Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რა მოხდება, თუ ევროკავშირში "ოცნების" მაღალჩინოსნებს აღარ შეხვდებიან? წითელი ხაზები ურთიერთობებში


"ქართული ოცნების" ლიდერები "აგენტების კანონის" მხარდამჭერ პარტიულ აქციაზე, რუსთაველის გამზირზე - 29 აპრილი, 2024 წელი.
"ქართული ოცნების" ლიდერები "აგენტების კანონის" მხარდამჭერ პარტიულ აქციაზე, რუსთაველის გამზირზე - 29 აპრილი, 2024 წელი.

მაშინ როდესაც ევროკავშირმა ოფიციალურად გამოაცხადა გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყება უკრაინასა და მოლდოვასთან, საქართველოსთან მიმართებით „პოლიტიკური ურთიერთობის დონის შემცირებაზე“ დაიწყო მსჯელობა. 

"საქართველოს ხელისუფლება ქვეყანას ევროკავშირს აშორებს", - განაცხადა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა უსაფრთხოებისა და საგარეო ურთიერთობათა საკითხებში, ჟოზეპ ბორელმა. ახალი რეალობის შესაცვლელად ევროკავშირმა იმ ზომების განხილვა დაიწყო, რაც თბილისს დასავლურ ტრაექტორიაზე დააბრუნებს.

თუ მაღალი დონის ვიზიტები შეჩერდება, ექსპერტების შეფასებით, „ოცნება“ დასავლელ პარტნიორებთან თანამშრომლობის იმიტირებას ვეღარ შეძლებს.

ურთიერთობების გადახედვა უკავშირდება „აგენტების კანონის“ დამტკიცებასა და მასთან დაკავშირებულ მოვლენებს. საქართველოს საკითხს ევროკავშირის ქვეყნების ლიდერები განიხილავენ 27-28 ივნისის სამიტზე.

„ქართული ოცნების“ პოლიტიკის საწინააღმდეგო ზომებზე, მანამდე, ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომაზე (FAC), 24 ივნისს, ლუქსემბურგში იმსჯელეს.

დიალოგი

„დღეს საქართველოს პარტნიორების მხრიდან გაბუტვა და მუქარები კი არა, სერიოზული დიალოგი და მხარში დგომა სჭირდება იმისთვის, რომ მშვიდობით და ღირსებით შევძლოთ საერთო მიზნის მიღწევა... რომ ქვეყნის სუვერენულ არჩევანს - ევროკავშირში წევრობას საფრთხე არ დაემუქროს“, - განაცხადა ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილმა, პარლამენტის სხდომაზე, 25 ივნისს - ევროკავშირის მინისტრების საბჭოს ლუქსემბურგში გამართული სხდომის მეორე დღეს; ხოლო შემდეგ, ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განმარტა, რომ „პარტნიორობას სჭირდება დიალოგი“.

„ამ პირობებში რთული წარმოსადგენია, როგორ უნდა, ვთქვათ, ვისაუბროთ საერთო ინტერესებზე, ხომ?! ... რა თქმა უნდა, საქართველოს უნდა მიეცეს შესაძლებლობა, პარტნიორებთან ახსნას ის საჭიროებები, რა საჭიროებები არსებობს ქვეყნისთვის, როდესაც ხდება ამა თუ იმ გადაწყვეტილების მიღება“, - მაკა ბოჭორიშვილის თქმით, როცა ხდება მცდარი წარმოდგენების შექმნა, „ძალიან ბევრი ძალისხმევა და დრო სჭირდება ამის გაქარწყლებას“.

ასევე მაკა ბოჭორიშვილის სიტყვებია, რომ „საქართველოს სამტკიცებელი ნამდვილად არაფერი აქვს“, ქვეყნის გარედან ოპოზიციას ეხმარებიან „ხელისუფლების შანტაჟის და ქვეყნის რყევის გასაძლიერებლად“; ხოლო "„ქართული ოცნებისთვის“, მისი ერთგული მხარდამჭერებისთვის მარტივი ჭეშმარიტებაა, რომ - საქართველოს არჩევანი არის ევროკავშირისკენ სვლა“.

„შევამცირებთ საქართველოსთან პოლიტიკურ კონტაქტებს და კავშირებს“, - თქვა ჟოზეპ ბორელმა, მინისტრების საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე და ეს ზომა „პოლიტიკური ურთიერთობის დონის შემცირებად“ მოიხსენია. ის, რასაც ევროკავშირი ამ მხრივ აპირებს, შესაძლოა ნიშნავდეს - მაღალი დონის ორმხრივი ვიზიტებისა და სხვადასხვა საკითხზე დაწყებული მოლაპარაკებების შეჩერებას.

  • ბორელმა განაცხადა, რომ ამ ზომის დაწესებას „არ სჭირდება ერთსულოვნება [კონსენსუსი]“ და შესაძლოა „დაუყოვნებლივ“ დაწესდეს - 27-დან 26 ქვეყნის ძალისხმევით [გაკეთდა მინიშნებაც, რომ ერთადერთი მოწინააღმდეგე - უნგრეთია].
  • შემდგომ ზომებში გათვალისწინებულია ასევე - წევრი სახელმწიფოებისათვის რეკომენდაციის გაცემა, რომ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებსა და დიპლომატებს შეუჩერდეთ უვიზო მიმოსვლის უფლება და დასჭირდეთ შენგენის ვიზების აღება.

მინისტრების მიერ საბჭოში განხილული დოკუმენტის თანახმად, ზომების დამძიმება შესაძლოა მოჰყვეს, მაგალითად - „მშვიდობიან მომიტინგეებზე ძალადობას“ ან „მნიშვნელოვან დარღვევებს საარჩევნო პროცესში“.

სწრაფად დასაწესებელი [პირველი ეტაპის] ზომების ნუსხაშია ასევე: მთავრობისთვის ფინანსური დახმარების შეჩერება და ევროპული სამშვიდობო ფონდიდან საქართველოს მხარდაჭერის გადახედვა [30 მილიონი ევრო].

რა შეიძლება მოიტანოს პოლიტიკური კონტაქტის შემცირებამ?

თუკი თბილისთან პოლიტიკური ურთიერთობის დონე შემცირდება და მაღალი დონის ვიზიტები შეწყდება, „ქართულ ოცნებას“ თავისი ამომრჩევლების პროევროპული ნაწილის წინაშე ევროკავშირთან თანამშრომლობისა და წინსვლის ილუზიის შექმნა გაუჭირდება, - ეუბნება რადიო თავისუფლებას „საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის“ (GIP) ხელმძღვანელი, კორნელი კაკაჩია.

„[ასეთ შემთხვევაში] ხელისუფლებას ძალიან გაუჭირდება, რიტორიკულ დონეზეც კი, რომ ახსნას, თითქოს - ევროკავშირთან მისი ურთიერთობები სტაბილურია. ამომრჩევლების პროევროპული ნაწილი, რომელიც „ქართულ ოცნებას“ ჯერ კიდევ უჭერს მხარს, გარკვეული მიზეზების გამო, თანდათან დაინახავს რეალობას - რომ ქვეყანა არ მიდის ევროკავშირისკენ და სავარაუდოდ ჩამოშორდება მას... პრესტიჟის საკითხიც არის - რადგან ძალიან ბევრი შეხვედრა იქნება, სადაც საქართველოს ხელისუფლებას არ დაპატიჟებენ“, - კაკაჩიას თქმით, ამომრჩევლისთვის საკმარისი აღარ იქნება ხელისუფლების მხრიდან მხოლოდ იმის ძახილი, რომ „2030 წელს საქართველო გახდება ევროკავშირის წევრი“.

კაკაჩია ასევე გვეუბნება, რომ: მაღალი დონის დიალოგისა და კონტაქტის შეჩერებით, „ქართული ოცნების“ ხელისუფლება საინფორმაციო ვაკუუმში აღმოჩნდება და ის ვერ მიიღებს ბევრ ისეთ ინფორმაციას, რაც პოლიტიკის დასაგეგმად არის საჭირო და რისი გაჟღერებაც მხოლოდ პირადი შეხვედრების დროს არის შესაძლებელი. ასევე, სავარაუდოდ, მუშაობა გაუძნელდებათ ევროკავშირის ქვეყნებში საქართველოს საელჩოებს და თავისთავად - ვეღარ დაგეგმავენ მაღალი დონის ვიზიტებს.

ევროკავშირში აცხადებენ, რომ გაწევრიანებას საფრთხეს სწორედ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პოლიტიკა უქმნის.

„[ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა] მინისტრების აბსოლუტურმა უმრავლესობამ დღეს ძალიან მკაფიოდ განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობა ქვეყანას ევროკავშირს აშორებს და თუ მთავრობა მოქმედების კურსს არ შეცვლის, საქართველო ევროკავშირის გზაზე წინ ვერ წაიწევს", - განაცხადა ჟოზეპ ბორელმა 24 ივნისს, ლუქსემბურგში გამართულ პრესკონფერენციაზე.

ექსპერტებისთვის ცხადია, რომ ნებისმიერი ქვეყნის ხელისუფლებისთვის, საარჩევნო კამპანიის დროს, მნიშვნელოვანია ნაყოფიერი საერთაშორისო ურთიერთობების დემონსტრირება, რაც შეუძლებელი იქნება ევროკავშირთან მაღალი დონის დიალოგის შეზღუდვის პირობებში.

„ოცნებას“ ურთიერთობები დაეძაბა აშშ-სთანაც. სახელმწიფო დეპარტამენტმა უკვე დაუწესა სავიზო შეზღუდვები, მათ შორის - ხელისუფლების წარმომადგენლებს. შემდგომ ზომებთან დაკავშირებული კანონპროექტები კონგრესის ორივე პალატაშია შესული.

„რონდელის ფონდის“ უფროსი მკვლევარი, დიპლომატი გიორგი ბადრიძე გვეუბნება, რომ დასავლეთის დემოკრატიული ქვეყნები საგარეო ურთიერთობებში „ძალიან დიდხანს, და ძალიან ხშირად - მცდარად“ იკავებენ თავს და „ოცნების“ ქმედებებსაც დიდხანს ითმენდნენ, მაგრამ ახლა, „როგორც ჩანს, ევროკავშირში გააცნობიერეს, რომ მეტი იგნორირება აღარ შეიძლება“.

„ეს არის ჯერჯერობით ძალიან რბილი, დიპლომატიური პასუხი, მაგრამ „ქართულ ოცნებას“ უტიფრობა, რომლითაც ის გამოირჩევა, უკვე ისე წარმატებით აღარ გამოუვა... დაპირისპირების ფონზეც კი, ივანიშვილის რეჟიმის წარმომადგენლები გვეუბნებიან, რომ - თან მოვიქცევით ისე, როგორც გვინდა და თან ევროპაშიც აღმოვჩნდებით“, - გიორგი ბადრიძე არ გამორიცხავს, რომ ბიძინა ივანიშვილი ევროკავშირის წინააღმდეგ შანტაჟს მიმართავს, „როდესაც სრულიად ნათელი გახდება, რომ ის არის დიპლომატიურ იზოლაციაში“. ანალიტიკოსის თქმით, ამომრჩეველია ერთადერთი ძალა, რომელსაც ქვეყნის ამ ვითარებიდან გამოყვანა შეუძლია.

ევროკავშირი ხიდების სწრაფად დაწვას და ყველა სადამსჯელო ზომის ერთბაშად დაწესებას ერიდება. „ოცნება“ კი იმედოვნებს, რომ ბრიუსელი ვითარებას ობიექტურად შეაფასებს, ზომები არ იქნება მიღებული და, როგორც მაკა ბოჭორიშვილმა ტელეკომპანია „იმედთან“ აღნიშნა, გარკვეულ იმედებს იმაზეც ამყარებენ, რომ 1 ივლისიდან ევროკავშირის მორიგე თავმჯდომარე უნგრეთი გახდება.

სხვა მხრივ კი, „ოცნება“ დასავლელი პარტნიორების მიმართ არც პოზიციისა და არც რიტორიკის შეცვლას არ აპირებს.

26 ივნისს პარლამენტის სხდომაზე, უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ საერთაშორისო პარტნიორები „ნაციონალურ მოძრაობას“ შეადარა, რომელიც, მისი თქმით, ჯერ ადამიანებს რაღაცებს აბრალებდა, ხოლო შემდეგ - სჯიდა და კლავდა კიდეც. მდინარაძის შეფასებით, საერთაშორისო პარტნიორები საქართველოს ხელისუფლებას უსამართლოდ ექცევიან.

„მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ შენი აგენტი არ ვარ, მეგობარი ვარ და შენს დაკრულზე ყველაფერზე არ ვცეკვავ, ჩემი ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის რომ ვიბრძვი, ამისათვის ნუ დამსჯი - ამას ველაპარაკები და ამასაც თავდასხმად აღიქვამენ“, - მდინარაძე პარლამენტში ამბობს, რომ 21-ე საუკუნეში ტრენდები იცვლება, მაგრამ საქართველო - „ამაყი ქვეყანაა და არ დაუშვებს ამ ქვეყნის აგენტების მიერ მართვას".

"ოცნების " შეხვედრები

მკაფიო დაპირისპირების პარალელურად, საერთაშორისო პარტნიორებთან შეხვედრებს „ქართული ოცნების“ ხელისუფლება მუდმივად უსვამს ხაზს.

24 ივნისს, როცა ევროკავშირის წევრი ქვეყნების მინისტრები საქართველოს ხელისუფლების ქმედებების წინააღმდეგ დასაწესებელ ზომებზე მსჯელობდნენ, საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოაქვეყნა ინფორმაცია "არაფორმალურ ღონისძიებაში" მონაწილეობის შესახებ, ლუქსემბურგში; მაგრამ არაფერია ნათქვამი ასევე ლუქსემბურში - ევროკავშირის მინისტრების საბჭოს ფარგლებში გამართულ მსჯელობაზე.

ოფიციალური ცნობის თანახმად, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი ლუქსემბურგში, „არაფორმალურ ღონისძიებაზე“ „დიდი საჰერცოგოს ვიცე-პრემიერის, საგარეო საქმეთა მინისტრის ქსავიე ბეტელის მიწვევით“ ჩავიდა და ამ შეხვედრას „ასევე ესწრებოდნენ ევროკავშირის წევრი, პარტნიორი და კანდიდატი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები“.

„საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს, ილია დარჩიაშვილს შესაძლებლობა ჰქონდა გასაუბრებოდა კოლეგა მინისტრებს და მათთვის მიეწოდებინა ინფორმაცია საქართველოს ევროინტეგრაციის დღის წესრიგისა და რეკომენდაციების შესრულების დინამიკის შესახებ“, - წერია ტექსტში, რომელსაც არ ახლავს ორმხრივი შეხვედრების ფოტომასალა.

თავად ქსავიე ბეტელმა X-ზე დაწერა, რომ - მოხარულია, აფრიკიდან და ევროპიდან ბევრი კოლეგის მასპინძლობით - არაფორმალურ შეხვედრაზე, ლუქსემბურგში. „უნდობლობის გამოწვევების ხანაში ლუქსემბურგი, როგორც არასდროს, დიალოგისა და მშვიდობის ერთგულია“, - წერია ტექსტში.

ლუქსემბურგის საგარეო საქმეთა მინისტრი ასევე მონაწილეობდა ევროკავშირის მინისტრთა საბჭოს სხდომაში. ცალკე ილია დარჩიაშვილთან შეხვედრის შესახებ მას ინფორმაცია არ გამოუქვეყნებია.

ოპოზიციაში აცხადებენ, რომ „ქართულ ოცნებას“ დასავლელი პარტნიორები აღარ ელაპარაკებიან და, რომ ეს პრემიერ-მინისტრის ბერლინში ვიზიტსაც ეტყობოდა.

11 ივნისს, ირაკლი კობახიძე „უკრაინის აღდგენის კონფერენციაში“ მონაწილეობდა. სესიებს შორის გვქონდა საშუალება გავსაუბრებოდით პრემიერ-მინისტრებს, ვიცე-პრემიერებს, საგარეო საქმეთა მინისტრებს“, - უთხრა მან ჟურნალისტებს, თუმცა სამთავრობო ოფიციალურ გვერდებზე არ გამოქვეყნებულა ორმხრივი შეხვედრების შინაარსი ან ფოტო.

ექსპერტებისთვის თვალსაჩინო იყო განსხვავება პრემიერისა და პრეზიდენტის ვიზიტებს შორის, როდესაც სალომე ზურაბიშვილი, 16 ივნისს, შვეიცარიაში, უკრაინის მშვიდობის სამიტზე ჩავიდა და ევროკავშირისა და წევრი ქვეყნების არაერთ ლიდერს შეხვდა - საქართველოზე სალაპარაკოდ.

20 ივნისს კი, როცა პრემიერ-მინისტრი საქართველოს ელჩებს ბერლინში შეხვდა და საერთაშორისო ასპარეზზე ქვეყნის პოზიციების გაძლიერების დავალება მისცა, პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა დიპლომატებს ვიდეომიმართვით სწორი არჩევანის გაკეთებისკენ მოუწოდა და უთხრა, რომ ხელისუფლებისგან ისმენენ ტყუილებს - „ტყუილებს იმის შესახებ, რომ თურმე ჩვენი ევროპული გზა გრძელდება“.

ექსპერტებს ეეჭვებათ, რომ ელჩები შეძლებენ, დასავლელ პარტნიორებს დააჯერონ ის, რასაც მათ "ოცნების" მაღალჩინოსნები უკვე დიდი ხანია უხსნიან და რაც მათთვის გაუგებრად ან გასაკვირად რჩება.

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

ფორუმი

XS
SM
MD
LG