ამავე დროს, სამხედრო უწყება განმარტავს კურსკის ოპერაციის მიზანს: „უკრაინელ სამხედროებს არ უნდა დაეშვათ მტრის წინსვლა სუმის რეგიონში“. მაგრამ კურსკის ოლქში უკრაინის არმიის დანაყოფების ახალი შეტევების შედეგების შესახებ ოფიციალურად კვლავ არაფერია ცნობილი. უკრაინის ხელისუფლება კვლავ სიტყვაძუნწია, ხოლო რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ მხოლოდ ის განაცხადა, რომ თითქოს იერიშები მოიგერია.
რადიო თავისუფლება უკრაინელი სამხედრო ექსპერტებისა და კურსკის ოლქის მახლობლად მოქმედი ჟურნალისტების საშუალებით შეეცადა გაერკვია ზოგიერთი დეტალი იმის შესახებ, თუ რა ვითარებაა კურსკის ოლქში, სწორედ ახლა რატომ გადავიდა შეტევაზე კურსკის ტერიტორიაზე მყოფი უკრაინის ჯარი და შეძლებენ თუ არა ახალი პოზიციების შენარჩუნებას უკრაინელი სამხედროები აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ინაუგურაციამდე?
ურთიერთგამომრიცხავი ცნობები
ღია სადაზვერვო ცნობებზე მომუშავე ანალიტიკურ პორტალ OSINT-ის თანახმად, ორდღიანი ბრძოლების შედეგად უკრაინელმა სამხედროებმა რუსეთის კურსკის ტერიტორიის სიღრმეში 2,7 კმ-ით წაიწიეს წინ. „ოსინტის“ ცნობითვე, რუსეთის არმიამ ხელთ იგდო ლეონიდოვა და გააქტიურდა სოფლების მახნოვკისა და დმიტრიუკოვოს მიმართულებით.
ომის შემსწავლელმა ამერიკულმა ინსტიტუტმა (ISW) რუსეთის ე.წ. ვოენკორების (სამხედრო კორესპონდენტების) ცნობებზე დაყრდნობით, დაასკვნა, რომ 5 იანვრის ბოლოსთვის უკრაინის კურსკის დაჯგუფებამ შეძლო წინ წაწევა იამსკოე სტეპის ტერიტორიაზე და შევიდა სოფელ ბერდინის სამხრეთ ნაწილში, ასევე ნოვოსოტნიცკში. გარდა ამისა, უკრაინის არმიამ ასევე მოახერხა წინ წაწევა სოფელ ნოვე სოროჩინის (ეს სოფელი საბრძოლო მოქმედებების ზონის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარეობს) დასავლეთ ფლანგზე. ამასთან, პორტალისთვის უცნობია, თუ რა შედეგით დასრულდა უკრაინის მცირე მოიერიშე ჯგუფების შეტევა პუშკარნოეს რაიონში, ასევე არ არსებობს ინფორმაცია გლუშოვსკის რაიონში, სოფლების ტეტკინოსა და ნოვი პუტის გარშემო მიმდინარე ბრძოლების შესახებ.
რუსი სამხედრო კორესპონდენტების უკანასკნელი დაუდასტურებელი ცნობებით, რუსეთის ჯარი, ორი ქვედანაყოფის ძალებით, 6 იანვარს ახორციელებდა ბერდინის გაწმენდის ოპერაციას. ამას გარდა Z-ბლოგერები ამტკიცებენ, რომ რუსეთის ჯარები, წინა დღის წარუმატებელი მცდელობის მიუხედავად, მაინც შევიდნენ სუჯის რაიონის სოფელ მალა ლოკნიაში და წინ წაიწიეს მახნოვკისკენ.
თუმცა რუსი სამხედრო ბლოგერები უკვე მეორე დღეა ამბობენ, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალების მხრიდან რუსული არმიისთვის საფრთხე არ დასრულებულა და რუსები კურსკის ფრონტის სხვა სექტორში უკრაინული არმიის ხელახალ შეტევას უნდა ელოდონ. Conflict Intelligence Team-ის გუნდმა რადიო თავისუფლებასთან საუბარში უარი თქვა პროგნოზების გაკეთებაზე უკრაინის შეიარაღებული ძალების ახალ პოტენციურ შეტევასთან დაკავშირებით, მაგრამ მიიჩნევს, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალების პირველი დარტყმის მიმართულება არაერთგვაროვანია, რადგან ის არ ხსნის რუსეთის ჯარების სუჯასთან მიახლოების საფრთხეს. რუსეთის ჯარი ბერდინისკენ არა ჩრდილო-აღმოსავლეთიდან, არამედ მახნოვკის სამხრეთიდან და ჩრდილოეთიდან მიიწევს და ცდილობს დაიკავოს მალაია ლოკნის ტერიტორიაზე არსებული ბორცვი.
CIT-ში ფიქრობენ, ახალი შეტევის შესახებ უკრაინის სამხედრო სარდლობას გადაწყვეტილება შესაძლოა იმის გამო მიეღო, რომ პასიური თავდაცვის მდგომარეობაში ყოფნამ არამცთუ სასურველი შედეგები არ მოიტანა, არამედ მხოლოდ შეამცირა უკრაინის შეიარაღებული ძალების კონტროლის ქვეშ არსებული ტერიტორიები კურსკის ოლქში.
„ჩვენი აზრით, მოულოდნელობის ეფექტი შეტევის დასაწყისიდან არ ყოფილა. და მიუხედავად იმისა, რომ ორივე მხარე აცხადებს საკუთარ წარმატებაზე, ჯერ კიდევ ნაადრევია იერიშის შედეგებზე საუბარი. ამჟამად შესაძლოა მხოლოდ იმის თქმა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა მხოლოდ ბერდინის რაიონში მიაღწიეს უმნიშვნელო წარმატებას. აქედან გამომდინარე, იმით, რასაც ჩვენ ვხედავთ, კურსკის ოლქში არსებული სიტუაციის არანაირი გარდატეხის მოლოდინი არ უნდა გვქონდეს“, - მიიჩნევენ CIT-ში.
სამხედრო ექსპერტი ემილ კასტელხელმი ფიქრობს, რომ უკრაინის ოპერაცია ბერდინის რაიონში, დიდი ალბათობით, არავითარ გავლენას არ მოახდენს ფრონტის კონფიგურაციაზე. მით უფრო, რომ უკრაინის ჯარმა უკვე დაკარგა აგვისტოს შემდეგ დაპყრობილი კურსკის ტერიტორიის ნახევარზე მეტი და მაშინაც, თუ უკრაინის ჯარი შეძლებს კონტრშეტევის შედეგად 10 კილომეტრით წინსვლას, კასტელხელმის თქმით, ბრძოლები იმავე საზღვრებში იწარმოებს, როგორშიც იყო ბოლო თვეების განმავლობაში.
განსხვავებული მოსაზრებას აქვს რუს სამხედრო ექსპერტ იან მატვეევს, რომელიც უკრაინის შეიარაღებული ძალების ახალ შეტევას კურსკის ოლქში უწოდებს მოულოდნელს და განსაცვიფრებელს რუსეთის არმიისთვის იმ ფონზე, როდესაც უკრაინის არმია „პირადი შემადგენლობისა და ტექნიკის დეფიციტს განიცდის“.
„უკრაინის ჯარი შევიდა სოფლებში - ბერდინსა და ნოვოსოტნიცკში. ეს გუშინ მოხდა. უცნობია, შეძლეს თუ არა მათ იქ გამაგრება, თუ უკუაგდეს [რუსებმა]. ამასთან, იგივე რუსული წყაროები, მათ შორის ალაუდინოვი [გენერალი აპტი ალაუდინოვი, ჩეჩნურ ელიტურ სპეცრაზმ "ახმატის" მეთაური] დილიდან ადასტურებდნენ, რომ ბრძოლები გრძელდება და გარკვეული რაოდენობის უკრაინელი სამხედროები ინარჩუნებენ პოზიციას ამ დასახლებული პუნქტების განაპირას“, - უთხრა 6 იანვარს იან მატვეევმა რუსულ ტელეარხ „ნასტოიაშჩეე ვრემიას“.
უკრაინის გენერალურ შტაბს დღის განმავლობაში კომენტარი არ გაუკეთებია, შემდეგ კი განმარტა, რომ ოპერაციამ აიძულა რუსეთის არმია მნიშვნელოვანი რესურსები გადაესროლა კურსკის რეგიონში, რამაც შეასუსტა მათი პოზიციები ფრონტის სხვა უბნებზე.
რატომ გადავიდა უკრაინა შეტევაზე?
რადიო თავისუფლების ჟურნალისტების მიერ გამოკითხული სამხედრო ექსპერტები კურსკის რეგიონში მიმდინარე შეტევების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას სიფრთხილით ეკიდებიან.
„ჯერჯერობით ღია წყაროებიდან ჩვენ ვიცით მხოლოდ ერთი შეტევის შესახებ ქალაქ სუჯიდან მის მახლობლად მდებარე ერთ სოფელზე. მაგრამ ამის განზოგადება არ მსურს. თუ იქ მართლა მიმდინარეობს აქტიური საბრძოლო მოქმედებები, დაე, ეს მოხდეს წყნარად, რომ მტერმა არ შეიტყოს, თუ რა ხდება“, - განაცხადა რადიო თავისუფლების უკრაინული სამსახურის დილის ეთერში სამხედრო ექსპერტმა პაველ ნაროჟნიმ.
სამხედრო ექსპერტი იან მატვეევი კი მიიჩნევს, რომ სოფელ ველიკე სოლდატსკოეს ხელში ჩაგდებით, უკრაინის არმია, სავარაუდოდ, ფრონტის ხაზის ქალაქ სუჯიდან გადაწევას ესწრაფვის.
„ქალაქის გარშემო კონტროლირებადი ტერიტორიების გაფართოებით უკრაინის არმია ცდილობს შეინარჩუნოს საკუთარი პოზიციები კურსკის ოლქში“, - ამბობს იან მატვეევი.
უკრაინის არმიის ახალი შეტევა კურსკის ოლქში შესაძლოა ორი მიზეზით იყოს ნაკარნახევი. სავარაუდო სადაზვერვო ინფორმაციის მოპოვება მოწინააღმდეგის გეგმების შესახებ, რომელსაც სურს გადაისროლოს ჯარი სხვაგან, მაგალითად, პოკროვსკის მიმართულებით. ან ეს შეიძლება იყოს პასუხი მტრის მოძრაობაზე უკრაინის საზღვრის მიმართულებით, რათა არ დაუშვას შეტევა სუმის ოლქზე, - განაცხადა რადიო თავისუფლების დილის ეთერში უკრაინის ვერხოვნა რადის უსაფრთხოების, თავდაცვისა და დაზვერვის კომიტეტის მდივანმა, რომან კოსტენკომ.
სამხედრო ექსპორტ პაველ ნაროჟნის ინფორმაციით, ბოლო ხანს მოწინააღმდეგის სადესანტო-სადაზვერვო ჯგუფს სუმის ოლქში შეჭრის რამდენიმე მცდელობა ჰქონდა. უკრაინელმა მესაზღვრეებმა შეძლეს ამ ჯგუფების განადგურება სუმის ოლქის მისადგომებთან.
„ზუსტად ვიცი, რომ დღეს მტრის მხრიდან ადგილი ჰქონდა შეტევას სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის - რუსეთისა და კორეის სამხედროების დახმარებით“, - აღნიშნა კოსტენკომ.
უკრაინის შეიარაღებული ძალების სპეციალური ოპერაციების ძალების სარდლობა რუსეთის კურსკის ოლქში კიდევ 13 ჩრდილოკორეელი სამხედროს ლიკვიდაციის შესახებ იუწყება.
სარდლობის მიერ დღეს, 7 იანვარს, გამოქვეყნებული ინფორმაციით, ჩრდილოეთ კორეის არმიის 5 სამხედრო მოკლულია ცეცხლსასროლი იარაღით ბრძოლის შედეგად, ხოლო 8 - დრონებით.
დღეს, 7 იანვარს, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ზუსტი დარტყმა განახორციელეს კურსკის ოლქის სოფელ ბილაში განლაგებული რუსეთის 810-ე ცალკეული საზღვაო ქვეითი ბრიგადის სამეთაურო პუნქტზე. ამის შესახებ ტელეგრამის არხში წერს უკრაინის გენერალური შტაბი, რომელიც აღნიშნავს, რომ ეს დარტყმა კურსკის ოლქში ამჟამად მიმდინარე უკრაინის შეტევის ფარგებში მოხდა.
„უკრაინის შეიარაღებული ძალები გამოიყენებენ მათ ხელთ არსებულ ყველა შესაძლებლობას რუსეთის შეიარაღებული ძალების იმ ქვედანაყოფების აგრესიული მიდევნებისა და განადგურების მიზნით, რომლებიც უკრაინის სამოქალაქო მოსახლეობის უსაფრთხოებას ემუქრებიან“, - ნათქვამია უკრაინის გენშტაბის ცნობაში.
- უკრაინის თავდაცვის ძალებმა სუმის ოლქთან მოსაზღვრე კურსკის ოლქში სახმელეთო ოპერაცია 2024 წლის აგვისტოდან დაიწყეს.
- უკრაინამ მიზნად გამოაცხადა უსაფრთხოების, ე.წ. ბუფერული ზონის შექმნა თავისი სასაზღვრო რაიონების დასაცავად.
- პირველი ცნობები, რომ უკრაინის წინააღმდეგ ომში რუსეთის დასახმარებლად ფხენიანმა ათასობით სამხედრო გაგზავნა და ისინი კურსკის ოლქში იმყოფებიან, 2024 წლის ოქტომბერში გავრცელდა. უკრაინული მხარის მონაცემებით, მათი რიცხვი 12 000-მდეა.
- 2025 წლის 5 იანვარს, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ამერიკელი ინტერვიუერის, ლექს ფრიდმანის პოდკასტში განაცხადა, რომ მოკლული და დაჭრილია დაახლოებით 3800 ჩრდილოკორეელი სამხედრო. სხვა წყაროებით ეს ცნობა ჯერჯერობით დადასტურებული არ არის.
ფორუმი