Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რა დააშავა ბავშვმა?!


„კავკასიური ცარცის წრის“ მეტაფორა, - საქართველო, როგორც პოლიტიკოსების ხელში ჩავარდნილი და გასაგლეჯად გამზადებული ბავში, - დიდი ხანია, გახუნდა და კლიშედ იქცა, რომ არაფერი ვთქვათ მის უზუსტობაზე. აღარავის სჯერა, რომ „ძვირფას არსებას“ ვინმე დაინდობს, რომ არ გაიმეტებენ გასაგლეჯად და ბოლო მომენტში ხელს გაუშვებენ. გახუნდა ინსტინქტით მოქმედი გრუშეს მეტაფორაც და გულწრფელი, მაგრამ ბრიყვი ნათელასიც. პოლიტიკურ ძალებსა და სეგმენტებად გახლეჩილ საზოგადოებას თვითმიზნად ექცათ ერთმანეთთან ბრძოლა და ანგარიშსწორება. ამ ბრძოლას შეიძლება შეეწიროს ყველაფერი, მათ შორის ბრძოლისა და დავის საგანიც კი, რისი ყველაზე საშინელი მაგალითებია ოპონენტის დადანაშაულება 2008 წლის აგვისტოს ომის დაწყებაში, ქართული ავიაციის კვალის ძებნა დაბომბილ ქართულ სოფლებში და ა.შ. საქართველო ხომ არც ცალკე აღებული ხელისუფლებაა და არც რომელიმე პარტია?!

„საქართველოს ბანკის“ ზუგდიდის ფილიალში შეიარაღებული პირის მიერ მძევლების აყვანამ, უფრო სწორად, საზოგადოების, პოლიტიკოსებისა და მედიის ნაწილის რექციამ უმძიმეს დანაშაულზე აჩვენა, რომ ამ ბრძოლაში გამონაკლისი არ არსებობს, რომ მოცემულ შემთხვევაშიც ყველაზე მნიშვნელოვანი პოლიტიკურ ოპონენტთან ანგარიშსწორებაა და არა მძევლების უსაფრთხოებაზე ზრუნვა. ნებსით თუ უნებლიეთ, სწორედ ამ მიზანს ემსახურებოდა მძევლად მყოფი ირაკლი კვარაცხელიას „პოლიტიკური ლუსტრაცია“ პროსახელისუფლებო მედიის პირდაპირ ეთერში.

„ვინ არის ირაკლი კვარაცხელია, ვინც „მთავარი არხის“ ეთერში საუბრობდა და აჟღერებდა თავდამსხმელის მოთხოვნებს? ჩვენ ფეისბუკის საშუალებით შევეცადეთ გაგვერკვია, ვინ არის ირაკლი კვარაცხელია: ის აღმოჩნდა „ნაციონალური მოძრაობის“ აქტიური მხარდამჭერი, ერთ-ერთი აქტივისტი“, - განაცხადა ტელეკომპანია „იმედის“ დღის ეთერის წამყვანმა და აუდიტორიას, რომელშიც, შესაძლოა, „ზუგდიდელი ტერორისტიც“ შედიოდა, უჩვენა მძევლად მყოფი ირაკლი კვარაცხელიას ფოტოები, გადაღებული მიხეილ სააკაშვილსა და „ნაციონალური მოძრაობის“ სხვა ლიდერებთან.

ტელევიზიამ საკმარისად არ მიიჩნია ირაკლი კვარაცხელიას ფოტოებით „მხილება“ და ეთერში გაუშვა „ქართული დასის“ წევრის, გიორგი გაბედავას, ასევე „მამხილებელი“ კომენტარი:

„ფაქტია, რომ ირაკლი კვარაცხელია სააკაშვილის ფანია და რომ ბანკიდან გამტაცებლის სურვილებს „ნაცმოძრაობა“ ახმოვანებს“.

შეექმნა თუ არა ამგვარი მხილებით მძევლად აყვანილ პირს საფრთხე?

სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ განაცხადა, რომ მძევალი, რომელიც მედიასაშუალებებთან კონტაქტზე გამოვიდა, იმყოფებოდა ურთულეს სიტუაციაში და იყო მოწყვლადი, რადგანაც სწორედ მას იყენებდა შეიარაღებული პირი საკომუნიკაციოდ და მის მიმართ ჰქონდა სხვაზე მეტი „ინტერესი“:

„შეიარაღებული პირის ფსიქოპორტრეტი, მისი რეალური მიზნები არავინ იცის, ამიტომ, ძალიან სახიფათოა, სხვა რომ არაფერი ვთქვათ, მძევლის დისკრედიტაციის წამოწყებული კამპანია და მის პოლიტიკურ კუთვნილებაზე აქცენტირება“.

თუმცა ხელისუფლებამ და პროსახელისუფლებო მედიამ არა მხოლოდ მძევლების გამორჩევა დაიწყეს პარტიული კუთვნილების მიხედვით, არამედ ღიადაც მიანიშნეს, რომ დანაშაულის უკან, შესაძლოა, „ნაციონალური მოძრაობა“ იდგეს.

„ზუგდიდში „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი აქტიური მხარდამჭერი აღმოჩნდა მძევლებს შორის და მომდევნო დღეებში გავარჩიოთ, ეს დამთხვევაა თუ არა“, - განაცხადა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა გია ვოლსკიმაც postv-ის ეთერში გამოთქვა ვარაუდი, რომ ზუგდიდში ბანკის ძარცვას, შესაძლოა, პოლიტიკური შემადგენელი ჰქონდა:

„ჩვენ ერთი თემა გვავიწყდება კიდევ: გარეჯის თემამ იმხელა რეზონანსული აფეთქება გამოიწვია საზოგადოებაში, რომ მოსალოდნელიც იყო ასეთი რამ... ჩვეულებრივი ამბავია, რომ ყველაფერი გაკეთდა (არა საშუალო დონის შეჯახება-შელაპარაკებებით...) იმისათვის, რათა ეს მოღალატეობრივი აქტი გადაიფაროს, მათ შორის, შესაძლოა, ზუგდიდის ტერორისტული აქტის ორგანიზებით. შესაძლოა, ვიმეორებ...“

ზუგდიდის ბანკში მძევლების აყვანას „ნაცსექტის ტერორ-სპექტაკლი“ უწოდა საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრმა, ბონდო მძინარაშვილმაც, რომელმაც ფეისბუკში დაწერა:

„ეს არის პოლიტიკური სპექტაკლი ტერორისტული ვინეგრეტით! ეს არის სპეციალურად წინასაარჩევნოდ მოწყობილი ტერორ-სპექტაკლი!“

ცხადია, ოპოზიციური პარტია „წინასაარჩევნო სპექტაკლს“, უბრალოდ, პუბლიკის მისაზიდად არ დადგამდა. მმართველი პარტიის გენერალურმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ ხელისუფლების დისკრედიტაციის ნაწილად მიიჩნია ტელეკომპანიების „მთავარი არხისა“ და „ტვ პირველის“ მიერ როგორც მოვლენების გაშუქება, ასევე პრემიერ-მინისტრისათვის დასმული კითხვების შინაარსი.

„როდესაც ასეთი მძიმე ვითარებაა და 19 ადამიანია გასათავისუფლებელი და თქვენი ჟურნალისტი, „გლავკანალის“ და „პერვი კანალის“ ჟურნალისტი, მიდის პრემიერ გახარიასთან და ეკითხება დანაშაულის სტატისტიკის შესახებ, ეს არის სირცხვილი", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ზუგდიდში შეიარაღებულ თავდასხმაზე საუბრისას ჟურნალისტებმა პრემიერ-მინისტრს საქართველოში კრიმინალის ზრდის შესახებ ჰკითხეს, რაზეც გიორგი გახარიამ უპასუხა:

"ნახეთ სტატისტიკა და ციფრები. არის გარკვეული დანაშაული, სადაც ზრდა გვაქვს. რაც შეეხება, საერთოდ, კრიმინალს, სტატისტიკას რაც შეეხება, იქ ბევრი ისეთი დანაშაულია, რაც 3-4 წლის წინ როგორც დანაშაული, კვალიფიცირებული არ იყო. საერთო ჯამური ზრდა იმას არ ნიშნავს, რომ კრიმინალი ქვეყანაში გაიზარდა".

მედიას სიგნალის გათიშვით დაემუქრა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე კახა საბანაძე, რომლის თქმითაც, რამდენიმე მედიასაშუალებამ პირდაპირ ეთერში ჩართო დამნაშავე, რითაც პირდაპირი საფრთხე შეუქმნეს სამართალდამცავი სტრუქტურების მოქმედებას და ღონისძიების წარმართვის ეფექტიანობას.

„ყველა მედიასაშუალების, მათ შორის მობილური ოპერატორებისგან მოვითხოვთ კატეგორიულად - მძევლების, სამართალდამცველების და რიგითი მოქალაქეების უსაფრთხოების დაცვის მიზნით, ასევე საპოლიციო ღონისძებების ეფექტიანად წარმართვის მიზნით - მოხდეს ლაივსიგნალის გათიშვა-შეზღუდვა. წინააღმდეგ შემთხვევაში სახელმწიფო იტოვებს უფლებას გამოიყენოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა ბერკეტი, რათა მოხდეს აღნიშნულის უზრუნველყოფა“, – განაცხადა შს მინისტრის მოადგილემ.

თუმცა მედიის წარმომადგენლებმა შს სამინისტროს იქით უსაყვედურეს ცუდი კომუნიკაციის გამო: ჟურნალისტები ვერც ადგილზე და ვერც რედაქციებში ვერ იღებდნენ ვერც ინფორმაციას და ვერც უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ მითითებებს. ითქვა, რომ არა მხოლოდ 21 ოქტომბერს, არამედ საზოგადოდაც, შინაგან საქმეთა სამინისტროს ურთიერთობა საზოგადოებასთან ვერ უძლებს ვერანაირ კრიტიკას.

რას ხედავს, როგორც წესი, მაყურებელი?

პოლიციელს, რომელიც გაურბის კამერას, რომელიც მალავს სახეს და ზურგს აქცევს ჟურნალისტს, რომელსაც ცხვირწინ უკეტავს კარს და ნებისმიერ კითხვას უპასუხებს შინაარსისგან დაცლილი ანეკდოტური ფრაზით: „მიმართეთ პრესცენტრს“. მაგრამ 21 ოქტომბერს ესეც ვერ მოახერხეს, რომ არაფერი ვთქვათ იმაზე, რომ 21 ოქტომბერს თვითონ შს სამინისტროს პრესცენტრს უნდა მიემართა მედიისთვის...

თუმცა, ამ და სხვა ბევრი ხარვეზის მიუხედავად, შს სამინისტროს ხელმძღვანელობამ მაინც დაიმსახურა მადლობა მმართველი პარტიის გენერალური მდივნისგან.

"კიდევ ერთხელ გამოჩნდა „ქართული ოცნების“ ხელწერა, რომლისთვისაც მთავარი ღირებულება და პრიორიტეტი ადამიანია. სპეცოპერაციის მთავარი მიზანი, 43-ვე მძევლის უვნებლად გათავისუფლება, შესრულებულია", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ, რომელსაც, ალბათ, ესმის, რომ ანალოგიურად „ზუგდიდელ მძარცველსაც“ შეუძლია მოიწონოს თავი „უსისხლო ხელწერით“. ალბათ, ხელისუფლება გრძნობს ამ უხერხულობას, მაგრამ არ იმჩნევს, რადგან მძარცველიც იმდენად ეზიზღება, რამდენადაც მისი მოქმედებით შეიძლება პოლიტიკურმა ოპონენტებმა ისარგებლონ კარსმომდგარი არჩევნების წინ და მისი უმთავრესი საზრუნავიც სწორედ ამ სარგებლის მასშტაბის შემცირებაა.

მმართველი პარტიის ლიდერები დარწმუნებული არიან, რომ ოპოზიცია ზუგდიდის ინციდენტს აუცილებლად გამოიყენებს ხელისუფლების დისკრედიტაციისათვის. ოპოზიციაში ყოფნისას არც თვითონ დაუზოგავს ხელისუფლება („ომი საქართველომ დაიწყო“) და ვერ წარმოუდგენია, რომ ახლა ოპონენტი დაინდობს მას. სწორედ ამ გამეტებულ, დაუნდობელ ბრძოლას ეწირება ის მთავარი, რომლის მდგომარეობასაც ვეღარ აღწერს ცარცის წრეში ჩაყენებული ბავშვის მეტაფორა. საქართველოში ხელისუფლებისა და ოპოზიციის დაპირისპირება, დიდი ხანია, დაემსგავსა დავით კლდიაშვილის ერთი მცირე ზომის მოთხრობის, „თავადი პეტრეს“, პერსონაჟების - სვიმონისა და მანუჩარის - ქიშპობას, რომელიც იმით დასრულდება, რომ მანუჩარი სვიმონს მოუკლავს მცირეწლოვან შვილს და მოჭრილ თავს ლამაზი ყუთით გაუგზავნის. ჭკუიდან გადასული სვიმონიც მოკლავს მანუჩარს, თუმცა ეს უკანასკნელი სიკვდილის წინ მოასწრებს თქმას: „ხომ გაგამწარე!.. სიკვდილამდის გაგამწარე!.. სიცოცხლე აღარ მენანება!“

სვიმონი და მანუჩარი შეიძლება უვარგისები იყვნენ და იმსახურებდნენ მკაცრ ხვედრსა თუ სასჯელს, მაგრამ რა დააშავა ბავშვმა?!

  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

ბლოგერები

ყველა ბლოგერი
XS
SM
MD
LG