„გრუზია“ თუ „საქართველო“? რამდენიმე დღის წინ უკრაინის რადაში კანონპროექტი დაარეგისტრირეს. უკრაინელი დეპუტატები ითხოვენ, საქართველოს უკრაინულადაც საქართველო ეწოდოს და არა „გრუზია“. ამის გამო ხელახლა დაიწყო დისკუსია, მაინც რა უნდა ერქვას საქართველოს უცხო ენებზე და უნდა ჩაერიოს თუ არა პროცესში თბილისი.
მას შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა, უკრაინელები ცდილობენ, რუსული ან რუსეთისგან თავსმოხვეული ტოპონიმებისგან გათავისუფლდნენ. მორიგი მცდელობა სწორედ ეს კანონპროექტია. თუ დამტკიცდა, საქართველოს უკრაინულადაც საქართველოს დაუძახებენ, ქართველებს კი - ქართველებს.
პროცესი ცალმხრივი არაა. რამდენიმე თვის წინ საქართველოს სახელმწიფო ენის დეპარტამენტმა დაამტკიცა ტერმინების უკრაინული ენიდან ქართულად გადმოღების (ტრანსკრიფცია-ტრანსლიტერაცია) წესები. ახლა უკრაინული ქალაქები, ადგილები, გვარები ითარგმნება პირდაპირ უკრაინულიდან და არა რუსულიდან, როგორც ეს ადრე ხდებოდა.
პირველი ქვეყანა, რომელმაც პოსტსაბჭოთა სივრცეში სახელწოდება „გრუზიაზე“ უარი თქვა და საქართველოს Sakartvelo უწოდა, ლიეტუვა იყო. ეს გადაწყვეტილება ლიეტუვამ საქართველოს დამოუკიდებელი რესპუბლიკის 100 წლისთავისთვის მიიღო. ლიეტუვამ ასევე მოითხოვა, ქართველებსაც მათი ქვეყნის ავთენტიკური სახელწოდება გამოიყენონ. ასეც მოხდა, 2018 წლიდან ოფიციალურ სტრუქტურებსა და მასმედიაში „ლიტვა“ „ლიეტუვამ“ ჩაანაცვლა.
საქართველოს „საგარეო“ სახელი
არაფერია უჩვეულო იმაში, რომ სახელმწიფოს თავის და სხვა ენებზე სხვადასხვა სახელი ჰქვია. მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანას იგივე ისტორია აქვს. ხანდახან სახელში მხოლოდ ერთი ან ორი ბგერა იცვლება, მაგალითად, „ინგლანდ“ და „ინგლისი“, ხანდახან - მთლიანად დასახელება, მაგალითად, „ჰაიასტანი“ და „სომხეთი“.
„აი, სულ რამდენიმე დღის წინ განვიხილეთ კოლუმბიის მთავრობის წერილი და გადაწყდა, რომ ქართულად „კოლუმბიის“ ნაცვლად „კოლომბიას“ გამოვიყენებთ“, - ამბობს მარინე ბერიძე, სახელმწიფო ენის დეპარტამენტის სახელმწიფო ენის ფუნქციონირების ზედამხედველობის სამსახურის უფროსი. მისივე განმარტებით, ტენდენცია, რომ პოსტსაბჭოთა ქვეყნებში „გრუზიის“ გამოყენება აღარ უნდათ, გასაგებია, მაგრამ ეს საყოველთაო მოვლენა ვერ გახდება, - „თითოეული ქვეყანა თავისი ისტორიისა და ტრადიციის მიხედვით ანიჭებს უპირატესობას ამა თუ იმ სახელწოდებას. ჩვენ ვერავინ გვაიძულებს, რომ მაგალითად, რუსეთს „რასია“ დავუძახოთ“.
რას ნიშნავს „გრუზია“?
რუსული ტერმინი „გრუზია“, რომელიც ძირითადად საბჭოთა კავშირის ქვეყნებშია დამკვიდრებული, სინამდვილეში აღმოსავლური „გურჯიდან“ მოდის. ძირითადად საქართველოს ამ სამი სახელწოდებით იცნობენ: „გურჯისტანი“, „გრუზია“ და „გეორგია“, იგივე „ჯორჯია“.
კავკასიოლოგი მერაბ ჩუხუა ამბობს, რომ ზოგი მეცნიერის აზრით, „გურჯის“ ძირიც არის სიტყვა „გეორგოს“, თუმცა:
„მეორე თვალსაზრისით, რომელიც მე უფრო სწორი მგონია, ეს არის ძველებრაული „გორდ“, რომელიც „ქარდუხის“, „ქარდის“ შესატყვისია.
დროთა განმავლობაში ამ სიტყვის ბევრი სახესხვაობა გაჩნდა. დღეს კავკასიის ხალხებში ქართველის აღმნიშვნელად გავრცელებულია „გურჯი“, მათ შორის ოსურად - „გურზი“.
თუმცა, არის შემთხვევები, როდესაც ისტორიული სახელწოდებაა შენარჩუნებული, მაგალითად, ჩერქეზებში არის „ქურცი“, ვფიქრობ, ეს „ხუცს“ უკავშირდება, ხუცური, ხურციძე, ხურცილავა...
ყაბარდოულში არის სიტყვა „მერეთუა“, რაც ნიშნავს იმერეთს, იმერელს. ჩეჩნურსა და ინგუშურში არის „კახპიე“ - კახეთელი. ამ შემთხვევაში საქართველო კახეთთან არის გაიგივებული. ინგუშებს აქვთ ასეთი სიტყვაც „კეიგურჟი“, რომელიც სიტყვასიტყვით „თეთრ ქართველს“ ნიშნავს. ამ ტერმინით ისინი მეგრელებს მოიხსენიებენ“, - ამბობს მერაბ ჩუხუა.
ჰერალდიკოსი მამუკა გონგაძე ამბობს, რომ უკრაინელებისა და ლიეტუველების გადაწყვეტილება, საქართველოს სახელი შეუცვალონ, კეთილშობილურ მიზანს ემსახურება, თუმცა მაინც ჯობს ეს ტენდენცია საყოველთაო არ გახდეს და თურქეთივით არ მოვითხოვოთ, ყველამ „საქართველო“ დაგვიძახოს.
იმის გამო, რომ ინგლისურად თურქეთი გამოითქმებოდა როგორც „ინდაური“, თურქეთმა გაეროს მიმართა და მოუწოდა, მისი სახელი სხვა ქვეყნებმა ავთენტიკური გამოთქმით მოიხსენიონ.
„თუ ეს ტენდენცია გაგრძელდა, ამით ძალიან დიდ ისტორიას დავკარგავთ, რადგან საქართველო შუა საუკუნეებში თუ მანამდეც „გეორგიად“ იწოდებოდა. თან „გეორგიაში“ არა მხოლოდ ქართველები, სხვა ეთნიკური ტომებიც იგულისხმება. ასე ხელოვნურად არ შეიძლება მსგავსი საკითხის გადაწყვეტა. მაშინ ფინეთს „Suom“ უნდა დავარქვათ და უნგრეთს - „Magyarország“, - ამბობს მამუკა გონგაძე, - ვფიქრობ, ჩვენ არავის არაფერი არ უნდა შევთავაზოთ. სახელებს დიდი ხნის ისტორია აქვთ და ყველა ქვეყანამ და ხალხმა თავად უნდა გადაწყვიტოს, რას დაგვიძახებს“.