.
„დიოგენეს“ სტენდზე იაპონელი მწერლის ბანანა იოშიმოტოს რომანი დევს - „სამზარეულო“. თანამედროვე იაპონურ ლიტერატურაში ეს ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი წიგნია. მთავარი მოქმედი გმირი მიკაგე საკურაი ბებიის გარდაცვალებით ბოლო ნათესავს კარგავს. გოგონა ბებიის ნაცნობთან იუიჩისთან გადაბარგდება, რომელიც, თავის მხრივ, ტრანსგენდერ დედასთან ერთად ცხოვრობს. წიგნი სიყვარულზე, სამზარეულოსა და თანამედროვე იაპონიაზეა.
„პალიტრა L“-მა დაბეჭდა დეიმონ გალგუტის „პირობა“, რომელმაც 2021 წელს ბუკერის პრემია მოიპოვა. წიგნი ჰყვება, თუ როგორ დაიშალა პრეტორიის მახლობელ ფერმაში მცხოვრები სამხრეთაფრიკული ოჯახი.
ასევე დაიბეჭდა რუპი კაუპის პოეზია: „მზე და მისი ყვავილები“.
„რუპი კაუპს თავისი ფანები ჰყავს საქართველოში. მისი პირველი წიგნის, „რძე და თაფლის“ შემდეგ სულ გვსაყვედურობდნენ, რატომ აღარ თარგმნითო. აი, ვთარგმნეთ და გამოვეცით“, - ამბობს „პალიტრა L“-ის წარმომადგენელი მაია ალუდაური.
გარდა უშუალოდ ექსპო ჯორჯიას პავილიონებისა, წიგნების შეძენა შესაძლებელია ონლაინ, ფესტივალის ვებგვერდზე.