Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რა ბედი ეწევა აღმოსავლეთ პარტნიორობას?


რიკარდ იოზვიაკი
რიკარდ იოზვიაკი

ეს ალბათ ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის ზენიტი იყო. 2013 წლის ნოემბრის ბოლოს ლიტვის დედაქალაქ ვილნიუსში ევროკავშირის ლიდერები ხვდებოდნენ კოლეგებს ბლოკის აღმოსავლეთით მდებარე ექვსი ქვეყნიდან: აზერბაიჯანი, ბელარუსი (რომელსაც მაშინდელი საგარეო საქმეთა მინისტრი წარმოადგენდა, რადგან ლუკაშენკა პერსონა ნონ გრატად იყო გამოცხადებული), მოლდოვა, საქართველო, სომხეთი და უკრაინა.

მოლდოვას, საქართველოსა და უკრაინას ხელი უნდა მოეწერათ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებებზე, რაც მათ ბლოკთან დააახლოებდა.

საერთაშორისო პრესა საკონფერენციო ცენტრს მიაწყდა - არა ქართველი ან მოლდოველი ლიდერებისათვის, არამედ იმის სანახავად, მოაწერდა თუ არა ხელს უკრაინის პრეზიდენტი ვიქტორ იანუკოვიჩი ამ დოკუმენტს. წინა დღით გავრცელდა ინფორმაცია, რომ ის ხელის მოწერას არ აპირებდა და სწორედ ასე მოხდა.

პარალელურად კიევში სულ უფრო მეტი მომიტინგე იკრიბებოდა. ისინი გაბრაზებული იყვნენ, რადგან მიიჩნევდნენ, რომ უკრაინის მთავრობამ მოსკოვთან უფრო მჭიდრო კავშირი ამჯობინა ევროკავშირს. მეორე დღეს სპეცრაზმმა დემონსტრაცია დაარბია. პროტესტმა, რომელიც მოგვიანებით "ევრომაიდნის" სახელით გახდა ცნობილი, საბოლოოდ იანუკოვიჩი აიძულა გადამდგარიყო და რუსეთში გაქცეულიყო.

ზუსტად ათი წლის შემდეგ, 28-29 ნოემბერს, მე ლიტვის დედაქალაქში დავბრუნდი, რათა დავსწრებოდი სემინარს, სადაც აღმოსავლეთ პარტნიორობის მომავალი განიხილებოდა. აქ ძირითადად იმას განიხილავდნენ, რომ აღმოსავლეთის პარტნიორობა დიდწილად საკუთარ წარმატებას ემსხვერპლა.

პარტნიორობა 2009 წელს, პოლონეთისა და შვედეთის ინიციატივით შეიქმნა. ის მიზნად ისახავდა, ექვსი ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკა დაეახლოებინა ევროკავშირთან, ოღონდ ისე, რომ არ შეეთავაზებინა გაწევრიანების იგივე გზა, როგორიც, მაგალითად, თურქეთს ან დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებს შესთავაზეს. ბრიუსელი ერიდებოდა, ერთი მხრივ, რუსეთის, მეორე მხრივ კი, თავად ბლოკის იმ წევრების გაღიზიანებას, რომლებსაც გაფართოება არ სურდათ. შედეგად უფრო მარტივი, რბილი გზა აირჩიეს - აღმოსავლეთ პარტნიორობა.

საბოლოო ჯამში, თავდაპირველი განზრახვის მიუხედავად, აღმოსავლეთ პარტნიორების ნახევარი სწორედ გაწევრიანების ტრადიციულ გზას დაადგა. 2022 წლის თებერვალში უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, მოლდოვა და უკრაინა ევროკავშირის ოფიციალური კანდიდატი ქვეყნები გახდნენ და, თუ ევროკავშირის წევრი ქვეყნები შეთანხმდებიან, მომავალ წელს ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებებსაც დაიწყებენ. საქართველო მათ ერთი ნაბიჯით ჩამორჩება და ოფიციალურად კანდიდატი ქვეყანა 2023 წლის ბოლოსთვის უნდა გახდეს. ამ სამმა ქვეყანამ მეტს მიაღწია, ვიდრე მათ აღმოსავლეთ პარტნიორობა ჰპირდებოდა.

მაშინ საკითხავია, მოჭამა თუ არა ამ ფორმატმა დრო. მოლდოვის, საქართველოსა და უკრაინის ოფიციალურ წარმომადგენლებს პირად საუბარში უთქვამთ, რომ არ მოსწონთ აღმოსავლეთ პარტნიორობის სამ დანარჩენ ქვეყანასთან - აზერბაიჯანთან, ბელარუსსა და სომხეთთან ერთ ჯგუფში ყოფნა. საჯაროდ ისინი აღმოსავლეთის პარტნიორობას დადებითად მოიხსენიებენ, თუმცა ამ ინიციატივის საჭიროებას მაინცდამაინც ვეღარ ხედავენ. ევროკავშირის გზაზე უფრო წინ წასული ქვეყნები მიიჩნევენ, რომ დანარჩენ სამ ქვეყანასთან ახლა მათ მხოლოდ საბჭოთა წარსული აერთიანებთ.

სომხეთს, რომელიც ცდილობს მოსკოვს დაშორდეს, მაგრამ ევროკავშირში გაწევრიანებაზე განაცხადის გასაკეთებლად ჯერ მზად არ არის, ამ ექვსეულს შორის ალბათ ყველაზე მეტად სურს ფორმატის შენარჩუნება. აზერბაიჯანი ბრიუსელთან ორმხრივ გარიგებებს ამჯობინებს, განსაკუთრებით ენერგეტიკის სექტორში. ბელარუსმა კი ცალმხრივად დატოვა პარტნიორობა 2021 წელს, მას შემდეგ, რაც ევროკავშირმა 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნები გაყალბებულად მიიჩნია და დაგმო ამ ქვეყანაში სამოქალაქო საზოგადოებისა და ოპოზიციის დარბევა.

აღმოსავლეთის პარტნიორობის კლებად როლზე ალბათ ყველაზე კარგად ის მეტყველებს, რომ მაღალი დონის სამიტი უკვე ორი წელია არ გამარათულა. როგორც წესი, ევროკავშირი ასეთ სამიტს ორ წელიწადში ერთხელ ატარებდა. წელს ამასთან დაკავშირებით შვედეთს მიმართეს, რომელიც ევროკავშირის საბჭოს ექვსი თვით თავმჯდომარეობდა. თუმცა, სტოკჰოლმმა (პარტნიორობის იდეის ერთ-ერთმა ავტორმა) უარი განაცხადა. როგორც შვედმა დიპლომატებმა მითხრეს, კონკრეტული შედეგი ასეთ შეხვედრას არ მოჰყვებაო.

ბრიუსელში ლაპარაკობენ, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობის მეორე თანადამფუძნებელმა, პოლონეთმა უმასპინძლოს სამიტს 2025 წლის პირველ ნახევარში, როდესაც ევროკავშირის საბჭოს ექვსი თვით ჩაუდგება სათავეში. მაგრამ საკითხავია, დაინტერესებული იქნება თუ არა ამით თავად ექვსი პარტნიორი ქვეყანა. არც ბრიუსელში სურთ სამიტის ჩატარება უბრალოდ სამიტის ჩატარების ხათრით.

არადა, ბოლო სამიტი არსებითად სწორედ ასეთი იყო. ბრიუსელში 2021 წლის დეკემბერში გამართული სამუშაო სესია რამდენიმე საათს გაგრძელდა და ის მოკლე სამუშაო ვახშამმა დაასრულა. ყველაფერმა უხმაუროდ ჩაიარა. სამიტის დეკლარაციაში რუსეთი საერთოდ არ უხსენებიათ. არც აღმოსავლელი პარტნიორების ტერიტორიებზე არსებული გაყინული თუ ცხელი კონფლიქტები უხსენებიათ. იმდროინდელი მედია ყველაზე დიდ ყურადღებას უთმობდა ბელარუსის ცარიელ სკამს და უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის, რომელიც ევროკავშირის ლიდერების დარწმუნებას ცდილობდა რუსეთის წინაღმდეგ სანქციები მიეღოთ, უკრაინის საზღვარზე რუსული ჯარების დაგროვების გამო.

მაშ, რატომ არსებობს აღმოსავლეთ პარტნიორობა?

ერთი, ცხადია, რომ ბიუროკრატია არსებული პროექტების დასრულებას ზოგადად ერიდება ხოლმე. ამას გარდა, ზოგი იმასაც გაიხსენებს, რომ ხუთი ამჟამინდელი წევრის საგარეო საქმეთა მინისტრები ევროკავშირის კოლეგებს ბრიუსელში 11 დეკემბერს შეხვდებიან და ეცდებიან შეთანხმდნენ ამ ქვეყნებს შორის მობილური ტელეფონების როუმინგის ზონაზე, რაც შემდეგ ევროკავშირზეც გავრცელდება. ესეც საქმეა.

ბლოგერები

ყველა ბლოგერი
XS
SM
MD
LG