Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მშვიდობა ძალით - ზელენსკი ფიქრობს, რომ საერთაშორისო ძალების განლაგება უკრაინაში რუსეთს მშვიდობისკენ აიძულებს


უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრა რამშტაინში, გერმანია
უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრა რამშტაინში, გერმანია

გერმანიაში, რამშტაინის ბაზაზე გამართული უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის (UDCG-ის) შეხვედრის დროს, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მოკავშირეებს მოუწოდა, რომ განიხილონ უკრაინის ტერიტორიაზე საკუთარი საჯარისო ქვედანაყოფების განლაგების შესაძლებლობა.

ეს არის „ერთ-ერთი საუკეთესო ინსტრუმენტი, რათა რუსეთი მშვიდობისკენ ვაიძულოთ“, - განაცხადა ზელენსკიმ საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრაზე 9 იანვარს.

ზელენსკიმ დასძინა, რომ უკრაინის ხელისუფლებამ „დიდი ბრიტანეთისგან მიიღო“ ამ იდეის მხარდამჭერი სიგნალი.
მაგრამ უკრაინის ლიდერს არ დაუკონკრეტებია, თუ რომელი იდეის მხარდამჭერი სიგნალი გამოუგზავნა ლონდონმა. როგორც ცნობილია, არსებობს ორი იდეა.

ერთი ითვალისწინებს უკრაინაში სამშვიდობო შეთანხმებისა და ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის ამოქმედების შემდეგ ნატოს/ევროპის წევრი ქვეყნების ჯარების განლაგებას რუსეთ-უკრაინის ძალთა დაშორიშორების ხაზზე. მეორე იდეა კი, რომლის ავტორიც საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონია, არ გამორიცხავს დასავლეთის ჯარების უკრაინაში შეყვანას საომარი მისიით, რუსეთის არმიის წინსვლის შესაჩერებლად.

"პუტინის მიზანი უცვლელია. მას სურს უკრაინის სრული განადგურება"

თუ ვოლოდიმირ ზელენსკის დასავლეთის ქვედანაყოფების გაგზავნის ვარიანტებს შორის არჩევის საშუალება მიეცემოდა, იგი უყოყმანოდ დაუჭერდა მხარს საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის იდეას.

"ზელენსკის რამშტაინში არ დაუკონკრეტებია, კერძოდ რას გულისხმობს. მაგრამ ლექს ფრიდმანთან ვრცელი ინტერვიუს დროს მან თქვა, რომ უსაფრთხოების მყარი გარანტიების გარეშე, კონკრეტულად დასავლეთის სამხედრო ვალდებულებების გარეშე, ომი ვერ დამთავრდება, რადგან რუსეთი მყისიერად და მალე დაბრუნდებაო უკრაინის არაოკუპირებულ ტერიტორიაზე. ზელენსკის მიაჩნია, რომ დასავლეთის ჯარები აუცილებელია იყვნენ უკრაინის ტერიტორიაზე და ეს უნდა იყოს მართლაც შეთანხმების ნაწილი. მეორე მხრივ ეს ინიციატივა იყო საფრანგეთის პრეზიდენტის. ემანუელ მაკრონი მიიჩნევდა, რომ რუსეთი მაშინ დაჯდებოდა მოლაპარაკების მაგიდასთან, თუ ის დაინახავდა, რომ დასავლეთი მზად არის თავის ჯარები განალაგოს უკრაინის ტერიტორიაზე. რამშტაინში ზელენსკიმ ერთგვარი სტრატეგიული ბუნდოვანება შეინარჩუნა. კონკრეტულად არც მაკრონის ხედვა დააკონკრეტა და არც ის გაიმეორა, რაც მაქს ფრიდმანთან თქვა. ამიტომ პრინციპში ზელენსკის ნათქვამში შეიძლება იგულისხმებოდეს, როგორც ერთი, ისე მეორე", - უთხრა რადიო თავისუფლებას ისტორიკოსმა ბექა კობახიძემ, რომელიც 2019-2022, უკრაინაში ეუთოს სადამკვირვებლო მისიაში მუშაობდა.

ბექა კობახიძემ 2019-2022, უკრაინაში ეუთოს სადამკვირვებლო მისიაში მუშაობდა.
ბექა კობახიძემ 2019-2022, უკრაინაში ეუთოს სადამკვირვებლო მისიაში მუშაობდა.

მაკრონმა გასული წლის მაისში არ გამორიცხა ფრანგული და სხვა ევროპული ქვეყნების ქვედანაყოფის გაგზავნა უკრაინაში, „თუკი რუსები ფრონტს გაარღვევენ და თუ იქნება ამის მოთხოვნა უკრაინისგან“.

„ჩვენ ყველას გვესმის, რომ დღისათვის პუტინის მიზანი უცვლელია. მას სურს უკრაინის სრული განადგურება, ყველა ჩვენგანის, მათ შორის თქვენი გატეხა, ამიტომ ჩვენი მიზანია მოვძებნოთ რაც შეიძლება მეტი ინსტრუმენტი, რომელიც რუსეთის მშვიდობისკენ აიძულებს. მიმაჩნია, რომ პარტნიორების ქვედანაყოფების განლაგება [უკრაინაში] ერთ-ერთ საუკეთესო ინსტრუმენტს წარმოადგენს. მოდი, ვიყოთ უფრო პრაქტიკულები, რომ ეს [იდეა] შესაძლებლად ვაქციოთ“, - მოუწოდა 9 იანვარს, გერმანიაში, რამშტაინის საავიაციო ბაზაზე შეკრებილი პარტნიორი ქვეყნების თავდაცვის მინისტრებს ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

მაგრამ, „პარტნიორების ქვედანაყოფები“ უკრაინის ტერიტორიაზე ვერ განლაგდებიან იმაზე უფრო ადრე, ვიდრე უკრაინა და რუსეთი არ შეწყვეტენ ცეცხლს და არ შეთანხმდებიან სამშვიდობო ხელშეკრულების პრინციპებზე.

სწორედ ასეთ შემთხვევაში უჭერს მხარს დასავლეთის ქვედანაყოფების უკრაინაში განლაგებას აშშ-ის არჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, რომლის ინაუგურაციაც 20 იანვარს გაიმართება.

ტრამპმა თავისი წინადადება 7 დეკემბერს, პარიზში შეხვედრისას გააცნო საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის.

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტად არჩეული დონალდ ტრამპი ევროპის ქვეყნებს და უკრაინას სთავაზობს, რომ რუსეთთან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მიღწევის შემთხვევაში, უკრაინის ტერიტორიაზე ამ რეჟიმის დაცვა გააკონტროლონ ევროპის ქვეყნების სამხედროებმა.

ომის დასრულებაზე აპირებს საუბარს ვლადიმირ პუტინთან შეხვედრის დროს დონალდ ტრამპი, რომლის გუნდი უკვე ამზადებს ამ შეხვედრას.

რამდენად არის რეალური დასავლეთის სამშვიდობო მისია უკრაინაში?

კრემლის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა 9 იანვარს მოსკოვში ჟურნალისტებს განუცხადა, რომ თუ დონალდ ტრამპის ინაუგურაციის შემდეგ უმაღლეს დონეზე კონტაქტების განახლების პოლიტიკური ნება შენარჩუნდება, პრეზიდენტი პუტინი ამას მხოლოდ მიესალმება.

მაგრამ რუსეთის დაყოლიება ცეცხლის შეწყვეტაზე, საკმაოდ რთული საქმე ჩანს. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა გასული წლის ბოლო შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ რუსეთი მზად არის კომპრომისისთვის აშშ-ის არჩეულ პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან შესაძლო მოლაპარაკების დროს და არ წაუყენებს არავითარ პირობებს უკრაინის ხელისუფლებას.

მაგრამ რაც შემდეგ დააყოლა, აშკარად გამორიცხავს პუტინის მხრიდან უახლოეს ხანებში სამშვიდობო შეთანხმების მიღწევას.

რუსეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მზად არის ყველასთან სასაუბროდ, პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთანაც, მაგრამ ნებისმიერ შეთანხმებას ხელი უნდა მოაწეროს უკრაინის კანონიერმა ხელისუფლებამ, როგორადაც ახლა ის მხოლოდ უკრაინის პარლამენტს მიიჩნევს.

ამ ფონზე ევროპისა და ნატოს წევრი ქვეყნების ქვედანაყოფების უკრაინაში გაგზავნის საკითხს არარეალურს უწოდებენ თავად უკრაინაში.

„ვშიშობ, რომ ჩემი მოსაზრება არ იქნება პოპულარული, რადგან მე არ მჯერა ევროპის სამშვიდობო ძალების განლაგების სცენარის რეალურობისა რუსეთისა და უკრაინის ჯარების დაპირისპირების ხაზზე. რადგან ეს ხაზი ძალიან გრძელია, რამდენიმე ასეულ კილომეტრზეა გადაჭიმული. მე ვერ წარმომიდგენია, რომ ევროპელი მშვიდობის დამცველები რუს და უკრაინელ სამხედროებს შორის ჩადგებიან კურსკის ოლქში. ყოველ შემთხვევაში რუსეთი არასოდეს დათანხმდება ასეთ გეგმას“, - უთხრა რადიო თავისუფლებას ევჰენ მაგდამ, კიევის „მსოფლიო პოლიტიკის ინსტიტუტის“ დირექტორმა.

ევჰენ მაგდა, კიევის „მსოფლიო პოლიტიკის ინსტიტუტის“ დირექტორი.
ევჰენ მაგდა, კიევის „მსოფლიო პოლიტიკის ინსტიტუტის“ დირექტორი.

ევროპის ქვეყნების უმრავლესობა, რომლებსაც მეტ-ნაკლებად ანგარიშგასაწევი არმიები ჰყავთ, ნატოს წევრები არიან. უკრაინაში ასევე უჭირთ იმის წარმოდგენა, რომ ნატოს წევრი ქვეყნები ჩადგნენ სამშვიდობო მისიით. ეს გაზრდის ევროპული ქვეყნების პირდაპირი დაპირისპირების რისკს რუსეთთან. სააგენტო „როიტერსის“ თანახმად, ზოგიერთი ევროპული ქვეყანა, მაგალითად, იტალია, ემხრობა საერთაშორისო კონტინგენტის განლაგებას უკრაინაში გაეროს ეგიდით. მაგრამ ამას ეწინააღმდეგებიან სხვა ევროპელი მოხელეები, რომლებიც შიშობენ, რომ ასეთი მანდატი დიდ გავლენას მისცემდა რუსეთს, გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივ წევრს.

„არის კიდევ ერთი მომენტი, მშვიდობის დამცველის როლის შესრულებას მსოფლიოს ყველაზე დიდ ომში, სჭირდება სულ მცირე 250-300 ათასი ჯარისკაცი. ვშიშობ, რომ ამ რაოდენობის მშვიდობის დამცველი ევროპელი ჯარისკაცი დღესდღეობით ბუნებაში არ არსებობს“, - ამბობს ევჰენ მაგდა.

  • 7 დეკემბერს პარიზში, ემანუელ მაკრონსა და ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრის დროს, აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გამორიცხა ამერიკული სამხედრო ქვედანაყოფის გაგზავნა უკრაინაში.
  • დონალდ ტრამპი ევროპის ქვეყნებს და უკრაინას სთავაზობს, რომ რუსეთთან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მიღწევის შემთხვევაში, უკრაინის ტერიტორიაზე ამ რეჟიმის დაცვა გააკონტროლონ ევროპის ქვეყნების სამხედროებმა.
  • ამერიკული გამოცემა „უოლ სტრიტ ჯორნალის“ (WSJ) ინფორმაციით, უკრაინაში ევროპის ქვეყნების ჯარების გაგზავნის შესაძლებლობას თავდაპირველად ერთმანეთთან განიხილავდნენ მხოლოდ საფრანგეთი და დიდი ბრიტანეთი, ახლა კი პროცესში ჩართული არიან უკრაინა, ევროპის კიდევ რამდენიმე სახელმწიფო და ტრამპის მომავალი ადმინისტრაცია.
  • ამასთან, როგორც გამოცემა წერს, რუსეთის პრეზიდენტი პუტინი გრძნობს, რომ ომს იგებს და მის შეწყვეტას წინააღმდეგობას გაუწევს.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

ფორუმი

XS
SM
MD
LG