ვაკის პარკში სასტუმროს მშენებლობის გასაუქმებლად აქტივისტები თითქმის 10 წელია იბრძოდნენ. თბილისის მერია და კომპანია „ტიფლის კოსტავა“ კი შეთანხმებას ვერ ახერხებდნენ. ხან საკომპენსაციო თანხის ოდენობის გამო, ხან ადგილის რომელიც ვაკის პარკის ნაკვეთის სანაცვლოდ კომპანიისთვის უნდა გადაეცათ. 21 დეკემბერს თბილისის მერმა კახა კალაძემ თქვა, რომ ბოლოს და ბოლოს შეთანხმება შედგა.
„მონაცვლეობა განხორციელებულია. პირველად შემოთავაზებული საკომპენსაციო ოდენობა 5 მილიონ 700 ათასი აშშ დოლარი გახლდათ. ეს ჩვენთვის მიუღებელი იყო. ნაკვეთის ღირებულება, რომელსაც ამ კომპანიას საკომპენსაციოდ გადავცემთ, არის 2 მლნ 800 ათასი აშშ დოლარი, რაც თავიდან მოთხოვნილ თანხაზე, დაახლოებით, 3 მლნ აშშ დოლარით ნაკლებია“, - განაცხადა კახა კალაძემ.
კომპანიას გადაეცა 56 695 კვ.მ. მიწის ნაკვეთი სოფელ ქვემო ლისთან (საკადასტრო კოდი: №01.72.16.104.005) და კრწანის რაიონში გრიგოლ ვოლსკის N23-ში მდებარე 4324 კვ.მ. მიწის ნაკვეთი (საკადასტრო კოდი: №01.18.06.012.168) .
რამდენად მისაღები იყო ეს შეთანხმება კომპანიისთვის ჯერჯერობით ბუნდოვანია. „სანამ ხელშეკრულებას ხელი არ მოეწერება, კომენტარს არ გავაკეთებ“, - განუცხადა „ტიფლის კოსტავას“ დირექტორმა გიორგი ზაქაიძემ რადიო თავისუფლებას.
ლისის ტბის ნაკვეთის სტატუსი არის სარეკრეაციო ზონა N3, რაც დასასვენებელი სტრუქტურის მშენებლობას ითვალისწინებს. თუმცა სტუდია „მონიტორის“ ჟურნალისტი ნანა ბიგანიშვილი ამბობს, რომ თბილისის გენგეგმის შედგენისას მერიას შესთავაზეს ეს ტერიტორია (5 ჰექტარი) სატყეო ზონად ექცია. „მაგრამ მერიამ გადაწყვიტა, რომ ეს მიწა არ არის მნიშვნელოვანი რეკრეაციისთვის“, - ამბობს ჟურნალისტი.
რაც შეეხება კრწანისის ნაკვეთს, საბა ბუაძე, რომელიც თბილისის საკრებულოში „ლელოს“ წარმოადგენს, ამბობს, რომ წინა სხდომაზე ქონების მართვის სააგენტომ საკრებულოს წინადადებით მიმართა, კრწანისის ნაკვეთი ტყის ფონდიდან ამოერიცხათ. მიზანი მისი ვაკის პარკის ნაკვეთში გაცვლა იყო.
„კარგია, რომ პარკში აღარც სასტუმრო აშენდება, აღარც - რესტორანი, მაგრამ ყველამ კარგად ვნახეთ, რამხელა ფასი გადაიხადა მუნიციპალიტეტმა ამ მონაცვლეობაში. არავის ეგონოს, პრობლემა მოგვარდა და ზიანი ავირიდეთ. კრწანისის მიწის ნაკვეთი ყოფილი სატყეო ზონაა. მისი სტატუსი საცხოვრებელი ზონით შეიცვალა. დღევანდელ სხდომაზე კიდევ ერთი ცვლილება განიხილება. მომიჯნავე ნაკვეთსაც ეცვლება ზონალობა. დიდი ალბათობით, ორივე მათგანის მეპატრონე მერე სხვაზე გაასხვისებს ამ მიწებს, ვისზე ამის თქმა ახლა არ შემიძლია“, - უთხრა საბა ბუაძემ რადიო თავისუფლებას.
საკრებულოს სხდომაზე ამ თემას შეეხო დეპუტატი ნინო წულაძეც, პარტიიდან „ანა დოლიძე - ხალხისათვის“.
„სისტემურ პრობლემას მინდა შევეხო. ჩემი აზრით, არასწორია, როცა სატყეო ზონას ვცვლით იმიტომ, რომ მის საპირწონედ მაღალი სამართლებრივი სიკეთე გვიდევს - ისეთი როგორიც ვაკის პარკის გადარჩენაა. რამდენჯერმე ყოფილა, რომ მუნიციპალიტეტი ახორციელებს ადგილმონაცვლეობას, თან ისე, რომ ამით მხოლოდ ერთი ადამიანი ითბობს ხელს“, - განაცხადა მან და ისიც დასძინა, რომ კომპანიას „ქართულ ოცნებასთან“ გარკვეული კავშირი აქვს - „ამ კომპანიის მმართველ რგოლში ფიქსირდება პარტიასთან დაახლოებული სუბიექტები“.
პასუხად საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ტყემალაძემ ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტზე, რომ ნაკვეთების ადგილმონაცვლეობა მუნიციპალიტეტს მოსალოდნელზე სამი მილიონი დოლარით ნაკლები დაუჯდა.
„მაფიასთან დაახლოებული პირებზე საუბარი კი კომენტარს არ იმსახურებს“, - აღნიშნა ტყემალაძემ და იქვე „ნაციონალურ მოძრაობასაც“ გასწვდა - „ყველზე კარგი რა იქნებოდა, იცით? საერთოდ არ გვქონოდა მოსანაცვლებელი“.
როგორ (ვერ) დაიწყო „ბუდაპეშტის“ მშენებლობა
სასტუმრო „ბუდაპეშტის" მშენებლობის ნებართვა გიგი უგულავას მერობის პერიოდში, 2013 წელს გაიცა. გარემოსდამცველებმა პარკში დაგეგმილი მშენებლობის შესახებ შემთხვევით შეიტყვეს, როდესაც იქ შადრევნის პროექტის გასაპროტესტებლად მივიდნენ. შადრევნებთან ლითონის ოქროსფერი ხეები უნდა გაეკეთებინათ და ეს არ მოსწონდათ. შენიშნეს, რომ პარკში საკმაოდ დიდი ტერიტორია არის შემოღობილი და იქ რაღაცის ასაშენებლად ემზადებიან. ეს რაღაც ხუთვარსკვლავიანი და ხუთსართულიანი სასტუმრო „ბუდაპეშტი“ აღმოჩნდა.
კომპანია ირწმუნებოდა, ტერიტორია, რომელზეც მშენებლობა უნდა დაწყებულიყო ვაკის პარკს არ ეკუთვნისო. მაგრამ აქტივისტები სხვაგვარად ფიქრობდნენ.
„ინვესტორი ამბობს, რომ ეს არ არის ვაკის პარკი. სამწუხაროდ, ვაკის პარკის წითელი ხაზები მოშლილია - ეს მერიის სინდისზეა - და ამიტომ ვერ ვიტყვით, ვაკის პარკი სად იწყება და სად მთავრდება, მაგრამ ყველა ადამიანი, რომელიც ვაკის პარკში დადის, გეტყვით, რომ ეს არის ვაკის პარკი; მეორეც, დღევანდელი კანონით, ეს არის სარეკრეაციო ზონა 2, ერთადერთი სამართლებრივი საფუძველი ამ მშენებლობის არის ეს სპეციალური ზონალური შეთანხმება, რომელიც, ჩვენი აზრით, კანონდარღვევით გასცა თბილისის მერმა“, - განაცხადა მაშინ „პარტიზანული მებაღეობის“ აქტივისტმა ერეკლე ურუშაძემ.
გარემოსდამცველების მთავარი არგუმენტი ამ შემთხვევაში იყო და არის ის, რომ თბილისში, სადაც მწვანე საფარი ისედაც ცოტაა, ნებისმიერი გამწვანება უნდა შევინარჩუნოთ.
მშენებლობა რომ არ განახლებულიყო „პარტიზანული მებაღეობის“ აქტივისტები ზამთარ-ზაფხულ პარკში ისხდნენ და იქაურობას დარაჯობდნენ, დროდადრო აქციებსაც აწყობდნენ, ხან თბილისის მერიასთან - ხან სხვაგან: „მერია მეტასტაზია, მერია ჩვენი მტერია“, „ხერხს - ჟანგი, ხალხს - ჟანგბადი“, - ასეთი პლაკატებით გამოდიოდა ქუჩაში „პარტიზანული მებაღეობა“.
„ძალიან საინტერესო პროტესტი იყო, ერთად ვიყავით უცნობი ადამიანები, მემარცხენე, მემარჯვენე, სოციალისტი, კაპიტალისტი... ყველა მწვანე ტერიტორიისთვის ვიბრძოდით, ყოველგვარი ქვენა აზრების გარეშე“. - იხსენებს „პარტიზანული მებაღეობის“ ხელმძღვანელი ნატა ფერაძე - „ყველა იმას აკეთებდა, რაც შეეძლო. ვიღაცამ უზარმაზარი კარავი მოიტანა ვიღაცამ - შეშის ღუმელი, ვიღაცამ - შეშა, თან ეს შეშა არ იყო ტყეში მოჭრილი. ბოლოს სხვა ქვეყნებიდანაც ჩამოდიოდნენ აქტივისტები“.
მოგვიანებით ხელისუფლება შეიცვალა. თბილისის მერად კახა კალაძე დაინიშნა, რომელმაც პირობა დადო, რომ ვაკის პარკში „ბუდაპეშტის“ მშენებლობას შეაჩერებდა. ნატა ფერაძე იხსენებს, რომ მორიგ შეხვედრაზე კალაძეს ჰკითხა, რა ბედი ეწეოდა მშენებარე კომპანიას, რომლის ინტერესებიც დაზარალდა.
„როგორ გადმომხედა იცით, მაგას მოვაგვარებ, სხვა ბიზნესებიც აქვსო. მაგრამ ზაქაიძეც კერკეტი კაკალი გამოდგა... კალაძის რიტორიკა ის იყო, რომ სანამ „ქართული ოცნებაა“ ვაკის პარკში არაფერი არ აშენდება. ანუ გარკვეულწილად შანტაჟიც იყო, „პირსისხლიანი ნაციონალები“ თუ მოვლენ, მერე ისინი ჩაადგმევინებენო“, - ამბობს ნატა ფერაძე და უარყოფითად აფასებს იმ ფაქტს, რომ ნაკვეთი, რომელიც კომპანიას ვაკის პარკის სანაცვლოდ მისცეს ასევე რეკრეაციულ ზონაშია.
გარემოსდამცველები დიდი ხანია საუბრობენ, რომ ტყის ფონდიდან კერძო მესაკუთრეების სასარგებლოდ მიწის ამორიცხვა ტენდენციად იქცა. არასამთავრობო ორგანიზაცია CENN-ის მონაცემებით, 2016 წლიდან 2021 წლამდე მხოლოდ ფიზიკურ პირებზე ტყის სტატუსი მოხსნილი აქვს და გასხვისებულია 18 ათასი სატყეო მიწა.