Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რა და რამდენი მოვიმარაგოთ პანდემიის დროს


ბოლო რამდენიმე დღეა ტელევიზიით და სოციალური ქსელებით ვრცელდება დაცარიელებული დახლების და ტუალეტის ქაღალდით გადატენილი ურიკების კადრები. ბევრს გვიჩნდება შეკითხვა: ხომ არ უნდა ვინერვიულოთ? იქნებ, ჩვენც უნდა მივვარდეთ სუპერმარკეტში და, რასაც ვნახავთ, ყველაფერი შევიძინოთ?

ცხადია, არა. ხელისუფლებაც და მაღაზიის მეპატრონეებიც გვარწმუნებენ, რომ პროდუქტები ყველას ეყოფა (ტვირთებისთვის საზღვრები არ იკეტება). თუმცა, გარკვეული მარაგის გაკეთება მაინც გონივრულია - ყოველი შემთხვევისთვის. რა იცი, რა ხდება. შეიძლება, რომ რაღაც ხნის განმავლობაში სახლიდან ვერ ან არ გახვიდე და უპრიანი იქნება ამისთვის მზად იყო.

ალბათ არ დაგჭირდება, მაგრამ, მაინც... სიფრთხილეს თავი არ ტკივა.

რჩევები სანდო საიტების და ოფიციალური წყაროების რეკომენდაციების მიხედვით შევადგინეთ.

მოიმარაგე, ასე, 2 კვირის სამყოფი საკვები და წყალი

არც „გუდვილის გატანაა“ საჭირო, არც „კარფურის გაკრეფა“ და არც „აგროჰაბის აბუჩად აგდება“. 14 დღის მარაგი საკმარისია. არც მაღაზიებში პროდუქტის დამთავრებისთვის ვემზადებით და არც ზომბი-აპოკალიფსისთვის. ჩვენი ამოცანაა, რაღაც ხანი სახლში ჩაკეტვისათვის ვიყოთ მზად.

საყიდლებზე დილით ადრე ან გვიან ღამით გადი

დროს დიდი მნიშვნელობა არა აქვს, მთავარია მაშინ მიხვიდე, როდესაც მაღაზიაში ცოტა ხალხი იქნება. თბილისის სხვადასხვა უბნებში რამდენიმე დიდი სადღეღამისო სუპერმარკეტია, სადაც გვიან ღამით ყოველთვის ნაკლები მომხმარებელია ხოლმე. ღამით მისვლის ნაკლი ისაა, რომ პროდუქციის ნაწილი შეთხელებულია ხოლმე (და ზოგი ღამით ხორცს არ ყიდის), თუმცა, ჯერ-ჯერობით ღამითაც თითქმის ყველა დასახელების პროდუქტს ნახავ.

ჭკვიანურია ამ საქმის დილით მოთავებაც. ოღონდ, ჯობია ადრიანი დილა იყოს - ისევ და ისევ იმიტომ, რომ ამ დროს მაღაზიაში ხალხი ნაკლებია.

მაინცდამაინც ტუალეტის ქაღალდს ნუ მიასკდები

რამდენიმე თეორია არსებობს, თუ რატომ გადაირია მთელი მსოფლიო მაინცდამაინც ტუალეტის ქაღალდზე. ამბობენ, პროდუქციის ყიდვა ადამიანს სტრესს უხსნის და მოვლენებზე კონტროლის ილუზიას უქმნისო. ამავე დროს, უმეტესობამ არ იცის, თუ მაინცდამაინც რა უნდა იყიდოს. ჰოდა, ერთმა ვიღაცამ ბევრი ქაღალდი იყიდა, მეორემ მიბაძა, შემდეგ ეს ფოტოები ინტერნეტში გავრცელდა და ამის მერე ყველამ იფიქრა - აი, რას უნდა ვაგროვებდე სახლშიო.

ტუალეტის ქაღალდი მართლაც უნდა შეიძინო. რაც მეტ დროს ატარებ სახლში, მით მეტი დაგჭირდება. თუმცა, ცხადია, გონივრულ ფარგლებში. ერთი დიდი შეკვრა წესით უნდა გეყოს.

ასევე, რადგან ბარემ მანდ ხარ - ჭურჭლის სარეცხი საშუალება და სარეცხი ფხვნილიც იყიდე.

წამლები არ დაგავიწყდეს

რეკომენდაციაა, რომ წამლების ერთი თვის მარაგი შეიძინო. მიაქციე ყურადღება, რომ აფთიაქში ფასდაკლების დღე იყოს - ამ წამს საჩქარო არაფერია და ერთი ან ორი დღე არაფერს წყვეტს - ჯობია ფული დაზოგო.

პირველ რიგში, შეხსენება არ გჭირდება, მაგრამ მაინც, თუ რაიმე მედიკამენტი მუდმივად გჭირდება ჯერ ის შეიძინე. ქალებმა ჰიგიენური პროდუქტები უნდა მოიმარაგონ. აუცილებელია სახლში ერთი სანდო თერმომეტრი მაინც გქონდეს (რომ შეიძენ მალევე შეამოწმე, ყველა სანდო არ არის ხოლმე). იყიდე ტკივილგამაყუჩებელი, რამე სიცხის დამწევი და ელექტროლიტები.

საკვები - რაც არ ფუჭდება და ადვილად მზადდება

პირველ რიგში, ისეთი რამე უნდა შეარჩიო, რასაც ისედაც ჭამ ხოლმე. ანუ, თუ წიწიბურა არ გიყვარს, მისი ყიდვის აუცილებლობა არაა.

ასევე, თუ სახლში საჭმელი არასდროს გაგიკეთებია, ალბათ არც ახლა დაიწყებ. მაშინ ორი კვირის სამყოფი კონსერვები, მარტივი მომზადების სუპები და გაყინული პელმენები და ბლინები დაგჭირდება. იდეალური არაა, მაგრამ რაღაც ხანს თავს გაიტან.

დანარჩენებისთვის: თითო შეკვრა ლობიო, ბრინჯი, წიწიბურა და ორი შეკვრა მაკარონი. ორი კილო კარტოფილი და ცოტა ხახვი და ნიორი. თუ მოზრდილი საყინულე გაქვთ - საქონლის ან ღორის ხორცი და ქათამი შეაგდე. ნახეთ, მარილი და პილპილი ხომ არ გითავდება. ერთი ბოთლი ზეთიც კარგა ხანს გეყოფა.

მიაქციეთ ყურადღება, რომ 1. მარაგის ნაწილი უწყლოდაც მზადდებოდეს (რა იცი, იქნებ წყალი დაწყდეს) და 2. მარაგის ნაწილს დიდი მომზადება არ ჭირდებოდეს - „მასტერშეფობას“ არ ვცდილობთ, მთავარია იჭმეოდეს.

არ გამოგრჩეთ, გემოვნების და სურვილების მიხედვით - ჩაი, ყავა და რამე ალკოჰოლი.

ზუსტად რა იყიდო და რამდენი დამოკიდებულია ოჯახში ხალხის რაოდენობაზე, მაცივრის და საფულის ზომაზე და გემოვნებაზე.

კიდევ ერთხელ - მაღაზიის გატანა არ არის საჭირო. უაზროდ ნურაფერს იყიდი. ეს მარაგი ალბათ არ დაგჭირდება და წესით მერე ჩვეულებრივად მოიხმარ.

მაგრამ მაინც, ჯობს მზად იყო.

  • 16x9 Image

    ნიკო ნერგაძე

    ჟურნალისტი, ბლოგერი, პოდკასტერი; გადაცემების „ნიკო ნერგაძე vs“ და „განკითხვის დღე“ თანაავტორი; 2016 წლიდან "ნიკოს პოდკასტის" ავტორი. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2006 წლიდან.

XS
SM
MD
LG