ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, პუტინს მხარი დაუჭირა 76 მლნ-მა ამომრჩეველმა (87.3% - „კონკურენტების“ 4.3%, 3.8% და 3.2%-ის ფონზე), აქტივობამ კი 77.4% შეადგინა, რაც ასევე რეკორდული მაჩვენებელია რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნების მთელ ისტორიაში.
არჩევნების შედეგი, თუ ვინ გაიმარჯვებდა, ყველასთვის წინასწარ იყო ცნობილი. პოლიტიკის ანალიტიკოსები ახლა იმის გარკვევას ცდილობენ, როგორი იქნება პუტინის პრეზიდენტობის მეხუთე ვადა - გაძლიერდება თუ არა რეპრესიები და ხომ არ არის მოსალოდნელი მობილიზაციის ახალი ტალღის გამოცხადება.
2000, 2004, 2012 და 2018 წლებში ვლადიმირ პუტინის პრეზიდენტად არჩევის გამოცდილება ოპტიმიზმის საფუძველს არ ტოვებს.
რუსი მწერალი და ჟურნალისტი, ვიქტორ შენდეროვიჩი დარწმუნებულია, რომ რუსეთს წინ კარგი არაფერი ელოდება, რადგან პუტინს სამხედრო და რეპრესიული დღის წესრიგის გარდა, ფაქტობრივად, აღარაფერი აქვს.
„საერთაშორისო სანქციები გაგრძელდება და გაიზრდება, ეკონომიკა გააგრძელებს ვარდნას. ეს არ მოხდება ისე სწრაფად, როგორც ორი წლის წინ ვვარაუდობდით, მაგრამ პროცესი გაგრძელდება და, ბუნებრივია, გაიზრდება ერთგვარი წუწუნი, გაიზრდება ეკონომიკური უკმაყოფილება, ქამრების შემოჭერა. ამიტომ, დღის წესრიგში იქნება მხოლოდ მათრახი და არანაირი თაფლაკვერი.
პუტინი თაფლაკვერს მხოლოდ თავისი თანამზრახველებისთვის გაიმეტებს, მათთვის გამოინახება ფული, დანარჩენებისთვის კი ყველაფერი სულ უფრო და უფრო ცუდად იქნება, - ამბობს შენდეროვიჩი რადიო თავისუფლებისა და ამერიკის ხმის ერთობლივი პროექტის, The Current Time-ისთვის მიცემულ ინტერვიუში, - დღევანდელ რუსეთში რეპრესიები საგანთა ბუნებრივი მიმდინარეობაა, შესაბამისად, ისინი გაძლიერდება. პუტინმა ახლა ისევ მიიღო ძალაუფლება, რომელზეც 2030 წლამდე საერთოდ აღარ მოუწევს ფიქრი, ასე რომ, პოლიციის სასტიკ სეანსებს უახლოეს მომავალში კიდევ ვიხილავთ“.
ვიქტორ შენდეროვიჩის აზრით, რეჟიმი შეეცდება დაადგინოს და დასაჯოს ის მოქალაქეები, რომლებიც შუადღის საპროტესტო ხმის მიცემაში მონაწილეობდნენ:
„რეპრესიები იქნება, მაგრამ არა მასობრივი. რა საჭიროა? იმისთვის, რომ დიდი მასები დაქვემდებარებაში გყავდეს, სულაც არ არის საჭირო მათ „კატოკით“ გადაუარო. ნავალნის თანამებრძოლ ვოლკოვზე თავდასხმა ასობით აქტივისტს აძლევს სიგნალს, რომ ნებისმიერ წამს მათაც შეიძლება რამე დაემართოთ.
პატიმრობა, დიდი ჯარიმა რამდენიმე ათეულ აქტივისტსა და შემთხვევით შერჩეულ მოქალაქეს, რომლებიც შუადღისას მივიდნენ საარჩევნო უბანში, - ეს ყველაფერი კარგი სიგნალია საზოგადოებისთვის, რომელსაც ეუბნებიან: გააგრძელე პირქვე წოლა, თავი არ ასწიო, თორემ ამოგიცნობენ და დაგაპატიმრებენ. ამიტომ, ეჭვიც არ მეპარება, რომ რაღაც წერტილოვანი დარტყმები იქნება, თუმცა მისი მასშტაბი, ტაქტიკის საქმეა და იმაზეა დამოკიდებული, თუ რას გადაწყვეტენ.
მაგრამ რადგან არ არსებობს საპირწონე, ბუნებრივია, რომ დარტყმები იქნება. ვიმეორებ, პუტინს სხვა სტრატეგია არ გააჩნია, გარდა რეპრესიებისა. თუ დაფას შემოატრიალებთ და ეცდებით მის ნაცვლად სვლის გაკეთებას, მიხვდებით, რომ ძალიან რაციონალურია რეპრესიების გაგრძელება, საზოგადოების ბოლომდე გასრესა“.
რაც შეეხება ხელისუფლებაში მოსალოდნელ ცვლილებებს. პოლიტიკის ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ახალი სახეების დიდი რაოდენობით გამოჩენის ალბათობა ძალიან დაბალია, რადგან ბოლო 24 წლის განმავლობაში, ვლადიმირ პუტინი იშვიათად აკეთებდა მკვეთრ საკადრო ცვლილებებს. დიდი ალბათობით, პუტინის ადმინისტრაციასა და მთავრობაში (ზოგადად ძალაუფლების სისტემაში), ყველა მნიშვნელოვანი პირი ან შეინარჩუნებს თანამდებობას, ან უბრალოდ ერთმანეთში გაცვლიან სამუშაო ოთახებს.
როგორც წესი, რუსეთში არჩევნების შედეგები ყველაზე დიდ კვალს ამჩნევს ხოლმე რეგიონების ხელმძღვანელებისა და გუბერნატორების კარიერას. სწორედ არჩევნები წარმოადგენს მათი „პროფესიული ვარგისიანობის“ ტესტს. არაერთი კვლევა აჩვენებს, რომ რუსეთის რეგიონების ხელმძღვანელების თანამდებობებზე ყოფნა პირდაპირაა დამოკიდებული ვლადიმირ პუტინის ან მმართველი პარტიის („ერთიანი რუსეთის“) სასურველი საარჩევნო შედეგის უზრუნველყოფის უნარზე. შესაბამისად, რეგიონებს შორის ჩაღდება ხოლმე ერთგვარი შეჯიბრება, ვინ უფრო მაღალ შედეგს აჩვენებს.
რა იქნება 17 მარტის შემდეგ? - ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად ინტერნეტგამოცემა „ხოლოდმა“ გაიხსენა 2000, 2004, 2012 და 2018 წლების საპრეზიდენტო არჩევნების შემდგომი პერიოდები და პუტინის მიერ მიღებული მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები.
2000 წელი: პუტინი რეგიონებისა და ოლიგარქების წინააღმდეგ
რუსეთის პოსტსაარჩევნო მომავლის გაგება, გარკვეულწილად, მისი წარსულის ანალიზითაც შეიძლება. ვლადიმირ პუტინი სახელმწიფოს მეთაურის პოსტზე მეხუთედ აირჩიეს. ყოველი წინა საპრეზიდენტო ვადა იწყებოდა იმით, რომ ახალარჩეული ლიდერი ებრძოდა „გარკვეულ ძალებს“, რომლებიც საფრთხეს უქმნიდნენ მის ძალაუფლებას.
1999 წელს, თავისი პირველი საპრეზიდენტო არჩევნების წინ, პუტინმა პირობა დადო, რომ „ტერორისტებს სორტირში დაბრიდავდა“. 2000 წლის მარტში პუტინმა გაიმარჯვა თავის პირველ საპრეზიდენტო არჩევნებში ხმების თითქმის 53%-ით; უახლოესმა მდევარმა, რუსეთის ფედერაციის კომუნისტური პარტიის ლიდერმა გენადი ზიუგანოვმა მხოლოდ 29% დააგროვა.
არჩევნების დასრულებიდან სამ თვეზე ნაკლები იყო გასული, როდესაც მედიამაგნატი ვლადიმირ გუსინსკი დააკავეს თაღლითობის ბრალდებით. მალე იგი იძულებული გახდა, თავისი მედიაჯგუფი მიეყიდა „გაზპრომისათვის“ და დაეტოვებინა რუსეთი. ასე მოიპოვა სახელმწიფომ (და, მაშასადამე, პუტინმა) კონტროლი გუსინსკის ყველაზე ძვირფას აქტივზე - სატელევიზიო არხ НТВ-ზე, რომელიც მანამდე ღიად აკრიტიკებდა ვლადიმირ პუტინს.
რეჟიმის შემდეგი მსხვერპლია ბორის ბერეზოვსკი, რუსეთის უმდიდრესი ადამიანი (1997 წელს Forbes-ის მიხედვით). ბერეზოვსკიმ, რომელიც საზღვარგარეთ იმყოფებოდა, მას შემდეგ, რაც შეიტყო, რომ რუსეთის გენერალური პროკურატურა ამზადებდა ახალ ბრალდებას მის წინააღმდეგ კომპანია „აეროფლოტის“ თანხების გაფლანგვის საქმეში, გადაწყვიტა, რუსეთში არ დაბრუნებულიყო. მოგვიანებით ბერეზოვსკი იძულებული გახდა, თავისი აქციები (Sibneft-ში, Rusal-სა და ORT-ში) მიეყიდა რომან აბრამოვიჩისთვის.
2003 წელს პატიმრობა („გადასახადების დამალვის გამო“) მიესაჯა კიდევ ერთ ოლიგარქს, რუსეთის უმდიდრეს ადამიანს მიხაილ ხოდორკოვსკის, რომელმაც ღიად თქვა, რომ აპირებდა ოპოზიციური პარტიების დაფინანსებას. ხოდორკოვსკიმ რუსეთის ციხეში საერთო ჯამში 10 წელი გაატარა.
პრეზიდენტობის პირველ ვადაში „ფულიანი ხალხი“ არ იყო პუტინის ერთადერთი პრობლემა. მათ გარდა, რუსეთში იყვნენ პოლიტიკოსები, რომლებიც აკონტროლებდნენ ვითარებას „ადგილებზე“ - საუბარია გუბერნატორებსა და მსხვილი ქალაქების მერებზე, რომლებიც 1998 წელს ერთ საარჩევნო ბლოკში („მამული - სრულიად რუსეთი“) გაერთიანდნენ (ბლოკში შედიოდნენ მოსკოვის მერი ლუჟკოვი, პეტერბურგის გუბერნატორი ვლადიმირ იაკოვლევი, თათრეთის პრეზიდენტი მინტიმერ შაიმიევი, ევგენი პრიმაკოვი). ბლოკს საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებას უწინასწარმეტყველებდნენ, თუმცა მან მხოლოდ მესამე შედეგი აჩვენა, დაახლოებით ერთ წელიწადში კი პუტინის „ერთიანობამ“ მთლიანად გადაყლაპა გუბერნატორების პარტია და საბოლოოდ ტრანსფორმირდა „ერთიან რუსეთად“.
2000 წელს ვლადიმირ პუტინმა უმძიმესი დარტყმა მიაყენა რეგიონის ლიდერების დამოუკიდებლობას: მასშტაბური მმართველობითი რეფორმის შედეგად, რუსეთის მთელი ტერიტორია დაიყო შვიდ ფედერალურ ოლქად, რომელთაგან თითოეულში დაინიშნა პრეზიდენტის წარმომადგენელი, რომელიც, ფაქტობრივად, აკონტროლებდა ადგილობრივი პოლიტიკოსების ქმედებებს; გაუქმდა კანონი, რომლის მიხედვითაც, რუსეთის რეგიონების ხელმძღვანელები პირდაპირ წარმოადგენდნენ თავიანთ ტერიტორიას რუსეთის პარლამენტის ზედა პალატაში; მნიშვნელოვნად შემცირდა ფედერალურ დონეზე გუბერნატორთა უფლებამოსილება და შესაძლებლობები, მათ შორის ლობირების კუთხითაც. ერთი სიტყვით, ვლადიმირ პუტინმა პრეზიდენტობის პირველსავე ვადაში რადიკალურად შეამცირა იმ ადამიანების გავლენა, რომლებიც მისი ძალაუფლების დასუსტების შესაძლებლობას ფლობდნენ.
2004 წელი: პუტინი ინსტიტუტების წინააღმდეგ
2004 წელს, როცა გავლენიანი ოპონენტების ერთი ნაწილი გადაბირებული ჰყავდა, მეორე ნაწილი კი ან ციხეში იჯდა, ან უცხოეთს აფარებდა თავს, პუტინმა იოლად მოიგო არჩევნები, რომელშიც ხმების 71% მიიღო. სწორედ პრეზიდენტობის მეორე ვადაში იწყებს პუტინი იმ წესების განადგურებას, რომლებიც ქმნიდა ახალი ძლიერი პოლიტიკური მოთამაშეების გაჩენის შესაძლებლობას.
პუტინის ახალი ვადით არჩევიდან ექვს თვეზე ნაკლები იყო გასული, როცა ბესლანის N1 სკოლაში ტერორისტებმა მძევლები აიყვანეს. დაიღუპა 300-ზე მეტი ადამიანი. უსაფრთხოების ზომების გამკაცრების მოტივით ვლადიმირ პუტინმა გააუქმა რუსეთის ფედერაციის სუბიექტების (რესპუბლიკების, მხარეებისა და ოლქების) ხელმძღვანელთა პირდაპირი არჩევნები: პრეზიდენტის წარდგენილ გუბერნატორებს რეგიონული პარლამენტები ამტკიცებდნენ. ახალმა კანონმა მინიმუმამდე დაიყვანა კრემლისაგან დამოუკიდებელი გუბერნატორის დანიშვნის ალბათობა.
ვლადიმირ პუტინმა ასევე იზრუნა ხელისუფლების საკანონმდებლო შტოს დასუსტებასა და დაქვემდებარებაზე. 2004 წელს მიღებული კანონით, მნიშვნელოვნად გართულდა პოლიტიკური პარტიების რეგისტრაციის წესები. ამ ცვლილების თანახმად, პარტიას არჩევნებში მონაწილეობა შეუძლია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მის რიგებში ირიცხება 50 ათასზე მეტი ადამიანი (ადრე საკმარისი იყო 10 ათასი). გარდა ამისა, კანონი მოითხოვს, რომ პარტიის წევრები თანაბრად იყვნენ განაწილებული რეგიონულ განყოფილებებს შორის.
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სიახლე იყო ერთმანდატიანი ოლქების გაუქმება. 2004 წლამდე რუსი ამომრჩეველი ხმას აძლევდა როგორც პოლიტიკურ პარტიას, ასევე კონკრეტულ პოლიტიკოსს (მაჟორიტარს), რომელსაც პარტია ან ჯგუფი წარადგენდა; 2004 წლის შემდეგ არჩევანი მხოლოდ პარტიებს შორის უნდა გაეკეთებინათ. ამასთან, 7%-მდე გაიზარდა ე.წ. ბარიერი, რომლის გადაულახავად პარტია ვერ მოხვდება საკანონმდებლო ორგანოში.
2004 წლის „რეფორმამ“ მნიშვნელოვნად შეამცირა დამოუკიდებელი საპარლამენტო პარტიების რაოდენობა. შესაბამისად, ვლადიმირ პუტინი გათავისუფლდა პოტენციური ოპონენტებისგან როგორც რეგიონულ, ასევე ფედერალურ დონეზე.
პრეზიდენტობის მეორე ვადაში ხდება პუტინის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ტრანსფორმაცია: პუტინი იწყებს ფიქრს იმაზე, რომ მის ძალაუფლებას შეიძლება საფრთხე ემუქრებოდეს არა მხოლოდ ქვეყნის შიგნიდან, არამედ გარედანაც. ამ დროს პუტინის საჯარო გამოსვლებში ჩნდება დასავლეთის მიმართ პირველი მტრული ნოტები, რაშიც მნიშვნელოვანი როლი ითამაშა დემოკრატიულმა რევოლუციებმა, რომლებმაც მოიცვა პოსტსაბჭოთა სივრცის ქვეყნები:
- 2003 წელს, საპარლამენტო არჩევნების გაყალბების მცდელობის შემდეგ, თანამდებობიდან გადადგა საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე, რომელიც შეცვალა ახალგაზრდა რეფორმატორმა, მიხეილ სააკაშვილმა.
- 2005 წელს ჩამოაგდეს ყირგიზეთის ავტორიტარული პრეზიდენტი ასკარ აკაევი.
თუმცა პუტინისთვის ყველაზე მტკივნეული იყო უკრაინის ნარინჯისფერი რევოლუცია, როცა მოსკოვის აქტიური ჩარევის (მათ შორის, მოსკოველი პოლიტტექნოლოგების დესანტის გადასმის) მიუხედავად, უკრაინამ, პროკრემლისტური ვიქტორ იანუკოვიჩის ნაცვლად, ვიქტორ იუშჩენკო აირჩია.
მიხაილ ზიგარი თავის წიგნში „კრემლის მთელი ამალა“ ვარაუდობს, რომ ამ მოვლენებმა, ისევე როგორც უკრაინისა და საქართველოს ნატოში გაწევრიანების შესახებ დისკუსიებმა, ვლადიმირ პუტინი დაარწმუნა იმაში, რომ დასავლეთი არა მხოლოდ დგას დემოკრატიული რევოლუციების უკან, არამედ მას სურს მსგავსი სცენარის განხორციელება რუსეთში.
2012 წელი: პუტინი რუსებისა და „კოლექტიური დასავლეთის“ წინააღმდეგ
2008 წელს ვლადიმირ პუტინი რუსეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე დაინიშნა, რადგან რუსეთის კონსტიტუციით ერთსა და იმავე პირს ეკრძალება ზედიზედ ორზე მეტი ვადით უმაღლეს თანამდებობაზე ყოფნა. პრეზიდენტად „არჩეულმა“ დმიტრი მედვედევმა შეუნახა პუტინს პრეზიდენტის სავარძელი. 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომიც დიდწილად პუტინის სტრატეგიული ჩანაფიქრის ნაწილია, მედვედევი მხოლოდ ფორმალურად ასრულებდა უმაღლესი მთავარსარდლის ფუნქციას.
2011 წელს საპარლამენტო არჩევნების შემდეგ დაწყებულმა მასშტაბურმა საპროტესტო გამოსვლებმა პუტინს კიდევ ერთხელ გაუმყარა ეჭვები იმის თაობაზე, რომ დასავლეთი (აშშ პირველ რიგში) რუსეთში ფერადი რევოლუციის ვირუსის შეტანას აპირებს.
2012 წელს, კრემლში დაბრუნების შემდეგ (63.6%-იანი შედეგით), ვლადიმირ პუტინმა ომი გამოუცხადა რუსეთის იმ მოქალაქეებს, რომლებმაც გაბედეს რეჟიმის ლეგიტიმურობის ეჭვქვეშ დაყენება. 2012 წლის მაისში მასობრივი არეულობისა და ძალადობის მოტივით აღიძრა სისხლის სამართლის საქმეები (35 პირს წაუყენეს ბრალი).
2012 წლის ივნისში რუსეთის ხელისუფლებამ გაამკაცრა კანონი მიტინგების შესახებ, გაზარდა ჯარიმები „მიტინგის გამართვის პროცედურის დარღვევისთვის“, ხოლო მოქალაქეებს მიტინგებში ნიღბებით მონაწილეობა აუკრძალა. 2012 წლის ივლისში მიიღეს კანონი „უცხოელი აგენტების“ შესახებ, რამაც მნიშვნელოვნად გაურთულა მუშაობა უცხოური დაფინანსების მიმღებ ორგანიზაციებს. პარალელურად, საფუძველი ჩაეყარა ინტერნეტში სახელმწიფო ცენზურას: რუსეთში გაჩნდა აკრძალული საიტების რეესტრი, სახელმწიფო მოხელეებს კი მიეცათ უფლება, სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე დაებლოკათ საიტები.
როგორც პოლიტიკის რუსი ექსპერტები შენიშნავენ, ეს მხოლოდ დასაწყისი იყო:
- 2013 წელს რუსეთმა მიიღო კანონი, რომელიც უფლებას აძლევს სახელმწიფო ორგანოებს, დაბლოკონ ვებსაიტები „მასობრივი არეულობის მოწოდებისთვის“;
- 2014 წელს რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსს დაემატა მუხლი, რომელიც ხუთი წლით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს „მიტინგის გამართვის წესის განმეორებითი დარღვევისთვის“ და ა.შ.
პუტინის პრეზიდენტობის მესამე ვადაში დაიწყო ოპოზიციონერების პირდაპირი ლიკვიდაცია: 2015 წელს მოკლეს ბორის ნემცოვი. ამავე წელს პირველად მოწამლეს ვლადიმირ კარა-მურზა უმცროსი.
საპროტესტო აქციების ფონზე პუტინი სულ უფრო ხშირად ლაპარაკობდა პატრიოტიზმსა და რუსეთის „სულიერი სამაგრების“ სისათუთეზე. შედეგად, 2013 წელს რუსეთის სახელმწიფო სათათბირომ მიიღო კანონი, რომელიც კრძალავს „ლგბტ პროპაგანდას“.
2014 წლის თებერვალში, მაიდნის მოვლენებისა და უკრაინის უმაღლესი რადის გადაწყვეტილებით ძალაუფლება დაკარგა პრეზიდენტმა ვიქტორ იანუკოვიჩმა, რომელიც სასწრაფოდ იქნა ევაკუირებული რუსეთში. პარალელურად დაიწყო ყირიმში რუსული ჯარების გადასროლა: ადგილობრივ სამთავრობო ოფისებში გამოჩნდნენ სამხედრო მოსამსახურეები საიდენტიფიკაციო ნიშნების გარეშე. მალე ნახევარკუნძულზე „რეფერენდუმი“ ჩატარდა, რის საფუძველზეც რუსეთმა ყირიმი თავის ტერიტორიად გამოაცხადა.
2014 წლის გაზაფხულზე დაიწყო ომი დონბასში უკრაინის შეიარაღებულ ძალებსა და თვითგამოცხადებული დონეცკისა და ლუგანსკის რესპუბლიკების სამხედრო ფორმირებებს შორის (რუსული არმიის აქტიური მონაწილეობით).
ყირიმი ნამდვილ საჩუქრად იქცა ვლადიმირ პუტინისთვის: 2000 წლებში მისი ლეგიტიმურობის საფუძველი - სტაბილური ეკონომიკური ზრდა, რომელიც ამოიწურა, წარმატებით ჩაანაცვლა რუსეთის სიდიადით გამოწვეულმა გეოპოლიტიკური სიამაყის გრძნობამ. რუსების აბსოლუტურმა უმრავლესობამ მხარი დაუჭირა ყირიმის ანექსიას: პუტინის რეიტინგმა რეკორდულ დონეს მიაღწია. „ყირიმის კონსენსუსი“, როგორც რუსულმა მედიამ უწოდა ანექსიას, მხოლოდ 2018 წელს შეტორტმანდა, როცა მთავრობამ არაპოპულარული საპენსიო რეფორმა გაატარა.
„ასე აღმოჩნდა ვლადიმირ პუტინი როგორც საშინაო და საგარეო პოლიტიკის ურთიერთდამოკიდებულების, ასევე სინამდვილეზე საკუთარი წარმოდგენების მოჯადოებულ წრეში. ერთი მხრივ, რუსეთის ქმედებები უკრაინაში და შემდგომში დასავლეთის ქვეყნებთან ურთიერთობების გაუარესება, მას აბსოლუტურად გამართლებულად ეჩვენება: სამყაროზე პუტინის წარმოდგენაში ევრომაიდანი სხვა არაფერია, თუ არა სახელმწიფო გადატრიალება, რომელიც ორგანიზებულია CIA-ის მონაწილეობით. მეორე მხრივ, 2014 წელს პუტინმა აღმოაჩინა, რომ საგარეო აგრესია იწვევს რეიტინგის მნიშვნელოვან ზრდას. როგორც ჩანს, ვლადიმირ პუტინი რაღაც მსგავსს მოელოდა 2022 წლის თებერვალშიც“, - წერს გამოცემა „ხოლოდი“.
2018 წელი: პუტინი ყველას წინააღმდეგ
ვლადიმირ პუტინის მეოთხე ვადა აშკარა ილუსტრაციაა იმისა, თუ რისი გაკეთება შეუძლია პოლიტიკოსს, როცა იგი საკუთარი ძალაუფლების შესანარჩუნებლად მიზანმიმართულად ანადგურებს ძალაუფლების კონტროლისა და ბალანსის ყველა მექანიზმს:
კონსტიტუციაში დემოკრატიული ნორმების ნარჩენების აბუჩად აგდება; რეფერენდუმის მოწყობა ეპიდემიის დროს; მეორე მსოფლიო ომის შემდგომ ევროპაში ყველაზე დიდი შეიარაღებული კონფლიქტის დაწყება და ქვეყნის იზოლაციაში მოქცევა; გადარჩენილი პოლიტიკური ოპონენტების მოწამვლა, ციხეებში გამოკეტვა და ოპოზიციის ყველაზე პოპულარული ლიდერის მკვლელობა.