პირველი ივლისიდან თბილისში ზონალური პარკირების საპილოტე სისტემა ამოქმედდება. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა. იგეგმება ქალაქის დაყოფა პარკირების ზონებად, სადაც საათობრივი გადასახადი დაწესდება.
პირველი, სადაც პარკირების ახალ სისტემას მოსინჯავენ, კოტე აფხაზის - იგივე ლესელიძის - ქუჩა და შემოგარენი იქნება. შემდეგ მას მოჰყვება საბურთალოს რაიონიც.
უკვე ცნობილია, რომ პარკირების საფასურის გადახდა ორგვარად იქნება შესაძლებელი - მობილური აპლიკაციითა და გადახდის აპარატებით. მობილური აპლიკაცია ტაიმერის ფუნქციას შეასრულებს. ის უფრო ზუსტად გამოთვლის დროს. მძღოლი ათვლას დაიწყებს გაჩერებისას და დაასრულებს, როცა პარკირების ზონას დატოვებს. აპლიკაციაზე ანგარიშის მიბმა იქნება შესაძლებელი და ანგარიშსწორებაც ელექტრონულად მოხდება. სწრაფი გადახდის აპარატების შემთხვევაში კი მძღოლი წინასწარ იყიდის დროს და შემდეგ დააყენებს ავტომანქანას.
ზონალურ პარკირებას თბილისის სატრანსპორტო კომპანია დაარეგულირებს. მისი დაქირავებული ინსპექტორები დააჯარიმებენ მათ, ვინც არ იხდის და ისეა გაჩერებული პარკირების ზონაში. როგორც ახლა, მომავალშიც დაჯარიმდება ის, ვინც ტაქსებისთვის განკუთვნილ ექსკლუზიური პარკირების ზონაში გააჩერებს მანქანას. ეს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად ჩაითვლება და არსებული 10-ლარიანი ჯარიმაც გაიზრდება.
სისტემა უფასო პარკირების საშუალებას აძლევს მოქალაქეებს იმ შენობების მიმდებარედ, სადაც ისინი ცხოვრობენ. ამისთვის ელექტრონულ სისტემაში მოქალაქეები მონიშნავენ საცხოვრებელს და 100 მეტრს მის შემოგარენში, შემდეგ დააფიქსირებენ კუთვნილ ავტომობილს, რაც თითო მოქალაქეზე მაქსიმუმ 2 შეიძლება იყოს. ამის შემდეგ სისტემაში შემოსაზღვრული არეალი კონკრეტული ავტომობილისთვის უფასო სადგომი გახდება. ეს ფიზიკურ პირებს ეხებათ და არ გავრცელდება იურიდიულ პირებზე. მერიაში ამბობენ, ეს იქნება მოტივაცია იმისა, რომ მოსახლეობა საზოგადოებრივ ტრანსპორტზე გადაერთოს.
გადასახადისგან თავისუფლდებიან ელექტრომობილები და შშმ პირები. გარდა ამისა, ყველა მძღოლს დღის განმავლობაში 15 წუთით ოთხჯერ შეეძლება პარკირების ზონაში უფასოდ გაჩერება.
ის, რასაც მძღოლები პარკირებაში გადაიხდიან, საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარებას მოხმარდება. ამბობენ, რომ ეს ქალაქის ცენტრსაც განტვირთავს.
მერიაში შენიშნავენ, რომ საპილოტე მოდელი თითქმის არაფერი ჯდება. ელექტრონული მოდელი მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტოს შექმნილია. ინფრასტრუქტურული სამუშაოები კი მხოლოდ ფასიანი პარკირების ნიშნებით შემოიფარგლება. რა ეღირება მანქანის გაჩერება ამა თუ იმ ზონაში, ჯერჯერობით ცნობილი არ არის.
საპილოტე პროგრამის პროექტი საკრებულოს უახლოეს ხანებში გადაეგზავნება განსახილველად.