ავტორი: ზვიად აძინბაია
მსოფლიო შეიცვალა, როგორც მას აქამდე ვიცნობდით. ის სწრაფად მოძრაობდა. ბოლო რამდენიმე კვირაში კი ამ ბოჭკოვან კაბელში გატარებულმა გლობუსმა ლიმიტები აჩვენა. თითქოს საწვავი ამოეწურა შუა ფრენაში და საგანგებოდ დაეშვა.
ან, კიბერფანების ენით, ოპერატიულ სისტემაში დეფექტი აღმოაჩნდა, სახელად ახალი კორონა - იგივე COVID-19.
ზიკა, ებოლა, H1N1 და სხვა ვირუსები გვინახავს, გაგვიგია ან შეგვხებია ამ ორ დეკადაში. ვსაუბრობთ 1918 წლის ესპანურ გრიპზე. ისტორიული ან უახლოესი ანალოგია საინტერესოა, თუმცა არა ბოლომდე რელევანტური ახალ კორონასთან.
ახალმა კორონამ რემბოს ჰიგიენური ხელთათმანები გააკეთებინა, ბებიაჩემს კი, გალში - კარტოფილის მარაგი. ISIS-მა თავის ტერორისტებს მოუწოდა ევროპაში მოგზაურობა შეზღუდონ. ვირუსია, რა იცი. ჩრდილოეთ კორეის და ირანის ბირთვულმა საფრთხემ, სირიამ, უკრაინის და საქართველოს ოკუპაციამ, გლობალურმა დათბობამ - მყისვე გადაინაცვლეს ბოლოდან მოწინავე ადგილებზე. ვოლ სტრიტი შფოთავს. იმედია დროებით.
ჩრდილოეთ მაკედონია ნატოს წევრი გახდა. ბრავო! მაგრამ, ვის აქვს ზეიმის თავი?
მოკლედ, კორონამ კეთილი იმედის კონცხიდან ბერინგის სრუტემდე, ვაკის სალონებიდან „სილიკონ ველი“-მდე ყველა დაჭმუჭნა. ეს ყველაფერი კი თითქოს ჩინეთში, ჰუბეის პროვინციაში ნაჭამმა ღამურამ გამოიწვია. სწორედ მას მიაწერენ ახალი კორონავირუსის მისტიკურ დაბადებას.
ზუსტად ვიცით? არა. თუმცა, სანამ გაირკვევა, ჯობია ისევ ღამურას დავაბრალოთ, მაგ ოხერს და სასიკვდილეს.
ჩვენ სად ვართ, ჩვენ?
საქართველომ, კორონას შეკავების სტადიაზე, ბევრ განვითარებულ ქვეყანას - მათ შორის იტალიას, საფრანგეთს, ესპანეთს თუ აშშ-ს - მაღალი პილოტაჟი აჩვენა.ჯერჯერობით 40-მდე შემთხვევით, სწრაფი რეაგირებით და კერძო-საჯარო სტრატეგიული კომუნიკაციით მოხერხდა, რომ ტუალეტის ქაღალდი დახლებზე პოლიციის დასაცავი არ გამხდარა.
მთავრობამ იანვარში შექმნა უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო, რომელიც ხელმძღვანელობს კრიზისის ძირითად საკითხებს. ამასთან, შეიკრიბა ეროვნული უსაფრთხოების საბჭო, რომელმაც ვირუსის ეკონომიკური უსაფრთხოების განზომილება განიხილა. ამ უწყებათაშორისი კოორდინაციის ხარისხი და ეფექტიანობა მოგვიანებით გაირკვევა, თუმცა მათი რელევანტურობის საჭიროებას ცოტა თუ უარყოფს.
ასევე, მთავრობამ სახმელეთო და საჰაერო მიმოსვლები მეტწილად ეფექტურად შეზღუდა, რაც ვირუსის იმპორტის და შიგა გავრცელების შეკავებას ისახავს მიზნად. ჩვენ კიდევ სოციალურად ვდისტანცირდით. ჩახუტება და ქეიფი შეზღუდეთ. ვინ იფიქრებდა?
ნასწავლი და სასწავლი გაკვეთილების კალათაში კიდევ არის ბევრი სხვა ხილი:
პირველი - ოპოზიცია და მთავრობა ერთ აზრზე არიან. ეს ორი მკვეთრად დაპირისპირებული ჯგუფი, რომელიც ლამის რელიგიური მრწამსით ერთმანეთს აბრალებდა ქვეყნის დაქცევას, გაერთიანდა. პრობლემის წინააღმდეგ. ეს ხომ იშვიათია და გვიხარია ამ ახალ სახელმწიფოში.
ლიბერალური ოპოზიცია და სამოქალაქო საზოგადოება უფრო შორს წავიდა და მთავრობას ზომების გამკაცრება მოსთხოვა. დიახ, საგანგებო რეჟიმის შემოღება. ზედაპირზე ჩანს, რომ საგანგებო მდგომარეობა ბევრისთვის სიღრმეში არ არის ცნობილი. ის ადრე არ გვინახავს, მარტივად კი საკუთარი უფლებების დროებით დათმობას ნიშნავს საერთო ინტერესებისთვის. მაიკ ტაისონის სიტყვებით, საგანგებოს გემოს მაშინ შევიგრძნობთ, როცა სახეში პირველი მოგვხვდება.
მეორე - ერთი ყველასთვის, ყველა ერთისთვის. ეკრანებზე თეთრხალათიან გმირებს წარმოადგენენ ამირან გამყრელიძე, პაატა იმნაძე, თენგიზ ცერცვაძე და მარინა ეზუგბაია. ყველა ერთად დგას, ახალ- და ძველგაზრდა, ექთანი თუ მძღოლი. ეს გვიჩვენებს, რომ არ არსებობს ასაკოვანი და ახალი სახე სახელმწიფოს კარგ მართვაში. საქმე პროფესიონალიზმით გაჯერებულ პატრიოტიზმშია.
აქვე, ერთი შეხედვით ნაკლებად ორგანიზებულმა და დისციპლინისგან გაუცხოებულმა ქართველებმა ჩვენი ქულები გავაუმჯობესეთ. 80-იანების მერე დაბადებულმა, იგივე მილენიალებმა (უკვე ,,კორონიალებმა”) მეტად დაინახეს საკუთარი პასუხისმგებლობა და როლი საზოგადოებაში. უხეშადაც კი არ აცემინებენ.
იმავდროულად, ვირუსის შეკავებას მისი აჩრდილი - ეკონომიკური კორონა ახლავს თან. დანარჩენ მსოფლიოსთან ერთად, საქართველოს სახელმწიფოს გადასაწყვეტი აქვს მოსალოდნელი დარტყმა, რომელიც ბიზნესს და ეკონომიკას დააბზრიალებს. ყველაზე ზოგადი და სწრაფი გადაწყვეტა შესაძლოა იყოს შიგა და გარე რესურსების გაერთიანება. სტრატეგიული მიდგომის შემთხვევაში, უნდა ვეცადოთ ჩვენი მოკავშირეების დარწმუნება, რომ საქართველოს სტაბილურობა მათ ინტერესებშია და მათ ადგილობრივ დიდ დახმარების პაკეტებში ჩვენც მოვხვდეთ. 2008 წლის მაგალითი გვაქვს.
მესამე - ომობანას თამაშს ვსწავლობთ. ჯამში, ბევრი ზომა რაც ახლა მუშაობს, ან შეიძლება შემოიღოს სახელმწიფომ, ომის დროინდელი სცენარებიცაა. მე და ჩემი ქართველ-ამერიკელი კოლეგები ომის და კრიზისის თამაშებს ფლეტჩერის დიპლომატიის სკოლასთან ერთად ხშირად ვაკეთებთ. ეს იმიტომ, რომ სახელმწიფოს კერძო და საჯარო ელემენტებმა უკეთ წარმოიდგინონ კრიზისი და შეძლონ სტრესის ქვეშ ეფექტური გადაწყვეტილებების მიღება. ადრე აუდიტორიის შეკრება გვიჭირდა. მომდევნო ჯერებზე მგონია ვერ დავიტევთ.
ეს ყველა ნასწავლი გაკვეთილი მგონია დაგვეხმარება უკეთ გავითავისოთ, რომ ჩვენ ზოგად კორონას ყოველდღე უნდა ვებრძოლოთ. ეს არის ოკუპაცია, უიმედობა, ეკონომიკური სისუსტე. მწყრალი განათლება. ერთმანეთზე გადამტერება. როგორც ახლა, მომავალშიც უნდა შევთანხმდეთ, რომ სტრატეგიულ საკითხებზე ერთად უნდა ვიყოთ. ყველა. სხვანაირად ჩვენგან არაფერი გამოვა.
COVID-19-ის ქარტეხილი ასევე დაგვტესტავს, თუ როგორ შევძლებთ მომავალი კრიზისების მართვას. რამდენად გამართული იქნება ჩვენი გადაწყვეტილების მიღების სისტემა? პროცესი? კერძო-საჯარო, უწყებათაშორისი კოორდინაცია? მთავრობა ნახავს, თუ რა შეეშალა და რა გამოუვიდა. უნივერსიტეტებში კვლევებს დაწერენ, თუ როგორ იმუშავა კრიზისის მენეჯმენტმა. ექსპერტები რჩევებს მისცემენ მომდევნო დასაქირავებელ ბიუროკრატებს. ერთი წინასწარ ცხადია - ვერავინ იტყვის, რომ კორონა ჩვენ დავიწყეთ.
18 მარტს ჩვენს სამსახურში მყოფ თეთრხალათიან გმირებს საქვეყნო ტაში დავუკარით. ამ სიმბოლურმა ჟესტმა იძულებით დისტანცირებულებს, ფეისბუკის ბინადრებს გვაჩვენა, რომ მარტო არ ვართ. მის ადრესატებს კი დაუდასტურა, რომ არასოდეს დავივიწყებთ მათ თავდადებას. კარგი ბავშვები ვიქნებით. ხელებსაც დავიბანთ.
ზვიად აძინბაია არის ფლეტჩერის სამართლისა და დიპლომატიის სკოლის საერთაშორისო უსაფრთხოების მკვლევარი. მისი ოცნებაა გალში ჯაზის დაკვრა, როცა საქართველო გაერთიანდება.
ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შეიძლება ყოველთვის არ ემთხვეოდეს რედაქციის პოზიციას.